რომ არა ნეპოტიზმი, რატომ უნდა მუშაობდეს გამგებლის ცოლი სამ ადგილას? რატომ უნდა დაინიშნოს გამგებლის სიდედრის ტურიზმის სპეციალობის მქონე ძმისშვილი საბავშვო ბაღში ფსიქოლოგად?!"
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი აღნიშნულ თანამდებობას 2014 წლის ივლისიდან იკავებს.
ფაქტ-მეტრი გამგებლის მეუღლეს, ექიმ მაია მაზმიშვილს დაუკავშირდა. მან არ უარყო, რომ ამჟამად სამ სხვადასხვა ადგილას მუშაობს, თუმცა განმარტა, რომ სამივე სამსახურში იქამდე დაიწყო მუშაობა, ვიდრე მისი ქმარი გამგებელი გახდებოდა. "წლებია, ამ პროფესიას ვემსახურები, უამრავ სამედიცინო დაწესებულებაში მიმუშავია და ახლა ჩემი ქმრის სახელით მანიპულირება ჩემთვის შეურაცხმყოფელიც კია" - აღნიშნა მაზმიშვილმა.
მაია მაზმიშვილი ჯანდაცვის სფეროში 1996 წლიდან მუშაობს. ამ დროიდან, იგი კასპის მუნიციპალიტეტში კერძო სამედიცინო სადაზღვეო კომპანიის "პსპ დაზღვევის" წარმომადგენელია. 2011 წლიდან კი, შპს "მედალფაში" ექიმი პედიატრის თანამდებობას იკავებს.
რაც შეეხება მის სახელმწიფო სამსახურს, იგი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ რენეს ამბულატორიაში 2014 წლის ოქტომბერში [ჯანდაცვის სამინისტრომ აქ ახალი ბრიგადა დაამატა]დაინიშნა. აღნიშნული ამბულატორია ძირითადად ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას ითვალისწინებს. როგორც თავად მაზმიშვილი ამბობს, რენეს ამბულატორიაში მისი 2011 წლის განცხადების საფუძველზე დაიწყო მუშაობა. "აგვისტოს ომის შემდეგ ე.წ. საზღვრისპირა სოფლებისთვის ახალი ბრიგადის დამატება იგეგმებოდა. 2011 წელს მეც დავწერე განცხადება, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ბრიგადისა და პერსონალის დამატების პროცესი გაჭიანურდა, ამიტომ, დაახლოებით 2 წელი, ლოდინი მომიწია" - განაცხადა მაზმიშვილმა. ფაქტ-მეტრი ზემოხსენებული განცხადებისა და დამსაქმებელთან დადებული ხელშეკრულების მოძიებას შეეცადა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრომ კონფიდენციალურობის მოტივით აღნიშნული დოკუმენტაციის მოწოდებაზე უარი გვითხრა.
ვახტანგ ბეჟიტაშვილმა გამგებლის სიდედრის ძმისშვილზე, თამარ ბერიაშვილზეც ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, ტურიზმის სპეციალისტია და საბავშვო ბაღში ფსიქოლოგად მხოლოდ გამგებელთან ნათესაური კავშირის გამო დაინიშნა.
კასპის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ "სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება" 2009 წლის ივნისში ჩამოყალიბდა. იგი ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ფინანსდება, თუმცა პერსონალის მიღება-გათავისუფლება და სხვა ადმინისტრაციული საკითხების გადაწყვეტა უშუალოდ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის პრეროგატივაა.
თამარ ბერიაშვილი 2016 წლის 11 აპრილს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთის საბავშო ბაღში ფსიქოლოგის თანამდებობაზე ნამდვილად დაინიშნა.ფაქტ-მეტრი განცხადების ადრესატს, თამარ ბერიაშვილს დაუკავშირდა. მან განცხადებაში მოყვანილი ფაქტი უარყო და განმარტა: "უნივერსიტეტში ფსიქოლოგია მეორად პროფესიად შევისწავლე და დიპლომშიც გარკვევით წერია ეს. რაც შეეხება იმას, რომ თითქოს ტურიზმის სპეციალისტი ვარ, ტყუილია. ვინაიდან ინგლისური და გერმანული ენები ვიცი, რამდენჯერმე ტურისტებს გავყევი გიდად. მხოლოდ ეს მაკავშირებს ამ პროფესიასთან".
2012წელს თამარ ბერიაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ბაკალავრიატი დაამთავრა, მეორად პროფესიად კი ფსიქოლოგია შეისწავლა. მართალია, დამატებითი სპეციალობა სტუდენტს აკადემიურ ხარისხს არ ანიჭებს, თუმცა გარკვეულ საბაზისო დარგობრივ ცოდნასა და კომპეტენციებს აძლევს. ასევე, მეორადი პროფესიით დასაქმებას არც კანონი ზღუდავს.
ფაქტ-მეტრი "კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებას" დაუკავშირდა. "თამარ ბერიაშვილის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და დიპლომი (იხ. ბმული 1, ბმული 2),სადაც უწერია, რომ ფსიგოლოგიაც დამთავრებული აქვს, შესაბამისობაში იყო ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან" - განაცხადა კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დირექტორმა მანანა ხვთისიაშვილმა.
დასკვნა
ფაქტ-მეტრის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მაია მაზმიშვილისა და თამარ ბერიაშვილის დასაქმებასთან კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის გოჩა გოჩიტაშვილის უშუალო კავშირი არ იკვეთება. მაია მაზმიშვილი მედიცინის სფეროში 1996 წლიდან მუშაობს. ასევე, არ დასტურდება განცხადება თამარ ბერიაშვილის დანიშვნის შესახებაც. მართალია, ა(ა)იპ "სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები" ადგილობრივ თვითმმართველობას ექვემდებარება, თუმცა არაფერი ადასტურებს იმას, რომ თამარ ბერიაშვილი მხოლოდ გამგებელთან ნათესაური კავშირის გამო დასაქმდა. აგრეთვე, არ დასტურდება განცხადების ის ნაწილი, სადაც ბეჟიტაშვილი ამბობს, რომ ბერიაშვილი არა ფსიქოლოგიის, არამედ ტურიზმის სპეციალისტია.
შესაბამისად, ვახტანგ ბეჟიტაშვილის განცხადება არის მცდარი.