"

ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელიამ, რუსთავი 2-ის ეთერში ბოტანიკური ბაღის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და კრწანისი-შინდისის გზის მშენებლობასაც შეეხო. "შუაგული თბილისიდან ივანიშვილმა ამოგლიჯა 29 ჰექტარი და წაიღო სახლში. ეს ტერიტორია წინასწარ იქნა გამოტანილი აუქციონზე. სულ რაღაც 2-3 კვირის წინ კი, მიმდინარეობდა საგზაო-სამშენებლო სამუშაოები, სადაც უნდა მოწყობილიყო კრწანისისა და შინდისის დამაკავშირებელი ახალი საგზაო მაგისტრალი, რომლის ფარგლებშიც 540 ხე გაიჩეხა ბიუჯეტის ხარჯებით. ასევე, 700 000 ლარი დაიხარჯა ცენტრალური გაზსადენი მილის გადასატანად და საგზაო-სამშენებლო სამუშაოები უნდა გაგრძელებულიყო. ახლა გზას აშენებენ სხვაგან, ამისთვის დამატებით კიდევ 700 ხე უნდა გაიჩეხოს. 19 აპრილს მერიამ ხელშეკრულება გააფორმა ახალ კონტრაქტორ კომპანიასთან, რომელსაც უხდის 1 300 000 ლარს, რომ გადატანილი გაზის მილი კიდევ უფრო გადაიტანონ, რადგან პროექტი შეიცვალა".

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

2015 წლის 11 მარტს თბილისის მერიასა და შპს "საქგზამეცნიერებას" შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების საგანი კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის პროექტის მომზადება იყო. ხელშეკრულების ღირებულება 35 000 ლარს შეადგენდა. 2015 წლის აპრილში კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის პროექტის ავტორმა თბილისის მერიას პროექტის ფარგლებში (გზის გასაფართოებლად) მოსაჭრელი და გადასარგავი ხეების ნუსხა წარუდგინა.

პროექტის განსახორციელებლად საჭირო იყო 394 ცალი ხის მოჭრა და 154 ცალი ხის გადარგვა. 2015 წლის 20 ნოემბერს თბილსის მერიასა და შპს "თბილისი ანანო და გიოს" შორის ხელშეკრულება გაფორმდა. შპს-ს კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის მოსამზადებლად ხეების მოჭრა და ამოძირკვა უნდა განეხორციელებინა. ამ მიზნით მერიამ 36 248 ლარი გამოყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში საჭირო გახდა გზის მიმდებარედ არსებული გაზსადენი ქსელის გადატანა. 2015 წლის 1 ნოემბერს დადებული ხელშეკრულების

 თანახმად, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გაზსადენი მილების გადატანის სამუშაოები შპს "AWARD"-ს უნდა განეხორციელებინა. ხელშეკრულების ღირებულება 618 000 ლარი იყო.

2016

წლის 22 აპრილს ქონების მართვის სააგენტომ აუქციონზე 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გაიტანა, რომელიც იმ ადგილის მიმდებარედ მდებარეობს, სადაც კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზა უნდა გავიდეს. ნაკვეთის საწყისი ღირებულება 6 233 000 ლარი იყო. ფაქტობრივად აუქციონის პარალელურად, კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის თავდაპირველი პროექტის ცვლილება მოხდა. თავდაპირველი პროექტის მიხედვით ამ გზის ნაწილს აუქციონზე გატანილი 29 ჰეტარი მიწის ნაკვეთის შუაში უნდა გაევლო. აქედან გამომდინარე შეიცვალა პროექტიც და გზის ნაწილი, ნაცვლად აღნიშნული 29 ჰექტარი ტერიტორიისა, სხვა მიმართულებით გაივლის. კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის პროექტის ცვლილების აუქციონთან კავშირს არც ქალაქის მერი დავით ნარმანია უარყოფს. 2016 წლის 7 მაისს ტელეკომპანია იმედში სტუმრობისას მან განაცხადა: "მოხდა თავდაპირველად დაპროექტებული კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის შეცვლა. გზის შუა ნაწილს  უნდა გაევლო ამ 29 ჰექტრის შუაში. როდესაც გაჩდა საპროექტო ინიციატივა, რომ ამ ტერიტორიაზე შესაძლო იყო გაკეთებულიყო მნიშვნელოვანი ინვესტიცია, მივიღეთ გადაწყვეტილება გზის ერთი ნაწილი, დაახლოებით 1/3 გაგვეყვანა უფრო სხვა მიმართულებით".

3 მაისს აუქციონზე გამოტანილი 29 ჰექტარი მიწა (კრწანისი-შინდისის გზის მიმდებარედ) 6 326 495 ლარად თანაინვესტირების ფონდმა იყიდა. აუქციონში მხოლოდ ერთმა სუბიექტმა მიიღო მონაწილეობა. კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის თავდაპირველი პროექტის ცვლილებიდან გამომდინარე, გზის მშენებლობის დასაწყებად დამატებით კიდევ 703 ხის მოჭრა-გადარგვა (219 გადასარგავი და 493 მოსაჭრელი) გახდება საჭირო, რაც თბილისის ბიუჯეტს 104 956 ლარი დაუჯდება. გარდა ამისა, აუცილებელია ამ ტერიტორიაზე არსებული გაზსადენი ქსელის ხელახალი გადატანა. ამ მიზნით, 2016 წლის 19 აპრილს თბილისის მერიასა და შპს "AWARD"-ს შორის ახალი ხელშეკრულება

 გაფორმდა. აღნიშნულმა შპს-მა კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებარე ზოლიდან გაზსადენის გადალაგების სამუშაოები უნდა განახორციელოს. ხელშეკრულების ღირებულება 1 314 139 ლარია.

რაც შეეხება კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას, 2016 წლის 18 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გზის მშენებლობის სამუშაოებს შპს "გეო გრუპი" განახორციელებს. ხელშეკრულების

 ღირებულება 4 993 986 ლარია.

დასკვნა

კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის თავდაპირველი პროექტის ფარგლებში, გზის გაფართოების მიზნით, 394 ცალი ხე მოიჭრა და 154 გადაირგო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 36 248 ლარი დაიხარჯა. გარდა ამისა, გზის მიმდებარედ არსებული გაზსადენი ქსელის გადატანის სამუშაოები განხორციელდა (პროექტის შეცვლამდე ამ სამუშაოების თითქმის ნახევარი უკვე განხორციელებული იყო). გაზსადენის პროექტის ღირებულება 618 000 ლარი იყო. ანუ, თავდაპირველი პროექტის ფარგლებში გზის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან თითქმის 654 248 ლარი დაიხარჯა. 22 აპრილს კრწანისი-შინდისის გზის მიმდებარე 29 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე აუქციონი გამოცხადდა. აღნიშნული მიწის ნაკვეთი თანაინვესტირების ფონდმა შეიძინა. აუქციონის პარალელურად, კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის პროექტის შეცვლა გახდა აუცილებელი, რაც იმან განაპირობა, რომ თავდაპირველი პროექტის მიხედვით გზის ნაწილს 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთის შუაში უნდა გაევლო. პროექტის ცვლილების გამო გაზსადენი ქსელის ხელახალი გადატანაც გახდა საჭირო, რისთვისაც 1 314 139 ლარი დაიხარჯება. შეცვლილი პროექტის ფარგლებში ასევე  702 ხის მოჭრა-გადარგვა გახდა აუცილებელი, რაც დამატებით 104 956 ლარი დაჯდება.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნიკა მელიას განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5403 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი