მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, ლარის კურსზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა: "

მაკროეკონომიკური პარამეტრები არ არის შეცვლილი, პირიქით, გაუმჯობესებულია. მათ შორის, გაუმჯობესებულია ჩამორიცხვები, რომელიც მანამდე შემცირებული იყო. იმპორტს აქვს შემცირების ტენდენცია, რაც ასევე მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მთავრობის ანგარიშებზე იქნება დადებითი ცვლილებები დოლარის თვალსაზრისით, რადგან ნოემბრის ბოლოს - დეკემბერში აზიის განვითარების ბანკიდან თანხები ჩამოირიცხება. ვფიქრობ, რომ ეს არის მართლაც დროებითი და უახლოეს მომავალში კურსი აუცილებლად გამყარდება".

ფაქტ-მეტრმა ფინანსთა მინისტრის ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

ლარმა გაუფასურება 2013 წლის ბოლოდან დაიწყო, როდესაც ლარის კურსი დოლარის მიმართ 1.66 იყო. გაუფასურების პირველი ტალღის შემდეგ ლარის კურსი 1.75-ზე გაჩერდა. გაუფასურების მეორე და უფრო მნიშვნელოვანი ტალღა 2015 წლის ნოემბრიდან დაიწყო და კურსის რეკორდული მაჩვენებელი, 2.50, მიმდინარე წლის თებერვალში დაფიქსირდა. გაზაფხულზე ლარი 2.13-მდე გამყარდა, თუმცა შემდეგ ისევ გაუფასურების ტენდენციას დაუბრუნდა, აგვისტოს ბოლოდან კი ლარის გაუფასურების ტემპმა იმატა. კურსის ვარდნის შესაჩერებლად ეროვნულმა ბანკმა 180 მლნ დოლარი გაყიდა, მაგრამ აგვისტოს ბოლოდან დღემდე ლარის კურსი 7%-ით მაინც გაუფასურდა.

ლარის კურსს სავალუტო ბაზარზე ვაჭრობა აყალიბებს. თუ ქვეყანაში დოლარის მიწოდება დოლარზე მოთხოვნას აღემატება, კურსი მყარდება. თუ მოთხოვნა უფრო მაღალია, კურსი უფასურდება. დოლარის მიწოდებას განსაზღვრავს ის, რამდენი დოლარი შემოდის ქვეყანაში და რამდენია საჭიროება. მეორე მხრივ, დოლარზე მოთხოვნა იზრდება, როდესაც სხვა თანაბარ პირობებში, ქვეყანაში ლარის მოცულობა იზრდება.

ფინანსთა მინისტრი გაუმჯობესებულ მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე საუბრობს, თუმცა მათგან  მხოლოდ ფულადი გზავნილების ზრდას და იმპორტის შემცირებას გამოყოფს. მაკროეკონომიკური პარამეტრები გაცილებით მეტ მაჩვენებელს მოიცავს, მაგალითად, როგორიცაა: ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, ინვესტიციები, ფისკალური და მონეტარული მაჩვენებლები, უმუშევრობა. აქედან ლარის ნომინალურ გაცვლით კურსზე ინფლაციას და უმუშევრობას პირდაპირი გავლენა არ აქვს, სხვა პარამეტრები კი მეტ-ნაკლებად მოქმედებს.

ცალკე აღებული ფულადი გზავნილები (ჩამორიცხვები) მაკროეკონომიკური პარამეტრი არ არის, მაგრამ მიმდინარე ანგარიშის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია საქონლისაა და მომსახურების ექსპორტ-იმპორტთან, ტრანსფერებთან და სხვა ფაქტორულ შემოსავლებთან ერთად. აქედან გამომდინარე, მხოლოდ იმპორტში კლება და ჩამორიცხვების ზრდა არაფრისმომცემია, თუ ჯამში მიმდინარე ანგარიშის ბალანსი არ უმჯობესდება. „ც ჰეპატიტის“ წამლების ღირებულების გამოკლებით წელს იმპორტი მართლაც შემცირებულია (2%-ით), ხოლო ფულადი გზავნილები ივლის-სექტემბერში 14%-ით გაიზარდა. ბოლო თვეებში, ჯამში გაუმჯობესდა თუ არა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ეს ჯერ არ ვიცით, რადგან მესამე კვარტლის სრული მონაცემები დეკემბრის ბოლოს გამოქვეყნდება, ხოლო მეოთხე კვარტლის (ოქტომბერი-დეკემბერი) მომვალი წლის მარტის ბოლოს. შესაბამისად, არც ფინანსთა მინისტრმა და არც მთავრობის სხვა წევრებმა დაზუსტებით არ იციან მიმდინარე ანგარიშის მონაცემი მართლა გაუმჯობესებულია თუ არა. ამ დროს, ლარის გაუფასურების ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი სწორედ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტია, რომელმაც 2015 წელს 1.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში 915 მლნ დოლარი იყო (გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 72 მლნ დოლარით გაუარესდა). მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი უჩვენებს საქონლით და მომსახურებით ვაჭრობიდან, შემოსავლებიდან და ტრანსფერებიდან რამდენი ვალუტით მეტი გადის საქართველოდან, ვიდრე შემოდის. ანუ, 2015 წელს 1.7 მილიარდი დოლარით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა.

