თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, ვაკეში, ნინო ჟვანიას #10-ში მცხოვრებლებმა შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ მათ ბინებში უცხო ხალხია ჩაწერილი. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ მცხოვრებს ცნობა დასჭირდა საცხოვრებელი ადგილის შესახებ და საჯარო რეესტრში უთხრეს, რომ მის ბინაში 7 ადამიანი იყო ჩაწერილი. სახლის პატრონი აქედან სამს საერთოდ არ იცნობდა.

შემდეგ მისმა მეზობლებმაც გადაამოწმეს და აღმოჩნდა, რომ ყველა ბინაში 3-4 უცხო ადამიანი იყო ჩაწერილი. მერე გვერდით კორპუსის მცხოვრებლებს უთხრეს და აღმოჩნდა, რომ ამ კორპუსშიც იგივე სიტუაცია იყო.

„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ცხელ ხაზზე (2 40 10 10) დავრეკეთ და გადავამოწმეთ ინფორმაცია, სადაც განგვიმარტეს, რომ შეუძლიათ, გვითხრან, კონკრეტულ მისამართზე რამდენი ადამიანია ჩაწერილი და იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. მიწერილი ხალხი არსებობს, მაშინ ბინის მფლობელს კონკრეტული პროცედურების გავლისა და დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე შეუძლია მათი ამოწერა. თუმცა, ცხელ ხაზზე მხოლოდ ჩაწერილთა რაოდენობის შესახებ გასცემენ ინფორმაციას და მათ ვინაობას არ აკონკრეტებენ.

ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ ამ პრობლემის შესახებ მოქალაქეები მათთან ხშირად რეკავენ. მაგრამ კონკრეტული ინფორმაციის მისაღებად უწყების პრესსამსახურთან გადაგვამისამართეს, საიდანაც ინფორმაციის მიღება, ფაქტობრივად, შეუძლებელი აღმოჩნდა. არადა, მხოლოდ სტატისტიკურ ინფორმაციას ვითხოვდით.

იუსტიციის სამინისტროს სამსახურის ასეთი დამოკიდებულება კი ბევრ კითხვას აჩენს და მათ შორის იმას, რომ მიზანმიმართულად ხდება ინფორმაციის დამალვა.

„ფაქტია, რომ რაღაც მიზანმიმართულად ხდება. როგორც ჩანს, რაღაც სქემაა და ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს ე.წ. კარუსელებით მანიპულაციები. ნამდვილად არის საკითხები, რომელსაც, ნებსით თუ უნებლიეთ, საარჩევნო პროცესს უკავშირებ და ვნახოთ“, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი მიხეილ მაჭავარიანი, რომელიც საარჩევნო საკითხებზე წლების განმავლობაში მუშაობს.

ამომრჩეველთა სიების გადამოწმების სახელმწიფო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი, მამუკა კაციტაძე კი არ გამორიცხავს, რომ ეს ე.წ. მიწერა უმისამართოების პრობლემის მოგვარებისთვის ხდებოდეს.

საქმე ის არის, რომ 2012 წლის მონაცემებით, ე.წ. უმისამართოების რაოდენობა, ანუ იმ კატეგორიის ადამიანებისა, ვინც საცხოვრებელი სხვადასხვა პრობლემის გამო დაკარგეს და ახლა საკუთრება არ გააჩნიათ, 189 ათასზე მეტი იყო. მაშინ ეს ხალხი ძველი მისამართებით სიებში ჩასვეს, ოღონდ მათთვის ცალკე სიები იყო შედგენილი.

2012 წლის შემდეგ კი ხელისუფლებამ უკვე კანონში ჩაწერა, რომ ადამიანების ეს კატეგორია ამომრჩეველთა სიაში არ უნდა ყოფილიყო. მაგრამ ამით მათი კონსტიტუციური უფლება იზღუდება და კაციტაძე ვარაუდობს, რომ ხელისუფლება ამ პრობლემის მოგვარებას მათი სხვა მისამართებზე მიწერით ცდილობს.

„ეს რამდენად არის პრობლემის მოგვარება, ძნელი სათქმელია და ისიც ფაქტია, რომ ამით მანიპულირების საშუალება რჩება. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს შეგნებულად ხდებოდეს. ვნახოთ. ცხადია, პრობლემა ბევრია, რაც არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით, რბილად რომ ვთქვათ, პრობლემებს შექმნის“, – ამბობს მამუკა კაციტაძე.

საინტერესო კი ის არის, რომ მიწერების პრობლემა განსაკუთრებით ახლად აშენებულ კორპუსებშია. მცხოვრებთა თქმით, ეს პრობლემა საპრეზიდენტო არჩევნების დროს არ ყოფილა, ანუ უცხო ადამიანების ჩაწერა 2013 წლის ოქტომბრის შემდეგ მოხდა.

ე.წ. უმისამართოების საკითხი

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, ე.წ. უმისამართო ადამიანები ამომრჩეველთა სიიდან უნდა ამოეღო. 2012 წლის მონაცემებით, ასეთი მოქალაქეების რაოდენობა 189 ათასზე მეტი იყო.

მაგრამ ამით მათი კონსტიტუციური უფლება იზღუდება და ხელისუფლება იძულებულია, მათ რაიმე მისამართი მოუძებნოს. ამიტომაც, როგორც ჩანს, ამ პრობლემის მოსაგვარებლად მათი სხვადასხვა მისამართებზე მიწერა ხდება.

თუ ვინმე აღმოაჩენს ასეთ მიწერილს, მის ამოწერას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება და დიდი შანსია, მისი ამოწერა არჩევნებამდე ვერც კი მოხერხდეს. ცესკო აცხადებს, რომ ყველა ადამიანს შეუძლია, საკუთარი თავი გადაამოწმოს, სიაში არის თუ არა, მაგრამ გადამოწმება ხდება მხოლოდ პირადობის მოწმობის მონაცემებით და ოჯახის წევრი ან მეგობარი თუ არ არის, შეუძლებელია, გაიგო, ვინ არის სიაში და ვინ – არა, ვინაიდან სრული სია არ საჯაროვდება. არჩევნების დღეებში უბანზე გამოკრული სიის გადამოწმებით კი არაფერი იცვლება, რადგან ამ დროს სიაში ვეღარაფერს შეცვლიან, შეცდომები რომც დაფიქსირდეს.

ანუ გამოდის, რომ საარჩევნო სიაში არსებობს ხალხი, რომლებიც რეალურად ან არ არსებობენ, ან სხვა უბნების სიებშიც არიან და სიაში მყოფს ვერც ერთი კომისიის წევრი ვერ ეტყვის, რომ ხმის მიცემა არ შეუძლია. მით უმეტეს, რომ ეს ხალხი აქ პირადობის მოწმობით იქნება დაფიქსირებული.

ამომრჩეველთა მთლიანი რაოდენობა

კანონმდებლობით, ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებაზე ცესკოა პასუხისმგებელი და შესაბამისად, ცესკოს მონაცემები ითვლება ოფიციალურ მონაცემებად. ცესკოს მონაცემებით კი, საქართველოში რეგისტრირებულია 3 513 260 ამომრჩეველი. თუმცა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა, 2015 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, რომელიც 2016 წლის აპრილის ბოლოს გამოქვეყნდა, 3 713804-ს შეადგენს.

თუკი ცესკოსა და საყოველთაო აღწერის შედეგებს შევადარებთ, ძალიან დიდი შეუსაბამობა ჩანს. 3 713 804-კაციანი მოსახლეობიდან 3513260 ამომრჩეველი ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

საქართველოს კანონმდებლობით, ამომრჩევლად ითვლება 18 წლის და ზემოთ მოქალაქე. განათლების სამინისტროს მონაცემებით, 2014-2015 წელს მოსწავლეების რაოდენობა 454 000 იყო. ამას ემატება სკოლამდელი ასაკის ბავშვები, რომელთა რაოდენობაც, უხეში გათვლებით, 200-220 ათასია. საერთო ჯამში, 18 წლამდე ასაკის მოქალაქეები 670-680 ათასამდე შეიძლება ვივარაუდოთ. ეს კი ამომრჩეველთა რაოდენობაში დაახლოებით ნახევარმილიონიან განსხვავებას გვაძლევს.

ამ შეუსაბამობას კი ცესკოში მეთოდოლოგიით ხსნიან.

„განსხვავება შეიძლება იყოს იმიტომ, რომ მეთოდოლოგიაა განსხვავებული, რადგან ამომრჩეველთა სიაში მხოლოდ 18 წლის ზემოთ ასაკის პირები არიან. ამასთანავე, აღწერა არ მოიცავს იმ ადამიანების შესახებ ინფორმაციას სრულად, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ არიან. ამომრჩეველთა სიაში კი, კანონმდებლობის თანახმად, არის ყველა ის მოქალაქე, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან და მნიშვნელობა არ აქვს, ამ დროს სად იმყოფებიან“, – ამბობს ჩვენთან საუბრისას ცესკოს სპიკერი ანა მიქელაძე.

სწორედ ამ შეუსაბამობის გამო გახდა ეს საკითხი დავის საგანი.

„ვერ გავიგე, როგორ ითვლის სტატისტიკის დეპარტამენტი აღწერის შედეგებს და როგორ ითვლის იუსტიციის სამინისტრო ამომრჩეველთა სიებს. სტატისტიკის დეპარტამენტი ამბობს, რომ მისი აღწერის თანახმად 3 მილიონ 720 ათასი ადამიანია საქართველოში. ხოლო ამომრჩეველთა სიის მიხედვით – 3 მილიონ 530 ათასი. განსხვავება ამათ შორის დაახლოებით 200 ათასამდეა. ანუ ჩვენ 18 წელზე ქვემოთ 200 ათას ადამიანზე მეტი არ გვყავს?“ – განცხადა მამუკა კაციტაძემ.

სწორედ ამიტომ ოპოზიცია შიშობს, რომ ეს საკითხი ისევ ხელისუფლების სასარგებლოდ იქნება გამოყენებული, რაც არჩევნების დემოკრატიულობას ეჭვქვეშ აყენებს.

რატომ არღვევს ცესკო სიის გამოქვეყნების ვადებს

ამას ემატება ისიც, რომ საარჩევნო წლის განმავლობაში ცესკომ ამომრჩეველთა სიის გამოქვეყნების ვადები დაარღვია. საქმე ისაა, რომ, კანონმდებლობის თანახმად, ცესკო ამომრჩეველთა სიას წელიწადში ოთხჯერ აახლებს და ამისთვის კონკრეტული თარიღებია განსაზღვრული. ცესკომ ამომრჩეველთა სია უნდა გამოაქვეყნოს 1-ელ თებერვალს, 1-ელ მაისს, 1-ელ ივლისსა და 1-ელ ნოემბერს.

1-ელ თებერვალს განახლებული სია არ გამოქვეყნებულა. ცესკოს ვეგბერდზე მითითება, რომ ამომრჩეველთა სია 1-ელ თებერვლის მდგომარეობით არის გამოქვეყნებული, მხოლოდ მარტის ბოლოს გაჩნდა. ამასთანავე, დაგვიანებაზე არანაირი განმარტება არ გაკეთებულა და, რაც მთავარია, 1-ლი ნოემბრის მონაცემები უცვლელად იქნა გადმოტანილი.

სიის განახლებაზე კი პასუხისმგებელი ცესკოა, რომელიც სიას, კანონით დადგენილი წესით, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებიდან, კერძოდ, სამოქალაქო რეესტრიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროდან, სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან და შსს-ს საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აახლებს. თუმცა, ცესკო ამაზე კომენტარს არ აკეთებს. მამუკა კაციტაძის თქმით კი, „ეს იმას ნიშნავს, რომ კანონმდებლობა დაირღვა“.