მას შემდეგ, რაც, 1789 წელს, სანკიულოტები აუჯანყდნენ ლუი XVI-ს, მათ შეიმუშავეს ადამიანისა და მოქალაქის უფლებების უნივერსალური დეკლარაცია. ნაპოლეონის დიდი არმია არა მხოლოდ საფრანგეთის დიდებისთვის იბრძოდა, არამედ თავისუფლებისთვის, თანასწორობისა და ძმობისთვისაც. ამის საპირისპიროდ, გერმანიის გაერთიანებით გამოცოცხლებულმა ნაციონალიზმმა კვლავ დაგვაბრუნა „Blut und boden“ - სისხლისა და მიწისკენ, რომელიც ტრადიციულად ნაციონალისტური კუთვნილების რომანტიკული და აუცილებელი წყაროა. გერმანული ლეგიონები თავიანთი ნაციის მხარდასაჭერად და მსოფლიოს წინააღმდეგ იბრძოდნენ.

თითოეულმა საზოგადოებამ სხვადასხვა ტიპის ნაციონალიზმის მიხედვით განსაზღვრა საკუთარი ურთიერთობა სახელმწიფოსთან, მოქალაქეებთან და გარე სამყაროსთან. ამერიკელი სოციოლოგი კრეგ კალუნი ამტკიცებს, რომ კოსმოპოლიტური ელიტები, რომლებიც პოსტნაციონალური წესრიგისკენ მიილტვიან, სათანადოდ ვერ აფასებენ ნაციონალისტური კატეგორიების ცენტრალურ მნიშვნელობას პოლიტიკურ და სოციალურ თეორიაში, უფრო პრაქტიკულად კი - დემოკრატიაში, პოლიტიკურ ლეგიტიმაციასა და თავად საზოგადოების ბუნებაში.

შემაშფოთებელია იმის დანახვა, რამდენი ქვეყანა სცილდება სამოქალაქო ნაციონალიზმს და „სისხლისა და მიწის“ ეთნიკური ნაციონალიზმისკენ მიემართება. რაც უფრო იმოსება პოზიტიური პატრიოტიზმი ნეგატიური ნაციონალიზმით, მით უფრო მეტად სოლიდარობის ადგილზე ჩნდება უნდობლობა უმცირესობების მიმართ, რომლებიც სულ უფრო დიდი რაოდენობით არიან წარმოდგენილი (იხ. დიაგრამა 1).

სამშობლოს სიყვარული - სულისკვეთება, რომელიც ამერიკელებს აიძულებს, მიესალმონ ვარსკვლავებსა და ზოლებს, ნიგერიელებს - გაამხნევონ ეროვნული საფეხბურთო ნაკრები „Super Eagles“ და ბრიტანელებს - კემბრიჯის დედოფლისთვის შეიძინონ ჩაის ფინჯნები - იცვლება მსოფლიოს მიმართ უნდობლობით.

ამ ტენდენციების ასახსნელად რამდენი მოსაზრება არსებობს, თუმცა 1930-იან წლებთან შედარებები ამ შემთხვევაში გამოუსადეგარია. ტოტალიტარული ნაციონალიზმი აღარ არსებობს არსად, გარდა ჩრდილოეთ კორეისა, სადაც მმართველი ოჯახი, მარქსიზმისა და რასობრივი სიწმინდის გაურკვეველ ნაზავს ქადაგებს და დისიდენტებს მონურ-შრომით ბანაკებში აიძულებს ყოფნას. სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეას შეგვიძლია, ერიტრეა დავამატოთ, რომელსაც პატარა, მაგრამ გამაოგნებლად საშინელი დიქტატურა მართავს. მიუხედავად ამისა, აშკარაა, რომ ეთნიკური ნაციონალიზმის ექსკლუზიური ფორმა გამოსასვლელად ემზადება. აღნიშნული ნაციონალიზმი დამაჯერებლად იგებს ამომრჩევლის ხმებს მდიდარ დემოკრატიებში, ხოლო ავტორიტარულ ქვეყნებში მმართველებისთვის ძლიერ ინსტრუმენტად გვევლინება მოსახლეობისთვის ნაკლები თავისუფლებისა და მწირი შემოსავლების მიმართ ყურადღების გადასატანად.

ისმის კითხვა: საით მივყავართ ამ ახალ ნაციონალისტურ ტენდენციებს და რატომ?

ნაციონალისტური აღზევების უახლესი მაგალითია დონალდ ტრამპი, რომელმაც მოახერხა, მოეპოვებინა 61 მილიონი ამერიკელის ხმა მექსიკის საზღვართან კედლის აშენების, არალეგალი იმიგრანტების დეპორტაციისა და „ამერიკის ხელახალი აღორძინების“ („Make America great again“) დაპირებით.

ეთნიკურ და რასისტულ უმცირესობათა მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულება ამერიკული პოლიტიკისთვის და პარტიებისთვის ახალი არ არის. ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შავკანიან აუდიტორიასთან ერთ-ერთი შეხვედრისას განაცხადა, რომ მით რომნი, გულწრფელი, თუმცა სულელი რესპუბლიკელი, „კვლავ მონობაში დააბრუნებდა მათ“. თუმცა, ამერიკის არც ერთ სხვა პრეზიდენტს არ გამოუვლენია ტრამპის მსგავსი შოვინიზმი. ისიც არავინ იცის, თავად მას რამდენად სჯერა ამ გაცხადებული მიდგომების.

ტრამპის გამარჯვება მთელ მსოფლიოში მისი მსგავსი ლიდერების წახალისებას გამოიწვევს. ნაიჯელ ფარაჯი, გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის (UKIP) ლიდერი, რომელიც ბრექსიტზე ერთ-ერთი პასუხისმგებელი პოლიტიკოსია, უკვე ეწვია ტრამპს, მისალმებისას კი მისი ფართო ღიმილი საკმარისი იყო „ჩეშირის კატის“ ამოსაცნობად. ვიქტორ ორბანმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ანტიიმიგრანტული განწყობებით, განაცხადა: „ჩვენ შეგვიძლია, დავუბრუნდეთ ნამდვილ დემოკრატიას... რა მშვენიერია ეს სამყარო“.

ტრამპის გაპრეზიდენტების შედეგები ევროკავშირისთვის, შესაძლოა, კატასტროფული იყოს. საფრანგეთში საზოგადოებრივი აზრის მკვლევარები უკვე აღარ გამორიცხავენ მარინ ლე პენის, „ნაციონალური ფრონტის“ (FN) ქარიზმატული ლიდერის გამარჯვებას მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. სხვა ევროპელებთან შედარებით, ფრანგი ამომრჩეველი გაცილებით მეტად უპირდაპირდება გლობალიზაციასა და საერთაშორისო ვაჭრობას, მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი მიიჩნევს, რომ იმიგრანტებს პოზიტიური გავლენა ქონდათ ქვეყნის განვითარებაზე (იხ. დიაგრამა 2).

2

მარინ ლე პენი აცხადებს, რომ საფრანგეთს გამოიყვანს ევრო ზონიდან და ჩაატარებს „Frexit“ რეფერენდუმს ევროკავშირის წევრობის თაობაზე. საფრანგეთის ევროზონიდან გამოსვლას შესაძლებელია, სრულიად შეეწიროს ვალუტა ევრო და თუ ფრანგმა ამომრჩეველმა ევროკავშირიდან გამოსვლას დაუჭირა მხარი, მთლიანი სტრუქტურა ჩამოიშლება.

გასვლისკენ სწრაფვა

ერთ დროს ევროპული ელიტები უშვებდნენ, რომ ნაციონალური იდენტობები საბოლოოდ იმდენად შეერწყმებოდა ერთმანეთს, „კონტიტენტურ ბულიონს“ მივიღებდით. მაგრამ ახლა ისეთი პარტიებისთვის დადგა დრო, როგორებიცაა „ნაციონალური ფრონტი“, უნგრეთის „ფიდეში“, პოლონეთის „კანონისა და სამართლიანობის პარტია“ და ავსტრიის „თავისუფლების პარტია“ (რომლის ლიდერიც ნორბერტ ჰოფერი შესაძლოა, მომავალ თვეს პრეზიდენტიც კი გახდეს).

მარინ ლე პენის რიტორიკა ტიპურია. ის საუბრობს ძველ დიდებულ დროზე, შიშითა და ანტიპათიით უყურებს საერთაშორისო ლიბერალურ წყობას (მისი სლოგანია - „არა ბრიუსელს, კი საფრანგეთს“). ის წუხს ამაყი ადამიანების დაკნინებაზე და საფრანგეთის შემდგომი აღორძინების პირობას დებს.

ტრამპისგან განსხვავებით, მარინ ლე პენს არასდროს მოუთხოვია საფრანგეთში შესვლის აკრძალვა მუსლიმებისთვის, ის უფრო ხშირად საუბრობს იმიგრაციის „გიგანტურ ტალღაზე“. პროფესიით ადვოკატი, თავის არგუმენტებში არ ეწინააღმდეგება საფრანგეთის კანონებსა და ნორმებს, რომლის მიხედვითაც რელიგია საზოგადოებრივ ცხოვრებაში არ უნდა განიხილებოდეს. ამის გამო, მის მხარდამჭერებს ზუსტი წარმოდგენა არ აქვთ, რომელი მიგრანტების შემოსვლას ეწინააღმდეგება და ვის მიიჩნევს ფრანგად.

