წარმოგიდგენთ ინტერვიუებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მაჟორიტარობის იმ კანდიდატებთან, რომლებმაც ჩვენს კითხვებს უპასუხეს.

  ელენე ხოშტარია - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიის მე-3 ნომერი, პარტიის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რატომ იყრით კენჭს ამ კონკრეტულ ოლქში?

ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოვიპოვო ვაკის ამომრჩევლის ნდობა, რადგან ამ უბანში არის ძალიან ბევრი ლეგიტიმური კითხვა ჩვენი მმართველობის პერიოდის მიმართ და მიმაჩნია, რომ აუცილებელია პირდაპირი კომუნიკაციით ეს კითხვები მოიხსნას. ამასთანავე, მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსი არ არსებობს კონკრეტული ადამიანების ნდობის, მანდატის გარეშე და მე მინდა, რომ ეს მანდატი მოვიპოვო ვაკის ამომრჩევლისგან.

  ჩამოთვალეთ 3-5 (ან მეტი) მთავარი პრობლემა, რომელიც თქვენი ოლქის ამომრჩევლებს (და არა ზოგადად ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას) განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?

უშნო, დაბინძურებული და მოუხერხებელი გარემო, რომელსაც აქვს თავისი მიზეზები. ეს არის, ერთის მხრივ არსებული მწვანე გარემოს მოუვლელობა და აუცილებელია იყოს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა მივხედოთ ამ პრობლემას. გადატვირთული მშენებლობები - ამ პრობლემის მოგვარების გზა არის ალტერნატივის შექმნა, მაგალითად, შემოვლითი რკინიგზის პროექტი, რომელიც შექმნის ალტერნატიულ სივრცეს. მოუხერხებელი გარემო, აქ მნიშვნელოვანია პარკინგების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართვა. პარკინგის გამართვასთან ერთად აუცილებელია ინფრასტუქტურა იმგვარად იყოს მოწყობილი, რომ ადამიანებს ნორმალურად გადაადგილების შესაძლებლობა მიეცეთ.მნიშვნელოვანია შშმ პირებისთვის გამართული ინფრასტრუქტურის შექმნა.

რაც შეეხება წყნეთს და ახალდაბას, სოციალურად მძიმე მდგომარეობასთან ერთად, მათი მთავარი პრობლემა  მოუწესრიგებელი გზები, სანიაღვრე სისტემები და კანალიზაცის გაუმართაობაა. გარდა იმისა, რომ ყველა ადამიანს აქვს საერთო პრობლემა უმუშევრობის, კონკრეტულად დევნილებს საყოფაცხოვრებო პირობები აქვთ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში.

ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია ელემენტარული ყურადღებით ადამიანების მიმართ. საბიუჯეტო სახსრები არსებობს იმისთვის, რომ დევნილი ოჯახები სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში არ ცხოვრობდნენ.

ეკონომიკური განვითარება, პირველ რიგში, ნიშნავს  მეტ დასაქმებულ ადამიანს. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა თავისთავად მოაგვარებს სოციალურ პრობლემებს, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ვიზრუნოთ სოციალურად დაუცველ, გაჭირვებულ ადამიანებზე.

რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის? რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.

ჩვენი მთავარი დაპირებაც და მიზანიც არის იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც ადამიანებს ყველაზე მეტად აწუხებთ. ეს არის უმუშევრობა. ჩვენი ეკონომიკური პროგრამა მთლიანად ორიენტირებულია სამუშაო ადგილების შექმნაზე და ამ გზით ადამიანების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ამ მიმართულებით 4 ძირითადი ნაბიჯია გადასადგმელი. ესაა გადასახადებისა და გაბერილი ბიუროკრატიის შემცირება, ზედმეტ რეგულაციებზე უარის თქმა და ბიზნესის დაცულობა. 2017 წელსვე შემცირდება საშემოსავლო გადასახადი 15%-მდე, ხოლო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში - 10%-მდე. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ბიზნესს დარჩება მეტი ფული ინვესტირებისათვის, ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და დასაქმებულებისთვის ხელფასების გასაზრდელად. ამ და სხვა ინიციატივების შედეგად, 2017 წელსვე შეიქმნება არანაკლებ 45 000 ახალი სამუშაო ადგილი, ხოლო ყოველ მომდევნო წელს 30 000 სამუშაო ადგილი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ მეტი ფული განსაკარგავად, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დღეს ადამიანებს.

  გვითხარით ის რეალური გზები, თუ როგორ აპირებთ დაპირებების შესრულებას მაშინ, როდესაც ამ ტიპის საქმიანობა ძირითადად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმართველობის კომპეტენციაა?

არის ნაწილი საკითხების, რომლებზეც პარლამენტის პოზიცია მოახდენს გავლენას, მათ შორის საკანონმდებლო პოზიცია. როგორც მაჟორიტარი, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილებების მიმღები არ ვიქნები ამ საკითხებზე, მნიშვნელოვან თემებზე ლობირება და პრინციპული პოზიციის არსებობა, მოახდენს გავლენას მათ შორის მერიის საქმიანობაზე. მე ვიქნები ლობისტი პარლამენტიდან ყველა იმ თემისა, რომელზეც დღეს ვმუშაობ და რომელიც პრობლემატური იქნება ჩემი ოლქისთვის.

  რამდენად არსებობს შესაბამისი საკონონმდებლო ბაზა (ანუ, რა უფლებები გაქვთ ან არ გაქვთ როგორც მაჟორიტარს და ამ მხრივ რას შეცვლიდით) და ეკონომიკური რესურსი იმ დაპირებების შესასრულებლად, რასაც თქვენ იძლევით?

უმეტესწილად ეკონომიკური ბაზა არსებობს, თუმცა რაღაც მიმართულებით შესაძლოა დახვეწა იყოს საჭირო. მთავარი, რაც არ არსებობს, ეს არის პოლიტიკური ნება, ცოდნა ეკონომიკის და ზოგადად ქვეყნის განვითარების, შესაბამისად, სწორი და გონივრული პოლიტიკის შედეგად, რომელიც ჩვენ გვაქვს პროგრამაში, ამის ეკონომიკური რესურსიც იქნება და ნება ცხადია გაგვაჩნია.

რას ფიქრობთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების იდეაზე? უნდა გაუქმდეს თუ არა და რატომ?

ჩემთვის პრინციპული რაც არის, არის ის, რომ პარლამენტში არსებობდნენ ადამიანები,   რომლებიც წარმოადგენენ კონკრეტულ ოლქს, ხოლო როგორ მიხვალ აქამდე, ეს მეორე საკითხია. როდესაც შევთანხმდებით საერთო საარჩევნო სისტემაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოლქს ჰყავდეს წარმომადგენლობა პარლამენტში.

  პარლამენტში თქვენი არჩევის შემთხვევაში თუკი ოპოზიციაში იქნებით, რა გზებით შეეცდებით თქვენი დაპირებების განხორციელებას?

არ განვიხილავ, რომ პარლამენტში ვიქნები როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი. ჩვენი გუნდის პროგრამა მთლიანად არის აწყობილი იმაზე, რომ როდესაც ვიქნებით ხელისუფლებაში, ამ ყველაფერს აუცილებლად განვახორციელებთ.

გექნებათ თუ არა კონკრეტული ინიციატივები, რომლებსაც მთავრობას და პარლამენტს შესთავაზებთ სამუშაო ადგილების გაზრდისა და უმუშევრობის შესამცირებლად?

ძალიან მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, რადგან ყველა განვითარებულ ქვეყანაში ძირითადი დამსაქმებელი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესია. ფიზიკური პირისათვის მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის დადგენილი წლიური ბრუნვის მოცულობის ზედა ზღვარს ავწევთ 30 000 ლარიდან 90 000 ლარამდე, რაც საშუალებას მისცემს დამატებით ათი ათასობით ადამიანს, ისარგებლოს ამ შეღავათიანი საგადასახადო სტატუსით. 90 000 ლარამდე ინდმეწარმის ბიზნესი მიკრობიზნესად ჩაითვლება და შესაბამისად, არ დაიბეგრება; 200 000 ლარის ბრუნვამდე ბიზნესი მცირე ბიზნესად ჩაითვლება და, შესაბამისად, შეღავათიანად დაიბეგრება, გარდა ამისა, დღგ-ს მხოლოდ 200 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე სუბიექტები გადაიხდიან. 2017 წელს დაიხვეწება  განაწილებული მოგების გადასახადის ადმინისტრირება და შემცირდება 10%-მდე. ამ და სხვა ინიციატივების შედეგად, 2017 წელსვე შეიქმნება არანაკლებ 45 000 ახალი სამუშაო ადგილი, ხოლო ყოველ მომდევნო წელს 30 000 სამუშაო ადგილი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ მეტი ფული განსაკარგავად, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დღეს ადამიანებს.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გახდებით პარლამენტის წევრი, რა ინტენსივობით და როგორ გააგრძელებთ ამომრჩეველთან კომუნიკაციას?

მოსახლეობაში არის განცდა, რომ მაჟორიტარები ხალხთან მხოლოდ კამპანიის დროს მიდიან, ამიტომ ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მათთან იყოს სისტემატიზირებული კომუნიკაცია. აუცილებლად მეყოლება ადამიანი, რომელიც მუდმივად იმუშავებს ამომრჩეველთან. მექნება განსაზღვრული დრო, როდესაც პირადად წავალ და ისევე შევხვდები მათ, როგორც ახლა კამპანიის დროს. და მესამე,  მექნება კომუნიკაციის ხაზი, რომ ყოველთვის ხელმისაწვდომი ვიყო მათთვის.

  არჩევის შემთხევევაში მომდევნო წლები იქნებით დეპუტატი, თუ შეიძლება აღმასრულებელ ხელისუფლებაში გიხილოთ?

დღეს ჩვენ გვაქვს არჩევნების მოგების ამოცანა, ხოლო როგორ გადანაწილდება თანამდებობები აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ამაზე ჯერ არ გვაქვს მსჯელობა, დღეს უპირველესი ამოცანა არჩევნების მოგებაა.

  უჭერთ თუ არა მხარს, რომ პარლამენტმა საქმიანობა ქუთაისში განაგრძოს?

კი, ეს მნიშვნელოვანია ქუთაისის განვითარებისთვის და ზოგადად, რაც შეიძლება სწრაფად და გონივრულად უნდა განვავითაროთ სხვა ქალაქებიც.

  რას ფიქრობთ პარლამენტში ქალთა სავალდებულო კვოტირების იდეაზე? თქვენი აზრით, თქვენი პარტიის მიერ წარმოდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებში და საარჩევნო სიაში დაცულია თუ არა გენდერული ბალანსი და თუ არ არის დაცული - რატომ?

ქალებისთვის ბარიერების არარსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, საკანონმდებლო ბარიერები დღეს არ არსებობს, თუმცა არის მთელი რიგი სხვა ბარიერებისა და დისკრიმინაციისა, ეს პრობლემა არსებობს, მაგრამ ამ პრობლემის გადაჭრის გზა არის არა უბრალოდ ხელოვნურად, უბრალოდ ამ  ნიშნით შეყვანა პარლამენტში, რაც არ მოაგვარებს პრობლემას, რადგან არაკვალიფიციურმა შესაძლოა უარეს შედეგამდეც მიგვიყვანოს. ამიტომ ვარ წახალისების მომხრე და სტერეოტიპებთან ბრძოლის მომხრე, რასაც აუცილებლად ვიზამ, ამასთანავე, ქალებზე ძალადობასთან ბრძოლაში ვაპირებ, რომ გადამწყვეტი ნაბიჯები მივიღო, როგორიც არის სამართალდამცავების მხრიდან რეაგირების გაძლიერება და ახალი მექანიზმების შექმნა, რომ ეფექტური იყოს რეაგირება.

