მინის კარებს გააღებთ თუ არა, მარჯვნივ კედელზე დიდი აფიშები კიდია და თანაც ეს აფიშები ელექტრონულია, ანუ გამოსახულება პერიოდულად იცვლება. თითოეულ აბრაზე სხვადასხვა ფილმის რეკლამაა, რომელიც კინოთეატრში გადის. აფიშებს შორის კი ერთი დიდი აფიშაა, სადაც ანონსს აჩვენებენ. ფილმების უმეტესობას ენად რუსული აქვს მითითებული. აბრის მეორე ნაწილი კი საერთოდ რუსულ ენაზეა.

საქართველოში სახელმწიფო ენა ქართული და აფხაზურია და, თუკი მეორე ენის დამატებაა საჭირო, ეს ან აფხაზური უნდა იყოს, ან ინგლისური, როგორც საერთაშორისო ენა. მიუხედავად იმისა, რიმ კინოთეატრი სახელმწიფო უწყებას არ წარმოადგენს, საზოგადოების თავშეყრის ადგილად ითვლება და რუსულ ენაზე გაკეთებული აფიშა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც რომელიმე საერთაშორისო ენა არ არის გამოყენებული, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია. თუმცა, ყველაფერი უფრო რთულადაა - ეს შემთხვევა პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონს.

ფილმი „ანგარიშსწორება“ აშშ-შია გადაღებული. „უიჯიც“ ამერიკულია, ისევე, როგორც ყველა ის ფილმი, რომელიც კინოთეატრში რუსულად გადის. არადა, კანონმდებლობით ეს აკრძალულია. ქართული კანონმდებლობით, კინოთეატრებში ფილმები ქართულად გახმოვანებული უნდა გადიოდეს, ან ორიგინალის ენაზე და ქართული ტიტრებით. ყველა სხვა ენაზე და მათ შორის რუსულად გახმოვანება, თუნდაც ქართული სუბტიტრების დართვით, კანონით აკრძალულია (საქართველოს კანონი „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“, მუხლი 5, პრიმა).

ეს კანონი 2011 წლის 1-ლი იანვრიდან მოქმედებს და ამ მოთხოვნების დარღვევით ფილმის ჩვენებისთვის კანონი ითვალისწინებს კინოთეატრის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში - 3000 ლარით, ხოლო მესამედ და მეტჯერ ამ ქმედების ჩადენის შემთხვევაში - 10 000 ლარით დაჯარიმებას.

კინოდარბაზში ფილმის ჩვენებისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებაზე მონიტორინგს ახორციელებენ და გამოვლენილი დარღვევის შემთხვევაში სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირები. დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება კი სასამართლოს ოქმის გადაგზავნიდან 7 დღის ვადაში გამოაქვს.

ეს აფიშები კინოთეატრ „თბილისშია“ გამოკრული, მაგრამ იდენტური ვითარებაა ყველა კინოთეატრში. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ყველა კინოთეატრს ერთი კომპანია მართავს. ჩვენ ვცადეთ, კომპანიის პიარსამსახურს დავკავშირებოდით განმარტების მოსასმენად, რატომ არღვევენ კანონს ან ვინმე თუ სთხოვთ ამაზე პასუხს, მაგრამ მათ ჩვენთვის პასუხის გაცემაც კი არ ისურვეს, ისევე, როგორც კულტურის სამინისტროში, რომელიც მონიტორინგზეა პასუხისმგებელი.

უფრო მეტიც, როგორც იურისტები ჩვენთან საუბრისას განმარტავენ, უნდა არსებობდეს კულტურის სამინისტროს სათანადო ბრძანება, რითაც კონტროლის განმახორციელებელი ორგანო ან პირები იქნებიან კანონით განსაზღვრული, მაგრამ ასეთი ბრძანება სამთავრობო დოკუმენტებში არ იძებნება.

