იტვირთება

ზუგდიდში სულ 92 საარჩევნო უბანია, აქედან 43 ზუგდიდის თემში და 49 ქალაქის ტერიტორიაზე. ზუგდიდის #67-ე საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მთლიანად 104 511 ამომრჩეველია რეგისტრირებული, აქედან 52 618 ქალაქში და 51 893 თემში.

ზუგდიდის რამდენიმე უბანში არჩევნები დილიდანვე დარღვევებით მიმდინარეობდა. 9 საათისთვის ჩვენთან საუბარში ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა განაცხადა, რომ ზუგდიდის მე-18 უბანი ოდნავ დაგვიანებით გაიხსნა.

„ყუთის გადატანის წილისყრასთან დაკავშირებით მცირე პრობლემა შეიქმნა, რაზეც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა წილისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს“, - გვითხრა მირანდა მესხმა.

ინფორმაცია გადასატან ყუთთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციაში დაგვიდასტურეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის არც ერთი წევრი არ მიიღებს მონაწილეობას წილისყრაში გადასატანი ყუთის გამყოლთა დასაკომპლექტებლად. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, როგორი დირექტივაც არ უნდა წამოვიდეს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი არც ერთი წევრი არ დატოვებს საარჩევნო უბანს

ეს შეეხება მე-18 უბანსაც, სადაც ხმის მიცემის პროცედურა 9 საათსა და 5 წუთზე დაიწყო, თუმცა ეს მოხდა არამხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენმა უარმა წილისყრაში მონაწილეობაზე შეაფერხა პროცედურის დაწყება. ეს რამდენიმე მიზეზით მოხდა - საოლქო საარჩევნო კომისიამ ვერ უზრუნველყო დროულად თავისი წარმომადგენლის გაგზავნა, დამკვირვებლები საუბრობენ ტექნიკურ ხარვეზებზე, საოლქო კომისიას არ აღმოაჩნდა საჭირო ფურცლები, „ქსეროქსები“, კენჭისყრის ოთახში ბეიჯის გარეშე შეუშვეს რამდენიმე პირი, მათ შორის სპორტის განვითარების ცენტრის წარმომადგენელი, რომლებიც მითითებებს აძლევენ კომისიას, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა“, -დასძენს დამენია.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ, ასევე, დაგვიანებით გაიხსნა ზუგდიდის მე-9, მე-14, მე-15, მე-19, 24-ე, 26-ე, 70-ე, 81-ე უბნები, რაზეც საოლქოში კომენტარი არ გააკეთეს.

ასევე, დღეს, დაახლოებით 12 საათისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების, სანდრა რულოვსისა და ლევან კონჯარიას ბანერები დააზიანეს. შსს-მ სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

მოგვიანებით სოფელ ინგირის მოსახლეობა დაგვიკავშირდა. მათი განმარტებით, ინგირში „ოცნების“ აქტივისტები კარდაკარ დადიოდნენ და ხალხს ეუბნებოდნენ, რომ მმართველი პარტიისთვის დაეჭირათ მხარი. ასევე, სოფელ ზედა იწერში სკოლის დირექტორის ზაზა კოკაიას მხრიდან დილის რვა საათიდან ადგილი ჰქონდა ამომრჩევლებზე ზეწოლასა და მუქარას. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრი“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს მამუკა წოწერიას დაუკავშირდა, რომელმაც გავრცელებულ ფაქტებს დეზინფორმაცია უწოდა.

ასევე, ზუგდიდის 86-ე საარჩევნო უბანზე 11:18 საათისთვის პისტოლეტით შეიარაღებული პოლიციის თანამშრომელი ხმის მისაცემად შევიდა. კომისიის წევრებმა მას უბანი დამკვირვებლების მითითების შემდეგ დაატოვებინეს.

უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნების დღეს ზუგდიდში საარჩევნო უბნებზე „ფაქტ-მეტრის“ ჟურნალისტების მიმართ მმართველი პარტიის წარმომადგენლები განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სოფელ ჩხორიაში ტელეკომპანია „ოდიშის“ გადამღებ ჯგუფს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

18 საათისთვის სოფელ კორცხელში, 53-ე საარჩევნო უბანზე, სოფლის რწმუნებული მერაბ თორდია ანბანის მიხედვით იძახებდა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს ხმის მიცემა რვა საათამდე ვერ მოესწროთ.

ასევე, ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მთელ სვანეთში ზუსტად რვა საათზე შუქი ჩააქრეს, რის გამოც საარჩევნო უბნებზე ხმებს სანთლის შუქზე ითვლიდნენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საარჩევნო უბნები, კორცხელის 53-ე საარჩევნო უბნის გარდა, რვა საათზე დაიხურა. კორცხელში ამომრჩევლების სიმრავლის გამო, ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ამომრჩევლებს ხმის მიცემა 21:20-მდე შეეძლოთ.

რაც შეეხება სხვა რეგიონის სხვა ოლქებს, ფოთის 61-ე ოლქში, მე-8 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დაწყებამდე სამაშველო ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო.მიზეზი - საარჩევნო უბნებზე კარის ჩაკეტვა, რომლის გამოც საარჩევნო პროცესი 25 წუთით დაგვიანებით დაიწყო.

საერთო ჯამში, კენჭისყრის პროცესმა რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევის გარეშე ჩაიარა, თუმცა, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ვითარება დაიძაბა.

დარბეული და ჩაშლილი უბნები

განსაკუთრებით რთული ვითარება სოფელ ჯიხაშკარსა და ზუგდიდის 38-ე უბანზე შეიქმნა. ჯიხაშკარში ხმის დათვლის პროცესი გვიან ღამით ჩაიშალა. ამ ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციაში კომენტარი გააკეთეს, სადაც აღნიშნეს, რომ უბანზე 100-ზე მეტი ადამიანი შევარდა და საარჩევნო ყუთი დაამტვრია. საოლქომ ჯიხაშკარის უბანში არჩევნები ჩაშლილად გამოაცხადა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯის“ ხელმძღვანელმა იაგო ფასანძემ „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში განმარტა, რომ ჯიხაშკარის 79-ე უბანზე განვითარებული მოვლენები განსაკუთრებით მძიმეა.

„მიუღებელია ძალადობა და ფიზიკური ანგარიშსწორება, განსაკუთრებით კი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე. ჯიხაშკარში მომხდარი ფაქტის შედეგად ფიზიკური დაპირისპირების მსხვერპლი გახდა რამდენიმე პიროვნება, ასევე, დაირღვა ამომრჩევლების ხმის უფლება, რადგან დადგა უბნის შედეგების ბათილობა.

მისასალმებელია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა დროულად დააკავეს ამ ფაქტში მონაწილე სავარაუდო პირები, თუმცა, მათ წინააღმდეგ სათანადო სანქციის გამოყენების გარეშე ვერ მოხდება ასეთი შემთხვევების პრევენცია“, - განაცხადა ფასანძემ.

ჯიხაშკარში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სოფელ ჯიხაშკარში 108-ე და 79-ე საარჩევნო უბნებში მომხდარ ფაქტზე, სსკ-ს 162-ე პრიმა და 163-ე მუხლებით გამოძიება მიმდინარეობს. ასევე, უწყების ცნობით, უბნის დარბევის ორგანიზატორი დაკავებულია, ხოლო ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დადგენა გრძელდება.

ასევე, განმუხურის 38-ე საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის პროცესი კომისიის წევრების ურთიერთდაპირისპირებების გამო ჩაიშალა. ჩვენთან საუბარში ადგილობრივებმა აღნიშნეს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ხმის დათვლის პროცესი შეგნებულად ჩაშალეს, რადგან იცოდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს ხმების დიდი უპირატესობით იგებდა.

მსგავსი ფაქტი სოფელ კოლხიდაში მოხდა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯის“ ხელმძღვანელი იაგო ფასანძე განმარტავს, კოლხიდის 37-ე უბანზე მომხდარი ფაქტი მიუღებელია, სადაც ჯერ სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, შემდეგ კი ხმის დათვლის პროცესის ავთენტურობა დადგა ეჭვქვეშ, რადგანაც ამ პერიოდში უბანზე არაუფლებამოსილი პირები შევიდნენ, ხოლო რამდენიმე პირის განცხადებით, დამკვირვებელთა უფლებებიც შეიზღუდა.

მიუხედავად ზემოაღნიშნული დარღვევებისა, ამ დრომდე ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს, მირანდა მესხს, ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ მხოლოდ 79-ე და 108-ე უბნებია გაბათილებული. რაც შეეხება განმუხურის 38-ე უბანს, აქ ხმების გაბათილება არ მოხდება.

რაც შეეხება ბოლო მონაცემებს, ზუგდიდის რაიონში (თემში) „ქართული ოცნების“ კანდიდატ ედიშერ თოლორაიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ სანდრა რულოვსს შორის მეორე ტური გაიმართება.

სანდრა რულოვსმა ჩვენთან სპეციალური განცხადება გააკეთა და განმარტა, რომ მან ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არჩევნები პირნათლად მოიგო.

„მოდიოდა დამაჯერებელი შედეგები უბნებიდან, გამარჯვება იყო ყველა უბანში, თუნდაც ინგირში, სადაც ედიშერ თოლორაიას მოვუგე, ეს იყო მისი სოფელი და ეს მეტყველებს იმაზე, რომ მოგება სხვაგანაც არ გამიჭირდებოდა. მე აღშფოთებული ვარ იმით, რაც ქვეყანაში მოხდა. იყო დაშინებები, ძალადობა, ზეწოლა, ყუთების დამტვრევა, რის გამოც ჩვენი ბიულეტენები ბათილად ცნეს. მე ამ შედეგებს არ შევეგუები და ბრძოლას გავაგრძელებ“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

ჩვენ არჩევნების შედეგებსა და მეორე ტურის ჩატარების თაობაზე, "ქართული ოცნების" კანდიდატის პრესსამსახურს დავუკავშირდით, რომელმაც კომენტარზე უარი განაცხადა.

თამარ შონია, ქრისტინა შონია


მსგავსი სიახლეები

2925 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი