საკრებულოს თავმჯდომარის თქმით: "საბჭოთა პერიოდის შემდეგ პირველად, ქალაქში ორი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, რამდენიმე ბაღს გაუკეთდა მიშენება და რეკონსტრუქცია. მიმდინარეობს ბაღების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის და გადაიარაღების პროცესი, საბავშვო ბაღებში შემსუბუქდა შრომითი პირობები, გაიზარდა ხელფასი, გადაიჭრა საბავშვო ბაღებში ცხელი წყლის პრობლემა, ბავშვები გადაყვანილნი არიან სამჯერად კვებაზე".
ჩვენ ქუთაისის მერიას ოფიციალური წერილით მივმართეთ და 1990 წლიდან დღემდე ბაღებში არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოვითხოვეთ. მიღებული პასუხი მხოლოდ 2011-2016 წლების ინფორმაციას მოიცავს. ქუთაისის მერიის განმარტებით, "საბავშვო ბაღების გაერთიანება" 2011 წელს შეიქმნა, შესაბამისად მათ 2011 წლამდე ბაღებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ქუთაისის მერიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციით ირკვევა, რომ ა(ა)იპ "ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში" 37 ბაღი ერთიანდება. 2015 წელს აშენდა ორი ახალი საბავშვო ბაღი, კაპიტალურად შეკეთდა ერთი, სამს მიშენება გაუკეთდა. ქუთაისის მერიის განმარტებით, ყოველ ზაფხულს, საჭიროების მიხედვით, ყველა ფილიალში მცირე მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს. ბაღები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ყველა მათგანს აქვს გათბობა და ცხელი წყალი. ჩვენ ქუთაისის მერიიდან ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ გასული წლების სტატისტიკაც გამოვითხოვეთ, მაგრამ აღნიშნული ინფორმაცია ვერ მივიღეთ.დამატებითი ინფორმაციისთვის ქუთაისის "საბავშვო ბაღების გაერთიანებას" მივმართეთ. გაერთიანების დირექტორის მოადგილემ, თამთა ფოფხაძემ, ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ გაერთიანება 1990-2011 წლებში ბაღებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მართლაც არ ფლობს. ორგანიზაცია 2011 წელს შეიქმნა და შესაბამისად, მათ ხელთ არსებული ინფორმაციაც მხოლოდ 2011-2016 წლების მონაცემებს მოიცავს.
თუმცა, ჩვენი ამ სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 4 ოქტომბერს, ქუთაისის საკრებულომ მოგვაწოდა ქალაქ ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაცია,რომლის თანახმადაც, 1990 წლიდან 2015 წლამდე საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ნებართვა არ გაცემულა.
თამთა ფოფხაძის განცხადებით, ქუთაისის "საბავშვო ბაღების გაერთიანება" სულ 37 ბაგა-ბაღს აერთიანებს და ყველა მათგანი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მისივე თქმით, 2015 წელს აშენდა #36 და #37 ბაგა-ბაღები. ასევე, #14, #25 და #30 საბავშვო ბაგა-ბაღებს მიშენება გაუკეთდა. თამთა ფოფხაძის განმარტებით, ცხელი წყლით ყველა ბაღი უზრუნველყოფილი ჯერ არ არის, თუმცა, შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს. ცხელი წყლის საკითხის მოგვარება ბაღების გაერთიანებამ გასულ წელს დაიწყო. ამ მიმართულებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 ათასი ლარი დაიხარჯება. ბაღების გაერთიანებაში განმარტეს, რომ პედაგოგებს სამუშაო დატვირთვაც შეუმსუბუქდათ. 2015 წელს ბაღებში მეორე ცვლის აღმზრდელი დაემატა. დამატებითი აღმზრდელები პედაგოგებს დღის მეორე ნახევარში ენაცვლებიან. დღის პედაგოგი კი, რომელიც 18 საათამდე მუშაობდა, სამსახურს 16 საათზე ასრულებს. რაც შეეხება საბავშვო ბაღების თანამშრომლების ხელფასებს, თამთა ფოფხაძის თქმით, მიმდინარე წელს მათი ხელფასები 25-დან 145 ლარის ფარგლებში გაიზარდა. ჩვენ წინა წლების ხელფასების ზრდის ტემპითაც დავინტერესდით, მაგრამ ამ ინფორმაციას გაერთიანება არ ფლობს.
ცხრილი 1:
ბაღის პედაგოგების ხელფასები
წარმომადგენელი | მეთოდისტი | ფსიქოლოგი | ლოგოპედი | აღმზრდელი | მეორე ცვლის აღმზრდელი | მუსიკის მასწავლებელი | |
ხელზე ასაღები ხელფასი | 500 | 344 | 256 | 256 | 320 | 160 | 248 |
თამთა ფოფხაძის თქმით, ქუთაისის საბავშვო ბაღებში კვება სამჯერადი 2015 წლიდან გახდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კვების სამჯერად რეჟიმზე გადასვლა ბაღებში მეორე ცვლის აღმზრდელების დამატებამ გამოიწვია. შესაბამისად, გახანგრძლივდა ბაღებში ბავშვების დარჩენის დროც. სამჯერადი კვება ბაღებში 90-იან წლებშიც არსებობდა, როცა ბავშვები იქ ორ ცვლაში იმყოფებოდნენ.
მიმდინარე წელს ქუთაისის საბავშვო ბაღებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 9 მილიონ 740 ათასი ლარია განსაზღვრული.რაც შეეხება 2012-2016 წლების ბიუჯეტს, ის შემდეგნაირად გამოიყურება:
ცხრილი 2:
ქუთაისის საბავშვო ბაღების ბიუჯეტი 2012-2016 წლებში (ათასი ლარი)
მთლიანი ბიუჯეტი | კვების ხარჯები | თანამშრომელთა ხელფასები | სხვა ხარჯები | |
2012 | 4 856 | 890 | 3 900 | 66 |
2013 | 5 650 | 940 | 3 900 | 810 |
2014 | 7 233 | 1 100 | 5 350 | 783 |
2015 | 8 200 | 1 783 | 5 350 | 1067 |
2016 | 9 740 | 1 920 | 7 067 | 753 |
როგორც ცხრილიდან ჩანს, საბავშვო ბაღების ბიუჯეტი 2013 წლიდან ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2016 წლის მონაცემებით კი, ბაღებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი გაორმაგებულია. რაც შეეხება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა სახელფასო ფონდს, მისი ზრდა 2014 წლიდან დაიწყო და მოცემული მომენტისთვის მთლიანი სახელფასო ფონდი 2012 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სახელფასო ფონდის ზრდა ბაღებში მეორე ცვლის პედაგოგების დამატებითაც არის განპირობებული.
დასკვნა
ქუთაისის მერიისა და "საბავშვო ბაღების გაერთიანების" ინფორმაციით, 2015 წელს ქუთაისში ორი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, სამ ბაღს მიშენება გაუკეთდა, კაპიტალურად კი ერთი მათგანი შეკეთდა. მიმდინარეობს საბავშვო ბაღების ცხელი წლით უზრუნველყოფის პროცესი, რომელიც ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება. საბავშვო ბაღების აღსაზრდელები გადაყვანილნი არიან სამჯერადი კვების რეჟიმზე. ამასთან, შემსუბუქდა საბავშვო ბაღების აღმზრდელთა სამუშაო საათები და გაიზარდა მათი ხელფასებიც.
სტატიაზე მუშაობის პროცესში ჩვენ გასულ წლებში ბაღებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ. შესაბამისად, ვერც იმის დადგენა შევძელით, 90-იანი წლების შემდეგ ბაღების მშენებლობისა და რეკონსტრუქციის კუთხით ჩატარებული სამუშაოები პირველად მართლაც 2015 განხორციელდა თუ არა. თუმცა, სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, სტატიაზე რეაგირების კონტექსტში, ქუთაისის საკრებულომ მოგვაწოდა ქალაქ ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაცია,რომლის თანახმადაც, 1990 წლიდან 2015 წლამდე საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ნებართვა არ გაცემულა. ეს კი, გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ აღნიშნულ პერიოდში, დიდი ალბათობით, ქუთაისში ახალი საბავშვო ბაღი არ აშენებულა.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, დავით დვალის განცხადება არის სიმართლე.