"ბოლნისის მუნიციპალურ ბიუჯეტში 2012 წელთან შედარებით 60%-ით გაიზარდა ხარჯები სოციალური და ჯანდაცვის მომსახურებისთვის".
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წელს ადგილობრივი ბიუჯეტში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის 1.6 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, ხოლო 2016 წლის გეგმით გათვალისწინებულია 2.6 მილიონი ლარი.შესაბამისად, ადგილობრივ ბიუჯეტში 2016 წელს, 2012 წელთან შედარებით, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუხლი 61%-ით გაიზარდა.
ბოლნისის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა შემდეგ მომსახურებებს მოიცავს: მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა; სტუდენტთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და სპორტსმენთა სოციალურ დახმარება; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა - ეს ქვეპროგრამა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (I და II ჯგუფის) უსინათლო პირთა თვეში 100 ლარის ოდენობით, შეზღუდული შესაძლებლობის პირების (ვისაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია) - 150 ლარით, მარჩენალის გარეშე მყოფ შშმ პირთა ყოველთვიურ 400 ლარით დახმარებას ითვალისწინებს.
პროგრამა ასევე ხანდაზმულთა სახლს და უფასო სასადილოს აფინანსებს. სამედიცინო უზრუნველყოფის ნაწილში კი მუნიციპალიტეტში მცხოვრები ონკოლოგიური (ასევე, ფსორიაზით და ლეიშმანიოზით დაავადაბეულთა) ავადმყოფების სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობისათვის დახმარებას მოიცავს.
ბოლნისის ბიუჯეტი 2012 წელს 20.5 მილიონი ლარს შეადგენდა. აღნიშნული თანხის 8% (1.6 მილიონი) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის იხარჯებოდა. 2016 წლის ბიუჯეტი კი 24 მილიონი ლარია, საიდანაც თანხის 10.9% (2.6 მილიონი) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის არის გათვალისწინებული.
დასკვნა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხარჯები ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით 2012 წელს 1.6 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო 2016 წლის გეგმის თანახმად, აღნიშნული ხარჯები 61%-ით გაიზარდა და 2.6 მილიონ ლარს შეადგენს.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გოგი მეშველიანის განცხადება არის სიმართლე.