„ერმაკოვს ჩვენ დავუტოვეთ ფული იმისთვის, რომ გაეკეთებინა არდაგანის ტბაზე სატუმბ-საქაჩი სადგური, რომლითაც ძლიერი წვიმის დროს წყალი ზღვაში გადაიტუმბებოდა და ქალაქი არ დაიტბორებოდა. ხელისუფლებამ პროექტი ვერ განახორციელა“... ქალაქ ბათუმის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ აგრეთვე აღნიშნა, რომ ობიექტის მშენებლობა უკვე დასრულებული უნდა იყოს.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
2007 წლის 24 ივლისს ხელი მოეწერა საქართველოსა და გერმანიის მთავრობებს შორის ტექნიკური და ფინანსური თანამშრომლობის სფეროებში სამთავრობოთაშორისო შეთანხმებებს, რომლებიც საქართველოსთვის დამატებითი რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს, მათ შორის, ქალაქ ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციას. პროექტი ფაზებადარის დაყოფილი.
პირველი ფაზა 2007-2012 წლებში მიმდინარეობდა, ამ ეტაპზე ინვესტიციამ 18.5 მილიონი ევრო შეადგინა, რაც ძველ ბათუმში სათავე ნაგებობებისა და წყლის ინფრასტურქტურისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებას ითვალისწინებდა.
მეორე ფაზა პირველი ფაზის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების ქალაქის სხვა უბნებსა და მის შემოგარენში მდებარე სოფლებზე გაფართოებას ისახავდა მიზნად. მისი ღირებულება 47 მილიონი ევროს შეადგენდა. ამ ეტაპზე, 2009-2013 წლებში, კანალიზაციის გამწმენდი ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობდა.
მესამე ფაზის სამუშაოების მთავარი მიზანი ქალაქის დანარჩენი საკანალიზაციო და წყლის სისტემის რეაბილიტაციაა. მესამე ფაზის ფარგლებში I და II ფაზების სამუშოების არეალი ფართოვდება, ამ ეტაპის ღირებულება 43.5 მილიონ ევროა და მისი განხორციელება 2012-2016 წლებშია გათვალიწსინებული.
რაც შეეხება კონკრეტულად არდაგანის ტბაზე სატუმბი სადგურის მშენებლობას, ქალაქ ბათუმის მერის მრჩეველი ინფრასტრუქტურის საკითხებში ჯაბა ტუღუში ფაქტ-მეტრთან საუბრისას აცხადებს, რომ აღნიშნული სამუშაოები გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW) და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მესამე ფაზის ფარგლებშია გათვალისწინებული.
ფაქტ-მეტრმა KFW-ს ფარგლებში მიმდინარე პროექტის მესამე ფაზის ვადების შესახებ კიდევ ერთი დოკუმენტი მოიპოვა.ამ დოკუმენტის მიხედვით, მესამე ფაზა სამ ნაწილად იყოფა. პირველი ნაწილი მოსამზადებელ სამუშაოებს, სამშენებლო კომპანიების შერჩევას, ტენდერებსა და პროექტირებას მოიცავს და ეს ფაზა 2014 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო. მეორე ნაწილი უკვე პროექტის იმპლემენტაციაა და იგი 2014-დან 2017 წლამდე უნდა გაგრძელდეს. ამის შემდეგ ხარვეზებისა და დეფექტების აღმოჩენის ერთწლიანი პერიოდი იწყება.
2014 წელს ბათუმის მერიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის საგანი იყო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით იმგვარი არხის მოსაწყობად, რომელიც არდაგანის ტბის სატუმბი მოწყობილობის მიერ შეკრებილ წყალს შავ ზღვაში, ნაპირიდან 400 მეტრის მოშორებით ჩაიტანდა. ტენდერში შპს „ქავალჯი მუჰენდისლიქ და მუშავირლიქ ბილიშიმ“ გაიმარჯვა და მერიამ მასთან ხელშეკრულება 494 760 ლარის ღირებულების მომსახურებაზე გააფორმა. პროექტის პრეზენტაცია 2014წლის 12 სექტემბერს შედგა. პრეზენტაციაზე ჯაბა ტუღუშმა სატუმბი სადგურების მშენებლობის დაწყება 2015 წლისთვის დააანონსა. თუმცა, ფაქტ-მეტრთან მიმოწერაში მან აღნიშნა, რომ იმ დროს არა სატუმბი სადგურის, არამედ არდაგანის ტბიდან წყლის ზღვაში ჩამშვები მილის მშენებლობაზე საუბრობდა. სიუჟეტში ნამდვილად სატუმბი სადგურია ნახსენები. ჩვენ ვცადეთ, მერიიდან მიღებულ პასუხებში მეტი სიცხადე შეგვეტანა, მაგრამ ჯაბა ტუღუში არდაგანის ტბაზე სატუმბი სადგურის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებულ რაიმე სახის დარღვევას კატეგორიულად უარყოფს. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნული მშენებლობა გათვალისწინებულია იმ ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში, რომლებიც 2017 წლის მეორე ნახევრიდან, ანუ მას შემდეგ დაიწყება, როცა KFW-სთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის პირველი ნაწილი ჩამოირიცხება.
როგორც ჯაბა ტუღუშმა ფაქტ-მეტრს განუცხადა, სატუმბი სადგურის პროექტირება მიმდინარეობს, ორეტაპიანი - წინასაკვალიფიკაციო და საკვალიფიკაციო, ტენდერის გამოცხადება კი ოქტომბერ-ნოემბერში იგეგებოდა (თუმცა, ამ დროისთვის ტენდერი გამოცხადებული არ არის). სამშენებლო სამუშაოების დაწყება კი 2017 წელს არის დაგეგმილი.
მისივე თქმით, სადგურის მშენებლობას ჯავახიშვილის არხის რეკონსტრუქცია უკავშირდება, რაც მანამდე KFW-ს დაფინანსების ფარგლებში გათვალისწინებული არ იყო და ბანკმა ამისთვის დამატებით საგრანტო ფონდი 7 მლნ ევრო გამოყო. ჯავახიშვილის არხის რეაბილიტაციასთან ერთად ასევე გიორგი ბრწყინვალის არხის რეაბილიტაციაც არის გათვალისწინებული.
დასკვნაარდაგანის ტბაზე სატუმბი სადგურის მშენებლობა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის მე-3 ფაზის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების რიცხვს მიეკუთვნება. იგი უფრო დიდი, კომპლექსური ინფრასტრუქტურული პროექტის ნაწილს წარმოადგენს.
გიორგი კირთაძემ განაცხადა, რომ არდაგანის ტბაზე შესაბამისი მშენებლობისთვის საჭირო თანხები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალ ხელისუფლებას დაუტოვა. როგორც აღმოჩნდა, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკთან შეთანხმება მართლაც წინა ხელისუფლების პერიოდშია მიღწეული. ფაქტ-მეტრმა ორი დოკუმენტი მოიპოვა, რომლებზეც ხელს ბათუმის საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარე გიორგი კირთაძე აწერს. ამ დოკუმენტებით ირკვევა, რომ 2012 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ თვითმმართველ ქალაქ ბათუმს კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის III ფაზისთვის ჯამში 42 მილიონ 716 ათასი ევრო ორ ეტაპად გადაასესხა. როგორც გაირკვა, არდაგანის სატუმბი სადგურის მშენებლობაც სწორედ ამ ფაზაში იყო გათვალისწინებული.ჩვენ მიერ მოპოვებული ორი სხვადასხვა ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, KFW-ს სამშენებლო სამუშაოები 2016 ან 2017 წელს უნდა დასრულებულიყო. ის, რომ სამუშაოები უკვე დაწყებული უნდა იყოს, თავად ჯაბა ტუღუშის ზემოთ მოყვანილი ინტერვიუდან ირკვევა. შესაბამისად, ჩნდება კითხვები პროექტის მიმდინარეობის ვადებთან დაკავშირებით.
ვინაიდან ორი სხვადასხვა დოკუმენტი პროექტის დასრულების სხვადასხვა თარიღს ასახელებს და მათგან ორივე ოფიციალური დოკუმენტია, ეს ამ საკითხზე ცალსახა დასკვნის გაკეთებას ართულებს. თუმცა, ის, რომ მშენებლობა არ დაწყებულა და პროექტის მიხედვით ის დაწყებული უნდა იყოს, ფაქტია.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კირთაძის განცხადება არის სიმართლე.