მავთულხლართების მიღმა მცხოვრები ოჯახი არჩევნებში მონაწილეობას ვერ ახერხებს. 84 წლის დავით ვანიშვილს, მის მეუღლესა და მათთან მცხოვრებ 22 წლის შვილიშვილს საკუთარი არჩევნის დასაფიქსირებლად საარჩევნო უბანზე მისვლა არ შეუძლიათ. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ისინი ვერ გადაადგილდებიან და შესაბამისად, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მათი ხმა წელსაც იკარგება.

„ფაქტ-მეტრთან“ საუბარში ისინი აღნიშნავენ, რომ მავთულხლართებთან მათი მიახლოება და მეორე მხარეს მყოფ ადამიანებთან კომუნიკაცია კატეგორიულად ეკრძალებათ, რის გამოც გადასატანი ყუთით ხმის მიცემაც არ შეუძლიათ. სურვილის მიუხედავად, მათ არჩევანი ვერც 2013 წლის საპრეზიდენტო და ვერც 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს გააკეთეს.

„ბოლო წლებში, მე და ჩემი ოჯახის ორი წევრი არჩევნებში ვეღარ ვმონაწილეობთ, რადგან ამის საშუალებას გავლებული მავთულხლართები არ გვაძლევს. პენსიასაც მეზობლების დახმარებით ვიღებთ და იქიდან გამომდინარე, რომ ლარს აქ ვერაფერში ვიყენებთ, ისევ მავთულხლართების იქით მცხოვრები ოჯახების დახმარებით რუსულ რუბლზე ვცვლით და ასე ვწვალობთ.

ჩემი მეუღლე ავად არის და ვერც წამლის შესაძენად გადმოვდივართ, არათუ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ჩემი გოგო ზეღდულეთშია (გორის რაიონის სოფელი) გათხოვილი და ამ მავთულხლართებიდან ის თუ მომაწვდის ხოლმე საჭმელს, მაგრამ ისიც დიდი შიშითა და რისკით“, – აცხადებს დავით ვანიშვილი.

რუსეთის მესაზღვრეები ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ ოჯახს ხელოვნური ბარიერების გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ. „დაწესებულ ზღვარს“ გადასული ვანიშვილები რუსი „მესაზღვრეებისგან“ არაერთხელ დასჯილან, ამიტომ სიტუაციის გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, საარჩევნო ხმის უფლების დასაცავად ვერავითარ ზომებს ვერ იღებენ. მათი ხმების დაცვას ვერც ქართული მხარე ახერხებს.

„რეალური სურათი, სამწუხაროდ, ასეთია – ვანიშვილების არჩევნებში მონაწილეობა ფიზიკურად შეუძლებელია. ისინი ვერ მივლენ საარჩევნო უბანზე, რადგან მავთულხლართებს აქეთ რუსი ჯარისკაცები არ უშვებენ და ვერც საარჩევნო კომისიის წევრებს ეძლევათ საშუალება ოკუპირებულ ტერიტორიაზე უსაფრთხოდ გადაადგილდნენ და მათ ოჯახში გადასატანი ყუთი მიიტანონ“, – ამბობს გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ხურვალეთში როინ ადიკაშვილი.

უფლებადამცველი ორგანიზაციების ნაწილს ამ თემასა და გამოსავლის გზებზე ჯერჯერობით არ უმსჯელია. „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები საკითხით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი „ფაქტ-მეტრმა“ სთხოვათ.

„ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, რა ქმედითი მექანიზმებით შეიძლება, მავთულხლართებს მიღმა დარჩენილმა მოსახლეობამ ხმის მიცემის უფლების განხორციელება შეძლოს. დავინტერესდებით, ცესკოს თუ აქვს ამ კუთხით ნამსჯელი. ერთ-ერთი გამოსავალი შესაძლოა, იყოს გადასატანი ყუთით ხმის მიცემა. თუმცა, მნიშვნელოვანია მოსახლეობის უსაფრთხოება, რათა ისინი შემდგომ არ გახდნენ საოკუპაციო რეჟიმის მიერ შევიწროებისა და ძალადობის მსხვერპლი“, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

ვანიშვილების საარჩევნო ხმის დაცვაზე პასუხისმგებლობას ვერც ცენტრალური საარჩევნო კომისია იღებს.

„1932 წელს დაბადებული დავით ვანიშვილი ფიქსირდება ამომრჩეველთა ერთიან სიაში. შესაბამისად, მას უფლება აქვს, ხმა მისცეს სოფელ ხურვალეთში, კონკრეტულ საარჩევნო უბანზე. იმ შემთხვევაში, თუ ის ვერ მოახერხებს გადაადგილებას, მონაწილეობას ვერ მიიღებს საარჩევნო პროცესში. რაც შეეხება გადასატან ყუთს, ჩვენი წარმომადგენლები ვერ მივლენ მათთან, ჩვენ ვერ გავუშვებთ, მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე“, – აცხადებს ცესკოს წარმომადგენელი ანა მიქელაძე.

არჩევნების დღეს პრობლემები არა მხოლოდ ვანიშვილებს, არამედ ადგილზე ჩასულ მედიის წარმომადგენლებსაც ექმნებათ. ჟურნალისტი ია თინიკაშვილი 2013 წლის არჩევნებზე სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი ვანიშვილების ხმის მიცემის უფლებით დაინტერესდა და ადგილზე ჩავიდა. დღის პირველ ნახევარში მავთულხლართებთან ქართველი სამართალდამცველების თანხლებით, მოგვიანებით კი მათ გარეშე მივიდა.

„შუადღისას აღარ გვინდოდა სამართალდამცველების შეწუხება და მათ გარეშე, ჩემს გადამღებ ჯგუფთან ერთად მივედი მავთულხლართებთან ვანიშვილების ოჯახის გასაშუქებლად. თუმცა, მავთულხლართის მეორე მხარეს ოსური სანომრე ნიშნით მოძრავი „ოპელის“ მარკის ავტომანქანა გაჩერდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა.

იმ შემთხვევაში, თუ ოპერატორი კამერას მათკენ მიაბრუნებდა, მანქანაში მჯდომი სამი პირი ცეცხლის გახსნით დაგვემუქრა. ერთ-ერთმა, ლურჯი ფერის სამხედრო ფორმით მავთულხლართზე გადმოსვლა სცადა. გადამღებ ჯგუფს მავთულხლართებს მიღმა მცხოვრები დავით ვანიშვილის მეუღლე გამოეხმაურა. თუმცა, მანქანაში მყოფმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მასაც მიაყენეს“, – იხსენებს ჟურნალისტი.

საია-ს გორის ოფისის თავმჯდომარე ქეთი ბებიაშვილი ფიქრობს, რომ 8 ოქტომბრამდე ქართულმა მხარემ ეს საკითხი ერგნეთის (IPRM) შეხვედრაზე უნდა დააყენოს იმისთვის, რომ ვანიშვილების საარჩევნო ხმები არ დაიკარგოს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მხარეები სოფელ ერგნეთში, ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე თვეში ერთხელ იკრიბებიან, სადაც ძირითადად ადგილობრივ საერთო პრობლემებსა და ე.წ. საზღვრის გადაკვეთისთვის დაკავებული მოქალაქეების საკითხს განიხილავენ.

დაახლოებით 3 წლის წინ, აღნიშნული ბრალდებით დააკავეს დავით ვანიშვილის შვილი მეუღლესთან ერთად, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში ცხოვრობენ და ხურვალეთში მშობლებთან შეხვედრას ცდილობდნენ. რუსი ჯარისკაცების მიერ დაკავებული იყო თავად დავით ვანიშვილი და მისი ახალგაზრდა შვილიშვილიც, რომლებიც მათივე სოფელში, მავთულხლართების მეორე მხარეს (ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე) გადაადგილებისას შეამჩნიეს.

არსებული მდგომარეობის გამო, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში, ვანიშვილები მონაწილეობას უკვე მესამეჯერ ვერ მიიღებენ. უსაფრთხოების ზომების დაცვას ქართული მხარე ვერ უზრუნველყოფს და შესაბამისად, გადასატანი ყუთიც ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიას ვერ გასცდება. მსგავს საკითხებზე ვანიშვილებს რუს სამხედროებთან საუბარიც კი აკრძალული აქვთ, ამიტომ მათი ხმის დაცვას რთული პროცესების გადალახვა უკავშირდება, რომელსაც საკუთარ თავზე ჯერჯერობით ვერავინ იღებს.