„კინოთეატრებში ფილმის ჩვენება, როდესაც ის არ ხორციელდება პირველადი წარმოების ენაზე ქართული სუბტიტრებით ან ქართულ ენაზე დუბლირებით, წარმოადგენს ,,ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას. კინოაფიშებით თუ ვიმსჯელებთ, ხშირია შემთხვევები, როდესაც ფილმები არ გადის არც ორიგინალ ენაზე და არც ქართული გახმოვანებით.

ფილმის კინოთეატრში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განთავსების საკითხზე მონიტორინგის განხორციელება და გამოვლენილი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება - სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირების ვალდებულებაა. გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს ის ფაქტი, რომ 2011 წლიდან (როდესაც აღნიშნული კანონი ამოქმედდა) დღემდე ფილმის კინოთეატრში განთავსება ხდება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევებით და ეს შესაბამისი რეაგირების გარეშეა დარჩენილი. იკვეთება, რომ შესაძლოა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ დაკისრებული ვალდებულებები ჯეროვნად არ ხორციელდება“, - ამბობს ჩვენთან საუბრისას იურისტი მარიამ გოგოსაშვილი.

მისი განმარტებით, თუკი არ ხდება კინოთეატრების დაჯარიმება და მათ წინააღმდეგ სათანადო სანქციების გამოყენება, ეს იმას ნიშნავს, რომ კანონს უკვე არა მხოლოდ ისინი არღვევენ, არამედ კონკრეტული სამინისტროც, რაც, მისივე განმარტებით, ვითარებას კიდევ უფრო ამძაფრებს.

კინოთეატრის ფოიეში ფილმის დაწყებამდე მაყურებლებს გავესაუბრეთ და ახალგაზრდები რუსულად ჩვენების გამო უკმაყოფილოები არიან. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ ქართულად რაც გადის, თუ გადის რამე, იმდენად ცუდი ნათარგმნია, რომ ურჩევნიათ საერთოდ არ იყოს გახმოვანებული.

თავის დროზე, როდესაც ეს კანონი მიიღეს, მთავარი მოტივაცია იყო სწორედ ის, რომ რუსულ პროპაგანდას სახელმწიფო ქმედითი ინსტრუმენტი დაპირისპირებოდა. რუსეთის მხრიდან „რბილი ძალის“ გამოყენება კი დღეს არანაკლებ საშიშია, ვიდრე საომარი მოქმედებები. ამაზე ბოლო პერიოდში დასავლეთი უკვე ღიად საუბრობს, რომ რუსეთი ყოფილი საბჭოთა კავშირის იმ ქვეყნებში, რომლებიც ევროინტეგრაციის გზაზე დგანან და მათ შორის საქართველოშიც, ქმედით იარაღად სწორედ ამ საშუალებას იყენებს. ეს კი იმდენად სახიფათოდ არის მიჩნეული, რომ ევროკავშირმა დაფინანსებაც კი გამოყო ამ პრობლემასთან დასაპირისპირებლად. ამ ფონზე კი აფიშების ენად რუსულის გამოყენება, ამერიკული ფილმების რუსულად ჩვენება და ა.შ. ცალსახად რუსული გავლენის ხელშეწყობად აღიქმება და ისიც ფაქტია, რომ ხელისუფლების მხრიდან კანონდარღვევის ხარჯზე ამ პოლიტიკის ხელშეწყობა ხდება.

კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

ეს არის ერთი კონკრეტული შემთხვევა, როდესაც თითქოს შეუმჩნევლად, მაგრამ მიზანმიმართულად ხდება რუსული ინტერესის გატარება და ამ შემთხვევაში არგუმენტად არ გამოდგება ის, რომ თარგმნა ძვირი ჯდება, ან ვიღაცას ტიტრებიანი ფილმის ყურება არ უნდა. ფაქტია, რომ პოლიტიკური ნების არსებობის დროს ეს კანონი მუშაობდა. ახლა კი კანონი საჯაროდ ირღვევა და ხელისუფლება ამაზე არა თუ არ რეაგირებს, არამედ თავად არღვევს კანონს.

ასეთივე მაგალითებია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონთან მიმართებაშიც, როდესაც ხელისუფლება ხელს არ უწყობს კანონის შესრულებას, ან თვალს ხუჭავს მისი დარღვევის ფაქტებზე. მაგალითად, კონკრეტული ადამიანების საქართველოში შემოშვება-არშემოშვების საკითხი და, ასევე, კონკრეტული კომპანიების საქმიანობის საკითხი.

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის თანახმად, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის შემდეგ არის მიღებული, დადგენილია ამ ტერიტორიების სამართლებრივი მდგომარეობის საკითხი და განსაზღვრულია წესები, როგორ უნდა იურთიერთოს ცივილიზებულმა სამყარომ ამ რეგიონებთან.

ამ ნორმებიდან მნიშვნელოვანია გადაადგილების რეგულირებისა და აქ ეკონომიკური საქმიანობის რეგულაციები. ორივე შემთხვევაში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების თანხმობაა საჭირო და შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა კანონიერად ითვლება აფხაზეთში ზუგდიდიდან და ცხინვალის რეგიონში - გორიდან. ამ მოთხოვნის დარღვევა კი ისჯება სანქციებით, საქართველოს ტერიტორიაზე არშემოშვებით და ჯარიმით; უკანონო ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში კი, საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის აკრძალვით და ჯარიმით. ცხადია, ეს არ ეხება, ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო მისიებს, თუმცა, ქართული მხარისთვის ინფორმაციის მიწოდებას წინასწარ ან პოსტფაქტუმ მაინც ითვალისწინებს.

ტერიტორიაზე გადაადგილებაზე პასუხისმგებელი არის შსს, რადგან საზღვარზე კონტროლს სწორედ ეს ორგანო ახორციელებს და შესაბამისად, მათი ვალდებულებაა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში უკანონოდ ნამყოფი პირები, რომლებსაც პასპორტში სათანადო ჩანაწერები აქვთ, გამოავლინოს და მათ წინააღმდეგ სანქციები განახორციელოს, როდესაც ისინი ქვეყანაში შემოდიან.

„ფაქტ-მეტრს“ შსს-ში განუცხადეს, რომ ამის კონტროლი მუდმივად ხდება და სათანადო სანქციებიც ტარდება.

შსს-ს მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2009 წელს დარღვევის 88 შემთხვევაა გამოვლენილი, 2010 წელს - 83, 2011 წელს - 55, 2012 წელს - 26, 2013 წელს - 45, 2014 წელს - 36, 2015 წელს - 17 და 2016 წლის იანვარ-აგვისტოში - 14 შემთხვევა.

შსს დამრღვევთა ვინაობას არ აკონკრეტებს, თუმცა, აცხადებს, რომ მოხდა მათი დეპორტაცია და ნაწილი მათგანი დაჯარიმდა. ამასთანავე, უცნობია, აქედან რამდენია დაკავებული, ან არიან თუ არა მათ შორის ისეთი პირები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეკონომიკურ საქმიანობას უკანონოდ, ანუ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ეწეოდნენ.

იმაზე, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლისას შესაძლოა, პრობლემები ჰქონდეთ სწორედ ამ დარღვევების გამო, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებისა და სამართლის მიერ აღიარებული კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება, რუსული მხარეც საუბრობს. 10 ნოემბერს გავრცელდა „როსტურიზმის“ განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ რუსულმა ტურისტულმა სააგენტოებმა მოქალაქეებს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, რომ საქართველოში მოქმედებს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, რომლის საფუძველზე „2015 წელს რუსეთის სამი მოქალაქე დააპატიმრეს, კიდევ რამდენიმე კი დააჯარიმეს“.

გაცილებით რთული ვითარებაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ მოქმედი კომპანიების მიმართ. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საქართველოში რუსული კომპანიების შემოსვლა სულ უფრო ხშირი ხდება. ეს არაერთხელ გამხდარა ოპოზიციისთვის ხელისუფლების კრიტიკის საგანი. მაგრამ გაცილებით რთულადაა საქმე იმ ნაწილში, რაც ამ კომპანიების ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ ოპერირებას ეხება.

მაგალითად, აგვისტოში აჟიოტაჟი იყო ატეხილი „იანდექს ტაქსის“ საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით.

რუსული კომპანია „იანდექს ტაქსის“ მომსახურება თბილისში 23 აგვისტოდან დაიწყო. თბილისში 6 პარტნიორი კომპანია ჰყავთ და როგორც კომპანიის ხელმძღვანელებმა მედიასთან არაერთხელ განაცხადეს, საქართველოში გაფართოებას კიდევ გეგმავენ.

პრობლემა კი ის იყო, რომ კომპანია „იანდექსის“ რუკაზე აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ტერიტორიებად არ არის მიჩნეული, რაც საერთაშორისო და ქართული კანონმდებლობის დარღვევაა. ეს კი იმის საფუძველი უნდა გამხდარიყო, რომ კომპანიისთვის საქართველოში მუშაობის უფლება არ მიეცათ. ამაზე პასუხისმგებელი კი იუსტიციის სამინისტროა, რომელიც კომპანიის რეგისტრაციას აწარმოებს და, ასევე, თბილისის მერია, რომელიც მუშაობის უფლებას აძლევს.

არც ერთ უწყებაში ამ თემაზე საუბარი არ სურთ. თავად კომპანიის წარმომადგენლებმა კი მედიასთან შემდეგი რამ განაცხადეს: „საქართველოში დაიწყო მუშაობა „იანდექს ტაქსის“ სერვისმა და არა უშუალოდ „იანდექსმა“, რომლის სტრუქტურაში უამრავი კომპანიაა. ჩვენმა სერვისმა კანონმდებლობის დასაცავად ყველაფერი გააკეთა. მაგალითად, იმაში, რასაც ქართულ მომხმარებელს ვთავაზობთ, ყველაფერი დაცულია. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ნამდვილად არის ჩვენს რუკაზე საქართველოს ტერიტორია. „იანდექს ტაქსის“ საიტზეც იგივეა. რაც შეეხება თავად „იანდექსის“ რუკებს, იცით, ჩვენი სათავო ოფისი რუსეთში მუშაობს და რუსეთი აღიარებს ამ რეგიონების დამოუკიდებლობას“.

იურისტი, სამართლის დოქტორი გია ხუროშვილი, რომელიც ამჟამად აშშ-ში იურიდიულ კომპანიაში მუშაობს, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ „კანონს არღვევს ცენტრალური ოფისი და მე მხოლოდ შემადგენელი ნაწილი ვარ და ეს არ მეხება - არგუმენტად არ გამოდგება. ფაქტია, რომ ეს კომპანია საქართველოში კანონდარღვევით არის შემოსული“.

ამასთანავე, ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, როდესაც კომპანია ჩვენს კანონმდებლობას არღვევს, მაგრამ ამით პრობლემა არ ექმნება.

ასე მოქმედებს ონლაინგადარიცხვების კომპანია „ზოლოტაია კორონა“, რომელიც საქართველოს ბანკების პარტნიორია და პარალელურად საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე, ანუ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ფუნქციონირებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რაც მთავარია, უკვე წლებია, ამაზე საუბარი მიდის და იურისტები ამბობენ, რომ კანონდარღვევაა, მაგრამ ამას ხელისუფლების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

თავისუფლების ქარტია

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საქართველოში რუსული გავლენის გაძლიერებას უკავშირდება, საბჭოთა ნოსტალგიის გაღვივების საკითხია, რაც შემდეგ უკვე პოლიტიკურ გავლენაზე აისახება. რუსულ პროპაგანდას საქართველოში სჭირდება დასაყრდენი, ვინაიდან საზოგადოების დიდი ნაწილი დასავლური ორიენტაციის მომხრეა.

ბოლო პერიოდში რუსული მედიასაშუალებების გახსნა, რუსული ენის სწავლების რუსეთიდან დაფინანსება და ა.შ. თითქოს უწყინარი მეთოდია, მაგრამ იმ ქვეყნებში, სადაც რუსეთი საკუთარი გავლენის დამყარებას ცდილობს, ცხადია, ეს უწყინარი საშუალებები საკმაოდ საშიში ხდება. თუმცა, იმის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილი, რუსეთი ცდილობს კონკრეტულ სამიზნე ჯგუფებზე ზემოქმედებას, რაც პერსპექტივაში ფართო ფენებზე უნდა გავრცელდეს.

აგვისტოს ომის მერე მაშინდელი ხელისუფლების მიერ აქცენტი სწორედ ამიტომ გაკეთდა ამ საფრთხეზე და პარლამენტმა მიიღო „თავისუფლების ქარტია“, სადაც გაწერილია, რა მეთოდებით უნდა მოხდეს საბჭოთა ნოსტალგიის გაღვივების, უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებისა და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენცია. პრევენციისთვის კი გამოყოფილია ყოფილი საბჭოთა კავშირის აგენტების გამოვლენა, რათა მათ მმართველობასა და გადაწყვეტილების მიღებაზე ხელი არ მიუწვდებოდეთ.

„ქვეყნის უსაფრთხოებისა და დემოკრატიული განვითარების უზრუნველსაყოფად, ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების, ამ კანონით დადგენილი თანამდებობის პირების რეგისტრაციის, ნებაყოფლობითი აღიარებისა და რეესტრის წარმოების, აგრეთვე, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიებისა და პროპაგანდის აკრძალვის მიზნით და ამ კანონით განსაზღვრული სხვა მიზნებისთვის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იქმნება კომისია. კომისიაში თითო წევრის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს პარლამენტის ფრაქციებს. კომისიის შემადგენლობა (გარდა საქართველოს პარლამენტის ფრაქციების მიერ წარდგენილი წევრებისა) და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი“, - ნათქვამია „თავისუფლების ქარტიის“ მეშვიდე მუხლში.

კომისია უსაფრთხოების სამსახურში ფუნქციონირებს და როგორც „ფაქტ-მეტრს“ უწყებაში განუცხადეს, აქტიურად მუშაობს.

სამსახურის მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომუნისტური სიმბოლიკის გამოყენების რამდენიმე ფაქტია გამოვლენილი. ამ ფაქტებიდან კი განსაკუთრებით საინტერესოა რუსული წარმოების ნაყინის შეფუთვა.

სპეციალისტები, ვინც „რბილი ძალის“ გამოყენებისას პროპაგანდისტულ საშუალებებზე აკეთებენ აქცენტს, მიიჩნევენ, რომ ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქციის გამოყენება განსაკუთრებით საფრთხილოა, რადგან ფსიქოლოგიურად მოქმედებს ბავშვზე და კონკრეტული ცნებები ბავშვის აღქმაში დადებითი ფაქტორით ილექება, რაც შემდეგ მათ აზროვნებაზე ახდენს გავლენას. ამ თვალსაზრისით, ნაყინზე საბჭოთა სიმბოლიკის დატანას სწორედ ეს მიზანი უნდა ჰქონოდა, რათა მათ, ვისთვისაც საბჭოთა კავშირი უცხოა, საბჭოთა სიმბოლიკა დადებითი კუთხით მიიღონ. შემდეგ ამას დაემატება სხვა ფაქტორები და საბოლოოდ კარგ ნიადაგს უმზადებს რუსულ პროპაგანდას.

„საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის მიერ გამოვლინდა კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენების შემდეგი ფაქტები:

ა) 2016 წლის 04 აგვისტოს ქალაქ თელავში ააიპ „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ მიერ იგეგმებოდა გარკვეული საჯარო ღონისძიებების გამართვა, რომლის ფარგლებშიც მოსალოდნელი იყო კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება. ააიპ „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ თავმჯდომარე კომისიის მიერ წერილობით გაფრთხილებულ იქნა ხსენებულ ღონისძიებაზე კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენების დაუშვებლობის შესახებ. აღნიშნული, ასევე, ეცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ეთხოვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება. შედეგად კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენების ფაქტი არ დაფიქსირებულა;

ბ) 2016 წლის აგვისტოში გამოვლენილ იქნა რუსეთის ფედერაციაში წარმოებული სხვადასხვა ასორტიმენტის ნაყინის, რომელთა შეფუთვაზე გამოსახული იყო კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკა, შპს „არქტიკას“ მიერ საქართველოში შემოტანისა და რეალიზაციის ფაქტი. კომისიის მიერ წერილობით იქნა გაფრთხილებული შპს „არქტიკას“ ხელმძღვანელი, რათა არ დაეშვა და აღმოეფხვრა კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება. ასევე, აღნიშნული ეცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და ეთხოვა კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარება“, - გვითხრეს უშიშროების სამსახურში.

ამ კომისიის მუშაობის მეორე მიმართულება კი ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების აღრიცხვას ეხება.

უშიშროების სამსახურში გვითხრეს, რომ ეს თანამშრომლები აღრიცხულია სათანადო წესით, თუმცა, მათ შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის. რაც შეეხება, მოხდა თუ არა ვინმეს მხრიდან ყოფილ საბჭოთა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის აღიარება, უშიშროების სამსახურში ამბობენ, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა სტალინის ძეგლის სხვადასხვა ადგილას დადგმის საკითხი და განსაკუთრებით კი გორში. ამ ფაქტის წინასაარჩევნოდ გამოყენება პრორუსული ორიენტაციის პარტიებმა აქტიურად სცადეს კიდეც.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიის“ წარმომადგენელი, გიორგი იმედაშვილი, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ რამდენიმე თვის წინ ორგანიზაციამ გორის მერიასა და საკრებულოს შესთავაზა, რომ სტალინის ძეგლის ნაცვლად, სახელმწიფო უწყების წინ იაკობ გოგებაშვილის ძეგლი დაედგათ იმის სიმბოლოდ, რომ სტალინი არის დიქტატურისა და რეპრესიის სიმბოლო და მას უპირისპირდება განათლება. თუმცა, როგორც იმედაშვილი ამბობს, მათ გამაოგნებელი პასუხი მიიღეს, სადაც ეწერა, იაკობ გოგებაშვილის ძეგლისთვის ადგილი არ გვაქვსო.

იმ საშიშროებიდან გამომდინარე, რაც საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებასა და რუსული გავლენის აგენტებისთვის ხელის შეწყობას შეიძლება მოჰყვეს, განსაკუთრებით აქტიური ხელისუფლება უნდა იყოს, რადგან ეს სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა და ამასთანავე, მას ამის გაკეთებას კანონი სთხოვს. ხელისუფლება კი, ფაქტობრივად, არაფერს აკეთებს ამ ტენდენციის საწინააღმდეგოდ. არადა, კანონში პირდაპირი მოთხოვნაა, რომ საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება არ უნდა ხდებოდეს. იმის თქმა კი, რომ სტალინი არ არის საბჭოთა სიმბოლიკა, უბრალოდ არასერიოზულია.

საერთო ჯამში, იკვეთება რამდენიმე სახის პრობლემა, დაწყებული რუსული ენის კანონსაწინააღმდეგოდ გამოყენებით და დამთავრებული რუსული გავლენის აგენტების ხელშეწყობით, რაც მთლიანობაში საკმაოდ დიდ პრობლემას ქმნის. თავისთავად რუსული გავლენის გაძლიერება ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე უდიდესი პრობლემაა, მაგრამ ამას კიდევ უფრო ამძაფრებს ის, რომ ამაზე არ ხდება ხელისუფლების რეაგირება, ცალკეული შემთხვევების გარდა, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ უშიშროების სამსახურთან დაკავშირებით.

არადა, კანონი ყველასთვის კანონია და მისი შესრულების ვალდებულებაა ყველასთვის და პირველ რიგში ხელისუფლებისთვის, რომელიც კანონის დაცვისა და შესრულების გარანტორი უნდა იყოს. ხელისუფლება კი თავად არღვევს კანონებს.


მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი