მისი განცხადებით, "2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ 22% მიიღო. თუ ხელისუფლებამ ტოტალურად გააყალბა არჩევნები, სახელისუფლებო პარტიამ რატომ არ მიიღო თუნდაც 64%?"
კონსტიტუციის მიღების შემდეგ, 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნები რიგით მესამე საპარლამენტო არჩევნები იყო საქართველოში. მასში მონაწილეობა სულ თვრამეტმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიიღო, თუმცა 7%-იანი ზღვარი მხოლოდ ექვსმა მათგანმა გადალახა. არჩევნების პარალელურად, ასევე რეფერენდუმიც გაიმართა, რომელიც პარლამენტის წევრთა რაოდენობის 235-დან 150-მდე შემცირებას ეხებოდა.
2003წლისთვის სახელისუფლებო გაერთიანება "მოქალაქეთა კავშირის" მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. გაერთიანება სხვა წევრებთან ერთად მიხეილ სააკაშვილმა და ზურაბ ჟვანიამ დატოვეს, რასაც, მოგვიანებით, 2002 წლის თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხება მოჰყვა. სახელისუფლებო გაერთიანებისადმი ნდობის დაკარგვის პარალელურად, იზრდებოდა ოპოზიციური პარტიების რეიტინგი. თბილისის საკრებულოს არჩევნებში პირველი ოთხი ადგილი ( 1. "ლეიბორისტები", 2. "ნაციონალური მოძრაობა", 3. ზ. ჟვანიას "ქრისტიან-კონსერვატიული პარტია", 4. "ახალი მემარჯვენეები") ოპოზიციურმა პარტიებმა დაიკავეს და ჯამში 49-დან 40 მანდატი აიღეს.
2003 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი ძალადობითა და სხვადასხვა ტიპის ხარვეზებითგამოირჩეოდა, რაზეც ყურადღება არასამთავრობო ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა (ეუთო და ევროსაბჭოს მეთვალყურეთა ჯგუფი) გაამახვილეს. არაერთხელ აღინიშნა არჩევნების გაყალბების შესაძლებლობაც, ვინაიდან იმდროინდელი ხელისუფლება სიების დაზუსტებასა და მარკირების სისტემის სრულმასშტაბიანად გამოყენებას ბლოკავდა. ყველა ეს ფაქტორი, ჯამში, არჩევნების არასამართლიან პირობებში ჩატარების მაღალ შესაძლებლობას ტოვებდა.
2003წლის 2 ნოემბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, პირველი ადგილი სახელისუფლებო ბლოკმა - "საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა" დაიკავა (21.32%). მეორე ადგილზე პროსახელისუფლებო ბლოკი - "დემოკრატიული აღორძინების კავშირი" გავიდა (18.84%), მესამე ადგილი "ნაციონალურ მოძრაობას" (18.08%), მეოთხე კი "ლეიბორისტულ პარტიას" (12.04%) ერგო. ცესკო-ს მიერ გამოცხადებული შედეგები ოპოზიციურმა პარტიებმა ფალსიფიცირებულად მიიჩნიეს. მათი პოზიციით, არჩევნები ტოტალური გაყალბების რეჟიმში მიმდინარეობდა და შესაბამისად, მისი შედეგი რეალურ სურათს არ ასახავდა.
აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" მიერ ჩატარებული ხმის ალტერნატიული დათვლის შედეგებით, პირველი ადგილი "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიკავა (26.6%), შემდეგ კი მას "მოქალაქეთა კავშირი" (18.9%), "ლეიბორისტული პარტია" (17.6%) და "ბურჯანაძე-დემორკატები" (10.15%) მოსდევდნენ. აღნიშნული დათვლის შესაბამისად, "აღორძინებამ" მხოლოდ 8% მიიღო, რაც ორჯერ ჩამორჩებოდა ცესკოს მიერ გაცხადებულ ოფიციალურ მონაცემებს. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, არჩევნები უკიდურესად კრიტიკულად შეაფასაეუთოს სადამკვირვებლო მისიამ. არჩევნების შემდეგ გამოქვეყნებულ ოფიციალურ ანგარიშში ნათქვამია, რომ "ხელისუფლების მხრიდან არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების პოლიტიკური ნება არ არსებობდა, რაც ხმების ფართომასშტაბიან და სისტემურ გაყალბებაში გამოვლინდა". ამ მხრივ, განსაკუთრებით ორი რეგიონი - აჭარა და ქვემო ქართლი გამოირჩეოდნენ. ანგარიშის თანახმად, საარჩევნო სიების მოუწესრიგებლობის გამო ელექტორატის საკმაოდ დიდი ნაწილი ხმის მიცემის უფლების გარეშე დარჩა. აღნიშნული პრობლემა ყველაზე მეტად დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში დაფიქსირდა. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ იყო ზეწოლის ფაქტები ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებზე და, ასევე, სახელისუფლებო პოლიტიკური გაერთიანების სასიკეთოდ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული რესურსები. საერთაშორისო დამკვირვებლების მონაცემებით, ხშირი იყო ერთი პირის მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემისა და საარჩევნო ურნის დაზიანების ფაქტები. აღნიშნულ დარღვევებზე ეუთომ პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დააკისრა. ბუნებრივია, ეს პასუხისმგებლობა მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ კობა ნარჩემაშვილზეც ვრცელდებოდა.
არჩევნების გაყალბებამ მოსახლეობაში მასობრივი პროტესტი გამოიწვია, რასაც ქუჩის აქციები და შემდგომში "ვარდების რევოლუციად" წოდებული პროცესების განვითარება მოჰყვა. საბოლოოდ კი, ყველაფერი ხელისუფლების ცვლილებით დასრულდა. უზენაესმა სასამართლომ პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები გაუქმებულად გამოაცხადა. 2004 წლის 28 მარტს საპარლამენტო არჩევნები თავიდან გაიმართა, სადაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხმების 67% აიღო. მეორე ადგილზე, 7.6%-ით, "ახალი მემარჯვენეების" და "მრეწველების" ბლოკი გავიდა, ხოლო "დემოკრატიული აღორძინების კავშირმა" 6%-ით მესამე ადგილი დაიკავა. "მოქალაქეთა კავშირს" 2004 წლის არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.
დასკვნა 2003
წელს საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაყალბდა. ეს ფაქტი დაადასტურეს ეუთოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" მიერ ჩატარებული ხმის ალტერნატიული დათვლის შედეგებით, სახელისუფლებო პარტიების ("მოქალაქეთა კავშირი" და "აღორძინება") მონაცემები ოფიციალურ შედეგებს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, კობა ნარჩემაშვილის განცხადება არის ტყუილი.