არჩევნებამდე 12 დღეა დარჩენილი და ორი საკითხი, რაც არჩევნების გაყალბების საშუალება შეიძლება აღმოჩნდეს, კვლავ მოუგვარებელია. ეს კი, პირველ რიგში, ამომრჩეველთა სიასა და საარჩევნო კომისიებს ეხება. სწორედ სიისა და და კომისიების მეშვეობით ხდება შესაძლებელი ხმების გაყალბება.
ოპოზიციის წარმომადგენლები პრაქტიკულად ერთხმად მიუთითებენ, რომ საარჩევნო სიებში არსებული შეუსაბამობები ხელისუფლებას ე.წ. კარუსელის მეთოდით არჩევნების შედეგების გაყალბების საშუალებას აძლევს, რისი გაკონტროლებაც მეტად რთული იქნება.
გარდა ამისა, ოპოზიციისა და არასამთავრობოების შეფასებით, უშუალოდ ხმების დათვლისას გაყალბების კიდევ ერთ საშიშროებას ქმნის საოლქო და საუბნო კომისიებში მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხელოვნურად შექმნილი დისბალანსი, როდესაც კომისიებში ე.წ. პროფესიული კვოტები „ქართულმა ოცნებამ“ თავისი მხარდამჭერებით შეავსო.
ამომრჩეველთა სია და „მკვდარი სულების“ 3 კატეგორია
ამომრჩეველთა სიაში ზედმეტი ხალხი, რასაც წლების განმავლობაში „მკვდარ სულებს“ ეძახდნენ, იმის საშუალებას იძლევა, რომ ხმები რომელიმე პარტიის სასარგებლოდ ჩაყარონ. „რომელიმე“ პირობითად ნათქვამია, რადგან ამისთვის სახელისუფლებო რესურსია აუცილებელი და შესაბამისად, გაყალბება, როგორც წესი, სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ ხდება.
ე.წ. „მკვდარი სულები“ ნიშნავს იმას, რომ სიაში ჩაწერილია ის ხალხი, ვინც რეალურად არ არსებობს, ან იციან, რომ არჩევნებზე ვერ მივლენ. ტერმინი „მკვდარი სულები“ იმის გამო გამოიყენეს, რომ თავიდან სიაში გარდაცვლილი ადამიანები ეწერა და შესაბამისად, მათი გამოყენება ხდებოდა. წლების განმავლობაში კი ისინი სიიდან ამოიღეს, მაგრამ მათ ნაცვლად ისეთი ხალხი გაჩნდა, რომელიც შესაძლოა, რეალურად საერთოდ არ არსებობდეს, მაგრამ სიაში იყოს და მათი სახელით ვიღაცამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.
ეს ეჭვი განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც თბილისში ბინებში მიწერილი ადამიანები აღმოვაჩინეთ და ამის შესახებ „ფაქტ-მეტრი“ აგვისტოშიც წერდა. თბილისის რამდენიმე რაიონში გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ ბინებში, საშუალოდ, 2-3 უცხო ადამიანი იყო მიწერილი ისე, რომ არც სახლის მფლობელებმა და არც მეზობლებმა არ იცოდნენ, ვინ იყო ეს ხალხი.
ცხადია, ეს ყველა მისამართზე არ ფიქსირდებოდა და მსგავსი შემთხვევები ძირითადად ახალაშენებულ კორპუსებში იყო. თუმცა, ჩვენ ასეთი შემთხვევები ძველ ბინებშიც დავაფიქსირეთ.
მაშინ საჯარო რეესტრში, რომელიც ბინებში ჩაწერილი ადამიანების რეგისტრაციაზეა პასუხისმგებელი, გვითხრეს, რომ, თუკი ვინმე საკუთარ სახლში უცხო ადამიანს აღმოაჩენს (ცხადია, ეს აღმოჩენაც შემთხვევით ხდება და დიდი ალბათობაა, რომ ვერც აღმოაჩინოს), მთელი რიგი პროცედურა უნდა გაიაროს, რომ ეს უცხო ხალხი ამოწეროს.
მაშინ რეესტრში არც მიმართვიანობისა და არც ბინებიდან უცხო ხალხის ამოწერის სტატისტიკის შესახებ არ მოგვცეს ინფორმაცია და მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ამის სტატისტიკის წარმოება არ ხდება. თუმცა, ამომრჩეველთა სიის გადამოწმების კომისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა მამუკა კაციტაძემ, რომელიც ამ საკითხზე 2012 წელს მუშაობდა, „ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას თქვა, რომ შესაძლოა, ეს ხალხი ე.წ. უმისამართოები ყოფილიყვნენ.
საქმე ის არის, რომ 2012 წლის მონაცემებით, ე.წ. უმისამართოების, ანუ იმ კატეგორიის ადამიანების რაოდენობა, ვინც საცხოვრებელი სხვადასხვა პრობლემის გამო დაკარგეს და ახლა საკუთრება არ გააჩნიათ, 189 ათასზე მეტი იყო. მაშინ ეს ხალხი ძველი მისამართებით სიებში ჩასვეს, ოღონდ მათთვის ცალკე სიები იყო შედგენილი. 2012 წლის შემდეგ კი ხელისუფლებამ უკვე კანონში ჩაწერა, რომ ადამიანების ეს კატეგორია ამომრჩეველთა სიაში არ უნდა ყოფილიყო. მაგრამ ამით მათი კონსტიტუციური უფლება იზღუდება და კაციტაძე ვარაუდობს, რომ ხელისუფლება ამ პრობლემის მოგვარებას მათი სხვა მისამართებზე მიწერით ცდილობს.
„ეს რამდენად არის პრობლემის მოგვარება, ძნელი სათქმელია და ისიც ფაქტია, რომ ამით მანიპულირების საშუალება რჩება. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს შეგნებულად ხდებოდეს. ვნახოთ. ცხადია, რომ პრობლემა ბევრია, რაც არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით, რბილად რომ ვთქვათ, პრობლემებს შექმნის“, - ამბობს მამუკა კაციტაძე.
გარდა ამისა, არც ის არის გამორიცხული, რომ ამ მიწერილებს საერთოდ არარსებული ხალხიც დაემატა.
მესამე კატეგორია კი საზღვარგარეთ წასული ხალხია, რომელიც რეგისტრირებული არ არის. ანუ ოფიციალური მონაცემებით ქვეყანაში მყოფ პირებად ითვლებიან, მაგრამ რეალურად საზღვარგარეთ არიან.
პრაქტიკულად კი მათი გამოყენება შესაძლებელია, თუკი სათანადო ორგანიზება მოხდება და კომისიიდან ხელშეწყობა ექნება. უბრალოდ, ამ კონკრეტული ადამიანების სახელზე გაცემული პირადობის მოწმობები უნდა არსებობდეს და ხმის მიცემა უპრობლემოდ იქნება შესაძლებელი.
თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ივნისიდან იუსტიციის სამინისტრო პირადობის მოწმობებს გამარტივებულად და უფასოდ გასცემს, მხოლოდ საჯარო რეესტრში არსებული მონაცემების, ანუ ჩაწერების საფუძველზე, ეს არც ისე რთული იქნება.
„კარუსელის“ სახეობები
აქ კი უკვე ე.წ. კარუსელის თემა შემოდის. ამ მიწერილ თუ საქართველოში არმყოფი მოქალაქეების სახელზე გაცემული პირადობის მოწმობებით იმ უბნებში ხმის მიცემა, სადაც ისინი არიან ჩაწერილი, უკვე პრობლემა არ იქნება, ამის აღმოჩენა და დარღვევის დაფიქსირება კი, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
გარდა ამისა, ოპოზიციის წარმომადგენელთა ცნობით, არსებობს ე.წ. სომხური კარუსელის გამოყენების ალბათობაც, რათა ხმები გარანტირებულად „ქართული ოცნებისთვის“ იქნას მიცემული. ეს პრინციპი კი გულისხმობს მას, რომ კონკრეტულ ადამიანებს აძლევენ ბიულეტენს, სადაც წინასწარ არის შემოხაზული #41 და ამომრჩეველმა, რომელიც რაღაც გარიგებას დადებს ხელისუფლებასთან, ეს ბიულეტენი უნდა ჩააგდოს ურნაში, ცარიელი ბიულეტენი კი, რომელსაც არჩევნების დღეს უბანზე მისცემენ, კოორდინატორს მიუტანოს.
ამის გაკონტროლება, ცხადია, შეუძლებელი იქნება, რადგან ბიულეტენების გადაცემა სულ სხვა ადგილას მოხდება და საარჩევნო უბანზე, კაბინაში, სადაც ამომრჩეველი თავის არჩევანს აკეთებს, არანაირი კამერა არ დგას და შეუძლებელია იმის დაფიქსირება, ჯიბიდან ვინ რას იღებს და იდებს. გარეთ გამოსული კი კონვერტში ჩადებულ ბიულეტენს ჩვეულებრივად აგდებს ურნაში.
საინტერესოა, რომ ამ გაყალბების გარკვეული მოლოდინი ოპოზიციაში უკვე არსებობს.
„მე უფრო იმის მოლოდინი მაქვს, რომ წინასაარჩევნო დღეებში სოლოლაკიდან წამოვა კონვერტები კონკრეტული მიმართულებებით, იმიტომ, რომ ადამიანმა იცის მხოლოდ ერთი საშუალება - ფული და მერე აქედან გამომდინარე მოქმედება.
ამაზე მეტყველებს მისი პასუხი თუნდაც იმ კითხვაზე, რომელიც არასამთავრობოებმა დასვეს, რომ ივანიშვილის ტელევიზიით ასეთი ხანგრძლივი ჩართულობები არის კანონის დარღვევა. მან თავისი ჭკუით კარგი პასუხი გასცა, - ჯარიმას გადავიხდიო. ანუ ყველაფერი ისევ ფულთან დააკავშირა. ამიტომაც, ჩემი აზრით, ეს უფრო არის ყურადღებამისაქცევი არჩევნებამდე ორი-სამი დღით ადრე".
„რაც შეეხება უშუალოდ არჩევნების დღეს, ცხადია, ხელისუფლებას ექნება გაყალბების მცდელობა, მაგრამ იმდენად დიდია ყურადღება, რომ, მე ვფიქრობ, თუკი გაყალბებას გაბედავენ, ეს მათთვის საბედისწერო შეცდომა იქნება. თუმცა, გამორიცხული არაფერია და ამიტომ საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება ყველას მხრიდან“, - ამბობს „ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას საარჩევნო ბლოკის „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე, რომელიც წლების განმავლობაში საარჩევნო საკითხებზე მუშაობს და დასძენს, რომ „შესაძლოა, ივანიშვილმა პოლიტიკაში არაფერი იცის, მაგრამ კონვერტების დარიგება ნამდვილად იცის. ეს არის ის, რაც მას უკეთებია, აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს. გაიხსენეთ, პოლიტიკაში მოსვლისას რა თქვა, - ყველა ტელევიზიას ბითუმად ვიყიდი და მერე ცალობით გავყიდიო. ანუ მისი ყველა აზრი, პოლიტიკასთან დაკავშირებული, გადის ფულზე. კონვერტების დარიგება რომ ვახსენე, სწორედ იმას ვგულისხმობდი, რომ ეს კონვერტები ხმების საყიდლად დარიგდება, რაც ცალსახად დარღვევა და გაყალბებაა. ამიტომ ვამბობ, რომ სოლოლაკიდან კონვერტების დარიგება ყველაზე სახიფათოა“.
საოლქო და საუბნო კომისიები
ამ ყველაფრის ხელისშემწყობი კი უკვე ის ფაქტია, რომ საოლქო და საუბნო კომისიებში გადამწყვეტი ხმები ხელისუფლებისა და ე.წ. პროფესიული კვოტის წარმომადგენლებს ექნებათ, რომლებიც ისევ ხელისუფლებისთვის სასურველი ხალხით დაკომპლექტდა და ამაზე არასამთავრობო სექტორი ბოლო პერიოდში ძალიან კრიტიკულ განცხადებებს აკეთებდა.
საარჩევნო ადმინისტრაციაში საოლქო კომისიები არის შუალედური ორგანო, თუმცა, ამ ორგანოს განსაკუთრებული ფუნქცია აქვს, ვინაიდან სწორედ საოლქო კომისიები იხილავენ არჩევნების დღეს აღმოჩენილი დარღვევების საკითხს, ვიდრე სასამართლოს გადაეცემა.
შესაბამისად, საოლქო კომისიაში მიღებულ გადაწყვეტილებას არსებითი მნიშვნელობა აქვს. საოლქო კომისიებიდან კი ცოტა ხნის წინ სამსახურიდან დაითხოვეს ადამიანები, რომლებსაც უკვე აქვთ პროფესიული გამოცდილება და ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის თქმით, დანიშნეს მმართველი გუნდის აქტივისტები. სწორედ ამის გამო ცესკოს ოპოზიციაც აკრიტიკებს და არასამთავრობო სექტორიც.
„საუბნო და საოლქო დონეზეც „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ თავისი ახლობლებით, ნათესავებით, მეგობართა წრეებიდან გამოსული ადამიანებითა და პარტიის წევრებით დაეკომპლექტებინა ე.წ. დამოუკიდებელი კვოტები. ჩვენ, „თავისუფალმა დემოკრატებმა“, რამდენიმე ბრიფინგი მივუძღვენით ამას და ძალიან მწყდება გული, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის გარდა, არც არავინ გამოხმაურებია ამ ფაქტებს და საბოლოოდ ყველა კომისიაში ე.წ. მიუმხრობელი კვოტები ვითომ კონკურსის წესით მმართველი პარტიის ხალხით დაკომპლექტდა.
„აქ ორი სახის პრობლემასთან გვაქვს საქმე. პირველი, საბიუჯეტო სახსრებით ხმების მოზიდვა. როგორც იცით, საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრს 180 ლარი აქვს ხელფასი და მეორე ის, რომ, თუკი ოქმის შედგენისას გადაწყვეტილების მისაღებად პრობლემები შეიქმნება, უმრავლესობა მმართველი პარტიის ხელში იქნება, რადგან ყველა კომისიაში, რომელიც 13 წევრისგან შედგება, ფაქტობრივად, 8 კაცი ხელისუფლებისაა. ანუ 13-დან 8 კაცი არის ხელისუფლების ნებაზე დამოკიდებული და მთელი ოპოზიცია უმცირესობაშია. ამიტომ საარჩევნო კომისიების მიმართ ნდობა უკვე აღარ არსებობს. ამ ყველაფერს კი ემატება ის, რომ უკვე დაიწყო კომისიებში ჩვენს წევრებზე ზეწოლა და ჩვენ ამაზე განცხადებებიც გავაკეთეთ“, - ამბობს „ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი, გია ცაგარეიშვილი.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აქცენტს წინასაარჩევნო დარღვევაზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ამ წინაპირობებიდან გამომდინარე დიდი შანსია იმისა, რომ ხელისუფლება არჩევნების დღეს ხმების მიღებას სწორედ გაყალბებით შეეცდება.
„ახლა ყველაზე მწვავე პრობლემა, რაც არის, არის ძალადობა, შეხვედრების ჩაშლის მცდელობა და ამომრჩევლების დაშინება, რაც ძირითადად სუს-ის მხრიდან ხორციელდება. თუმცა, ასევეა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდანაც.
ჩვენ ამის შესახებ მუდმივად ვაწვდით ინფორმაციას უწყებათაშორის კომისიას, რომელიც სწორედ ასეთ შემთხვევებზე რეაგირებისთვის იქმნება წინასაარჩევნოდ, რათა ხელი შეუწყოს თავისუფალ წინასაარჩევნო პერიოდს. სამწუხაროდ, ამ უწყებათაშორისმა კომისიამ თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა და ჩვენს წინააღმდეგ დარღვევებზე არასოდეს ხდებოდა ადეკვატური და დროული რეაგირება იმ მხრივ, რომ არც ერთი პირი არ არის პასუხისგებაში მიცემული.
მაგალითად, დედოფლისწყაროში ოფისი დაგვირბიეს; ფლავისმანში იყო შეხვედრის ჩაშლის მცდელობა „ქართული ოცნების“ აქტივისტებისა და გამგეობის თანამშრომლების მიერ მოწყობილი პროვოკაციით; სოფელ გამარჯვებაში სცემეს ჩვენს აქტივისტებს და ა.შ. არც ერთ ასეთ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენიათ, მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა ამის დამამტკიცებელი მასალა.
მათ შორის მინდა, გავიხსენო ჯიხაშკარის ამბავი, სადაც სანდრა რულოვსის შეხვედრის ჩაშლის მცდელობა ჰქონდათ და სადაც კორცხელის თავდასხმაში მონაწილე პირები მონაწილეობდნენ. არც ერთ ასეთ შემთხვევაზე არ ყოფილა რეაგირება და, შესაბამისად, ჩვენ პროტესტის ნიშნად ეს კომისია დავტოვეთ.
ამ ტიპის დარღვევების გარდა, არის პრობლემები საარჩევნო ადმინისტრაციაშიც, იმიტომ, რომ საუბნო კომისიის დაკომპლექტება მთლიანად პარტიული ნიშნით მოხდა მაშინ, როდესაც კომისიის 6 წევრი პროფესიული ნიშნით უნდა შეირჩეს. ამასთანავე, საოლქო კომისიებში ხელისუფლებასთან კავშირში მყოფი ხალხი სარგებლობს პრივილეგიით, აქვს წვდომა სისტემაზე და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ამ სისტემაში მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევს.
ასევე, გვაქვს მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების შემთხვევები და ამ ყველაფერმა შეიძლება, გამოიწვიოს ის, რომ უბნების გარეთ მოხდეს ძალადობრივი ინციდენტების პროვოცირება, რათა მოსახლეობას არ მისცენ შესაძლებლობა, საკუთარი ნება თავისუფლად გამოხატონ და მეორე, კომისიების შიგნით იყოს გარკვეული მცდელობა, რომ ან ბათილად ცნონ ის ბიულეტენები, რომელიც ხელისუფლებას არ აწყობს, ან თავად კომისიის წევრებმა სცადონ, რომ ჩაშალონ გარკვეული უბნები.
თუმცა, მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ხალხის ნება გაიმარჯვებს და რა მეთოდებსაც არ უნდა მიმართოს ბიძინა ივანიშვილმა, იქნებიან დამკვირვებლები და ამას ვერ მოახერხებენ და რაც მთავარია, ხალხის ნება ყველაზე ძლიერია და ეს საქართველოს უახლესმა ისტორიამ არაერთხელ დაამტკიცა. შევძლებთ, რომ ყველამ საკუთარი აზრი დემოკრატიულად დავაფიქსიროთ და შევცვალოთ ეს უნიათო ხელისუფლება“, - ამბობს „ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი თინა ბოკუჩავა.
სიებთან დაკავშირებული დღევანდელი რეალობა
კანონმდებლობით, ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებაზე ცესკოა პასუხისმგებელი და შესაბამისად, ცესკოს მონაცემები ითვლება ოფიციალურ მონაცემებად. ცესკოს მონაცემებით კი, საქართველოში რეგისტრირებულია 3 510 514 ამომრჩეველი. ეს არის 2016 წლის 12 აგვისტოს მდგომარეობით დაფიქსირებული რაოდენობა და მას შემდეგ ცვლილება არ შესულა.
სხვა საკითხია, რომ ეს სია ძალიან შეუსაბამოა საჯარო რეესტრის მიერ ჩატარებული საყოველთაო აღწერის მონაცემებთან, რასაც ცესკოში დათვლის მეთოდოლოგიით ხსნიან. ფაქტი ის არის, რომ აგვისტოს შემდეგ სია არ ჩასწორებულა, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც „ფაქტ-მეტრს“ ცესკოში უთხრეს, საკუთარი თავი ცესკოს რესურსებით მილიონამდე ადამიანმა გადაამოწმა, მაგრამ ეს არის დაფიქსირებული გადამოწმება და არ აქვთ ინფორმაცია, აღმოაჩინეს თუ არა მათ რაიმე შეცდომა და რაც მთავარია, მოხდა თუ არა ამ შეცდომის გასწორება.
ცესკოში ამბობენ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრს უნდა ჰქონდეს, რეესტრში კი ამბობენ, რომ ეს ინფორმაცია არ გააჩნიათ. უფრო მეტიც, 22 სექტემბრამდე იყო ვადა, რომ მოქალაქეებს შეცდომის გასასწორებლად საუბნო კომისიებისთვის მიემართათ. ცესკოში კი ამბობენ, რომ მათ არც იმის შესახებ არ აქვთ ინფორმაცია, რამდენმა ისარგებლა ამ უფლებით. ასე რომ, დღეის მონაცემებით, ძალაშია 12 აგვისტოს სია.
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ეს სია ყველა ბოლო ჩასწორებაზე იზრდებოდა.
ყველა ამ ფაქტორისა და, ასევე, ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების ფონზე, რასაც უკვე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც იმეორებენ, ოპოზიციის ყველა ფრთა ფიქრობს, რომ ხელისუფლება გაყალბებისთვის ემზადება.
„ძალიან ძნელია იმის პროგნოზი, ვის ექნება წარმატება. ერთი რამ ნამდვილად ცალსახაა, რომ ივანიშვილის სურვილი, „ქართულმა ოცნებამ“ 100 დეპუტატი შეიყვანოს პარლამენტში, ნამდვილად ვერ ახდება, თუკი ადმინისტრაციულ რესურსს სერიოზულად არ გამოიყენებენ. რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, მოსახლეობის უმეტესობა ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მისცემს ხმას და ეს არჩევნების შედეგზე უნდა აისახოს. თუკი ეს არ აისახება, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ არჩევნები სათანადო დონეზე არ ჩაატარა“, - ამბობს „ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას „რესპუბლიკელების“ წარმომადგენელი თამარ კორძაია.
არასამთავრობო ორგანიზაციებში კი, რომლებიც საარჩევნო პროცესს აკვირდებიან, ამობენ, რომ ყველა ეს პრობლემა, რაზეც ვსაუბრობდით, რეალურად პრობლემას წარმოადგენს. თუმცა, ამბობენ, რომ მოსალოდნელი გაყალბების შესახებ კომენტარს ვერ გააკეთებენ და ამაზე არჩევნების შემდეგ ისაუბრებენ.