მთავრობის ინიციატივით, საქართველოს კანონში  „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ ცვლილებები შედის. კანონპროექტის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არ მქონე პირს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე აკრძალული მიმართულებიდან შესვლის შემთხვევაში, პირველ ჯერზე დაეკისრება ადმინისტრაციული სასჯელი (400 ლარის ოდენობით), იმავე დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისას, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე აკრძალული მიმართულებიდან შესვლის შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს (თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმა).

კანონში შესატანი ცვლილებები 2013 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის, პირველმა მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა წარადგინა. კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 15, 16 და 17 მაისს განიხილა.

საპარლამენტო უმცირესობა კანონში შესატან ცვლილებს არ ეთანხმება. მათი განმარტებით, აღნიშნული ცვლილებით, ქვეყანაში სახელმწიფო საზღვრის ორი განსხვავებული რეჟიმი დგინდება.

ქეთევან ციხელაშვილი უმცირესობის არგუმენტებს არ დაეთანხმა. 17 მაისს საპარლამენტო სესიაზე მან განაცხადა:

„არავითარი განსხვავებული რეჟიმი და სიახლე ჩვენი ამ ცვლილებით არ შემოდის. დღეს არსებული კანონმდებლობა ორი სხვადასხვა მუხლით, სხვადასხვა სანქციით არეგულირებს ორ შინაარსობრივად სხვადასხვა რამეს. ერთი გახლავთ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა, რომელიც ვრცელდება საქართველოს საზღვრის მთელ პერიმეტრზე, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მეორე გახლავთ აკრძალული მიმართულებიდან შემოსვლა, რომელიც სხვა მუხლით რეგულირდება [322 პრიმა მუხლი]. ერთადერთი საშუალება ადამიანს ბრალი დაუდგინდეს ამ მუხლით, არის ვიპოვოთ შტამპი მის პასპორტში, რომ გამოიარა პუნქტი ჩვენს სახელმწიფო საზღვარზე რუსეთთან, რომელიც აღჭურვილია ერთგვარი სასაზღვრო ატრიბუტებით და ამის გამო დავსაჯოთ, მხოლოდ. თუკი დღეს დგას ეს საკითხი, რომ იყოს ერთნაირი რეგულირება, რატომ გაჩნდა განსხვავებული მუხლი, განსხვავებული ჩანაწერი? რატომ არ არეგულირებს ყველა აკრძალვას მხოლოდ ერთი 344-ე მუხლი, თუკი ეს არ არის მართლაც განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი? რაც დადგინდა წინა ხელისუფლების მიერ. რატომ გვაქვს ერთ მუხლში დაშვება ჰუმანიტარულ შეღწევაზე და სპეციალური ნებართვა 322-ე მუხლში და არ გვაქვს ასეთი დაშვება, ნებართვა 344-ე მუხლში? ე.ი. ყოფილა გარკვეული განსხვავებები. შინაარსობრივი განსხვავება არსებობს. ერთი ნორმა არის ბლანკეტური

და მეორე კლასიკური.“

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, კანონში „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ შესატანი ცვლილებები ადგენს, თუ არა სახელმწიფო საზღვრებს შორის განსხვავებულ რეჟიმებს. ჩვენ ეს გადავამოწმეთ.

მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისას და ოკუპირებულ ტერიტორიაზე აკრძალული მიმართულებიდან შესვლის შემთხვევაში, სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის

სხვა და სხვა მუხლები არეგულირებს. სანქცია განსხვავებულია, მაგრამ ორივე მუხლი შინაარსით თითქმის იდენტურია და ორივე სახის დარღვევაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გულისხმობს.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევა, სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე პრიმა მუხლი:

 „უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არ მქონე პირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4-წლამდე ვადით“.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლი:

  „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5-წლამდე“.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებაში ნათქვამია, რომ თუკი მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფო საზღვრის განსხვავებული რეჟიმები არ არსებობს, მაშინ რატომ არ რეგულირდება სახელმწიფო საზღვრის დარღვევა ერთი და იგივე მუხლით, როგორც კონტროლირებად, ასევე, არაკონტროლირებად მონაკვეთებზე. როგორც ჩვენ გავარკვიეთ, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო საზღვრებს სისხლის სამართლის კოდექსის ერთი და იგივე მუხლი არ არეგულირებს და სანქციაც განსხვავებულია, სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისას ნებისმიერ შემთხვევაში ერთნაირი რეჟიმი მოქმედებს და ორივე შემთხვევაში აღნიშული ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.

ფაქტია, რომ ოკუპირებული ტერიტორიები არის სპეციალური შემთხვევა, სადაც საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება. სპეციალურ შემთხვევას სპეციალური ნორმები არეგულირებს, ამიტომაც ჩვენ გვაქვს  საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ,

რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2008 წლის 23 ოქტომბერს მიიღო.

2010 წლის 26 თებერვალს კანონში ცვლილებები

შევიდა, რომლის მიხედვითაც პირებზე შიძლება გაიცეს აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის სპეციალური ნებართვა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.

ოკუპირებული ტერიტორიების საზღვარზე სპეციალური ნებართვის არსებობა და ჰუმანიტარული შეღწევის დაშვება, განსხვავებულ მიდგომას გულისხმობს, მაგრამ საზღვრის უკანონო გადმოკვეთისას, ორივე შემთხვევაში (ოკუპირებული და არაოკუპირებული ტერიტორიის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკევთისას) ერთი და იგივე რეჟიმი მოქმედებს - სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

კანონში „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ შესატანი ცვლილებები კონტროლირებადი და არაკონტროლირებადი სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისას განსხვავებულ პასუხისმგებლობას ადგენს. ოკუპირებული ტერიტორიების სეგმენტში, სახელმწიფო საზღვრის კვეთა პირველ შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელით, მეორე შემთხვევაში - სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ისჯება.

დასკვნა

მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით, ასევე  კანონით „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, კონტროლირებად და არაკონტროლირებად სახელმწიფო საზღვრებს შორის არსებობს განსხვავებული მიდგომა, ისევე, როგორც განსხვავებული სანქცია საზღვრის უკანონო გადაკვეთისას.

მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო საზღვრის, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისას, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ვრცელდება.

კანონში „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ შესატანი ცვლილებები სახელმწიფო საზღვრების უკანონო კვეთისას პასუხისმგებლობასთან მიმართებაში განსხვავებულ მიდგომებს ადგენს. კერძოდ, არაკონტროლირებადი სახელმწიფო საზღვრის პირველ ჯერზე უკანონო კვეთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ გულისხმობს და მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმით შემოიფარგლება.

შესაბამისად,  ქეთევან ციხელაშვილის განცხადება: „არავითარი განსხვავებილი რეჟიმი არ შემოდის ჩვენი ამ ცვლილებით“, არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი