პარტია „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენლის განცხადებით, 2013-2014 წლებში, ციტრუსის რეალიზაციის შემდეგ, მოსახლეობისთვის გამოყოფილი 15 თეთრიანი დანამატი მუნიციპალიტეტის არასწორი გადაწყვეტილებების გამო არ გაცემულა. მისივე თქმით, ორი მილიონ 720 ათასი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნდა და ამის შესახებ არც აჭარის და არც საქართველოს ხელისუფლებას განმარტება არ გაუკეთებია.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის 2174-ე დადგენილებით,

ციტრუსის სეზონის წარმატებულად ჩასატარებლად, ასევე, მეციტრუსეობის დარგში დასაქმებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სარეზერვო ფონდიდან 12 მილიონი ლარი გამოიყო. საქართველოს მთავრობის განკარგულებაში ასევე ნათქვამია, რომ თვითმმართველ ორგანოებს ყოველ ერთ კილოგრამ ჩაბარებულ სტანდარტულ ციტრუსზე შემსყიდველის მიერ გადახდილ თანხაზე 0.15 ლარის დამატება უნდა უზრუნველეყოთ. დანამატი ექსპორტის დამადასტურებელი საბაჟო დეკლარაციისა და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე უნდა გაცემულიყო, რომელზეც ციტრუსის ჩამბარებელ ფიზიკურ პირს, ციტრუსის შემსყიდველ პირს და თვითმმართველობის წარმომადგენელს ხელი უნდა მოეწერათ.

აჭარის მთავრობამ, 2013 წლის 31 დეკემბრის 262-ე განკარგულებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას ამ მიზნით 3 150 000 ლარი გამოუყო. ხელვაჩაურის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე 2014 წლის 15 აგვისტოს აცხადებდა,

 რომ სუბსიდიით 1 172-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. მისი ინფორმაციით, თანხა ჩამბარებლების ნაწილმა იმის გამო ვერ მიიღო, რომ მანდარინის შემსყიდველებისგან ექსპორტის დამადასტურებელი საბაჟო დეკლარაცია ვერ წარმოადგინა.

თანხის უკან, საქართველოს ბიუჯეტში დაბრუნების გამო, „სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენლის მიერ გამოთქმულ პრეტენზიას ხელვაჩაურის გამგეობაში უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. გამგეობის წარმომადგენელმა ტარიელ ნაკაშიძემ ფაქტ-მეტრთან შემდეგი განმარტება გააკეთა: „საქართველოს მთავრობამ 3 მილიონ 150 ათასი ლარი ციტრუსის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებლის მაქსიმალური რაოდენობის მიხედვით გამოყო, თუმცა წინასწარ შეუძლებელი იყო იმის განსაზღვრა, რამდენ კილოგრამს შეისყიდდნენ კომპანიები და რა რაოდენობის დანამატის გაცემა მოუხდებოდა გამგეობას. რადგან სუბსიდიის მისაღებად ციტრუსის საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანა აუცილებელი იყო, რეალიზებული ციტრუსის რაოდენობა კი მოსალოდნელზე ნაკლები იყო, დარჩენილი თანხა ბიუჯეტში დაბრუნდა“.

ხელვაჩაურის გამგეობის ინფორმაციით,

 2013 წელს 475 111 ლარის სუბსიდია სტანდარტულ და არასტანდარტულ ციტრუსზე 77-მა მოქალაქემ მიიღო. 2014 წელს კი შემოსული 1 402 განცხადებიდან დანამატი 1 379-მა მოქალაქემ მიიღო, 23-ს თანხის მიღებაზე უარი შპს „სალხინეთის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ხარვეზის გამო ეთქვა. აღნიშნული შპს მოსახლეობისგან ციტრუსის შესყიდვას და ექპორტს ახორციელებდა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით,

სულ, 2014 წელს, ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის მილიონ 182 ათს 673 ლარი გაიცა, აქედან სტანდარტულ ციტრუსზე 1 189 მოქალაქემ მილიონ 76 ათას 762 ლარი მიიღო, არასტანდარტულზე - 190-მა პირმა 105 911 ლარი. აჭარის მთავრობამ ფაქტ-მეტრს მიაწოდა ინფორმაცია, რომ 23 პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ხარვეზებს შეიცავდა. შპს „სალხინეთმა“ აქტების სწორი ვარიანტის დროულად წარმოდგენა ვერ შეძლო, დოკუმენტების წარდგენა დაგვიანებით მოხდა, როცა კომისიას საკითხზე მუშაობა შეწყვეტილი ჰქონდა და სეზონი დახურულად იყო გამოცხადებული. „სალხინეთის“ მიერ წარმოდგენილ ხელახალ ცხრილში ჩამონათვალიდან ამოღებული იყო 4 მოქალაქე, ასევე შეცვლილი იყო ასანაზღაურებელი ნაყოფის წონა და თანხა. კორექტირებული სიის მიხედვით, 19 მოქალაქეს თანხა იმის გამო ვერ აუნაზღაურდა, რომ სეზონი უკვე დახურული იყო და არა იმიტომ, რომ თანხა ბიუჯეტში დაბრუნდა - ამის შესახებ აჭარის მთავრობის მიერ ფაქტ-მეტრისთვის გამოგზავნილ წერილშია ნათქვამი.

სასამართლოს მხოლოდ ორმა მოქალაქემ  - ემზარ ლორთქიფანიძემ და ციური ოსანაძემ მიმართეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ გამგეობას ლორთქიფანიძის სასარგებლოდ 540 ლარის, ოსანაძეს სასარეგებლოდ კი 450 ლარის გადახდა დააკისრა. სასამართლომ მიიჩნია, რომ თანხის არასწორად გაცემის შემთხვევაში, გამგეობას პრეტენზია შპს „სალხინეთთან“ უნდა ჰქონოდა, რადგან კომპანიის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში არსებულ ხარვეზში მოსარჩელეს ბრალი არ მიუძღოდა.

სასამართლომ არ გაიზიარა გამგეობის არგუმენტი იმის შესახებ, რომ ჩასწორებული დოკუმენტების წარდგენის დროს სეზონი დახურული იყო და ორივე შემთხვევაში დაადგინა, რომ ემზარ ლორთქიფანიძისა და ციური ოსანაძის (მისი გარდაცვლილი მეუღლის ემზარ ბიბინეიშვილის) მიმართ ადგილობრივმა თვითმმართველობამ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სუბსიდიის განკარგვის ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, რის გამოც მოსარჩელეებს ზიანი მიადგათ.

სასამართლოს გადაწყვეტილება ემზარ ლორთქიფანიძის შემთხვევაში უკვე აღსრულდა. 540 ლარი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცა.

2015 წლის დეკემბერში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიში

გამოაქვეყნა, რომლის თანახმად სარეზერვო ფონდიდან ციტრუსის სუბსიდირებისთვის გამოყოფილი 8 მილიონ 595 ათას 750 ლარიდან 7 ათას 111 ლარის გაცემა არამიზნობრივ ხარჯვად არის შეფასებული.

  დასკვნა

ხელვაჩაურის გამგეობამ საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი სამი მილიონ 150 ათასი ლარიდან ბიუჯეტში მილიონ 967 ათას 327 ლარი დააბრუნა, რადგან, გამგეობის განმარტებით, მოსალოდნელზე ნაკლები ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა. დანამატი 1 379 -მა პირმა მიიღო. სუბსიდიის მიღებაზე უარი 19 მეციტრუსეს იმის გამო ეთქვა, რომ წარდგენილ დოკუმენტაციაში ხარვეზები ჰქონდა. დანამატის გარეშე დარჩენილი ორი პირის შემთხვევაში, რომლებმაც გამგეობას უჩივლეს, სასამართლომ დაადგინა, რომ ხარვეზის არსებობა ციტრუსის ჩამბარებლისთვის სუბსიდიის მიღებაზე უარის საფუძველს არ წარმოადგენდა. ამიტომ, გამგეობის თანამშრომლის მიერ მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს დააკისრა.

ამდენად, პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენლის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5662 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია