პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, კობა სუბელიანმა, ყურადღება სასკოლო მზაობის პროგრამაზე გაამახვილა. მისი თქმით, თბილისში 40 სკოლა დასახელდა, სადაც წინა სასკოლო მოსამზადებელი პროგრამა ხორციელდება "მაგრამ რეგიონებში ეს არ ხორციელდება. ბავშვები დარჩნენ გარეთ, არც სკოლაში არიან და არც ბაღში".
ფაქტ-მეტრი ამ საკითხის შესწავლას შეეცადა.
ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური წერილით მივმართეთ და სასკოლო მზაობის პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოვითხოვეთ. მიღებულ პასუხში ნათქვამია, რომ სასკოლო მზაობის პროგრამა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით შეიმუშავა. პროგრამა 30 დღის განმავლობაში დღეში 3 საათიან დატვირთვას ითვალისწინებს და 5-6 წლის ასაკის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. პასუხში ასევე ნათქვამია, რომ პროგრამა 2015 წელს გადაეცათ როგორც თბილისის, ისე რეგიონული მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებს.
განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროს ინფორმაციით, სასკოლო მზაობის პროგრამა სამი ნაწილისგან შედგება. ესენია:
ა) აღმზრდელის სახელმძღვანელო (გზამკვლევი);
ბ) აქტივობების კრებული;
გ) ტრენინგ მოდული აღმზრდელებისათვის.
სასკოლო მზაობის პროგრამა თამაშით სწავლების მეთოდიკის გამოყენებით, ბავშვების სკოლისათვის მომზადებას ითვალისწინებს. იგი ხელს უწყობს აღსაზრდელის მრავალმხრივ და სრულფასოვან განვითარებას. ასევე, სხვადასხვა უნარების გამომუშავებას (კომუნიკაციის, შემეცნების და სხვა).
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ აქვს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ბაღი ახორციელებს სასკოლო მზაობის პროგრამას. ეს კი იმ ფონზე, როდესაც პროგრამა უშუალოდ უწყების შემუშავებულია და საპილოტო რეჟიმის დასრულების შემდეგ, შედეგების გაანალიზებასა და მის სრულფასოვან იმპლემენტაციაზეც სწორედ ის არის პასუხისმგებელი. განათლების სამინისტროდან გვიპასუხეს, რომ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში არ შედიან და ისინი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ექვემდებარებიან. შესაბამისად, დეტალური ინფორმაციაც სწორედ მათგან უნდა გამოვითხოვოთ. იგივე პასუხი მივიღეთ სასკოლო მზაობის ჯგუფებზეც.
მოცემული მომენტისთვის, თბილისის მასშტაბით, ჯამში 156 საჯარო ბაღი და 300 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განგვიმარტეს, რომ სასკოლო მზაობის პროგრამა თბილისის მასშტაბით ყველა საჯარო ბაგა-ბაღში ხორციელდება. სასკოლო მზაობის პროგრამა საპილოტო რეჟიმში ბაღებში 2015 წლის ოქტომბრიდანდაინერგა. იმ ბავშვებისთვის კი, ვინც საბავშვო ბაღების მიღმა დარჩნენ, საჯარო სკოლებში გახსნილ სპეციალურ მოსამზადებელ ჯგუფებში მოსახვედრად რეგისტრაცია გამოცხადდა. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მსურველთა არასაკმარისი რაოდენობის გამო, სპეციალური ჯგუფი მხოლოდ 126-ე საჯარო სკოლაშია გახსნილი. რაც შეეხება რეგიონებში არსებულ მდგომარეობას, მათ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
სასკოლო მზაობის პროგრამის შესახებ ფაქტ-მეტრი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) თბილისის ოფისის განათლების პროგრამის ხელმძღვანელს, მაკო ყუფარაძეს ესაუბრა. მისი თქმით, UNICEF მიესალმება და დადებითად აფასებს განათლების სამინისტროს ინიციატივას, ბაღებში სასკოლო მზაობის პროგრამის დანერგვის შესახებ. მისივე თქმით, ორგანიზაცია აქტიურად იყო ჩართული პროგრამის სტანდარტების მომზადებაში. სტანდარტი დაფუძნებულია და ყველა იმ აუცილებელ კომპონენტს ითვალისწინებს, რაც ბავშვის სასკოლო მზაობისვთის არის აუცილებელი.
მაკო ყუფარაძის განმარტებით, ერთია პროგრამის დანერგვა, მეორე კი მისი ეფექტიანი განხორციელება. მისივე თქმით, პროგრამის პილოტირების დასრულების შემდეგ, მიღებული შედეგების გაანალიზება და ძირითადი ორიენტირების ჩამოყალიბება უნდა მოხდეს. უნდა გაანალიზდეს პროგრამის საქართველოს მასშტაბით დანერგვისათვის საჭირო რესურსების მასშტაბურობა. ამასთან, უნდა მოხდეს განათლების სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებს შორის ფუნქციების გადანაწილება და ა.შ. სწორედ ამის შემდეგ მიეცემა პროგრამას საბოლოო სახე და დაიწყება მისი საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივი განხორციელება.
დასკვნა
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სასკოლო მზაობის პროგრამა თბილისის მასშტაბით ყველა ბაგა-ბაღში ხორციელდება. იმ ბავშვებისთვის კი, ვინც 2015-2016 სასწავლო წლისათვის ბაღში ვერ მოხვდა და ასაკის გამო სკოლის მიღმაც დარჩა, სპეციალური მოსამზადებელი ჯგუფი მხოლოდ 126-ე საჯარო სკოლაშია გახსნილი. როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განგვიმარტეს, აღნიშნული მსურველთა დაბალი რიცხვით იყო განპირობებული.
რაც შეეხება რეგიონებში სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების შესახებ დეტალურ ინფორმაციას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიგვითითა, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან უნდა გამოგვეთხოვა. ისმის კითხვა, თუ როგორ აპირებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პილოტირების შედეგების გაანალიზებას და პროგრამის საბოლოო სახით ჩამოყალიბებას, თუკი მას პროგრამის მიმდინარეობის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია მოცემული მომენტისთვის არ აქვს.
ფაქტ-მეტრი სასკოლო მზაობის პროგრამის შესახებ მუშაობას განაგრძობს და მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციის შემდეგ მკითხველს განახლებულ ინფორმაციას მიაწვდის. მოცემული მომენტისთვის კი, კობა სუბელიანის განცხადებას უვერდიქტოდ ვტოვებთ.