მიმდინარე წლის 20 მაისს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელმა მდივანმა, სერგო რატიანმა განაცხადა: "უკვე მეორე წელია, "ქართული ოცნების" უნიათო ხელისუფლებამ ვერ მოახერხა სტანდარტების მიღება და შესაბამისად, ვერ განახორციელა სახელმძღვანელოების გრიფირება". მისი თქმით, სწორედ ამის შედეგია, რომ შარშანდელი სასწავლო წელი მოსწავლეებმა თითქმის გამოუსადეგარი სახელმძღვანელოებით გაატარეს. წელს კი, განათლების სამინისტრო 10 მილიონამდე საბიუჯეტო სახსრების გაღებას გეგმავს იმ სახელმძღვანელოების დასაბეჭდად, რომელიც შემდეგი სასწავლო წლისთვის, ახალი სტანდარტის მიღების გამო, უკვე გამოუსადეგარი იქნება.
ფაქტ-მეტრმა სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხი შეისწავლა.
სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფის მინიჭების წესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის #30/ნ ბრძანება არეგულირებს. სახელმძღვანელოების გრიფირება სამი ეტაპისგან შედგება:
- ეტაპი I - განაცხადების მიღება-გადარჩევა;
- ეტაპი II - სახელმძღვანელოს/სერიის შეფასება;
- ეტაპი III - გრიფის მინიჭება-გამოქვეყნება.