26 ოქტომბერს ევროპარლამენტმა ევროკავშირის საბჭოს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესი. წერილის ადრესატი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სლოვაკეთია. წერილში ევროპარლამენტარები იმედოვნებენ, რომ ევროკავშირის საბჭო პროცესის დასრულებას ნოემბრის პირველ რიცხვებში დაიწყებს.

5 სექტემბერს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტმა (LIBE) 44 ხმით 5-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას. ზუსტად ერთი თვის თავზე, ხუთ ოქტომბერს კი ევროკავშირში წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა (COREPER) მხარი დაუჭირეს საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციას, თუმცა ჯერ კიდევ არ ვიცით ზუსტი თარიღი, როდის შეეძლებათ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლა.

„ფაქტ-მეტრი“ შეეცადა, გაერკვია, რა მიზეზების გამო ფერხდება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულება. სანამ უშუალოდ შეფერხების მიზეზების გარკვევაზე გადავალთ, განვმარტოთ, რა არის ვიზალიბერალიზაცია.

ვიზალიბერალიზაცია, იგივე უვიზო რეჟიმი, გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანასა და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას. ასეთი ქვეყნებია: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, შვეიცარია, ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი და ხორვატია.

დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ვიზალიბერალიზაცია არ შეეხება მხოლოდ ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთს. მხოლოდ ამ ორ ქვეყანაში მგზავრობის მსურველ მოქალაქეებს მოუწევთ ვიზის აღება, ზემოჩამოთვლილ 30 ქვეყანაში მგზავრობისთვის კი საქართველოს მოქალაქეებს ვიზის აღება აღარ მოუწევთ.

უვიზო რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს ბიომეტრიული პასპორტის ქონის შემთხვევაში, ვიზის გარეშე განახორციელონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტები. მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. ევროკავშირისა და შენგენის ქვეყნებში გატარებული 90 დღის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ამ ქვეყნების ტერიტორია.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას საქართველო, უკრაინა და კოსოვო ელოდებიან. ბოლოს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შეთანხმება მოლდოვამ გააფორმა, 2014 წლის 28 აპრილს.

უკრაინასა და საქართველოს ვიზალიბერალიზაციისთვის გათვალისწინებული ყველა ვალდებულება აქვს შესრულებული, თუმცა პროცესის დასრულების თარიღი ზუსტად არაა ცნობილი.

ევროკავშირში ახლა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის მიღებაზე მსჯელობენ. შეჩერების მექანიზმი გულისხმობს ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას და გამოყენებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვეყნის მოსახლეობა მკაცრად დაარღვევს ვიზალიბერალიზაციით გათვალისწინებულ ნორმებს. მაგალითად, თუ რომელიმე ქვეყნის მოქალაქეები ევროკავშირში არალეგალურად დარჩებიან, ან მასობრივად დაარღვევენ კანონს, არ არის გამორიცხული, ევროკავშირმა ამ ქვეყნისთვის შეჩერების მექანიზმი აამოქმედოს.

დღეის მდგომარეობით, შეჩერების მექანიზმი არც ერთი ქვეყნისთვის არ არსებობს და მაგალითად, თუ ევროკავშირი მოლდოვისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას განიზრახავს, მათ ამის მექანიზმი შემუშავებული არ აქვთ. შეჩერების მექანიზმი იქნება ერთნაირი ყველა ქვეყნისთვის, რომელიც ვიზალიბერალიზაციას მიიღებს. შესაბამისად, საქართველოც და უკრაინაც შეჩერების მექანიზმის დანერგვას ელოდება.

როგორც ცნობილია, ევროკავშირს შეჩერების მექანიზმი შემუშავებული აქვს. ახლა დავა იმაზე მიმდინარეობს, რომელი სახის აქტით მიიღებენ გადაწყვეტილებას ევროკავშირში.

გადაწყვეტილების მისაღებად ორი გზა არსებობს, პირველია დელეგირებული აქტი (delegated act), რომლის მიღების შემთხვევაში, შეჩერების მექანიზმის ასამოქმედებლად საჭირო იქნება ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს შეთანხმება. მეორე მხრივ, არსებობს იმპლემენტური აქტი (implementing act), რომლის მიღების შემთხვევაში, მხოლოდ ევროკავშირის საბჭოს, ანუ ევროკავშირის ქვეყნებს შეეძლებათ შეჩერების მექანიზმის შემოღება.

საბოლოოდ, ცხადია, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ უვიზოდ მიმოსვლას ევროკავშირის ქვეყნებში, თუმცა ზუსტად როდის - ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად მიიღებენ შეჩერების მექანიზმის შემოღების გადაწყვეტილებას ევროპაში.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი