2014 წლის იანვრიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობის #38 დადგენილებით, 2014 წლის 6 იანვარს ჩამოყალიბდა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, საქართველოში გაჩნდა გაურკვევლობა და კითხვის ნიშანი, ვინ არის რეალურად უსაფრთხოებისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მაკოორდინებელი სტრუქტურა.
აღნიშნული ინსტიტუტის შექმნა საზოგადოებისთვის საწყის ეტაპზე აღქმული იყო, როგორც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს დუბლირება. სახელწოდებითმა მსგავსებამ შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ ამ ორ ორგანოს თვისებრივად ბევრი რამ აქვს საერთო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დღეისთვის საბჭოებს შორის ინსტიტუციონალური (იგულისხმება საბჭოს აპარატი) და ფუნქციური მსგავსება ან გადაკვეთა ძალიან მცირეა.
2014 წლამდე უშიშროების საბჭოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონით ეროვნული უშიშროების საბჭო კოორდინაციას უწევდა ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციის მართვას უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. საბჭოს მდივანი კი აკონტროლებდა და კოორდინაციას უწევდა ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციის მართვასთან დაკავშირებული საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულებას.
ასევე, ეროვნული უშიშროების საბჭოს პრეროგატივაში შედიოდა სტრატეგიულ დოკუმენტებზე: უსაფრთხოების ეროვნულ კონცეფციაზე, საფრთხეების შეფასების დოკუმენტზე, უწყებრივ და სხვა სახის დოქტრინულ დოკუმენტებზე მუშაობა.
უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შექმნის შემდეგ, საკანონმდებლო ცვლილებებით უშიშროების ეროვნულმა საბჭომ საკუთარი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები დაკარგა და მხოლოდ სამხედრო აღმშენებლობისა და თავდაცვისუნარიანობის ფოკუსით აგრძელებს მუშაობას.
უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მთავარი ფუნქციაა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების პროექტების შემუშავება. აპარატი ახდენს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის, შიდა და საგარეო საფრთხეების ძირითადი მიმართულებებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებას, შეფასებას, ანალიზსა და პროგნოზირებას.
აპარატის პრეროგატივად იქცა ისეთი სახის დოკუმენტების შემუშავება, როგორებიცაა:
- ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია;
- საფრთხეების შეფასების დოკუმენტი;
- უწყებრივი სტრატეგიები უსაფრთხოების მიმართულებით.
საბჭო არ მუშაობს საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიის შემუშავებაზე, რომელიც უშიშროების ეროვნული საბჭოს კომპეტენციას წარმოადგენს.
რაც შეეხება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს, მისი არსებობა საქართველოს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული. საქართველოს კონსტიტუციის 99-ე მუხლის თანახმად, სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციისთვის შექმნილია ეროვნული უშიშროების საბჭო.
საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ, უშიშროების საბჭოს ფუნქციები თავდაცვისა და უსაფრთხოების დაგეგმვისა და კოორდინაციის მიმართულებით საგრძნობლად შემცირდა. „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მეორე მუხლის მიხედვით ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქცია და უფლებამოსილება ვრცელდება შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე:
- ცვლილებების განხორციელების შემდეგ, სტრატეგიული დოკუმენტების სიიდან, ეროვნული უშიშროების საბჭოს პრეროგატივაში დარჩა საქართველოს ეროვნულ სამხედრო სტრატეგიაზე მუშაობა;
- საბჭოს აპარატი მუშაობს საკითხებზე, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციას;
- ომიანობის თუ მასობრივი არეულობის, ან სხვა შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია არის ფუძემდებლური დოკუმენტი, რომელიც განმარტავს ფუნდამენტურ ეროვნულ ღირებულებებს და ეროვნულ ინტერესებს, აყალიბებს ქვეყნის უსაფრთხო განვითარების ხედვას, განსაზღვრავს მის წინაშე არსებულ საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს და ადგენს უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. ბოლო რედაქციით დოკუმენტი 2011 წელს გამოქვეყნდა. ბუნებრივია, რომ იმ დროისთვის არსებული საფრთხეები და გამოწვევები აღარ პასუხობს დღეისთვის შექმნილ რეალობას, რაც შეცვლილი რეგიონული უსაფრთხოების, განსხვავებული საერთაშორისო პოლიტიკური კონიუნქტურით ხასიათდება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დღეს უკვე ფაქტობრივი ანექსიის პირას იმყოფება, რაც საქართველოს მხრიდან განახლებულ სტრატეგიულ ხედვასა და მიდგომას საჭიროებს.
შესაბამისად, მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სამუშაო დღეს, საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა დეპუტატებისადმი ახალი ეროვნული კონცეფციის ჩამოყალიბების შესახებ დადებით მოვლენად უნდა ჩაითვალოს, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტის შემუშავება აღარ შედის პრეზიდენტის ხელთ არსებული საბჭოსა და აპარატის უფლება-მოვალეობებში, მისი ინიციატივა მისასალმებელი და მნიშვნელოვანია.