უკვე მეორე წელია, "ქართული ოცნების" უნიათო ხელისუფლებამ ვერ მოახერხა სტანდარტების მიღება და შესაბამისად, ვერ განახორციელა სახელმძღვანელოების გრიფირება". მისი თქმით, სწორედ ამის შედეგია, რომ შარშანდელი სასწავლო წელი მოსწავლეებმა თითქმის გამოუსადეგარი სახელმძღვანელოებით გაატარეს. წელს კი, განათლების სამინისტრო 10 მილიონამდე საბიუჯეტო სახსრების გაღებას გეგმავს იმ სახელმძღვანელოების დასაბეჭდად, რომელიც შემდეგი სასწავლო წლისთვის, ახალი სტანდარტის მიღების გამო, უკვე გამოუსადეგარი იქნება.
ფაქტ-მეტრმა სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხი შეისწავლა.
სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფის მინიჭების წესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის #30/ნ ბრძანებაარეგულირებს. სახელმძღვანელოების გრიფირება სამი ეტაპისგან შედგება:
- ეტაპი I - განაცხადების მიღება-გადარჩევა;
- ეტაპი II - სახელმძღვანელოს/სერიის შეფასება;
- ეტაპი III - გრიფის მინიჭება-გამოქვეყნება.
სახელმძღვანელოს/სერიის გრიფის მოქმედების ვადა 6 წლით განისაზღვრება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ კლასის/საფეხურის შესაბამისი საგნის სასწავლო გეგმა იცვლება, რაც უკვე მინიჭებული გრიფის გაუქმების საფუძველია.
მოცემული მომენტისთვის მოქმედი სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შესაბამისი კონკურსი 2011-2012 წლებში გამოაცხადა. 2011 წელს გრიფი I-VI კლასების სახელმძღვანელოებს მიენიჭა. 2012წელს გრიფირების ახალი წესი VI-XII კლასებსაც შეეხო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სახელმძღვანელოები 2017-2018 სასწავლო წლისათვის უკვე გამოუსადეგარი იქნება. 2018-2019 სასწავლო წლისათვის კი, მეშვიდედან მეთორმეტე კლასის სახელმძღვანელოებიც უნდა შეიცვალოს.
სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების ახალ წესზე მუშაობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო. 2014 წლის თებერვალში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა www.edu.aris.ge -თან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, 1-6 კლასის სახელმძღვანელოების რევიზია თითქმის დასრულებული იყო და სახელმძღვანელოების გრიფირების ახალი წესიც 2015 წლის იანვრის ბოლოსთვის მზად იქნებოდა. 2015 წლის თებერვალში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა,რომ სახელმძღვანელოების გრიფირების ახალ წესზე მუშაობა თითქმის დასრულებული იყო და გაზაფხულის ბოლოსთვის გამომცემლობებისთვის ტენდერი უნდა გამოცხადებულიყო. თუმცა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმძღვანელოების გრიფირებისთვის კონკურსი ამ დრომდე არ გამოუცხადებია. მიზეზის დასაზუსტებლად ჩვენ განათლების სამინისტროს დავუკავშირდით. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიმარტეს, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების ახალი წესის მიღების გაჭიანურება ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშვებამ განაპირობა. პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე მუშაობა დასრულებულია და ის საკანონმდებლო მაცნეში უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. სავარაუდოდ, სწორედ ამის შემდეგ გამოცხადდება სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებისათვის საჭირო კონკურსიც. თუმცა, კონკრეტულად როდის, ამ კითხვაზე უწყებაში პასუხი არ აქვთ.
აქვე გასათვალისწინებელია ე.წ. უფასო სახელმძღვანელოების პროგრამაც, რომელიც 2013 წლიდან ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში სასკოლო სახელმძღვანელოები 3 წლიანი ცვეთის ვადით დაიბეჭდა. შესაბამისად, 2016-2017 სასწავლო წლისთვის არსებული სახელმძღვანელოების მარაგი სრულად უნდა განახლდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი მიმდინარე წლისათვის სახელმძღვანელოების გრიფირება ვერ მოესწრება, წელს დაბეჭდილი სახელმძღვანელოები მომავალი სასწავლო წლისათვის (2017-2018) უკვე გამოუსადეგარი იქნება და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაღებული თანხაც არაეფექტურად გაიხარჯება. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, 2016 წელს მოსწავლეების სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამისთვის 12 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
დასკვნაგანათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების ახალ წესზე მუშაობა 2014 წლიდან დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის გაზაფხულის ბოლოსთვის გამომცემლობებისთვის ტენდერი უნდა გამოცხადებულიყო. თუმცა, სამინისტროს სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირება ამ დრომდე არ გამოუცხადებია. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ 2016-2017 სასწავლო წლისთვის ე.წ. უფასო სახელმძღვანელოების პროგრამის ფარგლებში, წესის მიხედვით, სახელმძღვანელოები სრულად უნდა განახლდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი მიმდინარე წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სახელმძღვანელოების გრიფირება ვერ მოასწრო, დაბეჭდილი სახელმძღვანელოები 2017-2018 სასწავლო წლისთვის უკვე გამოუსადეგარი იქნება. შესაბამისად, არაეფექტურად გაიხარჯება საბიუჯეტო სახსრებიც.
ფატ-მეტრის დასკვნით, სერგო რატინის განცხადება არის სიმართლე.