  თქვენი აზრით, უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში, რომ ქორწინება არის ქალის და მამაკაცის კავშირი? რატომ?

ამ საკითხის დაყენება მოხდა აბსოლუტურად ხელოვნურად „ქართული ოცნების“ მხრიდან. ეს საკითხი საერთოდ არ დგას საზოგადოებაში, საკითხი „ქართულმა ოცნებამ“ დააყენა პოპულისტურად. ამის მიზანი არის უმცირესობების ჯგუფების კიდევ უფრო მარგინალიზება და დაჩაგვრა. ამას არ ჭირდება კონსტიტუციაში ჩაწერა. საქართველოში დგას უმცირესობების დაჩაგვრის პრობლემა და ეს არის ღია კარის მტვრევა რომ კიდევ უფრო დაიჩაგრონ უმცირესობები.

აპირებთ თუ არა პარლამენტში საქართველოს ევროატლანტიკური საგარეო კურსის მხარდაჭერას? თქვენი აზრით რა პოლიტიკა უნდა გაატაროს საქართველომ რუსეთთან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით? უნდა შეიცვალოს თუ არა რაიმე ამ პოლიტიკაში?

საქართველოს ევროპულ და ევტოატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება არის ქვეყნის ერთადერთი შანსი იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი და განვითარებული. სწორედ ჩვენ შევქმენით ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების რეალური შესაძლებლობები და დიახ, არათუ მხარდაჭერას გავაგრძელებ, არამედ მაქსიმალურად გავაძლიერებ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.

რუსეთთან მიმართებით მნიშვნელოვანია დიალოგი, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს იმ ფორმით, როგორიც ეს დღეს ხდება. საქართველო არ უნდა იყოს მარტო რუსეთთან დიალოგში. მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა და ჟენევის ფორმატის გაძლიერება. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია, ოკუპანტის მხრიდან ჩადენილი დანაშაული უნდა იყოს საერთაშორისოდ უმკაცრესად დაგმობილი; საქართველოს ოკუპაციის საკითხი ისევ აქტუალური უნდა გახდეს. არ შეიძლება მსოფლიო გმობდეს უკრაინის ოკუპაციას და იქვე არ ახსენებდეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას. საქართველო გააგრძელებს მშვიდობიანი რეინტეგრაციის პოლიტიკას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია დავიბრუნოთ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ნაძალადევის (ოლქი 18)  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა გუგეშაშვილი  რატომ იყრით კენჭს ამ კონკრეტულ ოლქში?

დავიბადე, გავიზარდე და მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება გავატარე სანზონა-ნაძალადევში. აქ მყავს უამრავი მეგობარი, ნათესავი გულშემატკივარი და შემიძლია თამამად ვთქვა სანზონა-ნაძალადევში კენჭიც კი მიყვარს.

  ჩამოთვალეთ 3-5 (ან მეტი) მთავარი პრობლემა, რომელიც თქვენი ოლქის ამომრჩევლებს (და არა ზოგადად ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას) განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?

სანზონა-ნაძალადევში მწვავედ დგას დაუკანონებელი და მიწისძვრისგან დაზიანებული სახლების პრობლემა. კერძო დასახლებები არ არის მთლიანად გამრიცხველიანებული, მოუწესრიგებელია მიწისქვეშა კომუნიკაციები. ამხელა რაიონში არ არის არცერთი სპორტული ცენტრი, აუზი.

ყველა ამ პრობლემის მოგვარება  შესაძლებელია, მთავარია მონდომება და კვალიფიციური კადრების მუშაობა. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ  ჩემი რაიონის მაცხოვრებელებს აუცილებლდა შეუმსუბუქდებათ ყოველდღიურობა.

რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის? რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.

ქვეყანაში უნდა განხორციელდეს ისეთი საკანონმდებლო ცვლილეები, რის შემდეგაც უფრო მიმზიდევლები გავხდებით ინვესტორებისთვის. ჩემი აზრით ინვესტიციები არის ერთადერთი გზა რაც უმუშევრობის დაძლევაში დაგვეხმარება. 2016 წლის ნოემბრიდანვე დაიწყება პენსიების ზრდა, გაიზრდება მასწავლებელთა ხელფასი, მოხდება ბიზნესის ამინისტირება. მოქალაქეები არჩევნების დასრულებიდან ძალიან მალე იგრძნობენ შვებას. ყველა ეს (და სხვები) გაწერილია პარტიის ცენტრალურ საარჩევნო პროგრამაში, სადაც ასევე გაწერილია დაპირებათა შესრულების გრაფიკიც.

გვითხარით ის რეალური გზები, თუ როგორ აპირებთ დაპირებების შესრულებას მაშინ, როდესაც ამ ტიპის საქმიანობა ძირითადად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმართველობის კომპეტენციაა?

მომავალ წელს არის ადგილობრივი თვითმართველობის და მერის  არჩევნები. დარწმუნებული ვარ,  ჩვენი ხალხი  გააკეთებს სწორ არჩევანს და შევძლებთ უუნარო ხელისუფლების ძირფესვიანად მოცილებას. მანამდე თვითმართველობების საქმიანობა მკაცრად იქნება გაკონტროლებული, რადგან სატენდერო კორუფციამ უკვე მასიური ხასიათი მიიღო.

რამდენად არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა (ანუ, რა უფლებები გაქვთ ან არ გაქვთ როგორც მაჟორიტარს და ამ მხრივ რას შეცვლიდით) და ეკონომიკური რესურსი იმ დაპირებების შესასრულებლად, რასაც თქვენ იძლევით?

ჩვენ პარლამენტში უმრავლესობით ვიქნებით წარმოდგენილები და ყველა დაგეგმილი ცვლილება დროულად განხორციელდება.

რას ფიქრობთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების იდეაზე? უნდა გაუქმდეს თუ არა და რატომ?

ვფიქრობ, რომ იმ სახით როგორიც დღესაა მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს. მაჟორიტარების უმეტესობა არჩევენბის შემდეგ წყვეტს მოსახლეობასთან კონტაქტს. ხშირია ერთი პარტიიდან მეორეში „გადაბარგების“ შემთხვევებიც. ხანდახან ერთი მაჟორიტარის უუნარობა მთელი პარტიის საქმიანობას აყენებს ჩრდილს. არის ისეთი რეგიონები, რომელთა კონტროლიც ერთი ადამიანისთვის შეუძლებელია. ვფიქრობ არსებული სისტემა დასახვეწია.

პარლამენტში თქვენი არჩევის შემთხვევაში თუკი ოპოზიციაში იქნებით, რა გზებით შეეცდებით თქვენი დაპირებების განხორციელებას?

„ერთიანი ნაციონალური მოძრობა“ პარლამენტში უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი.

გექნებათ თუ არა კონკრეტული ინიციატივები, რომლებსაც მთავრობას და პარლამენტს შესთავაზებთ სამუშაო ადგილების გაზრდისა და უმუშევრობის შესამცირებლად?

ჩვენს გუდს აქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც გაწერილია და ეტაპობრივად მოხდება უმუშევრობის დამარცხება.

  იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გახდებით პარლამენტის წევრი, რა ინტენსივობით და როგორ გააგრძელებთ ამომრჩეველთან კომუნიკაციას?

ადამიანის ღირსება და თავისუფლება უნდა იყოს ამოსავალი წერტილი სახელმწიფოს შენებისას. როცა ხელისუფლებას აღარ ესმის საკუთარი ხალხის გასაჭირი და აღარ ესაუბრება მას დაუყოვნებლივ უნდა წავიდეს. ვთვლი, რომ ხალხთან ურთიერთობაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ჩემს ტელეფონზე დაკავშირების პრობლემა არასოდოდეს ყოფილა და არც მომავალში იქნება. ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს ბიუროც.  მექნება ჩემს ამომრჩევლებთან შეხვედრები მაშინ, როცა ქუთაისში, პარლამენტში არ ვიქნები.

არჩევის შემთხევევაში მომდევნო წლები იქნებით დეპუტატი, თუ შეიძლება აღმასრულებელ ხელისუფლებაში გიხილოთ?

საკუთარ თავს აღმასრულებელ ხელიუფლებაში ამ ეტაპზე ვერ ვხედავ. მე მყავს  ამომრჩეველი, რომელთანაც მთელი ოთხი წლის მანძილზე ვიქნები პასუხისმგებელი. არ ვაპირებ მათ მიტოვებას  სანამ ყველა დაპირებას არ შევასრულებ.

რა წინადადებები გექნებათ ადგილობრივი თვითმართველობის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად?

თვითმართველობებს უნდა შეეძლოთ დამოუკიდებლად, ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე  მოქალაქეებს აღმოუჩინონ დახმარება. მძიმე სოცილური ფონის გამო უამრვ ჩვენს თანამოქალაქეს ესაჭირეობა ერთჯერადი ფულადი შემწეობა, ასვე მწვავედ დგას ოპერაციების, წამლების დაფინენსების საკითხიც.

  უჭერთ თუ არა მხარს, რომ პარლამენტმა საქმიანობა ქუთაისში განაგრძოს?

დიახ, ეს არ არის ახირება. პარლამენტის ქუთაისში გადატანას  დადებითი ეკონომიკური ძვრა მოჰყვა არა მარტო ქუთაისისთვის, არამედ მთელი იმერეთისთვის.

რას ფიქრობთ პარლამენტში ქალთა სავალდებულო კვოტირების იდეაზე? თქვენი აზრით, თქვენი პარტიის მიერ წარმოდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებში და საარჩევნო სიაში დაცულია თუ არა გენდერული ბალანსი და თუ არ არის დაცული - რატომ?

მე ვისურვებდი კიდევ უფრო მეტ ქალბატონს პოლიტიკაში, ჩვენს პარტიაში არიან განათლებული შრომისმოყვარე ქალბატონები, რომელთა თავდადებაზე და ერთგულებაზე დგას დღეს ჩვენი ქვეყანა.

  თქვენი აზრით, უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში, რომ ქორწინება არის ქალის და მამაკაცის კავშირი? რატომ?

დღესდღეობით ამის კონსტიტუციაში ჩაწერის აუცილებლობას ვერ ვხედავ.

აპირებთ თუ არა პარლამენტში საქართველოს ევროატლანტიკური საგარეო კურსის მხარდაჭერას? თქვენი აზრით რა პოლიტიკა უნდა გაატაროს საქართველომ რუსეთთან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით? უნდა შეიცვალოს თუ არა რაიმე ამ პოლიტიკაში?

ჩვენ უნდა განვაგრძოთ ევროატლანტიკური კურსით სვლა და დავბრუნდეთ  დიდ ევროპულ ოჯახში. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას ვთვლი, რომ უნდა გვქონდეს ურთიერთობა ყველა დემოკრატიულ ქვეყანასთან, რუსეთს კი დემოკრატიულს ჯერჯერობით ვერ დავარქმევ.  ჩვენი ამოცანაა სწორად გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო ბერკეტი და ვაიძულოთ რუსეთი დათმოს საკუთარი პოზიციები მშვიდობიანი გზით.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მთაწმინდაზე (#1 ოლქი) ნიკა რურუა რატომ იყრით კენჭს ამ კონკრეტულ ოლქში?

მთაწმინდა თბილისის გულია, ცენტრი და დედაქალაქის ისტორიული ნაწილი. ამავე დროს უბანი, სადაც დავიბადე და ფორმაციის წლების დიდი ნაწილი გავატარე. შესაბამისად, კარგად ვიცნობ ამ რაიონს - სოლოლაკს, ვერას, მთაწმინდასა და ოქროყანას, აქ მცხოვრებლებს. მსურს ამ ხალხისა და უბნების პრობლემების მოგვარებაში საკუთარი წვლილის შეტანა, რაც დედაქალაქის ეკონომიკური, კულტურული და სოციალური კონდიციების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

  ჩამოთვალეთ 3-5 (ან მეტი) მთავარი პრობლემა, რომელიც თქვენი ოლქის ამომრჩევლებს (და არა ზოგადად ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას) განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?

მთაწმინდის ძირითადი პრობლემების სიაში მთავარია ნგრევის პირას მისული, კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობები, უმუშევრობა, უკანონო და გაუთვლელი მშენებლობები, რაც კონფლიქტშია ძველი ქალაქის გეგმარებასთან, იდენტობასთან, ისევე, როგორც ინფრასტრუქტურულ თავისებურებებთან.

ამ პრობლემების მოგვარება შესაძლებელია კომპლექსური პოლიტიკის შემუშავებით როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე ქალაქის მუნიციპალიტეტთან მჭიდრო პარტნიორობით.

რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის? რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.

ამომრჩეველს ვპირდები პატიოსან, პასუხისმგებლიან წარმომადგენლობას საქართველოს პარლამენტში და ყვეელა პრობლემის მეთოდურ დაძლევას საკანონმდებლო ორგანოში არჩევისთანავე.

პირველივე წელი სრულიად საკმარისია პრობლემათა დიაგნოსტიური კვლევებისთვის და კომპლექსური პოლიტიკის შესამუშავებლად, ისევე როგორც ინვესტორების მოძიების დასაწყებად, ვინც რაიონის უძრავი ქონების რეაბილიტაციის პროცესით იქნებიან დაინტერესებული. ასევე, პირველივე წლიდან შესაძლებელია ღია ცის ქვეშ სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.

  გვითხარით ის რეალური გზები, თუ როგორ აპირებთ დაპირებების შესრულებას მაშინ, როდესაც ამ ტიპის საქმიანობა ძირითადად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმართველობის კომპეტენციაა?

საკანონმდებლო ბაზის ადაპტაცია და კონკრეტული პრობლემების გაშუქებით ვაპირებ ინფრასრუქტურული პრობლემების მოგვარებაში მუნიციპალიტეტის ჩართვას და მათთან მჭიდრო თანამშრომლობით  დაძლევას.

  რამდენად არსებობს შესაბამისი საკონონმდებლო ბაზა (ანუ, რა უფლებები გაქვთ ან არ გაქვთ როგორც მაჟორიტარს და ამ მხრივ რას შეცვლიდით) და ეკონომიკური რესურსი იმ დაპირებების შესასრულებლად, რასაც თქვენ იძლევით?

არსებული საკანონმდებლო ბაზა არასაკმარისი, ხშირად გაუთვლელი და ზოგჯერ კონტრპროდუქტიულია. ამიტომ, არსებული პრობლემების გათვალისწინებით, ის ფუნდამენტურ გადახედვას მოითხოვს.

  რომელი კანონების ინიცირებას გეგმავთ პარლამენტში თქვენს საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით?

უნდა გამარტივდეს ე.წ. კულტურული ძეგლის სტატუსის მოხსნის საკანონმდებლო პროცედურა. არსებული მოდელი გამორიცხავს ამ სტატუსის მოხნას იმ შენობებზეც კი, სადაც ავარიულობის გამო ცხოვრება სახიფათოა.

  რას ფიქრობთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების იდეაზე? უნდა გაუქმდეს თუ არა და რატომ?

