წარმოგიდგენთ აჭარის მაღალმთიანეთის #73 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატთა ინტერვიუებს. ესენი არიან: ანზორ ბოლქვაძე („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“), ირაკლი ჯორბენაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), მინურ აბულაძე („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“), თემურ ავალიანი („თავისუფალი დემოკრატები“), მადონა ბოლქვაძე-სოლომონიძე („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“), მიხეილ მახარაძე („ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“).

ინტერვიუები მომზადდა წინასწარ მომზადებული კითხვარის მიხედვით, რომელიც ყველა კანდიდატისთვის ძირითადად ერთნაირი იყო. მიღებული პასუხები იმგვარადაა დაჯგუფებული, რომ მკითხველს კანდიდატთა პოზიციების ერთმანეთთან შედარება გაუადვილდეს.

კითხვა 1: რატომ იყრით კენჭს ამ კონკრეტულ ოლქში?

ანზორ ბოლქვაძე („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“)

მე ვცხოვრობ ამ ოლქში, აქ დავიბადე და გავიზარდე, ვმოღვაწეობდი წლების განმავლობაში. გარდა ამისა, ჩატარებული გამოკითხვების შედეგად (ზუსტად ვერ გეტყვთ, ვინ ჩაატარა გამოკითხვა), გამოვლინდა ჩემი უპირაატესობა და ამიტომაც წარმადგინეს.

ირაკლი ჯორბენაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

მაღალმთიან აჭარაში, კონკრეტულად, ხულოს რაიონში დავიბადე და გავიზარდე, ამიტომ კარგად ვიცი მთის პრობლემები. აქაური ხალხი და გარემო ჩემთვის კარგადაა ნაცნობი, მათ ისეთივე პრობლემები აქვთ, როგორიც მე, ჩემს ოჯახს, ჩემს ნათესავებს. ვთვლი, რომ მაქვს გამოცდილება, შემწევს უნარი და ძალა იმისა, რომ ამ ხალხის პრობლემების მოგვარებას ხელი შევუწყო.

მინურ აბულაძე („პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის“)

დავიბადე და გავიზარდე ამ ოლქში, ვაშლოვანში და სწორედ ამიტომ, ვიცი ამ ოლქის პრობლემები.

თემურ ავალიანი („თავისუფალი დემოკრატები“)

ქედის რაიონის სოფელ დანდალოში დავიბადე, გავიზარდე, დავამთავრე საშუალო სკოლა. ეს ჩემი მშობლიური ოლქია, იქ ვცხოვრობ, საკუთარი გამოცდილებით ვიცი იქაური პრობლემები. რომც ვერ გავიმარჯვო, ამ პრობლემების მოსაგვარებლად მომავალშიც ვიბრძოლებ.

მადონა ბოლქვაძე-სოლომონიძე („პატრიოტთა ალიანსი“)

მაღალმთიანი აჭარიდან ვარ, გული შემტკივა სამშობლოსთვის და ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში დავუდგები ჩემს ხალხს გვერდით.

მიხეილ მახარაძე („ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“)

ბევრი მზეზის გამო, მათ შორის ყველაზე მთვარი ის გახლავთ, რომ დაბადებული ვარ აქ. ბავშვობა გავატარე სოფელში, სკოლაც აქვე დავამთავრე. ფიზიკური და სულიერი კავშირი რაიონთან არ გამიწყვეტია. ხულოს, შუახევისა და ქედის ყველა სოფელში მეტ-ნაკლებად ვიცნობ ცხოვრების დონესა და გადასაჭრელ პრობლემებს.

კითხვა 2: ჩამოთვალეთ 3-5 (ან მეტი) მთავარი პრობლემა, რომელიც თქვენი ოლქის ამომრჩევლებს (და არა ზოგადად ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას) განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?

ანზორ ბოლქვაძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“)

