სოციალურ ქსელში ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება პეტიცია, რომლითაც საზღვარგარეთიდან გამოწერილ ნივთებზე განბაჟების ზღვრის გაზრდას ითხოვენ. აღნიშნული დოკუმენტი ვებგვერდ manifest.ge-ზე 2015 წლის 22 მარტს გამოქვეყნდა და დღეის მდგომარეობით 9 712 ადამიანი აწერს ხელს.
ცნობისთვის, დღეს საზღვარგარეთ ელექტრონულად შეძენილი და საქართველოში საფოსტო გზავნილის სახით იმპორტირებული ნებისმიერი ნივთი, რომლის ღირებულებაც 300 ლარს აღემატება, განბაჟებას ექვემდებარება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. პეტიციის ავტორები ამ ზღვარის 1500 ლარამდე აწევას ითხოვენ.
დოკუმენტის მიხედვით, დღეს არსებული საბაჟო ტარიფი ხელს უშლის მცირე ბიზნესის განვითარებას, რადგან მიზერული რაოდენობის საქონლის შემოტანის შემთხვევაშიც კი, მას ზომაზე მეტი ხარჯის გაწევა უწევს, რაც ზრდის როგორც პროდუქციის ხარჯს, ასევე ბიზნესის დაკარგვასთან დაკავშირებულ რისკებს.
პეტიციაში აღნიშნულია, რომ მოთხოვნა (300-ლარიანი ზღვარის აწევა) მცირე და საშუალო ბიზნესს არ დააზარალებს, რადგან ცალკეული ინდივიდების მიერ ერთჯერადად შემოტანილი საქონლის მოცულობა საკმაოდ მცირეა.
ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ლარის გაუფასურების შემდეგ გახდა. თუ ადრე $160-170-ის ღირებულების ნივთის გამოწერა იყო შესაძლებელი განბაჟების გარეშე, დღეს უკვე მყიდველს $120-ზე ძვირ ნივთზე გადასახადის გადახდა უწევს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პეტიცია ერთი წლის წინათ გამოქვეყნდა, ლარის გაუფასურება დღესაც გრძელდება. შესაბამისად, ეს პრობლემა კვლავ აქტუალურია.
როდესაც მოთხოვნილ ცვლილებებზე ვსაუბრობთ, აუცილებელია, განვიხილოთ, რა ეკონომიკური გავლენა შეიძლება ჰქონდეს მათ რეალურად განხორციელებას.
აღნიშნული ცვლილებების შემთხვევაში, სახელმწიფოს მოუწევს, უარი თქვას გარკვეული სახის შემოსავლებზე. საუბარია 300-1500 ლარამდე ღირებულების პროდუქტის გამოწერის შემთხვევაში მოქალაქეების მიერ იმპორტის გადასახდელების (იმპორტისას გადახდილი დღგ, იმპორტის გადასახადი) სახით გადასახდელ თანხაზე. გარდა ამისა, 1500 ლარამდე გამოწერილი პროდუქციის გადასახდელებისგან განთავისუფლება ხელს შეუწყობს არალეგალური ბიზნესის მასშტაბის გაზრდას.
იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი ლეგალურად ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, მას 300 ლარამდე ღირებულების საქონელზეც უწევს იმპორტის გადასახდელების გადახდა, როდესაც პროდუქცია კომერციული მიზნებისთვის შემოაქვს. შესაბამისად, განსაბაჟებელი ნივთის მინიმალური ღირებულების ზღვრის გაზრდა, მცირე ბიზნესის მდგომარეობას უკეთესობისკენ არ შეცვლის, რადგან, კანონის მიხედვით, მას ისედაც უწევს გადასახადის გადახდა. პირიქით, აღნიშნული ცვლილება შესაძლებელია, არალეგალური ბიზნესის წახალისების წყარო გახდეს. შესაბამისად, პეტიციით მოთხოვნილი ცვლილება არათანაბარ კონკურენტულ გარემოში აყენებს იმ მეწარმეებს, რომლებიც ბიზნესს ყველა კანონის დაცვით აკეთებენ.
მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ დოლარის კურსით გამოწვეულ სხვაობებს, სამართლიანია, რომ აღნიშნული თანხა ლარის დევალვაციის პროპორციულად გაიზარდოს. თუმცა, თუ გადავხედავთ, როგორია პრაქტიკა ამ მიმართულებით ევროპის ქვეყნებში, ვნახავთ, რომ საქართველოში დღეს არსებული კანონმდებლობა საკმაოდ ლოიალურია. მაგალითისთვის, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე გარკვეული სახის პროდუქციას გამოიწერს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდან და საქონლის ღირებულება 10-22 ევროს აღემატება, ამ შემთხვევაში ხდება მისი დაბეგვრა დღგ-თი, ხოლო თუ 150 ევროს აღემატება - დამატებით საბაჟო გადასახადითაც. დაბეგვრის ტარიფი განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, იმისთვის, რომ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად შევიდეს, აუცილებელია, წამოყენებულ ინიციატივას 30 000 ადამიანი აწერდეს ხელს. თუმცა, აღნიშნული პეტიციის შემთხვევაში საჭირო ხელმოწერების რაოდენობად პეტიციის ავტორებს სხვა რიცხვი აქვთ დასახელებული - 10 000.
დეტალების დასაზუსტებლად ჩვენ პეტიციის ავტორებთან ვცადეთ დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ.
არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, იმისთვის, რომ მოქალაქეების მოთხოვნა და ქვეყანაში არსებული სავალუტო კრიზისი გარკვეულწილად მაინც იქნეს გათვალისწინებული, სწორი იქნება, თუ დღეს არსებული 300-ლარიანი დასაბეგრი ზღვარი, ლარის დევალვაციის პროპორციულად გაიზრდება.