ლარი რომ არ გაუფასურდეს, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი უნდა დაიფაროს კაპიტალის და ფინანსური ანგარიშით, რომელიც ინვესტიციებს და კრედიტებს მოიცავს. თუ ვერ ფარავს, ქვეყნის ვალუტის რეზერვები კლებულობს და ამავე დროს, ლარს გაუფასურების ტენდენცია აქვს. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ლარი იმიტომ მყარდებოდა, რომ ქვეყანაში 408 მლნ დოლარით მეტი შემოვიდა, ვიდრე გავიდა. მეტი დოლარის შემოსვლა ძირითადად სასესხო კაპიტალის მატებამ განაპირობა. მესამე კვარტლის და მიმდინარე კვარტლის ინვესტიციების და კრედიტების მონაცემები უცნობია და მესამე კვარტალი წლის ბოლომდე არ გახდება ცნობილი. შებამისად, ამ მიმართულებითაც, სრული სურათი, თუ რა ხდება ბოლო თვეებში, არავინ იცის.

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, იანვარ-სექტემბრის ეკონომიკური ზრდა 2.6%-ია, მესამე კვარტლის 2.2%, ხოლო სექტემბრის 1.5%, რაც გაუარესებას ნიშნავს და ლარის კურსზე მოქმედ მაკროეკონომიკურ ფაქტორებიდან ერთ-ერთია.

მონეტარულ მაკროკონომიკურ მაჩვენებლებს რაც შეეხება, ლარზე გავლენას აქვს ლარის მასას, რომელიც აპრილიდან 840 მლნ ლარით (16%-ით) არის გაზრდილი (M2 აგრეგატი). ლარის მასის ზრდა უარყოფითად მოქმედებს ლარის კურსზე, მაგრამ მონეტარული პოლიტიკის სხვა მიზნებიდან გამომდინარე (ინფლაციის დონე, ეკონომიკური ზრდა) მისი ზრდა ლოგიკური და საჭიროა.

ფისკალურ მაჩვენებლებს რაც შეეხება, ლარის კურსზე გავლენა ბიუჯეტის დეფიციტის სიდიდეს აქვს, მით უმეტეს თუ დეფიციტი საშინაო ვალით და ნაშთზე არსებული თანხების გამოყენებით იფარება. იანვარ-ოქტომბერში საშინაო ვალი 270 მლნ ლარით გაიზარდა (როცა წლიური გეგმა 200 მლნ-ია), ხოლო 8 ნოემბრის მდგომარებით, ნაშთიდან 111 მლნ ლარი დაიხარჯა. რაც შეეხება დეფიციტის საგარეო რესურსით დაფინანსებას (რასაც უცხოური ვალუტა ქვეყანაში შემოაქვს), აქ ფინანსთა სამინისტროს მნიშვნელოვანი ჩამორჩენა აქვს. იანვარ-სექტემბერში ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტების და კრედიტების გეგმა მხოლოდ 2%-ით შესრულდა, დანაკლისმა 160 მლნ დოლარი შეადგინა. სწორედ ამ თანხის აუთვისებლობა გახდა იმის მიზეზი, რომ სამინისტრომ დაგეგმილზე მეტი საშინაო ვალი აიღო.

ნოდარ ხადური ამბობს, რომ საგარეო დაფინანსების ნაწილი ნოემბერ-დეკემბერში ჩამოირიცხება, რისი გადამოწმებაც ჩვენთვის ამ ეტაპზე შეუძლებელია, თუმცა აუთვისებელი თანხების წლის ბოლომდე მიღება ლარის კურსს ნამდვილად დაეხმარება.

რაც შეეხება ლარის გარდაუვალ გამყარებას, ფინანსთა მინისტრი ამას უფრო მოსახლეობაში დადებითი მოლოდინის შესაქმნელად, ვიდრე რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით ამბობს. ცნობილია, რომ მოლოდინს ლარის მოკლევადიანი კურსის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს.

დასკვნა

ნოდარ ხადური თითქმის არარსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ლარზე მოქმედი მაკროეკონომიკური პარამეტრები გაუმჯობესებულია. ის, რომ ტურიზმიდან შემოსავალი გაიზარდა, იმპორტი შემცირდა და ბოლო თვეებში ფულადმა გზავნილებმა იმატა, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ლარმა გამყარება დაიწყოს. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რა ტენდენციაა საინვესტიციო და სასესხო კაპიტალში, რომლის მონაცემებიც მხოლოდ იანვარ-ივნისის ჩათვლით არის ცნობილი.

ფაქტ-მეტრი ნოდარ ხადურის განცხადებას ამ ეტაპზე უვერდიქტოდ ტოვებს და აღნიშნულ საკითხს შესაბამისი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ დაუბრუნდება.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი