იტვირთება

დაგროვებითი სისტემა გულისხმობს თანადაფინანსებას დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან. მსგავსი მოდელი დიდი ხანია მოქმედებს ევროპის ქვეყნებში. დაგროვებით პენსიას აქვს უპირატესობები. ერთი მხრივ, ის უზრუნველყოფს „ღირსეულ“ პენსიას და მეორე მხრივ, ამცირებს საბიუჯეტო ხარჯებს. თუმცა პროგრამის წარმატების წინაპირობაა, დასაქმების მაღალი მაჩვენებელი და მაღალი შემოსავლები. საქართველოში კი 1 780 ათასი დასაქმებულიდან 57% თვითდასაქმებულია, საშუალო ხელფასი 900 ლარია. ამასთანავე, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად დაეცა ეკონომიკური ზრდის ტემპი. ეკონომიკის ზრდა კი პირდაპირ კავშირშია დასაქმებულებისა და ხელფასების ზრდასთან.

ჩვენ გავაანალიზეთ, რა მაკროეკონომიკური გათვლები აქვს მთავრობას და რა შედეგებს უნდა ველოდოთ საპენსიო რეფორმისგან.

საპენსიო სისტემის მოდიფიკაცია

დღეს ასაკით პენსიონერის პენსია 180 ლარია, რაც საშუალო ხელფასის 20%-ია. ხშირად ეს თანხა არსებობისთვისაც არ არის საკმარისი. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 720 ათასამდე პენსიონერია და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება. შესაბამისად, იზრდება ბიუჯეტის ხარჯებიც. სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოციალური ხარჯების ნახევარზე მეტი სწორედ საპენსიო უზრუნველყოფაზე იხარჯება. როგორც მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, იმისთვის, რომ ფისკალური ტვირთი შემცირდეს და პენსიონერმაც უკეთესი პენსია მიიღოს, აუცილებელია საპენსიო რეფორმა.

ეკონომიკის სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა საქართველოს საპენსიო რეფორმის კონცეფცია, რომლის თანახმადაც დასაქმებული ყოველთვიურად თავისი ხელფასის 2%-ს რიცხავს საპენსიო ფონდში, დამსაქმებელი, თავის მხრივ, კიდევ 2%-ს იხდის, 2% კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ემატება. ჯამში, მოქალაქეს საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად თავისი ხელფასის 6% უგროვდება. აღნიშნული თანხა არ დაიბეგრება. საპენსიო დანაზოგები პარლამენტის მიერ შექმნილ არაკომერციულ ფონდში იქნება მიმართული.

სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება. საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, მოქალაქე მიიღებს როგორც მის მიერ ფონდში დაგროვებულ პენსიას, ასევე ინარჩუნებს არსებულ სოციალურ პენსიას. დაგროვებული საპენსიო თანხის წინასწარ გამოტანა შესაძლებელი იქნება მძიმე ავადმყოფობის შემთხვევაში. ასევე, მაღალი საჯარიმო სანქციის შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია, წინასწარ გამოიტანოს თავისი დანაზოგი. გარდაცვალების შემთხვევაში კი თანხა სრულად გადაეცემა მემკვიდრეს.

10, 20 და 30 წლის შემდეგ

მთავრობის მაკროეკონომიკური გათვლებით, 10 წელიწადში საშუალო ხელფასი დაახლოებით 90%-ით - 1 717 ათას ლარამდე გაიზრდება. 20 წელიწადში საშუალო ხელფასი დღეს არსებულთან შედარებით - 240%-ით, ხოლო 30 წლის შემდეგ 512%-ით მეტი იქნება.

ხელფასების მსგავსი ტემპებით ზრდის შემთხვევაში, ადამიანს, რომელსაც დღეს აქვს ხელფასი 500 ლარი, ყოველთვიური პენსია 10 წლის დაგროვების შემდეგ - 54 ლარი, 20 წლის დაგროვების შემდეგ - 197 ლარი, 30 წლის დაგროვების შემდეგ კი - 535 ლარი ექნება. ხოლო პირი, რომელსაც დღეს აქვს ხელფასი 1000 ლარი, 10-წლიანი დაგროვების შემდეგ მიიღებს თვეში 109 ლარს, 20-წლიანი დაგროვების შემდეგ - 395 ლარს, ხოლო 30-წლიანი დაგროვების შემდეგ - 1070 ლარს.

ზემოაღნიშნული პენსიის ოდენობები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება რეალური, თუ მთავრობის მაკროეკონომიკური პროგნოზები, რომელიც საკმაოდ ოპტიმისტურია, გამართლდება.

ამასთანავე, ჩნდება კითხვა: მოსახლეობის რა ნაწილს შეეხება აღნიშნული რეფორმა? „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში 246 ათასი ადამიანია უმუშევარი. 1 018 ათასი ადამიანი კი თვითდასაქმებულია (სოფლის მეურნეობაში, საცალო ვაჭრობაში და ა.შ.). მხოლოდ 762 ათასი ადამიანია დაქირავებით დასაქმებული. შესაბამისად, პროგრამაში ვერ ჩაერთვებიან უმუშევრები. ასევე, თვითდასაქმებულები, რომლებსაც ძირითადად არ აქვთ მუდმივი, ყოველთვიური შემოსავალი და ვერ მოახერხებენ საპენსიო დანაზოგის გაკეთებას.

დაქირავებით დასაქმებულებიდან 251 ათასი ადამიანი 50 წელს ზევითაა, რომელიც პრაქტიკულად ვერ მოახერხებს საპენსიო ასაკამდე საკმარისი აქტივების დაგროვებას. შესაბამისად, რჩება 511 ათასი ადამიანი, რომელიც შესაძლოა, ჩაერთოს დაგროვებით საპენსიო სისტემაში. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ პროგრამა ნებაყოფლობითია და ქვეყანაში ხელფასები საკმაოდ დაბალია, იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც შეიძლება აღნიშნული პროგრამა შეეხოთ, კიდევ უფრო ნაკლები გამოვა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ევროპის განვითარებულ ქვეყნებში დაგროვებითი საპენსიო სისტემის მოდელი წარმატებით ფუნქციონირებს. თუმცა აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში ამან ვერ გაამართლა, რისი მიზეზიც ფინანსური კრიზისი აღმოჩნდა, მოხდა ფონდების კონფისკაცია, შენატანების შემცირება ან შეჩერება.

მაგალითად, 2011 წელს უნგრეთში 8%-იანი კონტრიბუცია შემცირდა 0%-მდე, მოხდა ფონდის ნაციონალიზაცია და გადამისამართდა სახელმწიფო ბიუჯეტში. პოლონეთში, სლოვაკეთში, ლატვიაში, ლიტვაში განახევრდა კონტრიბუცია.

საპენსიო რეფორმაზე ჩვენ ვესაუბრეთ თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორს, ეკონომისტ ზვიად ხორგუაშვილის. „მთავრობა დამსაქმებელს ავალდებულებს, გადაიხადოს 2%, რაც აჩენს რისკს, რომ ხარჯების შემცირების მიზნით დამსაქმებელმა შეამციროს ხელფასები ან სამუშაო ადგილების რაოდენობა. ამასთანავე, ამ სისტემით მთავრობას უწევს დამატებით 2%-ის გადახდა, რაც ირიბად ნიშნავს გადასახადების გაზრდას. საქართველო არ არის პოლიტიკურად და ეკონომიკურად სტაბილური ქვეყანა, რომ მას მოსახლეობამ საკუთარი ფული 20 ან 30 წლით ანდოს. მეორე საკითხია, რაში გამოიყენებენ ამ ფულს საპენსიო ფონდები, სად დააბანდებენ და რამდენად მომგებიანი იქნება. ჩვენ გვაქვს მაგალითები, როცა საპენსიო ფონდები გაკოტრდნენ ან მუდმივად გაკოტრების ზღვარზე არიან“, - განაცხადა ზვიად ხორგუაშვილმა.

იგი ჩვენთან საუბარში ასევე აღნიშნავს, რომ ის მაკროეკონომიკური გათვლები, რაც მთავრობას აქვს, არარეალურია: „თუ გადავხედავთ, ბოლო 4 წლის განმავლობაში როგორ იზრდება ქვეყნის ეკონომიკა, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა და ხელფასები, ამ ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში წარმოუდგენელია 10 წელიწადში ის შედეგები დადგეს, რასაც მთავრობა პროგნოზირებს“.

საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა რომ წარმატებული აღმოჩნდეს, ამისთვის ქვეყანას სჭირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, ასევე, სამუშაო ადგილების რაოდენობის, ხელფასებისა და შემოსავლების მნიშვნელოვნად ზრდა.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

4672 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი