"მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილი პრემიერად დანიშნა, 100 დღე გავიდა. რით ხვდება საქართველო კვირიკაშვილის პრემიერად დანიშვნიდან 100 დღეს? ყველაზე დაბალი ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში. ყველაზე მაღალი საშინაო და საგარეო ვალი, 15 მილიარდი დოლარი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მაქსიმუმი. ყველაზე დაბალი ექსპორტის მაჩვენებელი ბოლო 5 წლის განმავლობაში - 2011 წელს იყო 291 მილიონი დოლარი, ხოლო 2016 წელს არის 281 მილიონი დოლარი. ეს მაშინ, როცა 2011 წელს არც რუსული ბაზარი იყო ღია და არც ასოცირების ხელშეკრულება".
მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2.3% შეადგინა, რაც 1.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია გასული პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
გრაფიკი 1:
რეალური ეკონომიკური ზრდა 2004-2016 წლებში
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მიმდინარე პერიოდთან შედარებით, დაბალი ეკონომიკური ზრდა პირველ კვარტალში მხოლოდ 2009 (-4.9%) წელს დაფიქსირდა, როდესაც მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი იყო. 2016 წლის I კვარტლის ექსპორტის მაჩვენებელი მხოლოდ 2010 წლის მონაცემს აღემატება და 442.8 მლნ დოლარს შეადგენს (იხ. გრაფიკი 2).
გრაფიკი 2:
I კვარტლის ექსპორტის მოცულობის ტენდენცია (მლნ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით 15 მლრდ დოლარს მიაღწია. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ეს მაჩვენებელი მხოლოდ სახელმწიფო საგარეო ვალისგან (სამთავრობო სექტორისა და ეროვნული ბანკის ვალი) არ შედგება და მოიცავს კერძო სექტორის საგარეო ვალსაც.
გრაფიკი 3:
მთლიანი საგარეო ვალი 2009-2015 წლებში
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
სახელმწიფო ვალზე საუბრისას აუცილებელია აღინიშნოს, რომ აბსოლუტური მნიშვნელობების ცვლილების ანალიზი მიღებულ მეთოდს არ წარმოადგენს. ეკონომიკური თეორიაში ვალის ანალიზისას გაცილებით მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ვალის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობასთან ფარდობა. გრაფიკზე 4 წარმოდგენილია სახელმწიფო მთლიანი ვალის (ის საშინაო და საგარეო სახელმწიფო ვალისგან შედგება) და სახელმწიფო საგარეო ვალის ფარდობა ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტთან.
გრაფიკი 4:
სახელმწიფო ვალი და სახელმწიფო საგარეო ვალი ნომინალურ მშპ-თან
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
როგორც გრაფიკიდან ჩანს, ბოლო წლებში მთლიანი სახელმწიფო ვალისა და სახელმწიფო საგარეო ვალის შეფარდებამ ნომინალურ მშპ-თან მაქსიმუმს 2010 წელს მიაღწია და შესაბამისად 42.4% და 33.6% შეადგინა. გაცილებით მაღალია აღნიშნული მაჩვენებლები 2003-2004 წლებში. 2015 წელს ორივე მაჩვენებელი გაიზარდა და სახელმწიფო ვალის ფარდობამ ნომინალურ მშპ-თან 41.5%, სახელმწიფო საგარეო ვალის შეფარდებამ მშპ-თან კი 32.6%-ს მიაღწია. რაც შეეხება 2016 წელს, 30 აპრილის მდგომარეობით, 2015 წლის 31 დეკემბრის მონაცემებთან შედარებით, სახელმწიფო საგარეო ვალი 108 მლნ დოლარით გაიზარდა. თუმცა, ლარის კურსის გამყარების გამო, ლარში გამოხატული სახელმწიფო საგარეო ვალი 470 მლნ ლარით შემცირდა. სახელმწიფო საშინაო ვალი კი იანვარ-აპრილში 28 მლნ ლარით გაიზარდა. სახელმწიფო ვალის მშპ-თან ფარდობის მაჩვენებელი კი 41.5%-დან 40%-მდე შემცირდა.
დასკვნა
მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ 2.3% შეადგინა, რაც ბოლო 5 წლის მანძილზე მინიმალური მაჩვენებელია, ათწლეულში კი მხოლოდ პოსტკრიზისული 2009 წლის მონაცემს აღემატება. ბოლო 5 წლის მინიმუმზეა ექსპორტის მაჩვენებელიც, როგორც დეპუტატის მიერ მოყვანილი 2 თვის მონაცემების, ასევე მთლიანად I კვარტლის მაჩვენებლების მიხედვით.
ვალზე საუბრისას აუცილებელია აღინიშნოს, რომ დასახელებული "15 მილიარდი" სახელმწიფო საგარეო ვალთან ერთად კერძო სექტორის საგარეო ვალსაც მოიცავს. საკუთრივ სახელმწიფო საგარეო ვალი კი, 2016 წლის მდგომარეობით, 4.6 მლრდ დოლარს შეადგენს, რაც 2012 წლის მონაცემზე 224 მლნ დოლარით ნაკლებია. ამასთან, სახელმწიფო ვალის ანალიზისას მიღებულია მისი ნომინალურ მშპ-თან შეფარდების განხილვა და არა აბსოლუტური მონაცემების შედარება. 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანი სახელმწიფო ვალი მშპ-ის 41.5%-ს, სახელმწიფო საგარეო ვალი კი 32.6%-ს შეადგენს. ისტორიულად, მიმდინარე მონაცემები ჩამოუვარდება როგორც 2003-2004 წლებში, ასევე 2010 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებლებს. აღსანიშნავია, რომ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის 100 დღეში სახელმწიფო ვალი მშპ-ის მიმართ არ გაზრდილა, პირიქით, ის შემცირდა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, მიხეილ მაჭავარიანის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.