მთლიანად ვემხრობი მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას, რადგან ამომრჩეველთან ანგარიშვალდებულების ელემენტი ამ სისტემაში ბევრად მაღალია, ვიდრე პარტიული სიების სისტემის შემთხვევაში.

ასევე, როგორც მინიმუმ, შერეული სისტემა როგორიც დღესაა, მისაღებად მიმაჩნია, თუ პოლიტიკური კლასი ვერ შეთანხმდა მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლაზე.

  პარლამენტში თქვენი არჩევის შემთხვევაში თუკი ოპოზიციაში იქნებით, რა გზებით შეეცდებით თქვენი დაპირებების განხორციელებას?

პრობლემების ხმამაღლა გაშუქებითა და ხელისუფლებაში მყოფი ძალის იძულებით, რომ ამ უკანასკნელმა აუცილებელი ნაბიჯები გადადგას მათ მოსაგვარებლად, რაშიც საკუთარ ექსპერტიზასაც არ დავიშურებ ინტერპარტიულ ფორმატებში მონაწილეობისათვის.

  გექნებათ თუ არა კონკრეტული ინიციატივები, რომლებსაც მთავრობას და პარლამენტს შესთავაზებთ სამუშაო ადგილების გაზრდისა და უმუშევრობის შესამცირებლად?

აუციებლად მექნება ასეთი ინიციატივები, რაც არის კიდეც ჩემ საარჩევნო პროგრამაში, ისევე როგორც პარტიის პროგრამაში.

  იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გახდებით პარლამენტის წევრი, რა ინტენსივობით და როგორ გააგრძელებთ ამომრჩეველთან კომუნიკაციას?

ამომრჩეველთან ურთიერთობა ყოველდღიური იქნება. იმ შემთხვავში, სადაც ამის საშუალება არ იქნება - ყოველკვირეული. მაჟორიტარის ბიურო ყოველდღე მიიღებს მოქალაქეებს და ჩემამდე მოიტანს მათთვის პრობლემურ საკითხებსა და რეკომენდაციებს.

  არჩევის შემთხევევაში მომდევნო წლები იქნებით დეპუტატი, თუ შეიძლება აღმასრულებელ ხელისუფლებაში გიხილოთ?

ამ კითხვაზე მიჭირს პარუხის გაცემა.

  რა წინადადებები გექნებათ ადგილობრივი თვითმართველობის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად?

ჩემი წინადადება იქნება ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, რომ ისინი უფრო ყურადღებიანი გახნდნენ და  მოქალაქეთა წინაშე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ბიუროკრატიული პროცედურები გამარტივდეს.

  გაქვთ თუ არა კონკრეტული მოსაზრებები რეგიონში სტიქიური მოვლენების პრევენციისა და მათზე რეაგირებისათვის?

ცხადია მექნება, რადგან თბილისი და მთაწმინდის რაიონი სეისმურად აქტიურ ზონაშია. დღეს უკვე ვმუშაობ მთაწმინდის მთაგრეხილის სეისმური ანალიზის მოსაპოვებლად, რომ შესაძლო გახდეს არსებული რისკების მინიმალიზება.

  უჭერთ თუ არა მხარს, რომ პარლამენტმა საქმიანობა ქუთაისში განაგრძოს?

პარლამეტის ქუთაისში ყოფნას ვემხრობი. თუმცა, ჩემი აზრით, უკეთესი იქნებოდა საშემოდგომო სესია ქუთაისში ჩატარებულიყო და საგაზაფხულო თბილისში ან სამომავლოდ ორპალატიანი პარლამენტის შემთხვევაში, ერთ-ერთი პალატა (სავარაუდოდ სენატი, ანუ ზედა პალატა) ქუთაისში ყოფილიყო და ქვედა თბილისში.

  რას ფიქრობთ პარლამენტში ქალთა სავალდებულო კვოტირების იდეაზე? თქვენი აზრით, თქვენი პარტიის მიერ წარმოდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებში და საარჩევნო სიაში დაცულია თუ არა გენდერული ბალანსი და თუ არ