რომ ლარის გაუფასურება იმპორტის ზრდამ გამოიწვია, რაც დადებითი პროცესია, რადგან მოხმარების ზრდას უჩვენებს. ამასთან, მისი თქმით, „ექსპორტი რაოდენობრივად გაზრდილია, თუმცა, თანხობრივ მაჩვენებლებში, ვინაიდან საექსპორტო ძირითად ბაზრებზე ფასები არის ძალიან დაცემული, ექსპორტი ვერ დაეწია იმპორტს“.
ფაქტ-მეტრმა პრემიერის ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
ლარის გაუფასურების მიზეზებთან დაკავშრებით ბოლო 2 კვირაში ფაქტ-მეტრმა ორი სტატია გამოაქვეყნა (იხ. ბმული 1, ბმული 2).ლარის კურსს სავალუტო ბაზარზე ვაჭრობა აყალიბებს. თუ ქვეყანაში დოლარის მიწოდება დოლარზე მოთხოვნას აღემატება, კურსი მყარდება. თუ მოთხოვნა უფრო მაღალია, კურსი უფასურდება. დოლარის მიწოდებას განსაზღვრავს ის, თუ რამდენი დოლარი შემოდის ქვეყანაში და რამდენია საჭიროება. მეორე მხრივ, დოლარზე მოთხოვნა იზრდება, როდესაც სხვა თანაბარ პირობებში, ქვეყანაში ლარის მოცულობა იზრდება.
რამდენი დოლარი შემოდის ქვეყანაში და რამდენი გადის, ამას აღრიცხავს ქვეყნის საგადამხდელო ბალანსი. ბალანსი მოიცავს საქონლის ექსპორტს და იმპორტს, მომსახურების ექსპორტს და იმპორტს, შემოსავლებს (მაგალითად, საზღვარგარეთ დასაქმებულთა გადმორიცხული თანხები), ტრანსფერებს (მაგალითად, გრანტები), ინვესტიციებს, კრედიტებს და რეზერვების ცვლილებას. შესაბამისად, საგადამხდელო ბალანსის მხოლოდ ერთ მუხლზე - საქონლის იმპორტზე დაყრდნობით დასკვნის გაკეთება არამართებულია, მიუხედავად იმისა, რომ იმპორტის ზრდა ქვეყნიდან მეტი ვალუტის გადინებას იწვევს და ლარის კურსზე უარყოფითად მოქმედებს.
ოქტომბერში, 2015 წლის ოქტომბერთან შედარებით, საქართველოში იმპორტირებული საქონლის მოცულობა 45.6 მლნ დოლარით (7.4%-ით) გაიზარდა, რაც ძალიან გაზრდას არ ნიშნავს. თუ იანვარ-ოქტომბრის იმპორტს ვნახავთ, „ც ჰეპატიტის“ წამლების გარეშე (რომლის იმპორტშიც ფულს არ ვიხდით), ის 120 მლნ დოლარით (2%-ით) არის შემცირებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან, ოქტომბერში, ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად, ეროვნულმა ბანკმა 100 მლნ დოლარი გაყიდა, რაც გაზდილ იმპორტში გადახდილ თანხაზე 2.2-ჯერ მეტია.
ლარის გაუფასურების ახალი ტალღა არა ოქტომბერში, არამედ აგვისტოს ბოლოდან დაიწყო და სექტემბერშიც გაგრძელდა. გაუფასურების შესაჩერებლად, 25 აგვისტოდან 27 სექტემბრამდე პერიოდში ეროვნულმა ბანკმა 80 მლნ დოლარი გაყიდა. აღსანიშნავია, რომ სექტემბერში საქართველოს ექსპორტი 15.4 მლნ დოლარით, ხოლო იმპორტი დაახლოებით 10 მლნ დოლარით გაიზარდა.
იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეფიციტი დაახლოებით 100 მლნ დოლარით (2%-ით) არის შემცირებული.
ექსპორტის რაოდენობრივ ზრდასთან და საექსპორტო პროდუქციაზე (დოლარებში) ფასების კლებასთან დაკავშირებით, პრემიერ მინისტრის განცხადება სიმართლეა.
ბოლო თვეებში, ჯამში გაუმჯობესდა თუ არა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ეს ჯერ არ ვიცით, რადგან მესამე კვარტლის სრული მონაცემები დეკემბრის ბოლოს, ხოლო მეოთხე კვარტლის (ოქტომბერი-დეკემბერი) - მომავალი წლის მარტის ბოლოს გამოქვეყნდება. ამ დროს, ლარის გაუფასურების ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი სწორედ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტია, რომელმაც 2015 წელს 1.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში 915 მლნ დოლარი იყო (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 72 მლნ დოლარით გაუარესდა). მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი უჩვენებს საქონლით და მომსახურებით ვაჭრობიდან, შემოსავლებიდან და ტრანსფერებიდან რამდენი ვალუტით მეტი გადის საქართველოდან, ვიდრე შემოდის. ანუ, 2015 წელს 1.7 მილიარდი დოლარით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა.
მიმდინარე ანგარიში მოიცავს ტურიზმის მაჩვენებლებსაც, რომელიც გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად იზრდება, მაგრამ სეზონურობის გამო, ოქტომბერში აგვისტოსთან შედარებით საქართველოში 320 ათასი კაცით ნაკლები შემოვიდა, ეს ნიშნავს, რომ ოქტომბერში ტურიზმიდან დაახლოებით 100 მლნ დოლარით ნაკლები შემოსავალი მივიღეთ, ვიდრე აგვისტოში.
ლარი რომ არ გაუფასურდეს, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი უნდა დაიფაროს კაპიტალის და ფინანსური ანგარიშით, რომელიც ინვესტიციებს და კრედიტებს მოიცავს. თუ დეფიციტი ვერ იფარება, ქვეყნის ვალუტის რეზერვები კლებულობს და ამავე დროს, ლარს გაუფასურების ტენდენცია აქვს. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ლარი იმიტომ მყარდებოდა, რომ ქვეყანაში 408 მლნ დოლარით მეტი შემოვიდა, ვიდრე გავიდა. მეტი დოლარის შემოსვლა ძირითადად სასესხო კაპიტალის მატებამ განაპირობა. მესამე კვარტლის და მიმდინარე კვარტლის ინვესტიციების და კრედიტების მონაცემები უცნობია და მესამე კვარტალი წლის ბოლომდე არ გახდება ცნობილი. შებამისად, ამ მიმართულებითაც, სრული სურათი არავინ იცის.
რაც შეეხება ლარის კურსზე გავლენის მქონე კიდევ ერთ ფაქტორს - ეკონომიკურ ზრდას, იანვარ-სექტემბრის ეკონომიკური ზრდა 2.6%-ია, მესამე კვარტლის - 2.2%, ხოლო სექტემბრის 1.5%, ანუ ამ მხრივ ნეგატიური ტენდენცია გვაქვს.
ლარის კურსზე გავლენის მქონე მონეტარულ-მაკროეკონომიკური მაჩვენებელია ლარის მასა, რომელიც აპრილიდან 810 მლნ ლარით (15%-ით) არის გაზრდილი (M2 აგრეგატი). ლარის მასის ზრდა უარყოფითად მოქმედებს ლარის კურსზე, მაგრამ მონეტარული პოლიტიკის სხვა მიზნებიდან გამომდინარე (ინფლაციის დონე, ეკონომიკური ზრდა) მისი ზრდა ლოგიკური და საჭიროა.
ფისკალურ მაჩვენებლებს რაც შეეხება, ლარის კურსზე გავლენა ბიუჯეტის დეფიციტის სიდიდეს აქვს, მით უმეტეს, თუ დეფიციტი საშინაო ვალით და ნაშთზე არსებული თანხების გამოყენებით იფარება. იანვარ-ოქტომბერში საშინაო ვალი 270 მლნ ლარით გაიზარდა (როცა წლიური გეგმა 200 მლნ-ია), ხოლო 21 ნოემბრის მდგომარებით, ნაშთიდან 185 მლნ ლარი დაიხარჯა. რაც შეეხება დეფიციტის საგარეო რესურსით დაფინანსებას (რასაც ქვეყანაში უცხოური ვალუტა შემოაქვს), აქ ფინანსთა სამინისტროს მნიშვნელოვანი ჩამორჩენა აქვს. იანვარ-სექტემბერში ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტების და კრედიტების გეგმა მხოლოდ 2%-ით შესრულდა, დანაკლისმა 160 მლნ დოლარი შეადგინა. სწორედ ამ თანხის აუთვისებლობა გახდა იმის მიზეზი, რომ სამინისტრომ დაგეგმილზე მეტი საშინაო ვალი აიღო. ბიუჯეტის მხარდამჭერი საგარეო დაფინანსება არც ოქტომბერში ჩაირიცხა.
დასკვნა
ოქტომბერში იმპორტის 7.4%-იანი (45.6 მლნ დოლარი) ზრდა მის ძალიან გაზრდას არ ნიშნავს (მით უმეტეს, როდესაც ბოლო 10 თვის იმპორტი შემცირებულია) და არ არის ლარის გაუფასურების ერთადერთი განმაპირობებელი მიზეზი. თავად იმპორტის ზრდა რომ ქვეყანაში მოხმარების ზრდას ნიშნავს, სიმართლეა, მაგრამ ერთ თვეზე დაყრდნობით რთულია იმის თქმა, რომ ქვეყანაში მოხმარების ზრდის ტენდენციაა. ამას მომავალი თვეები გვიჩვენებს.
ექსპორტი რაოდენობრივად გაზრდილია, მაგრამ ის ნამდვილად ვერ ეწევა იმპორტის მაჩვენებელს. შედეგად, იანვარ-ოქტომბერში საქართველოს სავაჭრო დეფიციტი 4.2 მილიარდი დოლარია. საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეფიციტი ყოველთის მნიშვნელოვნად დეფიციტური იყო, მაგრამ უცხოური ვალუტის სხვა შემომავალი ნაკადებით ფინანსდებოდა. რა ხდება ამ მხრივ ივლისიდან ნოემბრის ჩათვლით, უცნობია და სტატისტიკა სრულად მომავალი წლის მარტის ბოლოს გამოქვეყნდება. მნიშვნელოვანი იქნება უცხოური ინვესტიციების და კრედიტების სტატისტიკა.
ლარის კურსზე უარყოფითად მოქმედი შემდეგი ფაქტორები კი უკვე ცნობილია (რასაც პრემიერი არ აღნიშნავს): შემცირებული ეკონომიკური ზრდის ტემპი, სეზონურად შემცირებული ტურიზმი, გაზრდილი ლარის მასა, მთავრობის მიერ ბიუჯეტის მხარდამჭერი საგარეო დაფინანსების 2%-ით ათვისება.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი.