ბოლო დროს საქართველოში ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. არსებული ნაკადის სამომავლო ზრდისთვის აუცილებელია, საერთაშორისო ბაზარზე ქვეყანა კონკურენტუნარიანი და მიმზიდველი იყოს. დაბალი ფასები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რასაც ტურისტები მოგზაურობისას ითვალისწინებენ. თუმცა, დღესდღეობით ჩვენი ქვეყანა ამ ნიშით ნამდვილად არ გამოირჩევა.
რა ჯდება დასვენება ბათუმში და რა ჯდება იგივე მომსახურება ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქალაქ ბარსელონაში? ფასების შესადარებლად სხვადასხვა ტურისტულ კომპანიებს ვესაუბრეთ.
როგორც აღმოჩნდა, ბათუმში საშუალო დონის (სამვარსკვლავიანი) სასტუმროში ღამის გატარება ერთჯერადი კვებით დაახლოებით $60-70 ჯდება. თუ ავიღებთ ანალოგიურ მომსახურებას ბარსელონაში, ეს დაახლოებით $35-40 ფარგლებში მერყეობს.
გარდა სასტუმროებში არსებული მაღალი ფასებისა, ტურისტებისთვის პრობლემურია კვებაც. ბარსელონაში საშუალო დონის რესტორანში ერთ პერსონაზე სადილი დაახლოებით $15 ჯდება. რესტორნები საქართველოში ასეთი მაღალი ფასებით არ გამოირჩევა, თუმცა, მომსახურების ხარისხი გაცილებით დაბალია, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში.
ტურისტული კომპანიები ერთხმად აღიარებენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში დასვენება გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. არსებული ფიქსირებული ფასების გარდა, პრობლემაა გადაადგილებაც, ასევე, ადგილობრივ მაღაზიებში არსებული ფასები.
ამის კარგი მაგალითია სულ ცოტა ხნის წინ ჩატარებული „Maroon 5“-ის კონცერტი, რომელმაც აჩვენა, რომ აჭარა ასეთი მასშტაბის კონცერტსა და ტურისტების ნაკადს მოუმზადებელი შეხვდა. გარდა არარეალურად მაღალი ფასებისა, საკვები ობიექტების სიმცირე და საწოლი ადგილების დეფიციტიც გამოიკვეთა.
რატომ არის საქართველოში ასეთი მაღალი ფასები და რა გზები არსებობს აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად? ამ და სხვა საკითხებზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე გვესაუბრა:
„ევროპის ქვეყნებს ტურიზმის სფეროს განვითარების დიდი ისტორია აქვთ. განვითარებული ინფრასტრუქტურა, თავისუფალი საბაზრო პოლიტიკა, ინვესტიციების დიდი რაოდენობა კონკურენციის მაღალი დონეს ქმნის, რაც დაბალ ფასებსა და მაღალი ხარისხის მომსახურებაზე აისახება. რასაც ვერ ვიტყვით ბათუმის შემთხვევაში, რადგან ობიექტების დეფიციტი გვაქვს, არ არის არჩევანის საშუალება. შესაბამისად, არსებული ობიექტები სეზონზე განსაკუთრებით მაღალ ფასებზე მუშაობენ.
ამ შემთხვევაში სახელმწიფოს თანამონაწილეობა იმაში მდგომარეობს, რომ უზრუნველყოს თავისუფალი საბაზრო პოლიტიკა, მეტი ტურისტის მოსაზიდად აწარმოოს აგრესიული მარკეტინგული პოლიტიკა. მოთხოვნის გაზრდა მიწოდების გაზრდას განაპირობებს.
შესაბამისად, მეტი ინვესტიციის შემოსვლის შემთხვევაში გაიზრდება კონკურენციის ხარისხი, რაც ავტომატურად დაწევს ფასებს. ამის კარგი მაგალითია თბილისი, სადაც ფასები განთავსების ადგილებზე წინა პერიოდთან შედარებით საგრძნობლად დაწეულია. სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულმა ინვესტიციებმა გაზარდა მოთხოვნა, გაიზარდა მიწოდებაც და კონკურენციაც.
გარდა არსებული პრობლემისა, სერიოზული გამოწვევაა მომსახურების დაბალი ხარისხი. უცხო ენების ცოდნის, დაბალი კვალიფიკაციის, განათლების პრობლემა დგას დღეს ჩვენს წინაშე. საერთო ჯამში, ტურიზმის სფეროში კვალიფიციური კადრების სიმცირეა. ამ მიმართულებით აუცილებელია, სახელმწიფომ კვალიფიციური კადრების მომზადებისთვის ამ სფეროში ინვესტიცია ჩადოს.
იმისთვის, რომ მეტი ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში, აუცილებელია, ტურისტული ნაკადის მზარდი ტენდენცია ყოველწლიურად შევინარჩუნოთ. მთავრობის პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს არა მეზობელი ქვეყნებიდან შემოსულ ტურისტთა რაოდენობის გაზრდაზე, არამედ ბაზრების დივერსიფიცირებაზე, რაც დღეს არ ხდება. ბაზრების დივერსიფიკაციის გარეშე ვერ მივაღწევთ სტაბილურობას და ქვეყანაში შემოსული ტურისტების ნაკადის სიდიდე რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული“.