მიმდინარე წლის აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში 477 840 ადამიანი სოციალურად დაუცველია. საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მთლიანი მოსახლეობის 12.8%-ს შეადგენს. მათი ყოველთვიური ფულადი დახმარება საარსებო მინიმუმზე დაახლოებით სამჯერ ნაკლებია.

პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე, პოლიტიკური პარტიები საარჩევნო პროგრამებსა და დაპირებებში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე აკეთებენ აქცენტს. ჩვენ სტატიაში მაღალრეიტინგული პოლიტიკური პარტიების დაპირებები გავაანალიზეთ.

„ქართული ოცნება“

მოქმედმა ხელისუფლებამ მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში უკვე განახორციელა რამდენიმე ცვლილება.

2013 წლის ივლისიდან გაორმაგდა ფულადი სოციალური დახმარება.

2015 წლის მაისიდან სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალი მეთოდოლოგია ამოქმედდა. ახალი მეთოდოლოგიით, ნებისმიერი წევრი ისეთი ოჯახისა, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 000-ს არ აღემატება, თვეში 60 ლარს იღებს, 30 000-დან 57 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წევრები – 50 ლარს, 57 000-დან 60 000-მდე – 40 ლარს, ხოლო 60 000-დან 65 000-მდე კი – 30 ლარს.

ამასთანავე, სოციალურად დაუცველი ნებისმიერი ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100 ათასს არ აღემატება, თითოეულ ბავშვზე 10-ლარიან დანამატს იღებს. მიზნობრივი სოციალური დახმარების წინა მეთოდოლოგიაში ბავშვზე დანამატი და 57 000 სარეიტინგო ქულის ზევით ფულადი დახმარება გათვალისწინებული არ იყო.

აღსანიშნავია, რომ ახალი მეთოდოლოგიის ამოქმედებამ საარსებო შემწეობის მიმღებთა ბაზაში სოციალურად დაუცველების, მათ შორის მარტოხელა პენსიონერების რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება გამოიწვია, რასაც ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. მოგვიანებით ფორმულაში ცვლილებები შევიდა და მარტოხელა პენსიონერების დიდი ნაწილი კვლავ აღადგინეს საარსებო შემწეობის მიმღებთა ბაზაში.

„ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო პროგრამა ჯერ არ გაუსაჯაროებია. ხელისუფლებას არც არსებული მეთოდოლოგიის გადახედვაზე და არც სოციალური დახმარების გაზრდაზე არ გაუკეთებია განცხადება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალ მეთოდოლოგიას ჯერ კიდევ ამოქმედებამდე აკრიტიკებდა. ისინი მუდმივად ითხოვდნენ საარსებო შემწეობის აღდგენას იმ ოჯახებისთვის, ვისაც ახალი ფორმულით გადამოწმების შემდეგ დახმარება მოეხსნათ.

„ენმ“ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესებით გეგმავს. მათი სამოქმედო გეგმის მიხედვით, გაიზრდება სოციალური დახმარების მიმღები ოჯახების რაოდენობა და ჯანდაცვის სრული პაკეტით მოსარგებლეთა რაოდენობა.

„საარსებო შემწეობა აღუდგება ყველა იმ ოჯახს, რომელსაც ის უსამართლოდ გაუუქმდა; შემოვიღებთ საარსებო შემწეობის დანიშვნის მკაფიო, მარტივ და სამართლიან კრიტერიუმებს და არ დავუშვებთ შემუშავებული კრიტერიუმების ხშირ და უსაფუძვლო გადახედვას“, – აღნიშნულია პარტიის სამოქმედო გეგმაში.

პაატა ბურჭულაძემოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის

18 აგვისტოს პარტია „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ უკვე არსებულ საარჩევნო ბლოკთან „ახალი არჩევანი“ („გირჩი“, „ახალი მემარჯვენეები“, „ახალი საქართველო“) გაერთიანდა. მათ ერთობლივი საარჩევნო პროგრამა ჯერ არ გამოუქვეყნებიათ.

„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ საუბრობდა საარსებო შემწეობის 50 პროცენტით გაზრდაზე, თუმცა ეს დაპირება კოალიციის შექმნის შემდეგ აღარ გაჟღერებულა.

საარჩევნო ბლოკის შექმნის შემდეგ, პაატა ბურჭულაძემ 30 აგვისტოს განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის რაოდენობა მილიონამდე გაიზრდება. ამას პარტიაში იმით ხსნიან, რომ რეალურად უფრო მეტი ადამიანია სიღარიბის ზღვარს მიღმა. თუმცა სანამ ყველა იმ ოჯახის სოციალური მდგომარეობა თავიდან არ გადამოწმდება, ვისაც დახმარების მიღებაზე განაცხადი აქვს გაკეთებული, ვერ განსაზღვრავთ, რამდენი ადამიანია რეალურად სიღარიბის ზღვარს მიღმა.

იმისთვის, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მილიონამდე გაიზარდოს, მიზნობრივი სოციალური დახმარების ბიუჯეტის მინიმუმ გაორმაგება იქნება საჭირო. თუ საარჩევნო ბლოკი საარსებო შემწეობის გაორმაგების პირობასაც უცვლელად დატოვებს, მაშინ პროგრამის ბიუჯეტის, მინიმუმ, გაოთხმაგება მოუწევთ.

ამასთანავე, ბურჭულაძის განცხადებით, მათი გამარჯვების შემთხვევაში მილიონ ადამიანს სოციალური დახმარება დაუყოვნებლივ დაენიშნება, რაც ნაკლებად რეალისტურია, რადგან, გარდა იმისა, რომ აღნიშნული სახელმწიფო ბიუჯეტში მყისიერი ცვლილებების შეტანას მოითხოვს, დახმარების მიმღებთა ბაზაში ოჯახების დასამატებლად საჭიროა მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს, ერთბაშად ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის გადამოწმება კი პრაქტიკულად შეუძლებელია.

პარტია მოსახლეობას, ასევე, ჰპირდება, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსი უწყვეტად 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ. მათივე განმარტებით, „აღნიშნული ხელს შეუწყობს, რომ მოქალაქეებმა უარი არ თქვან ალტერნატიულ შემოსავალზე და შანსზე, დაძლიონ სიღარიბე“.

აღსანიშნავია, რომ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, საარსებო შემწეობის (რომელიც მათთვის სტაბილური შემოსავალია) მოხსნის შიშით, მართლაც ხშირად ამბობენ უარს სამსახურზე. თუმცა UNISEF-ის შინამეურნეობების კვლევები აჩვენებს, რომ ქვეყანაში არის მოწყვლადი ჯგუფები, ოჯახები ადვილად ღარიბდებიან და პირიქითაც, მათი მდგომარეობა უმჯობესდება. შესაბამისად, იცვლება საარსებო შემწეობის მიმღები მოქალაქეების რაოდენობაც.

ირაკლი ალასანიათავისუფალი დემოკრატები

„თავისუფალი დემოკრატები“ წინასაარჩევნოდ ეკონომიკის ზრდის ხარჯზე მოსახლეობას პენსიის, საარსებო მინიმუმისა და მინიმალური ხელფასის ზრდას ჰპირდება. პარტიაში აცხადებენ, რომ სოციალური ხარჯები მილიარდ-ნახევრით გაიზრდება.

უშუალოდ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების კონკრეტული გეგმა ან დაპირება პარტიას ჯერჯერობით არ გაუჟღერებია.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი

„დავით თარხან-მოურავი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი ბინა, სახლებს უფასოდ გადასცემს. მათი განმარტებით, ამისთვის ყოველწლიურად ბიუჯეტის 2% დაიხარჯება.

ამასთანავე, „პატრიოტთა ალიანსი“ აცხადებს, რომ ხელმოკლე ოჯახები უფასოდ მიიღებენ აუცილებელ საკვებ პროდუქტს, მედიკამენტებს, ტანსაცმელს და მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ.

დასკვნა

საარჩევნო დაპირებებში ხშირად ჟღერს ისეთი სიტყვები, როგორიცაა „უფასო“, „მილიონი“, რაც ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს. თუმცა, როგორც წესი, მსგავსი დაპირებები ან ვერ ხორციელდება, ან არასრულყოფილად ხორციელდება. ამის მაგალითებად გამოდგება „უფასო ჯანდაცვისა“ და „მილიონი ხის“ დაპირებები, რომლებმაც ის მოლოდინი ვერ გაამართლა, რაც თავის დროზე ამომრჩეველში გააჩინა.