2015 წლის რეგიონული არჩევნებისას „ნაციონალური ფრონტის“ ერთ-ერთი პოსტერი შემდეგნაირად გამოიყურებოდა: 2 ქალის სახე, რომელთაგან ერთს გაშლილი თმა ჰქონდა და ლოყებზე საფრანგეთის დროშა ეხატა, ხოლო მეორე ჩადრში იყო შემოსილი. პოსტერს ჰქონდა წარწერაც: „აირჩიე შენი სამეზობლო: ხმა მიეცი ფრონტს“.

მარინ ლე პენის პოპულარობამ სხვა პოლიტიკოსებიც მის მსგავს ნარატივამდე მიიყვანა. ექსპრეზიდენტი ნიკოლას სარკოზი, მემარჯვენე-ცენტრისტი პოლიტიკოსი, კვლავ გეგმავს მონაწილეობას არჩევნებში. ერთ-ერთი გამოსვლისას მან განაცხადა: „როგორც კი საფრანგეთის პრეზიდენტად გირჩევენ, შენი წინაპრები ხდებიან გალები“.

ექსპრეზიდენტმა, ასევე, ისაუბრა არაქრისტიან მოსწავლეებზე, რომლებმაც თავად უნდა უზრუნველყონ ალტერნატიული საკვებით მომარაგება სკოლაში, თუკი მათ არ სურთ ღორის ხორცის ჭამა და ამ პრობლემის მოგვარება სკოლების პასუხისმგებლობა არ უნდა იყოს.

მონტეგის ინსტიტუტის წარმომადგენელმა დომინიკ მოისიმ საფრანგეთში მიმდინარე პროცესებს „თავდაცვითი ნაციონალიზმი“ უწოდა, რომელიც გამოწვეულია თავდაჯერებულობის ნაკლებობითა და უარყოფითი ჯინგოიზმით - იდეით, რომ საკუთარი თავი უნდა დავიცვათ სხვებისგან მომდინარე საფრთხისგან.

მსგავსი ტენდენციებია ევროპის სხვა ნაწილებშიც. 2010 წელს შვედეთის ნაციონალისტურმა პარტიამ, „დემოკრატებმა“, სატელევიზიო რეკლამა გაუშვა, რომელშიც ასახული იყო საკმაოდ პოპულარული შიში, რომ შვედეთის კეთილდღეობის სახელმწიფო ვერ გაუძლებს დიდი რაოდენობით ღარიბი თავშესაფრის მაძიებელი მუსლიმების შემოსვლას.

რეკლამაში ნაჩვენებია, რომ შვედი ქალბატონი პენსიის ასაღებად კოჭლობით მიდის ბნელ დერეფანში, მას ხვდებიან ჩადრიანი ქალბატონები საბავშვო ეტლებით და ართმევენ ფულს. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთმა ტელევიზიამ უარი უთხრა დემოკრატებს რეკლამის გაშვებაზე, ის ინტერნეტით მაინც გავრცელდა. კვლევები ადასტურებს, რომ „დემოკრატები“ შვედეთში ამ დროისთვის ყველაზე პოპულარული პარტიაა.

ამავდროულად, ჰოლანდიაში ანტიმუსლიმური და ანტიიმიგრანტული პარტიის ლიდერი გერტ ვილდერსის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს სიძულვილის ენის გავრცელებისთვის. მან თქვა, რომ „ნაკლები მაროკოელი“ სურდა ენახა თავის ქვეყანაში. კვლევები აჩვენებს, რომ პარტია პირველ ან მეორე ადგილს იკავებს მარტის ეროვნული არჩევნებისთვის. მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა სასამართლოს დაწყების შემდეგ.

ბრიტანეთის ივნისის რეფერენდუმის შედეგი ნაციონალიზმის შემობრუნების კიდევ ერთი მაგალითია. კამპანიის პოსტერები გამოსახავდნენ ახლო აღმოსავლეთიდან მომავალი მიგრანტების მრავალრიცხოვან ჯგუფებს, რომლებიც შესვლას ითხოვენ. აქტივისტები ლანძღავდნენ ბანკირებს, მიგრანტებსა და ექსპერტებს. მათი ერთ-ერთი სლოგანი შემდეგნაირად ჟღერდა: „ჩვენ გვინდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა“.

როდესაც კოსმოპოლიტი პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი რეფერენდუმის შემდეგ გადადგა, ის ტერეზა მეიმ ჩაანაცვლა, რომელიც აცხადებს: „თუ თქვენ გჯერათ, რომ მსოფლიო მოქალაქე ხართ, მაშინ თქვენ არაფრის მოქალაქე ყოფილხართ. თქვენ არ გესმით სიტყვა „მოქალაქეობის“ ზუსტი მნიშვნელობა“.

ბრიტანეთს ჯერ არ დაუტოვებია ევროკავშირი, თუმცა არსებულმა მდგომარეობამ და გაკეთებულმა არჩევანმა უკვე საკმარისად დააზარალა ქვეყანა: ფუნტი სტერლინგი დოლართან მიმართებით 16%-ით დაეცა. მიუხედავად ამისა, მხოლოდ მცირე ჯგუფი ნანობს რეფერენდუმის შედეგებს.

მაგალითად, ერთ-ერთ სანაპირო ქალაქში, მარგეიტში, რომელშიც მოსახლეობის უმრავლესობა პენსიონერია, რთულია იპოვო ამომრჩეველი, რომელმაც ევროკავშირში დარჩენას მისცა ხმა. ტომ მორისონი, ამ ქალაქში მცხოვრები და წიგნების მაღაზიის მფლობელი, ამბობს: „ჩვენ უნდა გვქონდეს უფლება, შევქმნათ კანონები... თუკი შეცდომებს დავუშვებთ, ისინი ჩვენი დაშვებული მაინც იქნება“.

ტაქსის მძღოლი კლივი კიდევ უფრო ხისტია: „ყველა ევროპელი წურბელასავით გვყავდა აკიდებული. მათ საკუთარი ომების მოგებაც კი არ შეუძლიათ“. მას ახარებს ტერეზა მეის დაპირება, რომ იმიგრაცია შემცირდება: „ჩვენ ფიზიკურადაც აღარ გვაქვს ადგილი სხვებისთვის... სკოლები გადავსებულია უცხოელებით“.

მან, ასევე, ისაუბრა მარგაიტის ახლოს მდებარე ქალაქზე, კლიფტონვილზე, სადაც „რუმინეთში გეგონება თავი, იქ მცხოვრები ბოშების რაოდენობის გამო“. როდესაც ვკითხეთ, იყო თუ არა მნიშვნელოვანი მისთვის ბრიტანელობა, მან კიდევ უფრო ვიწრო იდენტობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ ეს მისთვის ინგლისელობას ნიშნავს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ვერ ხვდება, რა გამოვა დონალდ ტრამპისგან. მართალია, ის მიესალმება მის გაპრეზიდენტებასა და ტრამპის დაპირებას, რომ რუსეთთან ურთიერთობები გადაისინჯება, მაგრამ, თუკი აშშ შეწყვეტს რუსეთთან მტრობას, მაშინ პუტინს ახალი მეტოქის მოძებნა მოუწევს.

პუტინის მთავარი რწმენა მის მიერ მართული ძლიერი სახელმწიფოა, რომელსაც ის 2000 წლიდან ხელმძღვანელობს ეთნიკური ნაციონალიზმის გამოყენებით. 2011 წელს დიდი საპროტესტო ტალღა დაიწყო პუტინის წინააღმდეგ, სადაც საშუალო კლასის მოქალაქეები გამოდიოდნენ კორუფციისა და არასლავი იმიგრანტების უკონტროლო შემოსვლის წინააღმდეგ. მან საპროტესტო გამოსვლებს იმპერიული სიფიცხით უპასუხა.

როდესაც უკრაინამ სცადა დასავლეთთან დაახლოება, პუტინმა შემოიერთა ყირიმი და დაიპყრო აღმოსავლეთ უკრაინა. სახელმწიფო მედია კი მას ეთნიკური რუსების მხსნელად ხატავს ისტორიულად „ფაშისტი უკრაინელებისგან“.

ნავთობის ფასების დაცემისა და ეკონომიკის ხანგრძლივი უკუსვლის პირობებში, ნაციონალიზმი პუტინის პოპულარობის ერთადერთი ინსტრუმენტია. ნაციონალიზმის მისეული ვერსია უარყოფს უნივერსალურ, ლიბერალურ ღირებულებებს, რომელთა ერთგულიც იყო დასავლეთი წლების განმავლობაში. სწორედ ამის გამო უჭერს მხარს პუტინი ისეთ არალიბერალურ ნაციონალისტურ პარტიებს დასავლეთ ევროპაში, როგორიცაა, მაგალითად, ლე პენის ფრონტი.

„ჩვენ ვხედავთ, რამდენი ევროატლანტიკური სახელმწიფო სცილდება საკუთარ საფუძვლებს, მათ შორის ქრისტიანულ ღირებულებებს“, - განაცხადა პუტინმა 2013 წელს.

ამის საპირისპიროდ მან რუსეთის განსაზღვრება ასე ჩამოაყალიბა: „რუსეთი არის სახელმწიფო, ცივილიზაცია, რომელიც რუსმა ხალმა, რუსულმა ენამ, რუსულმა კულტურამ და რუსულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეინარჩუნა“.

მსგავსი სიტუაციაა ჩინეთში, სადაც კომუნისტური პარტია ასევე ეთნიკურ, არაუნივერსალისტურ ნაციონალიზმს ავრცელებს. პარტია ცდილობს, გააქროს განსხვავება სახელმწიფოსა და თავის თავს შორის და მსგავს ნაციონალიზმზე დააფუძნოს საკუთარი ლეგიტიმაციაც. მით უმეტეს, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც ძალაუფლების საყრდენი იყო წლების განმავლობაში, შენელდა.

2012 წელს გაპრეზიდენტების შემდეგ, ში ჯინპინგმა დაიწყო „ჩინური ოცნების“, როგორც ქვეყნის „დიდებული აღორძინების“, სლოგანის მხარდაჭერა. „პატრიოტული განათლების“ კამპანია მოიცავს სწავლების ყველა საფეხურს დაწყებითი სკოლიდან დოქტორანტურამდე.

ჩინეთის მთავრობა ხშირად აბრალებს „მტრულად განწყობილ გარე ძალებს“ ქვეყნის შიგნით მიმდინარე არასასურველ მოვლენებს, მათ შორის ჰონკონგის საპროტესტო გამოსვლებს ან შინჯიანგის უკიდურეს დასავლეთ პროვინციაში მცხოვრები უიღურების დაპირისპირებას ჰანის მმართველობის წინააღმდეგ. სახელმწიფო ტელევიზია ცდილობს, სხვა ქვეყნების სულელ, არარელევანტურ და საშიშ ძალებად ჩვენებას. ანტიდასავლური რიტორიკა დაწყებულია. მაგალითად, 2015 წელს ჩინეთის განათლების მინისტრმა აკრძალა ის სახელმძღვანელოები, რომლებიც „დასავლურ ღირებულებებს ავრცელებენ“ უმაღლეს სასწავლებლებში.

ჩინეთის სახელოვანი გამარჯვება იაპონიაზე ისტორიის გაკვეთილების ცენტრალური ნაწილია (მიუხედავად იმისა, რომ იაპონიის წინააღმდეგ ძირითადად კომუნისტების მეტოქე გომინდანი იბრძოდა). 2014 წელს 3 ახალი ეროვნული დღესასწაული დაწესდა: ნანჯინგის მასობრივი მკვლელობის დღე, როდესაც იხსენებენ 1937 წელს იაპონიის წინააღმდეგ ბრძოლაში 300 000 დაღუპულს, „გამარჯვების დღე“ - აღნიშნავენ იაპონიის კაპიტულაციას მეორე მსოფლიო ომში და „წამებულთა დღე“, რომელიც იაპონიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულებს ეძღვნებათ.

ჩემი მტრის მტერი

ალბათ, არაა გასაკვირი, შოვინიზმის მსგავსი გამოხატულებების შემდეგ ჩინელები საერთაშორისო ურთიერთობებს ისეთ თამაშად რომ განიხილავენ, სადაც, თუკი ჩინეთს სურს აღორძინება, სხვები აუცილებლად უნდა დაეცნენ.

Pew-ის მიერ ჩატარებული უკანასკნელი კვლევა კიდევ უფრო მძაფრ ტენდენციებს აჩვენებს. მაგალითად, გამოკითხულთა ნახევარი მიიჩნევს, რომ ამერიკა ხელს უშლის ჩინეთს, მისი თანაბარი ძალა გახდეს; რესპონდენტთა 45% ამერიკის ძალასა და მის გავლენას ჩინეთისთვის ყველაზე დიდ საერთაშორისო საფრთხედ აღიქვამს. ამავდროულად, ჩინეთის ანტიპათიები იაპონიის მიმართ მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

პროპაგანდა იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ ახლა თავად ჩინეთის მთავრობასაც უჭირს მოსახლეობაში ანტიიაპონური განწყობების კონტროლი. მაგალითად, 2012 წელს ჩინეთში დაიწყო გამოსვლები, სადაც მოსახლეობა აპროტესტებდა იაპონიის პრეტენზიას აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე კუნძულებზე. აქციის დროს გაძარცვეს მაღაზიები და დაამტვრიეს იაპონური მანქანები. პეკინში იაპონიის საელჩოსთან იმდენად დაიძაბა ვითარება, რომ პოლიციის მობილიზაცია მოხდა. ამჟამად მთავრობა ცენზურას ადებს რადიკალურ ნაციონალისტურ განცხადებებს ონლაინ ქსელებში.

ეგვიპტის ავტორიტარული პრეზიდენტი აბდელ-ფათაჰ ალ-სისიც ყველა რესურსს იყენებს, რათა ხელი შეუწყოს თავის, როგორც ქვეყნის მამის ხატის გავრცელებას. მისი რეჟიმი ყველაფერში ისლამისტებს ადანაშაულებს: გასულ წელს, როდესაც ალექსანდრიაში წვიმის გამო წყალდიდობა მოხდა, შინაგან საქმეთა მინისტრმა „მუსლიმური საძმო“ დაადანაშაულა წყალსადენი მილების დაბლოკვაში.

სუეცის არხის გაფართოების სამუშაოების დასრულება გასულ ზაფხულს, რაზეც 8 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა. გახსნის ღონისძიებას ესწრებოდა პრეზიდენტიც, რომელიც საკმაოდ დიდი პომპეზურობით წარდგა - გემით გაცურა არხში სამხედრო რეგალიების სრული ატრიბუტიკით, თავზე კი სამხედრო თვითმფრინავები დაფრენდნენ. ალ-სისის ვიზიტის ეს კადრები სახელმწიფო ტელევიზიამ სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ თემატური მუსიკის ფონზე გაუშვა.

მსგავსი სიტუაციაა თურქეთში, რომელიც რამდენიმე წლის წინათ მკვეთრად პროდასავლური იყო და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვოდა. ამჟამად პრეზიდენტი ერდოღანი „ახალი თურქეთის“ მშენებლობას ჰპირდება ამომრჩეველს, „მამაცურად“ ებრძვის გადატრიალების შემოქმედებს და მათ წარმოსახვით დასავლელ მხარდამჭერებს.

კონსტანტინეპოლის დაკავების დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ერდოღანმა თურქეთის ორგული მოკავშირეები დაადანაშაულა, რომლებიც ცდილობენ, „ჯვაროსნების დაწყებული საქმე გააგრძელონ“. პრეზიდენტი მსგავსი რიტორიკით ცდილობს, გაამართლოს 36 000 ადამიანის დაკავება ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ.

ინდოეთის ეთნიკური ნაციონალიზმი, რომელიც ზედაპირზე არასდროს ამოსულა, ნელ-ნელა იწყებს გამოცოცხლებას. 2014 წლიდან ქვეყანას მართავს ნარენდრა მოდი ინდოეთის ნაციონალისტური პარტიიდან (BJP). აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანება ცდილობს, ჩამოშორდეს რადიკალურ ნაციონალურ ჯგუფს (Hindutva), რომელიც აკრიტიკებს მოდის გუნდს შერბილებული დამოკიდებულების გამო პაკისტანთან, მუსლიმებთან და ყველა იმ ადამიანთან, ვინც ინდუიზმის სიწმინდეს ვნებს.

პრეზიდენტი მოდი კი თავაზიანი, ბიზნესის მხარდამჭერი და დასავლეთთან მეგობრული ურთიერთობების მომხრეა. ამავდროულად, ის მოხალისეთა ნაციონალური ორგანიზაციის (RSS) მუდმივი წევრია, რომელიც დაარსდა 1925 წელს და დაახლოებით „სკაუტი ბიჭების“ მსგავსი მოძრაობაა.

RSS-ის წევრები ხაკის ფორმაში აწყობენ მსვლელობებს, ვარჯიშობენ, ეხმარებიან ხნიერ ქალბატონებს გზის გადაკვეთაში, ზრუნავენ გარემოზე. მიუხედავად ამისა, არის შემთხვევები, როდესაც ორგანიზაციაში ექსტრემისტულ წევრებს იღებენ მემარცხენე სტუდენტების წინააღმდეგ საბრძოლველად. გასულ წელს, პრეზიდენტ მოდის კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ წინა პრეზიდენტი პატრიოტი იყო, „მიუხედავად მისი მუსლიმური რწმენისა“. მინისტრი დღემდე ინარჩუნებს თანამდებობას.

Hindutva მიზნად ისახავს, ყველა ინდოელის წარმომადგენლად იქცეს, რომლებიც ინდოეთის მოსახლეობის 4/5-ს შეადგენენ. რადიკალური ჯგუფი ხალხს ჰპირდება „ხელახალ ეროვნულ დაბადებას“, დაბრუნებას იდეალურ წარსულში და „ჭეშმარიტი“ ეროვნული იდენტობის აღდგენას. ამ ჯგუფის მიმდევრები თავს აღიქვამენ გულწრფელ ტრადიციულ მებრძოლებად კორუმპირებული კოსმოპოლიტების წინააღმდეგ. ისინი ცვლიან ინდოეთის პოლიტიკურ ენას, დასცინიან „პოლიტიკურ კორექტულობას“, კრიტიკულ ჟურნალისტებს მოიხსენიებენ „პროსტიტუტებად“, ხოლო პოლიტიკურ ოპონენტებს - „ანტიეროვნულებად“.

RSS, ასევე, ცდილობს განათლებასა და მედიაზე ზემოქმედებას. ზოგიერთმა შტატმა და სკოლამ სასწავლო პროგრამაში შეიტანა ჯგუფის მიერ მომზადებული სახელმძღვანელოები, რომლებშიც Hindutva-ს ლიდერების როლი დადებითადაა შეფასებული, ხოლო სეკულარული ჯგუფები მარგინალიზებულია.

ინდოეთის ნაციონალისტურ პარტიასაც (BJP) ჰქონდა სასამართლო ხელისუფლების დაქვემდებარების მცდელობა, თუმცა ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა და არ გამოუვიდა. გარდა იმისა, რომ პარტია ვერ აკონტროლებს აღმოსავლეთსა და სამხრეთში მდებარე შტატების უმრავლესობას, მათ საზოგადოების განათლებული ნაწილიც უპირისპირდება. მუდმივად ჰინდუიზმზე აპელირებამ და ეკონომიკის მიმართ უყურადღებობამ გასულ წელს ბიჰარის შტატის არჩევნებში საკმაოდ ძვირი შედეგი გამოიღო.

ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი, თურქეთის მსგავსად, მარტივად არ დაიწყებს ავტორიტარიზმისკენ სვლას, საზოგადოების ლიბერალური და სეკულარული ნაწილი საკმაოდ შეშფოთებულია ნაციონალისტური ტენდენციებით.

მიიჩნევა, რომ პოლიციაც მმართველი გუნდის მხარესაა. მაგალითად, გასულ კვირას, პოლიციელები დაემუქრნენ ჟურნალისტს, რომელიც ნიუ-დელის ერთ-ერთ ბანკთან შეკრებილი გაბრაზებული ხალხის გადაღებას ცდილობდა. პოლიციის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ „მთავრობის ახალი განკარგულების მიხედვით, მას არ ჰქონდა გადაღების უფლება“.

ნაციები კიდევ ერთხელ

ნაციონალიზმის საფუძვლების კვლევა იგივეა, რომ გავაანალიზოთ, რატომ უყვართ ადამიანებს თავინთი ოჯახები და რატომ ეშინიათ სხვების. მკვლევარები გვთავაზობენ მოსაზრებას, რომ ერები იქმნება ენის, ისტორიის, კულტურის, ტერიტორიისა და პოლიტიკის გარშემო, თუმცა ერთ კონკრეტულ მიზეზზე ვერ თანხმდებიან. შესაბამისად, უფრო რელევანტურია კითხვა: რა იწვევს სამოქალაქო ნაციონალიზმის ეთნიკურ ნაციონალიზმად ქცევას? ამის პასუხად რამდენიმე თეორია არსებობს.

მდიდარ სახელმწიფოებში მნიშვნელოვან როლს პესიმიზმი თამაშობს. როგორც მე-3 დიაგრამა გვიჩვენებს, შენელებული ეკონომიკური ზრდა იწვევს გლობალიზაციის მხარდაჭერის შესუსტებას. უთანასწორობა მტკივნეულია. განათლებული ადამიანები უმკლავდებიან ამ გამოწვევას. თუმცა, საწარმოს დაბალშემოსავლიანი მუშები უფრო მტკივნეულად რეაგირებენ. ტრამპმა სწორედ ამ მოწყვლად ჯგუფზე გათვალა თავისი მოწოდებები და გაამართლა კიდეც. მარინ ლე პენისა და ბრექსიტის წარმატების ერთ-ერთი მთავარი დათქმა წარსულის იდეალიზებაა.

განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის ტემპები უფრო მაღალია და გლობალიზაციის მხარდამჭერთა რიცხვიც მეტია. მაგრამ ხალხს მაინც აწუხებს პრობლემები, დაწყებული ხარბი პოლიტიკოსებით და დამთავრებული დაბინძურებული ჰაერით. ისეთი ნაციონალისტური განწყობების მქონე ძლიერი პოლიტიკოსები, როგორებიც არიან ალ-სისი და პუტინი, ნაციონალიზმს იყენებენ როგორც იაფ, მაგრამ მარტივ ინსტრუმენტს სახელმწიფოს მიმართ ენთუზიაზმის შესანარჩუნებლად და უკმაყოფილების შესამცირებლად.

ახლად გამოცოცხლებულ ნაციონალიზმს კულტურული ფაქტორებიც უწყობს ხელს. დასავლური საზოგადოების ხნიერ წევრებს მოსწონდათ თავიანთი ქვეყანა ისეთი, როგორიც იყო წარსულში და არასდროს ითხოვდნენ იმიგრაციას, რომელმაც ევროპა - უფრო მუსლიმური, ამერიკა კი ნაკლებად თეთრი და პროტესტანტული გახადა. ისინი ამ დისკომფორტს რასიზმის გათავისუფლებით უპირისპირდებიან.

ლიბერალი ელიტები იდენტობის 2 წყაროს მიიჩნევენ მნიშვნელოვნად: იყო კარგი მოქალაქე (რომელიც დარდობს კლიმატურ ცვლილებებსა და მძიმე სამუშაო პირობებზე ბანგლადეშში) და მიეკუთვნებოდე იდენტობის ისეთ ჯგუფს, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ნაციასთან (გეი, ბუდისტი, ა.შ.).

კონკრეტული იდენტობის წევრობას ახლავს როგორც მატერიალური, ისე ფსიქოლოგიური სარგებელი. ამერიკაში არსებული პრაქტიკა სასურველი რასობრივი ჯგუფის მდიდარ წევრებს სთავაზობს ისეთ უპირატესობებს, რომლებიც არაა ხელმისაწვდომი არასასურველი ჯგუფის ღარიბი წევრებისთვისაც კი.

ნაციონალისტებს არ მოსწონთ თავიანთი ქვეყნების ბალკანიზაცია ეთნიკურ ჯგუფებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ჯგუფები მიჩნეულნი არიან უმანკოებად იმის გათვალისწინებით, რომ ისინი უარყოფენ ქვეყნის წინა დომინანტურ ისტორიას. თეთრკანიანი ამერიკელები ისე იქცევიან, თითქოს ისინი წარმოადგენენ ჩაგრულ უმცირესობას.

ბოლოს, ახალი ნაციონალიზმის გავრცელებაში უნდა აღინიშნოს კომუნიკაციის საშუალებების როლი. სოციალური ქსელები ადამიანებს საშუალებას აძლევს, ისაუბრონ, გაავრცელონ ახალი ამბები და შეიკრიბონ მედიის კოსმოპოლიტური ფილტრის გარეშე. ტრამპის ე.წ. ტვიტები (tweets) მილიონებს აღწევდა. მისმა მთავარმა კამპანიის მენეჯერმა სტივ ბანონმა მისი სახელი თეთრ-ნაციონალისტურ ვებგვერდად აქცია.

მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი მეის „მოქალაქეები არსაიდან“ შემაშფოთებელია, ლიბერალები სასოწარკვეთას არ უნდა მიეცნენ. მათაც შეუძლიათ სოციალური მედიის გამოყენება. დემაგოგები კარგავენ მხარდაჭერას, როდესაც მათ პოლიტიკას არ მოაქვს კეთილდღეობა. დემოგრაფიული ტენდენციები კი ხელს უწყობს პლურალიზმს.

მრავალ ქვეყანაში უნივერსიტეტში განათლებამიღებული ადამიანების რაოდენობა იზრდება. ომის შემდგომ პერიოდში, ბრიტანეთის მოსახლეობის მხოლოდ 5% სწავლობდა უნივერსიტეტში. ახლა საშუალოდ სკოლადამთავრებულთა 40% უნივერსიტეტში აგრძელებს სწავლას.

2005 წელს 2 მილიონი გერმანელი ირიცხებოდა უმაღლესი განათლების დაწესებულებებში. ათწლეულის შემდეგ აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2.8 მილიონს მიაღწია.

ამერიკის შემთხვევაში იგივე მაჩვენებლები 18-24 წლის ახალგაზრდებში 1970 წლიდან 2014 წლამდე 26%-დან 40%-მდე გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე იმიგრაცია ეთნიკური ნაციონალიზმის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად მოგვევლინა, მას აქვს შესაძლებლობა, მომავალში ნაციონალიზმის ამ ფორმას მრავალფეროვან საზოგადოებაში აღზრდილი ადამიანების სახით დაუპირისპირდეს. წინა ათწლეულთან შედარებით, 2010 წლისთვის, საზღვარგარეთ დაბადებული ამერიკის მოქალაქეთა რაოდენობა 10 მილიონით გაიზარდა და 40 მილიონი შეადგინა. 2011 წლისთვის ბრიტანეთში იგივე მაჩვენებელი 2.9 მილიონით გაიზარდა და 7.5 მილიონს მიაღწია.

60 წელს გადაცილებული დასავლელი ამომრჩეველი ყველაზე უფრო ნაციონალისტური ჯგუფია, რომელმაც ყველაზე სწრაფი კულტურული და ეკონომიკური ტრანსფორმაცია განიცადა. მსგავსი წარსულის შემდეგ ისინი გაცილებით მეტი წინააღმდეგობით ხვდებიან ცვლილებებს. UKIP-სა და FN-ს ძალიან მცირე რაოდენობის ახალგაზრდა მხარდამჭერი ჰყავს. იგივე შეიძლება ითქვას გერმანიის ანტიიმიგრანტულ პარტიაზე (იხ. დიაგრამა 4).

4

ახალგაზრდები გაცილებით ნაკლები შიშით ეკიდებიან ცვლილებებს. მიუხედავად ამისა, ფრანგი მოსახლეობის მხოლოდ 37% მიიჩნევს, რომ „გლობალიზაცია კარგია“, მათგან სწორედ 77% 18-24 წლის ახალგაზრდაა. თანამედროვე ნაციონალისტები გვპირდებიან საზღვრების ჩაკეტვასა და საზოგადოების წარსული ერთფეროვნების დაბრუნებას. თუმცა, თუკი შემდეგი თაობა ამ გამოწვევას გაუმკლავდება, მაშინ შესაძლოა, მომავალი კიდევ უფრო კოსმოპოლიტური იყოს.

ინგლისურიდან თარგმნა მარიამ წიწიკაშვილმა