ესაა შიდა გზების კეთილმოწყობა, ასევე ხულო-შუახევი-ადიგენი-ბათუმის გზის კეთილმოწყობა, რომელზეც მუშაობა დაწყებული მაქვს. დაბებში ბარაკული ტიპის სახლებია, რაც უნდა ჩანაცვლდეს კეთილმოწყობილი სახლებით; წყლის პრობლემა, დასაქმება, რაც უნდა გადაწყდეს ტურიზმის განვითარებით. მაგალითად, გოდერძის უღელტეხილზე არსებულ კომპლექსზე 500 ადამიანი დასაქმდება. მე ვიცი ყველა პრობლემა, რაც აწუხებს ხალხს. ჩვენ მივიღეთ მთის კანონი, რომელიც დასახვეწია და მე ვიმუშავებ ამ საკითხზე. გადასაწყვეტია ცვლილება თვითმმართველობის კანონში. სოფლებს უნდა ჰყავდეთ რწუნებულები, რომლებიც მოაგვარებენ შიდასაორგანიზაციო საკთხებს. დიდ პროექტებს დიდი დრო სჭირდება, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები, რომ სოფელი შევინარჩუნოთ. მოსახლეობის ნაწილი საპენსიო ასაკის დაწევას ითხოვს, მაგრამ ეს რთული საკითხია და ჩემს კომპეტენციას სცილდება.

ირაკლი ჯორბენაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ზოგადად, ქვეყანაში არის მძიმე სოციალური ფონი, რაც ყველა ოჯახზე აისახება და რის მოგვარებასაც სეგმენტური მიდგომა სჭირდება. ეს არის პენსია, სოციალური შემწეობები, ჯანდაცვა, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა, გაჩერებული გომარდული, გოდერძის უღელტეხილზე მშენებარე სამთო-სათხილამურო კომპლექსი, ეროზია და მეწყერი. ჩვენ ვაპირებთ, გამარჯვებისთანავე პენსიის გაზრდას, და ის მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები პენსიონერისათვის 266 ლარი იქნება.

ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს მოსახლეობისთვის ყველა სოციალური დახმარების აღდგენას, რომლებიც სააგენტომ უსამართლოდ შეუწყვიტა და უფრო მეტიც, გავამარტივებთ სოციალური შემწეობების დანიშვნის კრიტერიუმებს.

რაც შეეხება ჯანდაცვის სისტემას, უნდა შეიცვალოს არსებული სადაზღვეო სისტემა, მაღალანაზღაურებად კატეგორიას, რომელიც არ საჭიროებს ბიუჯეტიდან დახმარებას, შეუწყდეთ მომსახურება და გამოთავისუფლებული თანხით სრულფასოვნად (გამოკვლევით, ოპერაციით, ექიმის კონსულტაციით) დავაზღვიოთ გაჭირვებული ოჯახები, ხოლო 0-70 000 ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადავცემთ 600 ლარიან ვაუჩერებს საჭირო მედიკამენტების შესაძენად. ამასთან, მხოლოდ აჭარის მოსახლეობისათვის, აჭარის ბიუჯეტით, დაგეგმილი გვაქვს ისეთი დაავადებების სრულად დაფინანსება როგორიცაა სიმსივნე, კარდიოლოგიური დაავადებები და ბავშვთა შორის გავრცელებული დაავადებები - აუტიზმი და დაუნის სინდრომი.

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მშენებლობაზე ჩვენ უკვე მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით ინვესტორთან, თუმცა ამ ხელისუფლებამ, როგორც სხვა დანარჩენი ჩვენი პროექტები, ესეც გააჩერა. ჩვენ ვგეგმავთ, უკვე 2017 წლის გაზაფხულიდან დავიწყოთ ამ გზის რეაბილიტაცია-მშენებლობა.

მყისიერად აღდგება ყველა გაჩერებული პროექტის მშენებლობა და უკვე 2016-2017 წლების ზამთარში ჩვენს მოსახლეობას საშუალება ექნება, დაისვენოს მაღალმთიანი აჭარის ყველა ზამთრის კურორტზე.

ეროზია და მეწყერი მაღალმთიანი აჭარის თითქმის ყოველდღიურობად იქცა. ამიტომ ჩვენი ლიდერის, ლევან ვარშალომიძის ძალისხმევით დაგეგმილია ბათუმის შემოგარენში 40 საცხოვრებელი სახლის, ჯამში 2 800 ბინის მშენებლობა, რაც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს, აჭარაში I და II კატეგორიის ეროზიის ზონაში მცხოვრებლები, ეკომიგრანტები, ბათუმის ბარაკებსა და ავარიულ ფართებში, ასევე ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები უსახლკაროები შევასახლოთ ბინებში.

მინურ აბულაძე („პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის“)

მთის მოსახლეობას აწუხებს სიღარიბე, ეკოლოგიური პრობლემები, უმუშევრობა, უგზოობა, ინფრასტრუქტურის არარსებობა.

თემურ ავალიანი („თავისუფალი დემოკრატები“)

უმთავრესი პრობლემა, რომელიც მაღალმთიანი აჭარის განვითარებას ხელს უშლის, არის ის, რომ დღემდე იქ არსებული მიწის თითქმის 80% არ არის მოსახლეობის საკუთრება. წინა ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მოქმედმა ხელისუფლებამ კი მოისურვა არსებული მიწების ექსპროპრიაცია, როცა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ყველა დაურეგისტრირებელი მიწა უნდა დაირეგისტრიროს სახელმწიფომ. ჩვენ, „თავისუფალმა დემოკრატებმა“, ავტეხეთ განგაში და კვირიკაშვილმა გამოიჩინა გონიერება, რომ ეს კანონი არ მიეღოთ. თუმცა, ახალი კანონიც ვერ შეძლებს პრობლემის მოგვარებას, რადგან რეალური მდგომარეობის გაუთვალისწინებლად მიიღეს. სანამ გლეხი არ გახდება მესაკუთრე, სოფელი ვერ განვითარდება.

ჩვენთან აქტუალურია ტყის პრობლემაც. დღემდე გავრცელებულია მითი, რომ გლეხი ტყეს გაანადგურებს და არ შეიძლება მისთვის ტყის საკუთრებაში გადაცემა. ჯერ ერთი, ტყის კოდექსი ცნობს კერძო საკუთრებას და ამასთან ტყის რეწვის მიზნით გამოყენებას. დღეს ტყეს გლეხის გარდა ყველა იყენებს. ამ პრობლემას გლეხისთვის ტყის საკუთრებაში გადაცემა მოაგვარებს.

მთის სოფლებში მნიშვნელოვანი პრობლემაა გაზიფიცირება. უშუალოდ „თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივით, აჭარის ა/რ მთავრობამ მიაქცია ყურადღება ამ საკითხს და გამოიყო თანხა პროექტებისთვის, მაგრამ „სოკარმა“ განაცხადა, რომ ეს არის რთული რელიეფი და სამუშაოების დაწყება გადაიდო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროცესი ბოლომდე მივიდეს.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მოსაგვარებლად მივიჩნევთ, არის მთის სოფლების ინტერნეტიზაცია.

მადონა ბოლქვაძე-სოლომონიძე („პატრიოტთა ალიანსი“)

ჰესების მშენებლობამ ხალხს ზარალი მიაყენა, სახლები დაუნგრია და არავინ არ იცავს ამ ხალხის ინტერესებს; მეორე, ეს არის სოციალური ფონი. არ მეგონა, თუ ასე უჭირდა ხალხს. ადგილობრივები ბავშვებისთვის ტანსაცმელს ვერ ყიდულობენ, რომ სკოლაში გაუშვან. მთელ მაღალმთიანეთში მოსახლეობა უწყლოდაა დარჩენილი, რაც ჰესების მშენებლობას უკავშირდება. ასევე მთავარი პრობლემაა უსამართლობა. „ქართული ოცნება“ ხალხს სამართლიანობის აღდგენას პირდებოდა, მაგრამ არ შეასრულა.

მიხეილ მახარაძე („ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“)

ძალიან ბევრი პრობლემაა და ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ, უფრო სწორად, არ მოიცალა მათ გადასაწყვეტად. გამოვყოფდი ოთხ ძირითად პრობლემას: გზა, წყალი, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება და ადგილებზე სამეწარმეო საქმიანობისათვის ხელშეწყობა. ჩემი აზრით, ეს პრობლემები უმოკლეს ვადებში უნდა მოგვარდეს, რათა მთაში მცხოვრებმა ადამიანებმა თავი შედარებით უკეთესად იგრძნონ, სოფლები არ დაიცალოს მოსახლეობისაგან და მათ შრომას ფასიც დაედოს.

კითხვა 3: რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის? რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.

ანზორ ბოლქვაძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“)

დიდი გამოცდილება მაქვს მთაში მუშაობის და ყველა სოფელი ზეპირად ვიცი, უნდა მოვუსმინოთ ხალხს. რასაც გავაკეთებ, არის მთის კანონში ცვლილებების შეტანა. ინფრასტრუქტურული პროექტების ლობირება, მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების შემუშავება.

ირაკლი ჯორბენაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ჩვენი პროგრამა გაწერილია დროის მიხედვით. ზოგიერთი მყისიერად შესრულდება და ესაა პენსიის მომატება, საგადასახადო ამნისტია და სხვა პროექტები, რომელთა განხორციელებასაც სჭირდება მხოლოდ ხელისუფლების ნება.

მინურ აბულაძე („პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის“)

ბლოკის - „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ პროგრამას ვიზიარებ და განვახორციელებ. ერთ-ერთი, ესაა სიღარიბის დაძლევის პროგრამა. ქვეყანაში ვერა და ვერ მოხერხდა შეჭირვებული ადამიანების პრბლემების გადაწყვეტა, ვერც ერთმა ხელისუფლებაამ ვერ აღიარა, რომ მილიონამდე ღარიბი გვყავს. ჩვენ დავარეგისტრირებთ ყველა ადამიანს, ვისაც 125 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვს.

თემურ ავალიანი („თავისუფალი დემოკრატები“)

ჩემი აზრით, დღეს სოფელი მთლიანად ჩამოკიდებულია ბიუჯეტზე. კარგია მთის კანონი და სუბსიდიები, მაგრამ გლეხმა რომ შეავსოს საკუთარი და ქვეყნის ბიუჯეტი, ამისთვის ის მწარმოებლად უნდა იქცეს. პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ეს პრობლემები მოგვარდება ერთ წელიწადში, ამისთვის რეალური ბაზა არსებობს.

მადონა ბოლქვაძე-სოლომონიძე („პატრიოტთა ალიანსი“)

ჩვენი საარჩევნო დაპირებებია: საპენსიო ასაკის 5 წლით დაწევა, ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, მოსახლეობისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომ არავის დახმარება არ დასჭირდეს. მალე იგრძნობს ხალხი ამ სიკეთეს, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში და არა ისე, ივანიშვილმა რომ გვითხრა, 2 ოქტომბერს სხვა ქვეყანაში გააიღვიძითო.

მიხეილ მახარაძე („ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“)

ჩემი მთავარი საარჩევნო დაპირება გახლავთ ის, რომ თუ ხმათა საჭირო რაოდენობას მივიღებ, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ვიქნები ამომრჩეველთა თვალი, ხელი და ხმა! დღეს ყველა მაჟორიტარი კანდიდატი, ნაცვლად იმისა, რომ ისაუბროს პროგრამაზე, ამომრჩეველს ადგილებზე კონკრეტული ყოფითი პრობლემების მოგვარებას ჰპირდება. პარლამენტი ის ადგილია, სადაც ასფალტის დაგებაზე კი არ უნდა ფიქრობდე, არამედ იმაზე, კანონპროექტში რამდენადაა დაცული საკუთარი ამომრჩევლისა და ზოგადად, მთელი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესები.

კითხვა 4: გვითხარით ის რეალური გზები, თუ როგორ აპირებთ დაპირებების შესრულებას მაშინ, როდესაც ამ ტიპის საქმიანობა ძირითადად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმართველობის კომპეტენციაა?

ანზორ ბოლქვაძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“)

ეს საკითხები, რაზეც ვისაუბრე, ადგილობრივი თვითმმართველობის გადსაწყვეტია, მაგრამ ჩემი ჩართულობა აუცილებელია, რადგან თუკი მე არ დავეხმარე თვითმმართველობას ინვესტორის მიძიებაში, საკანონმდებლო ცვლილებაში, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხებში, ადგილზე ამის მძიება რთულია. დაზღვევის თანადაფინანსების დროს ადგილობრივების გადასახდელი 30 პროცენტიც სოლიდურ თანხას აღწევს, საჭიროა შუამდგლობა ბიზნესმენებთან, ხელისუფლებასთან. ამ წლების განმავლობაში მილიონნახევრის თანადაფინანსება მაქვს გაკეთებული ხულოს მოსახლეობისთვის. ქველმოქმედებას ვეწეოდი მაშინააც, როცა ბიზნესში ვიყავი.

ირაკლი ჯორბენაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან ამ კონკრეტული გეგმის მონიტორინგი. არის პროექტები, რომლებიც უკავშირდება საკანონმდებლო ინიციატივებსა და გადაწყვეტილებებს. ის, რომ პენსია უნდა გაიზარდოს, მასწავლებელთა ხელფასი არ უნდა იყოს 650 ლარზე ნაკლები, ბიზნესი რომ უნდა გავათავისუფლოთ ზედმეტი გადასახადებისაგან და სხვა, ამას სჭირდება პარლამენტისა და მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილება. ამასთან, უმნიშვნელოვანესია, მაჟორიტარის აქტიურობა მის რაიონში კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად და მე ამისთვის მზად ვარ. უკვე ნოემბრიდან შესაძლებელია ამ ყველაფრის რეალობად ქცევა.

მინურ აბულაძე („პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის“)

ამას ვაპირეთ ბიუჯეტის ჭკვიანური განაწილებით. სამედიცინო დახმარებასთან ერთად მედიკამენტებით დახმარებასაც დავაფინანსებთ. ეს არის 100 მილიონი ლარი და ეს ბიუჯეტში არის. თუ საშემოსავლს შევამცირებთ, სადაზღვევო კომპანიაში ადამიანი საყოველთაოზე უკეთეს მომსახურებას შეიძენს და ეს გამოთავისუფლებული თანხა მოხმარდება მედიკამენტებს. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში 2017 წლის ბიუჯეტში თანხა გაჩნდება.

თემურ ავალიანი („თავისუფალი დემოკრატები“)

ადგილობრივ თვითმმართველობას სჭირდება ხელშეწყობა, მეტი უფლებების მიცემა. მიწის საკითხებს უნდა აგვარებდეს სოფლის თვითმმართველობა, მაგრამ ამისთვის კანონები პარლამენტმა უნდა შექმნას. მიწის რეგისტრაციის შესახებ ახალ კანონში არის კარგი მომენტები, მაგრამ არ მიმაჩნია სწორად, რომ ჯერ სახელმწიფომ უნდა დაირეგისტრიროს ნაკვეთი და მერე - გლეხმა. ხომ შეიძლება, სახელმწიფომ რაღაც მიზეზი იპოვოს და მიწა მას დარჩეს? ჩვენ გვაქვს ამ პრობლემის მოგვარების პროგრამა და ვეუბნებით მოსახლეობას, რომ ამას გავაკეთებთ.

მადონა ბოლქვაძე-სოლომონიძე („პატრიოტთა ალიანსი“)

ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ვერ წყვეტს ვერც ერთ პრობლემას და ხალხი უიმედოდაა დარჩენილი ინვესტორთან, რომელიც ცდილობს მოსახლეობა დააზარალოს. არავინ იცავს მათ ინტერესს. აქ არა ადგილობრივი, არამედ უფრო მაღალი საფეხურის ხელისუფლების ჩარევაა საჭირო.

მიხეილ მახარაძე („ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“)

მნიშვნელოვანია, არის თუ არა ამა თუ იმ უბანში გამართული კანალიზაცია, გამართული სანიაღვრე სისტემა, გზა, ან ვიღაცას ეკუთვნის და შემწეობას ვერ იღებს, ამ და სხვა უამრავი პრობლემის მოგვარებაც, მაგრამ პარლამენტის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ეფექტური კონტროლია და თუ რომელიმე კონკრეტულ პრობლემას აღმასრულებელი ხელისუფლება, გაუმართლებლად და შეგნებულად არ წყვეტს, ან შეუძლია და უნიათობის გამო არ აგვარებს, საპარლამენტო უფლება-მოსილების ფარგლებში, პასუხი უნდა მოეთხოვოს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში ეს უაზრო დაპირებები.

კითხვა 5: რამდენად არსებობს შესაბამისი საკონონმდებლო ბაზა (ანუ, რა უფლებები გაქვთ ან არ გაქვთ როგორც მაჟორიტარს და ამ მხრივ რას შეცვლიდით) და ეკონომიკური რესურსი იმ დაპირებების შესასრულებლად, რასაც თქვენ იძლევით?

ანზორ ბოლქვაძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“)

ეს საკითხი გადასახედია, რადგან მე ვიყავი ერთი მაჟორიტარული ოლქის წარმომადგენელი, ახლა სამ მუნიციპაალიტეტს წარმოვადგენ. ვთვლი, რომ თითოეულში უნდა მყავდეს წარმომადგენელი და მე მათთან მექნება კომუნიკაცია. ასევე, საქართველოს პარლამენტში თითოეული მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის შეხვედრებისა და მათთან ურთიერთობისთვის უნდა მყავდეს თანამშრომლები. ამიტომ ამ საკითხს დავსვამ პარლამენტში.

ირაკლი ჯორბენაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ალბათ გემახსოვრებათ საქართველო 2003 წლამდე. არ არსებობდა არც კანონი და მით უმეტეს, არც ეკონომიკა. ფაქტობრივად, არ არსებობდა ბიუჯეტი. ჩვენ შევძელით, უკვე 2004 წლიდან დაგვეწყო ბიუჯეტის ზრდა და 2012 წელს ის ჩვენ 9 მილიარდზე ავიყვანეთ. დავამარცხეთ კრიმინალი და კორუფცია. დავიწყეთ პენსიების და ხელფასების გაცემა და თითქმის 10-ჯერ გავზარდეთ პენსია. გავზარდეთ ხელფასები. შევქმენით ახალი სამუშაო ადგილები და ავაშენეთ სრულიად ახალი ქალაქები. მხოლოდ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია ასეთ მოკლე დროში მკვეთრი ცვლილებების განხორციელება. ამიტომ საკანონმდებლო ბაზის დახვეწასთან ერთად, აქ მნიშვნელოვანია ნება, მონდომება და შრომა.

მინურ აბულაძე („პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის“)

მე სამი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ვიქნები და იქ საქმიანი ადამიანები იქნებიან, რომლებიც დამეხმარებიან მოსახლეობასთან სათქმელის მიტანაში. სრულიად საკმარისია ეს რესურსი.

თემურ ავალიანი („თავისუფალი დემოკრატები“)

როგორც აღვნიშნე, ამ დაპირებების შესასრულებლად არსებობს რეალური საფუძველი, ხოლო საკანონმდებლო ბაზა უნდა შეიქმნას. რაც შეეხება ფინანსურ რესურსს, ჩვენი გეგმების განხორციელებას არავითარი ზედმეტი ხარჯი არ სჭირდება.

მიხეილ მახარაძე („ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“)

ვფიქრობ, ეფექტური საკანონმდებლო საქმიანობისა და საპარლამენტო კონტროლისთვის ქვეყანაში საკმარისი საკანონმდებლო ბაზა არსებობს.

კითხვა 6:რომელი კანონების ინიცირებას გეგმავთ პარლამენტში თქვენს საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით?

ანზორ ბოლქვაძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“)

ვიმუშავებ მთის კანონის დახვეწაზე, ბევრი რამ ბუნდოვაანია, მაგალითად, როცა კანონში წერია, რომ გაიზრდება ექიმისა და ექთნის ხელფასები, მაგრამ არ იცვლება მძღოლის ხელფასი, რომელმაც უნდა გადაიყვანოს ეკიპაჟი, უნდა გასწორდეს. პედაგოგის ხელფასი გაიზარდა, მაგრამ დამლაგებლის, რომელსაც ძირითადი მოველობის გარდა, შეშის დაჩეხვაც უწევს, იგივე დარჩა. ამასთან, გასარკვევია ხულოდან გასული 54 000 ეკომიგრანტის სტატუსი. ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ, წალკაში კი ყველაზე კომპაქტურად. ბერძნების წასვლის შემდეგ დასახლდნენ იქ. ოცი წლის შემდეგ დაბრუნებულმა ბერძნებმა თავიანთი სახლების გამოსყიდვა მოითხოვეს. არ აქვთ თანხა რომ გამოისყიდონ და სახელმწიფომაც ვერ გადაწყვიტა მათი ბედი. უნდა გადაწყდეს „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა ბედიც. ასევე, ვთვლი, რომ საყოველთაო დაზღვევით პარლაამენტის წევრი არ უნდა სარგებლობდეს, რადგან 2 500 ლარი აქვს ხელფასი და იქიდან უნდა იხდიდეს. 70-პროცენტიანი თანადაფინასნების თემაც მოსაგვარებელია, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთდ ვიმუშავებ პროგრამებზე. ხულოს მუნიციპალიტეტის მაგალითი რომ განვიხილოთ, ჰესების მშენებლობა სრულდება და ქონების და საშემოსავლო გადასახადი, დაახლოებით მილიონ რვასი ათასი რჩება ადგილზე. ამ თანხას პირველ რიგში ჯანმრთელობის დაცვას მოვახმართ. ასევე, ვგეგმავ, მთის კანონში ჩაიდოს ადგილობრივი სტუდენტების დაფინანსება, რომლებიც აგრონომიას და ვეტერინარიას შეისწაავლიან უნივერსიტეტში და სპეციალისტების დეფიციტს შეავსებენ.

ირაკლი ჯორბენაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ინიცირებამდე გეტყვით, რომ აუცილებელია გადაიხედოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კანონი, რომელიც დისკრიმინაციულია მაღალმთიანეთში მცხოვრები ზოგიერთი მოქალაქისათვის. ის, რომ ადამიანი ცხოვრობს მთაში, საკმარისი უნდა იყოს, რომ ისარგებლოს შეღავათით. რაც შეეხება ინიცირებას, სასწრაფოდ უნდა დასრულდეს აჭარაში მიწების საკუთრებაში გადაცემის საკითხი და ამ მიმართულებით გამარტივებულ კანონმდებლობას დავუჭერ მხარს.

მინურ აბულაძე („პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის“)

ეს არის ეკომიგრანტების შესახებ კანონი, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია და საშველი არ დააყენეს ბოლომდე მიღებას. რადგანაც ეკოლოგიური პრობლემები ყველაზე მთავარი პრობლემაა მთაში. ასევე, საჭიროა ცვლილებები მთის კანონში, სამუშაო გვექნება ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით.

თემურ ავალიანი („თავისუფალი დემოკრატები“)

რაც მთავარია, ტყის კანონის. ტყე რომ არ განადგურდეს, მას სჭირდება პატრონი. ასევე ვიზრუნებთ, რომ სოფლებში ყურადღება მიექცეს პროფესიულ განათლებას. კარგი იქნება, თუ შეიქმნება პანსიონის ტიპის სასწავლებლები, რომლებშიც მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველა პირობით, შორი სოფლებიდან და ქალაქებიდანაც რომ ჩავიდნენ სასწავლებლად და იქვე იცხოვრონ. ეს ხელს შეუწყობს სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარებას.

მადონა ბოლქვაძე-სოლომონიძე („პატრიოტთა ალიანსი“)

პირველ რიგში, საჭიროა მთის კანონის დახვეწა, რადგან მთაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც ეს კანონი არ ეხება. ზოგი სამუშაოდაა წასული, იტვირთავს თავს და ასეთ ხალხს დღეებს ხომ ვერ დავუთვლით რამდენ თვეს ატარებს სოფელში. გამოდის, რომ როცა ავალ ხულოში, პრობაციონერივით გამგებელს უნდა ვუთხრა, დამაფიქსიროს. ამიტომ, სხვა ფორმაა მოსაფიქრებელი.

მიხეილ მახარაძე („ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“)

ჩემი ოლქის და არა მარტო ჩემი ოლქის, სხვა მთიან რეგიონებშიც, ვფიქრობ სგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით ცვლილებები უნდა გატარდეს. მართალია, მთის კანონმა ბევრი სიკეთე დანერგა და მომავალში ეს დადებითად იმოქმედებს, მაგრამ თუ გვინდა, რომ მთა ბოლომდე შევინარჩუნოთ და განვავითაროთ, აქ მიზერული გადასახადები უნდა დავაწესოთ. ვფიქრობ, მთიან დასახლებებში მოღვაწე მეწარმეებს მოგების გადასახადები არ უნდა დაეკისროთ. საშემოსავლო გადასახადი 10%-მდე უნდა ჩამოვიდეს. სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით შექმნილ საწარმოებში დღგ-ს გადასახადი საერთოდ უნდა გაუქმდეს. მოსაფიქრებელია, როგორ დავიცვათ საკუთარი მეწარმეები, თუნდაც სეზონურად, უცხოურ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებთან კონკურენციაში. გასაგებია, რომ ბაზარი თავად არეგულირებს ამ პროცესებს, მაგრამ სანამ სოფელი ტექნოლოგიური თვალსაზრისით, დღევანდელ მდგომარეობაშია, ის ვერანაირად ვერ გაუწევს კონკურენციას იმპორტირებულ პროდუქტებს. მაგალითად, ხულო-შუახევ-ქედაში მოწეული კარტოფილი ვერ იქნება კონკურენტული, თუ კარტოფილის იმპორტს სეზონზე არ შევზღუდავთ. ევროკავშირში დაწესებულია კვოტები და იმაზე მეტს ვერ შეიტან, ვიდრე დაუწესდა. ახლა ზოგიერთებისათვის არაპოპულარულია რუსეთზე საუბარი, მაგრამ ვფიქრობ, ის უნდა დავიბრუნოთ, რადგან იქ ქართული პროდუქცია, მიუხედავად პრობლემებისა, საკმარისი ავტორიტეტით სარგებლობს.

კითხვა 7: რას ფიქრობთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების იდეაზე? უნდა გაუქმდეს თუ არა და რატომ?

ანზორ ბოლქვაძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“)

რომ არ დაყოფილიყო ეს ოლქები ისე, როგორც ამჟამად დაიყო, საკონსტიტუციო სასამართლო ბათილად ცნობდა არჩევნებს. თუმცა მიმაჩნია, რომ ეს საზღვრები გადასახედია, რადგან მთაში რთული რელიეფისა და მანძილის გამო იოლი არ არის მაჟორიტარისთვის ცალკეული საკითხების გადაწყვეტა. ახლა ტარდება ამ სისტემით., მაგრამ ასე არ უნდა გაგრძელდეს.

ირაკლი ჯორბენაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ის, რომ მაჟორიტარული სისტემა ვერ მუშაობს ცხადია. მე ვფიქრობ, რომ ეს სისტემა უნდა გაუქმდეს.

მინურ აბულაძე („პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის“)

ეს სისტემა რახან არსებობს, უნდა გაგრძელდეს.

თემურ ავალიანი („თავისუფალი დემოკრატები“)

უნდა გაუქმდეს. მხოლოდ პროპორციული სისტემის შემთხვევაში კარგად ჩანს პარტიის რეიტინგი.

მადონა ბოლქვაძე -სოლომონიძე („პატრიოტთა ალიანსი“)

ამ თემაზე არ მიფიქრია და ვერ გიპასუხებთ.

მიხეილ მახარაძე („ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“)

მაჟორიტარული სისტემა არ უნდა გაუქმდეს, მაგრამ ის, რაც „ოცნების“ ხელისუფლებამ შემოიღო, მიუღებელია და ამ მიმართულებით ამჟამინდელი პრემიერის მოსაზრება უნდა გადაიქცეს საკანონმდებლო ინიციატივად. მაჟორიტარი გახლავთ კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი პარლამენტში. ყველა მუნიციპალიტეტს უნდა ჰყავდეს პარლამენტში თავისი დამცველი და პრობლემების გამხმიანებელი.

კითხვა 8: პარლამენტში თქვენი არჩევის შემთხვევაში თუკი ოპოზიციაში იქნებით, რა გზებით შეეცდებით თქვენი დაპირებების განხორციელებას?

ანზორ ბოლქვაძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“)

არ მიფიქრია მაგაზე და სხვათა შორის იმედი მაქვს ვიქნები უმრავლესობაში.

ირაკლი ჯორბენაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2016 წლის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს იგებს!

მინურ აბულაძე („პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის“)

მომავალი მთავრობა და პარლამენტი კოალიციური იქნება და ჩვენ კოალიციურ რეჟიმში გავიტანთ ინიციატივებს.

თემურ ავალიანი („თავისუფალი დემოკრატები“)

ვიბრძოლებ მაქსიმალურად. ჩავალ ხალხთან, დავრაზმავ კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოვაწყობ შეხვედრებს და მოსვენებას არ მივცემ ხელისუფლებას.

მადონა ბოლქვაძე-სოლომონიძე („პატრიოტთა ალიანსი“)

მე ვფიქრობ, უმრავლესობაში მოვხვდები.

მიხეილ მახარაძე („ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“)

მთავარია, იყოს სურვილი, რომ დაეხმარო ადამიანებს და აკეთო საქმე, რომელიც სჭირდება საკუთარ ქვეყანას და ხალხს. უმრავლესობის რიგებიდან უფრო ადვილია პრობლემების გადაწყვეტა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციიდან არაფრის კეთება არ შეიძლება. ვფიქრობ, პარლამენტის უმრავლესობაშიც უხვად იქნებიან ადამიანები, რომლებიც ქვეყანასა და ხალხს მხოლოდ ვიწრო პარტიული პრიზმიდან არ აღიქვამენ. პარლამენტი უნდა იქცეს აზრთა და წინადადებათა განხილვის, ჯანსაღი კამათის, გააზრებული კანონშემოქმედების ასპარეზად. საკუთარ და ვიწრო პარტიულ ინტერეებზე მაღლა ქვეყნის ინტერესები თუ არ დავაყენეთ, ჩვენი საშველი არ იქნება. ტყუილად გვაქვს იმედი, რომ უცხოელი გადასახადის გადამხდელები ჩვენს საკეთებელს დააფინანსებენ. დარწმუნებული ვარ, ყველა ფინანსური დახმარების უკან დგას დამფინანსებელის ინტერესები, რომლებშიც ვერანაირად ვერ იქნება პრიორიტეტული ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ინტერესები. დრო მოვიდა, ქართველი გადამხდელიც ზუსტად ამ პრიზმიდა

თეგები: