30 აგვისტოს, გადაცემა "არჩევანში", საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, დავით ბაქრაძემ, განაცხადა,
რომ აზიის ქვეყნებთან საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა აქვს. მინისტრის თქმით, ინდოეთიდან საქართველომ 700 მილიონიანი ინვესტიცია მიიღო, ხოლო სამხრეთ კორეიდან შემოსულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციამ ერთი მილიარდი შეადგინა.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) აქვეყნებს. საქსტატის მონაცემებით, 2013
წლიდან 2016 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით, ინდოეთიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა. დროის ამ მონაკვეთში საქართველოდან ინდოეთში 12 მილიონი დოლარი გაიტანეს. რაც შეეხება სამხრეთ კორეას, დროის ამავე პერიოდში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა სამხრეთ კორეიდან 62 მილიონი დოლარი შეადგინა.
საქსტატი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე სტატისტიკას 1996 წლიდან აწარმოებს. 1996 წლიდან 2016 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით, ინდოეთიდან 52 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, სამხრეთ კორეიდან კი 112 მილიონი დოლარი. შესაბამისად, 20 წლიან პერიოდში განხორციელებული ინვესტიციებიც კი, ძალიან ჩამორჩება სახელმწიფო მინისტრის მიერ დასახელებულ რიცხვებს.
ცხრილი 1:
სამხრეთ კორეიდან და ინდოეთიდან განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (მილიონი დოლარი)
სამხრეთ კორეა | ინდოეთი | |
2005 | 6.4 | - |
2006 | 3 | 0.1 |
2007 | - | 0.06 |
2008 | - | 26.9 |
2009 | - | 0.2 |
2010 | - | 14.8 |
2011 | - | 16.2 |
2012 | - | 5.1 |
2013 | 0.1 | -12.5 |
2014 | 0.6 | 0.2 |
2015 | 29.8 | 0.2 |
2016 (I კვარტალი) | 32 | -0.1 |
წყარო: საქსტატი
საქსტატის ინფორმაციით,
2015 წელს საქართველოში ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყანა აზერბაიჯანი იყო. აზერბაიჯანიდან შარშან 550 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 2013 და 2014 წლებში, ინვესტიციების მხრივ, ლიდერი ნიდერლანდები იყო - 153 და 374 მილიონი დოლარით.
რეგიონების მხრივ, 2015 წელს, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 753 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, დსთ-ის ქვეყნებიდან 592 მილიონი დოლარის, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებიდან - 171 მილიონი დოლარი.
ჯამში, 2013 წელს 941 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, 2014 წელს - 1.75 მილიარდი დოლარი, 2015 წელს - 1.56 მილიარდი დოლარი, ხოლო 2016 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციების მოცულობამ 376 მილიონი დოლარი შეადგინა.
გრაფიკი 1:
ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნები 2013-2015 წლებში (მილიონი აშშ დოლარი)
შესაძლოა, დავით ბაქრაძე ინდოეთიდან 700 მილიონიან ინვესტიციაზე საუბრისას "ტატა ჯგუფის" ინიციატივას გულისხმობდა, რომლის მიხედვითაც, ენერგეტიკაში 700 მილიონიანი ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო. "ტატა ჯგუფის" წარმომადგენლები 2013 წელს ეკონომიკის მინისტრსაც შეხვდნენ, თუმცა, როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, ქვეყანას აღნიშნული ინვესტიცია არ მიუღია. რაც შეეხება სამხრეთ კორეულ ინვესტიციას, 2015 წელს კორეულმა კომპანია K-Water-მა საპარტნიორო ფონდთან ერთად ნენსკრა-ჰესის მშენებლობა დააანონსა. პროექტის თანახმად, 2019 წლამდე 1 მილიარდი დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.2015 წლის ივლისში ჰესის მშენებლობაზე ხელშეკრულება K-Water-მა იტალიურ კომპანია Salini Impregilo-თან გააფორმა. 2015 წლის სექტემბერში კი, ჰესის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.
დასკვნა 2013
წლიდან 2016 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით, სამხრეთ კორეიდან შემოსულმა ინვესტიციებმა 62 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო ინდოეთიდან ინვესტიციების უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა (-12 მილიონი დოლარი). მას შემდეგ, რაც საქსტატი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ითვლის, ანუ 1996 წლიდან, სამხრეთ კორეიდან ჯამში 112 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ინდოეთიდან კი 52 მილიონი დოლარის. სახელმწიფო მინისტრის მიერ დასახელებული რიცხვები (700 მილიონი და 1 მილიარდი) ოფიციალური მონაცემებისგან მნიშვნელოვნად არის აცდენილი. დავით ბაქრაძემ განხორციელებულ ინვესტიციებში შესაძლოა ორი პროექტის გეგმა იგულისხმა, თუმცა მათი შედეგი ჯერ ქართულ ეკონომიკაზე არ ასახულა.
ამდენად, დავით ბაქრაძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.