მიმდინარე წლის 25 ივნისს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ეთერში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა: "355 მილიონი არის არგადახდები ბანკებისადმი. ანუ, წარმოიდგინეთ, ხალხს ისე გაუჭირდა, ფული არ არის, ეკონომიკა არ არის, შემოსავლები შემცირდა".
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
მიხეილ მაჭავარიანი გადაუხდელ სესხებში ვადაგადაცილებულ სესხებს გულისხმობს. 2016 წლის 1 ივნისის მდგომარეობით ვადაგადაცილებული სესხების მოცულობამ 361 მლნ ლარი შეადგინა, დასახელებული 355 მლნ ლარი კი მაისის თვის მონაცემს შეესაბამება. 2012 წლის ბოლოს ვადაგადაცილებული სესხები 223 მლნ ლარი იყო. ამავდროულად, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 17 ივნისის №51/04 ბრძანებით,ვადაგადაცილებული სესხი განიმარტება, როგორც "სესხი, რომლის ძირითადი თანხის (მისი ნაწილის) ან პროცენტის განვადებით გათვალისწინებული თანხის გადახდა არ მომხდარა 30-ზე მეტი კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმებული თარიღის შემდეგ". შესაბამისად, აღნიშნული კატეგორიის ქვეშ მოქცეული სესხების ჯამური მოცულობა არ შეიძლება იქნეს განხილული როგორც ბანკებისთვის არგადახდილი თანხები, არამედ ეს არის ჯამური მოცულობა სესხების, რომლებზეც გრაფიკით გათვალისწინებული გადახდის განხორციელება დაგვიანდა მინიმუმ 30 დღით. თუმცა, ვადაგადაცილებული სესხების ზრდა ნამდვილად შეიძლება განვიხილოთ როგორც ეკონომიკაში არსებული ნეგატიური ტენდენციების გამომხატველი.
ვადაგადაცილებული სესხების პრობლემის შესაფასებლად უნდა გავითვალისწინოთ ასეთი სესხების წილი მთლიანად ეკონომიკაზე გაცემული სესხების მოცულობაში (გრაფიკი 1) და არა ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა აბსოლუტურ გამოსახულებაში (მლნ ლარებში). თუ გაცემული სესხების მოცულობა იზრდება, მოსალოდნელია ვადაგადაცილებული სესხების აბსოლუტური მაჩვენებლის შესაბამისი ზრდაც. ეს თავისთავად არ არის პრობლემის მაჩვენებელი, თუ მათი წილი მთლიანი სესხების მიმართ არ იზრდება.
გრაფიკი 1:
ვადაგადაცილებული სესხების წილობრივი მაჩვენებლები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2008 წლის მეორე ნახევრიდან, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე, ვადაგადაცილებული სესხების წილი მკვეთრად გაიზრდა და პიკს 2009 წლის მეორე ნახევარში მიაღწია, რის შემდგომაც შემცირების ტენდენცია ჰქონდა, თუმცა 2010 წლის ბოლომდე 3%-ზე მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. 2011 -2016 წლების განმავლობაში ვადაგადაცილებული სესხების წილი მთლიან მოცულობაში 2-დან 3%-მდე მერყეობს და გამოკვეთილია შემცირების ტენდენცია.
აქვე აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ბოლოდან ლარის გაუფასურების შედეგად გაძვირდა უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მომსახურება, ვინაიდან მსესხებელთა უმთავრესი ნაწილი შემოსავალს ეროვნულ ვალუტაში იღებს. გრაფიკიდნ ჩანს, რომ აღნიშნულ პერიოდში ვადაგადაცილებული სესხების წილობრივი მაჩვენებლის გარკვეული ზრდა შესამჩნევია უცხოურ ვალუტაში არსებული სესხების შემთხვევაში, თუმცა ცვლილება ჯამური მაჩვენებლის მკვეთრ ზრდაში არ ასახულა.
მიხეილ მაჭავარიანი სასესხო ვალდებულებების შეუსრულებლობას მოქალაქეთა შემოსავლების შემცირებით ხსნის. ცხრილი 1 და ცხრილი 2 ასახავენ მონაცემებს საშუალო ნომინალური ხელფასისა და ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ცვლილების შესახებ. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ჩანს, საშუალო ნომინალური ხელფასიც და ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ც ზრდის ტენდენციით ხასიათდება.
ცხრილი 1:
საშუალო ნომინალური ხელფასი
I კვ. | II კვ. | III კვ. | IV კვ. | |||||
ხელფასი | ზრდის ტემპი | ხელფასი | ზრდის ტემპი | ხელფასი | ზრდის ტემპი | ხელფასი | ზრდის ტემპი | |
2011 | 631 | 11.8% | 679 | 13.5% | 687 | 12.8% | 761 | 14.5% |
2012 | 676 | 7.1% | 724 | 6.5% | 753 | 9.6% | 813 | 6.8% |
2013 | 730 | 7.9% | 797 | 10.0% | 800 | 6.2% | 875 | 7.7% |
2014 | 795 | 9.0% | 864 | 8.5% | 851 | 6.4% | 950 | 8.5% |
2015 | 856 | 7.6% | 934 | 8.1% | 930 | 9.3% | 1,011 | 6.5% |
2016 | 913 | 6.7% | - | - | - | - | - | - |
ცხრილი 2: მშპ ერთ სულ მოსახლეზე [1]
2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2015 I კვ. | 2016 I კვ. | |
მშპ ერთ სულზე (მიმდინარე ფასებში), ლარი | 5,447 | 5,818 | 5,988 | 6,492 | 8,534 | 1,856 | 1,976 |
რეალური მშპ ერთ სულზე (2010 წლის ფასებში), ლარი | 4,977 | 5,259 | 5,454 | 5,698 | 7,081 | 1,492 | 1,528 |
დასკვნა
დასახელებული გადაუხდელი სესხების 355 მლნ ლარი შეესაბამება 2016 წლის მაისის ვადაგადაცილებული სესხების მოცულობას. ვადაგადაცილებული სესხების ზრდა ნამდვილად მიანიშნებს უარყოფით ეკონომიკურ ტენდენციებს, თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ის იზრდება არა აბსოლუტურ მნიშვნელობაში არამედ გაცემული სესხების ჯამური მოცულობის მიმართ პროცენტულად. ვადაგადაცილებული სესხები ეკონომიკაზე გაცემული სესხების მნიშვნელობასთან მიმართებით 2011-2016 წლების მანძილზე 2-დან 3%-მდე მერყეობს, შესამჩნევი შემცირების ტენდენციით.
საქსტატის მონაცემებით, შემოსავლების შემცირება არ დასტურდება. 2013-2016 წლებში მშპ ერთ სულ მოსახლეზე და საშუალო ნომინალური ხელფასი ზრდის ტენდენციით ხასიათდება, მიუხედავად იმისა, რომ 2013-2016 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 2010-2012 წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შენელდა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, მიხეილ მაჭავარიანის განცხადება არის მეტწილად მცდარი.___________________________ [1] 2015-2016 წლების მონაცემები ეყრდნობა 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის, 2010-2014 წლების მონაცემები კი 2002 წლის აღწერის შედეგებს. შესაბამისად, 2010-2014 წლების მონაცემები ექვემდებარება დაზუსტებას.