აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, ბათუმში, თამარის დასახლებაში ახალი სოციალური სახლის მშენებლობა დაათვალიერა და პროექტის შეფასებისას აღნიშნა, რომ „2013 წლიდან დღემდე ბინა საკუთრებაში 300-მდე ოჯახს გადაეცა“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

„სოციალურად დაუცველი და ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროექტი“ აჭარაში 2012 წლიდან ხორციელდება. 2013 წლის ბიუჯეტში აღნიშნული პროგრამისთვის სამი მილიონ 547 900 ლარი იყო გათვალისწინებული და ხულოს მუნიციპალიტეტში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად მრავალბინიანი სახლების მშენებლობას, ბათუმში ეკომიგრანტებისთვის განკუთვნილი ორი საცხოვრებელი სახლის ფასადების მოპირკეთებას და კომუნალური ქსელების მონტაჟს ითვალისწინებდა. ასევე, წყლის სისტემის მოწყობას ქედის მუნიციპალიტეტში, ყოფილი საავადმყოფოს შენობაში. სოციალური სახლების მშენებლობის პროექტი დაფინანსდა 2014 წლის ბიუჯეტშიც, სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის 4 მილიონ 382 100 ლარი გამოიყო. 2015 წელს აჭარის მთავრობამ სამწლიანი გეგმა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც 2015-დან 2018 წლამდე სოციალური და და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის 12 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. თითოეულ წელს ამ მიზნით 3-3 მილიონი უნდა დახარჯულიყო,

თუმცა 2015 წელს აღნიშნული პროექტი 4 მილიონით დაფინანსდა.

2016 წელს, აჭარის ა/რ მთავრობამ ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის ცალკე პროგრამა შეიმუშავა, რომლისთვისაც 3 მილიონი ლარი გამოყო, სოციალურად დაუცველი და სტიქიით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი პირობებით უზრუნველსაყოფად კი, დამატებით, 2 მილიონ 171 ათას 655 გაითვალისწინა. პროგრამის ფარგლებში ეკომიგრანტებისთვის სულ 115 საცხოვრებელი სახლის შეძენა იგეგმება. აჭარის მთავრობამ სახლების მოძიება შერეული სამთავრობო კომისიის მიერ შერჩეულ ბენეფიციარებს მიანდო. ამ ეტაპზე 50 ოჯახია გამოვლენილი, შეთავაზება 48 ოჯახისთვის გაგზავნილია, 24 საცხოვრებლის საბაზრო ღირებულება კი დგინდება. 2013 წლიდან დღემდე აჭარაში სოციალური სახლები აშენდა ბათუმში, თამარის დასახლებაში (ორი კორპუსი), ასევე ხულოში, სოფელ ვაშლოვანში. აჭარის მთავრობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,

სოციალურ სახლებში ბინები კენჭისყრის საფუძველზე, შემდეგნაირად განაწილდა:

ბათუმში, თამარის დასახლებაში საცხოვრებელი ბინები გადაეცა 104 ოჯახს (თამარის დასახლებაში სტიქიით დაზარალებულ 101 ოჯახს, მეორე მსოფლიო ომის ორ ვეტერანს და ერთ სოციალურად დაუცველს);

შუახევში - 49 ოჯახს (48 სტიქიით დაზარალებულს, ერთ მრავალშვილიანს, თავშესაფრის გარეშე დარჩენილს);

ქედაში  - 64 ოჯახს (63 სტიქიის შედეგად დაზარალებულს, 1 სოციალურად დაუცველს, შშმ პირს, თავშესაფრის გარეშე დარჩენილს).

სულ, ამ ეტაპზე, აჭარაში სოციალურ სახლებში ბინები 217 ოჯახს აქვს გადაცემული. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელვაჩაურში, კაპრეშუმში მზადაა საცხოვრებელი 50 ოჯახისთვის. აჭარის მთავრობაში ფაქტ-მეტრს განუმარტეს, რომ  მისი გადაცემა არჩევნების გამო შეფერხდა, რადგან სააარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლი წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე, ამომრჩევლისთვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების გადაცემას კრძალავს. სოციალურ სახლებში მზადაა 18 ბინა და საკუთრების რეგისტრაციის პროცედურის დაწყება იგეგმება. ფაქტ-მეტრმა სტატია 17 ეკომიგრანტისთვის საცხოვრებლის გადაცემის საკითხზეც მოამზადა,

 მათგან 6 უკვე დაკმაყოფილებული იყო.

დასკვნა

აჭარის მთავრობამ 2013 წლიდან დღემდე საკუთრებაში ბინა 217 ოჯახს გადასცა. სოფელ კაპრეშუმში არსებული 50 ბინის მშენებლობა დასრულებულია და ოჯახებს არჩევნების შემდეგ გადაეცემა.

აქედან გამომდინარე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადება: "2013 წლიდან დღემდე საკუთრებაში ბინა სამასამდე ოჯახს გადაეცა", არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია