„ამ 4 წლის განმავლობაში, გაჩერებული ეკონომიკისა და მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით, ქვეყანა გაღარიბდა“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების შედეგები მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობასა და მისი ცვლილების ტენდენციაში აისახება. საქართველოში შესაბამის მაჩვენებლებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. ცხრილი 1 სწორედ აღნიშნულ მონაცემებს ასახავს.
ცხრილი 1:
მთლიანი შიდა პროდუქტის ცვლილების ტენდენცია
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური [1]
როგორც ცხრილიდან ჩანს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2010 წლიდან მოყოლებული დადებითია, ზრდა ფიქსირდება 2016 წლის სამი კვარტლის შემთხვევაშიც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში. შესაბამისად, მტკიცება, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეკონომიკა გაჩერდა ცალსახად არასწორია, ეკონომიკა განაგრძობს ზრდას, თუმცა, ზრდის ტემპი შენელებულია. ცხრილში ასახული მონაცემებიდან ასევე ჩანს, რომ 2014 წლიდან აშშ დოლარში გამოხატული რეალური მშპ მცირდება. ხშირად, ამ მონაცემზე დაყრდნობით ქვეყნის გაღარიბებაზე მითითება ხდება, თუმცა, აღნიშნული შემცირება ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მკვეთრი კლებით არის გამოწვეული და არა ეკონომიკაში მომხდარი რეალური ცვლილებებით. რეალური ცვლილებების შესაფასებლად მიზანშეწონილია მუდმივ ფასებში გამოსახული მშპ-ს საფუძველზე მსჯელობა.
ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების ახსნა მხოლოდ შიდა პოლიტიკური გადაწყვეტილებებით ასევე მიუღებელია. გასათვალისწინებელია რეგიონში მიმდინარე პროცესები, კერძოდ საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების უმეტესობა განიცდის ეკონომიკურ სირთულეებს, რაც შესაბამის უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკურ ვითარებაზე.
შიდა პოლიტიკის გატარებისას დაშვებულ შეცდომებს შორის გამოსაყოფია სავიზო რეჟიმის გამკაცრების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, ამავდროულად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების გასხვისებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები. აღნიშნულმა ქმედებებმა, ბუნებრივია, წარმოშვა გარკვეული ეკონომიკური ხასიათის პრობლემები, რაც მთავრობამაც აღიარა და მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები გადაიხედა. ცალკე აღნიშვნის ღირსია სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტად სოციალური მიმართულების განსაზღვრა, რის შედეგადაც სოციალური ხარჯები [ნაკლები ეკონომიკური ეფექტის მქონე] ინფრასტრუქტურული პროექტების [მეტი ეკონომიკური ეფექტის მქონე] დაფინანსების კლების ხარჯზე გაიზარდა. მთავრობის წევრები, მათი ოფიციალური განცხადებებიდან გამომდინარე, აღნიშნულ გადაწყვეტილებას გამართლებულად მიიჩნევენ, თუმცა მომავალი წლიდან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დასახარჯ თანხას ზრდიან, რაც დაშვებული შეცდომის ირიბ აღიარებად შეიძლება იქნეს მიჩნეული. არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკად შეიძლება მივიჩნიოთ ნეგატიური საგარეო შოკის ზეგავლენის შესარბილებლად გასატარებელი ღონისძიებების არგანხორციელება. მაგალითად, ბიუჯეტის ხარჯების და დეფიციტის შემცირება, ეკონომიკაზე საგადასახადო ტვირთის შემცირება.
რაც შეეხება ქვეყნის გაღარიბებას, აღნიშნულის შესაფასებლად შესაძლებელია გამოვიყენოთ მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, რომელიც პირველ ცხრილშია ასახული და მთლიანი შიდა პროდუქტის მსგავსად ზრდის დინამიკით ხასიათდება, როგორც ნომინალურ, ისე რეალურ მაჩვენებლებში. 2015 წლის შემთხვევაში დაფიქსირებულ მნიშვნელოვან ზრდასთან დაკავშირებით აუცილებელია ითქვას, რომ აღნიშნული გარკვეულწილად საყოველთაო აღწერის შედეგებით, კერძოდ მოსახლეობის ოდენობის შემცირებითაა გამოწვეული. თუმცა, მოსახლეობის რაოდენობის უცვლელობის პირობებშიც, ერთ სულ მოსახლეზე რეალური შემოსავალი გაზრდილია.
შემოსავლების ცვლილების მაჩვენებლის ინდიკატორია ხელფასის სახით მიღებული შემოსავლების ცვლილებაც, რომელსაც ცხრილი 2 ასახავს.
ცხრილი 2:
საშუალო ნომინალური ხელფასი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
როგორც ცხრილიდან ჩანს, საშუალო ხელფასის შემცირება ბოლო წლების მანძილზე არცერთ კვარტალში არ დაფიქსირებულა, ცალკეულ შემთხვევებში მხოლოდ ზრდის ტემპია შემცირებული.
დასკვნასაქსტატის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების შესაბამისად, ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდის შეჩერების ფაქტი არ დასტურდება. მშპ საქართველოში ზრდის ტენდენციით ხასიათდება, შესამჩნევია მხოლოდ ზრდის ტემპის შენელება, რასაც შიდა პოლიტიკის გატარებისას დაშვებულ შეცდომებთან ერთად, მნიშვნელოვანწილად საგარეო ფაქტორები განაპირობებენ.
ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების თანახმად, არც ქვეყნის/მოსახლეობის გაღარიბების ტენდენცია იკვეთება, რეალური მშპ ერთ სულზე და საშუალო ნომინალური ხელფასი ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის მცდარი.[1] 2015-2016 წლების მონაცემები ეყრდნობა 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის, 2010-2014 წლების მონაცემები კი, 2002 წლის აღწერის შედეგებს. შესაბამისად, 2010-2014 წლების მონაცემები ექვემდებარება დაზუსტებას.