ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული განცხადების თანახმად, ყვარლის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური ნაგავსაყრელი ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოწესრიგდა.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა და ეს ინფორმაცია გადაამოწმა.
ყვარელში ნაგავსაყრელი მდინარე დურუჯის განაპირას არის მოწყობილი. პროექტი შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით განხორციელდა. ამჟამად, ყვარლის მუნიციპალური ნაგავსაყრელის მოწესრიგების სამუშაოები დასრულებულია. პოლიგონის ტერიტორიაზე ორი დახურული ავზი (ბუნკერი), ნარჩენების გადამტვირთი სადგური და სამეურნეო ზონაა მოწყობილი. ასევე, მოწესრიგებულია პოლიგონის შიდა გზები (იხ. ფოტოები).ფაქტ-მეტრი ყვარლის ა(ა)იპ "კეთილმოწყობის სამსახურის" უფროსის მოადგილეს, შენგელი ხიზანიშვილს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ პროექტის ღირებულებამ 445 220 ლარი შეადგინა, რაც მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და პროექტმა საბოლოოდ გადაჭრა ყველა პრობლემა, რომელიც ნაგავსაყრელების თემას უკავშირდებოდა. "წლების მანძილზე მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს სტიქიურად, ყოველგვარი სანიტარული ნორმების დარღვევით ყრიდა. ის ანაგვიანებდა მდინარეს, გარემოს, ვენახებს. ამჟამად, როგორც ყვარლიდან, ისე მუნიციპალიტეტის ყველა სოფლიდან, ყოველდღიურად 16-18 კუბური მეტრი მყარი ნარჩენები დახურულ ნაგავსაყრელზე სანიტარული ნორმების დაცვით შედის. ამ საქმეს 5 მანქანა ემსახურება - ორი სპეციალიზებული (ბუნკერების ამკრეფ-ჩამტვირთავი) და სამი თვითმცლელი. როდესაც ბუნკერები ივსება, ნარჩენები თელავის მუნიციპალიტეტში არსებულ ნაგავსაყრელზე გადაგვაქვს" - აღნიშნა ხიზანიშვილმა.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას მოსახლეობასთანაც შეეცადა. გამოვკითხეთ ყვარლის სხვადასხვა ქუჩების - მარჯანიშვილის, გამარჯვების, გოგებაშვილის, ჭავჭავაძის - მაცხოვრებლები, გავესაუბრეთ იოსებ ვარამიშვილს, გიორგი რუსიაშვილს, თამაზ ბაღაღოშვილს და ბესიკ ავაზაშვილს, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ნაგვის გატანის პრობლემა მოგვარებულია და კვირა დღის გარდა, ქალაქში განთავსებული ბუნკერები ყოველდღიურად იცლება. "ჩემი ვენახი ნაგავსაყრელის სიახლოვეს მდებარეობს. ადრე, ვიდრე ეს ადგილი მოწესრიგდებოდა, ქარის დროს, სტიქიურად მოწყობილი ნაგავსაყრელიდან ჩემს ნაკვეთში იყრებოდა ცელოფანის პარკები და სხვა ნაგავი. ახლა პრობლემა მოგვარებულია. ქალაქში თუ გახვალთ, დარწმუნდებით, რომ ნამდვილად სუფთა გარემოა" - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ადგილობრივმა მცხოვრებმა ნოდარ მაისაშვილმა.
ყვარლის ნაგავსაყრელიდან ნარჩენები საბოლოოდ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ცენტრალურ ნაგავსაყრელზე იგზავნება. ფაქტ-მეტრი შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" კახეთის რეგიონის უფროს კოორდინატორს თენგიზ გიორგობიანს დაუკავშირდა. მისი თქმით, "თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების - გულგულა-ყარაჯლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილმა კაპიტალურმა ნაგავსაყრელმა თელავის, ყვარლის, ახმეტის და, ნაწილობრივ, გურჯაანის მუნიციპალიტეტებში ნარჩენების მართვის პრობლემა მოხსნა. ამ მუნიციპალიტეტებიდან შემოსული ნარჩენები იპრესება და მიწის საფარით იფარება. მომავალში ვგეგმავთ ნარჩენების სეპარირებას და თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით მის გადამუშავებას". დასკვნაფაქტ-მეტრმა ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადება გადაამოწმა, რომლის მიხედვითაც, ყვარლის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური ნაგავსაყრელი ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. ყვარლის ნაგავსაყრელი მართლაც მოწესრიგდა, გაკეთდა ორი დახურული ბუნკერი, სადაც ნარჩენები გროვდება, ხოლო შემდგომ თელავის მუნიციპალიტეტში არსებულ ნაგავსაყრელზე გადააქვთ. ჩვენ, ასევე, ადგილობრივ მაცხოვრებლებს გავესაუბრეთ, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ნაგავსაყრელის ამოქმედების შემდეგ ქალაქში ნარჩენების პრობლემა მოგვარებულია.
შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადება არის სიმართლე.