რომან გოცირიძემ ყურადღება მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხების არაპროპორციულ ხარჯვაზე გაამახვილა. მან აღნიშნა, რომ: „წინასაარჩევნოდ გაწეული დიდძალი ხარჯები... წინასაარჩევნო მშენებლობები დაფინანსდა პრემიერის სარეზერვო ფონდიდან. ცინიკური ის არის, რომ გაწეული სამუშაოების ანაზღაურება დაიწყო 7 ოქტომბრიდან და მიმდინარეობდა 24 ოქტომბრამდე“. ფაქტ-მეტრთან საუბარში რომან გოცირიძემ ყურადღება მთავრობის სარეზერვო ფონდის დაგეგმილზე გადაჭარბებულ ხარჯვაზეც გაამახვილა.
საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის ბიუჯეტში მთავრობის სარეზერვო ფონდი 50 მილიონი ლარით განსაზღვრა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 7 თვის განმავლობაში (ივლისის ჩათვლით) საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან უკვე გამოყოფილი იყო 65 მლნ ლარი (აქედან 49 მლნ ლარი უკვე გადარიცხული). სექტემბრის თვის ანგარიშით,გამოყოფილ და გადარიცხულ თანხებს შორის სხვაობამ 25 მლნ ლარი შეადგინა.
ოქტომბრის თვის შესრულების ანგარიშშიგადახრამ შესრულებულ სამუშაოებსა და უკვე ანაზღაურებულ სამუშაოებს შორის 17 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე დაახლოებით 8 მილიონი ლარით ნაკლებია. ეს ნიშნავს, რომ წინა თვეში დარჩენილი დავალიანებების ნაწილი მთავრობამ ოქტომბერში მართლაც გაისტუმრა.
მთლიანად სარეზერვო ფონდის მხრიდან, ოქტომბრის თვის მდგომარეობით, 146 მლნ ლარის სამუშაოები განხორციელდა და მათგან 129 მლნ ლარი უკვე გადარიცხულია. ეს ნიშნავს, რომ მთავრობის სარეზერვო ფონდმა წლის დასაწყისში განსაზღვრულ გეგმაზე 79 მლნ ლარით მეტი უკვე დახარჯა.
სექტემბერში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ანაზღაურებულმა თანხამ 87 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო ოქტომბრის ბოლოს ამავე მაჩვენებელმა 129 მლნ ლარს მიაღწია. ოქტომბერში გადარიცხული 41 მლნ ლარი წინა თვეებში გაწეული სამუშაოების ანაზღაურებას მოხმარდა. ამასთან, ერთ თვეში ასეთი მოცულობით თანხის გადარიცხვა აშკარად არაპროპორციულ ხარჯვას უჩვენებს.
სახელმწიფო აუდიტის ანგარიშშიყურადღება მთავრობის სარეზერვო ფონდზეა გამახვილებული. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2016 წლის აგვისტოს ბოლოს სარეზერვო ფონდის ოდენობამ 208%-ით (104 მლნ ლარით) გადააჭარბა ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ ნორმას. „აღნიშნული განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი საბიუჯეტი სახსრების ათვისებაზე არ ვრცელდება საბიუჯეტო კოდექსით დაწესებული პროგრამებს/ქვეპროგრამებს შორის ასიგნებების გადანაწილებასთან დაკავშირებული ლიმიტები და შესყიდვების შესახებ კანონით დადგენილი მოთხოვნები“, - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.
ამავე ანგარიშში საუბარია დაგეგმვის პრობლემაზეც. აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ ძირითადად, სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება ისეთი სისტემატური გადასახდელები, რომელთა გათვალისწინება შესაბამისი მხარჯავი დაწესებულების ასიგნებებში შესაძლებელი უნდა ყოფილიყო ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზევე.
სურათის უკეთ დასანახად, ხომ არ არის მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯვა სისტემატური და ხომ არ უკავშირდება წინასაზამთროდ დაგეგმილ სამუშაოებს, ფაქტ-მეტრმა წინა წლების ბიუჯეტების ანგარიშებიც მიმოიხილა.
2015 წლის ბიუჯეტის მიხედვით, სარეზერვო ფონდის ბიუჯეტი 85 მლნ ლარით განისაზღვრა, ხოლო წლის ბოლოს დახარჯულმა თანხამ, ხაზინის ინფორმაციით, 168მლნ ლარი შეადგინა.
2014 წლის ბიუჯეტში მთავრობის სარეზერვო ფონდი 50 მლნ ლარით განისაზღვრა. წლის ბოლოს დახარჯულმა თანხამ 83 ლარი შეადგინა, რაც დაგეგმილზე თითქმის 33 მილიონი ლარით მეტია. აღსანიშნავია, რომ ამ თანხების დიდი ნაწილი აგვისტოს შემდეგგაიხარჯა.
დასკვნაკვლევის შედეგად ფაქტ-მეტრმა დაადგინა, რომ სარეზერვო ფონდიდან მთავრობა თანხებს მართლაც არაპროპორციულად ხარჯავდა და დიდი ნაწილი სწორედ სექტემბრის შემდეგ დახარჯა. ამ ფაქტზე საუბარია აუდიტის ანგარიშშიც, სადაც ნათქვამია, რომ ბიუჯეტის სწორად დაგეგმვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა ამ პროექტების შესაბამისი უწყებების გადასახდელებში გათვალისწინება. ასევე, ყურადღებაა გამახვილებული იმაზეც, რომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დახარჯულ თანხებზე არ ვრცელდება ის ლიმიტები და შეზღუდვები, რაც სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებზე.
ოქტომბრის თვეში ნამდვილად არაპროპორციულად დიდი თანხა დაიხარჯა, თუმცა ფაქტ-მეტრის მხრიდან შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ეს წინასაარჩევნოდ კონკრეტული პროექტების დასაფინანსებლად და, შესაბამისად, არჩევნებზე ზემოქმედების მიზნით მოხდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სარეზერვო ფონდიდან წინა წლების ბოლოსაც დაგეგმილზე მეტი თანხა იხარჯებოდა.
რაც შეეხება განცხადების იმ ნაწილს, რომ მთავრობამ შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება ოქტომბერში დაიწყო, ეს მართლაც ასეა და უკვე დახარჯული თანხის 1/3 სწორედ ოქტომბერში დაიფარა.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.