ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების აუცილებლობასა და შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება. "საქართველო დღეს იმართება 19 სამინისტროს მეშვეობით, რომ არაფერი ვთქვათ სსიპებზე და სხვადასხვა სტრუქტურებზე. მაგალითად, იგივე შვეიცარია, ყველაზე განვითარებული ქვეყანა მსოფლიოში, იმართება 8 სამინისტროს მიერ. რა თქმა უნდა, ბიუროკრატიის შემცირების რეზერვი არის ძალიან დიდი. მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია გაუქმდეს ყველა უპორტფელო სამინისტრო. ასევე, შეიძლება გაუქმდეს სასჯელაღსრულების სამინისტრო, რომელიც არ გვხვდება თითქმის არცერთ ევროპულ ქვეყანაში".
ფაქტ-მეტრი გიორგი ქადაგიძის განცხადებით დაინტერესდა და რამდენიმე ევროპული ქვეყნის სამინისტროების რაოდენობას გაეცნო.
საქართველოში 16 სამინისტროა, ამასთან სახელმწიფო მინისტრის 3 თანამდებობა გვაქვს.სასჯელაღსრულების სისტემის მართვის ფუნქცია 2008 წლამდე იუსტიციის სამინისტროს ჰქონდა. 2008 წელს იუსტიციის სამინისტროს შეუერთდა პროკურატურა, შესაბამისად, ინტერესთა კონფლიქტის გამო მას სასჯელაღსრულების სისტემა გამოეყო და ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდა. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს გამოეყო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იუსტიციის სამინისტროსთან ინტეგრირება არ მომხდარა.
ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყნის მართვა ნამდვილად შესაძლებელია ნაკლები სამინისტროების და მინისტრების მიერ. მაგალითად, შვეიცარიაში 7 სამინისტროა, ნიდერლანდებში 11, ავსტრიაში 13, გერმანიაში კი 14 (იხილეთ ცხრილი 1). ჩვენ მიერ განხილულ ევროპის ქვეყნებში რუმინეთისმინისტრთა კაბინეტი აღმოჩნდა ყველაზე მრავალრიცხოვანი.
ცხრილი 1:
სამინისტროების რაოდენობა ევროპის ქვეყნებში
რუმინეთი | 21 |
ბულგარეთი | 17 |
საფრანგეთი | 18 |
დანია | 17 |
პორტუგალია | 17 |
გერმანია | 14 |
სლოვაკეთი | 14 |
ლატვია | 13 |
ავსტრია | 13 |
ესპანეთი | 12 |
ნიდერლანდები | 11 |
შვეიცარია | 7 |
ჩვენ მიერ შესწავლილ ევროპის ქვეყნებში სასჯელაღსრულების სამინისტრო არ გვხვდება. ამასთან, ქვეყნების უმრავლესობაში ცალკე არ გვხვდება ენერგეტიკის სამინისტრო, ის ძირითადად ეკონომიკის სამინისტროსთან არის ინტეგრირებული. ასევე, უმეტეს ქვეყნებში ცალკე არ გვხვდება სპორტის სამინისტრო. ფაქტ-მეტრის მიერ გაანალიზებული ქვეყნებიდან, ენერგეტიკის სამინისტრო ცალკე მხოლოდ რუმინეთში, დანიაში და ბულგარეთში გვხვდება, სპორტის სამინისტრო კი - რუმინეთში და ბულგარეთში.
დასკვნა
საქართველოში 16 სამინისტროა, ასევე 3 სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა გვაქვს. რაც შეეხება შვეიცარიას, ის 7 სამინისტროთი იმართება. ასევე, ევროპის რიგ ქვეყნებში გაცილებით ნაკლები სამინისტროა ვიდრე საქართველოში. ამასთან, ევროპის ქვეყნებში არ გვხვდება სასჯელაღსრულების სამინისტრო. ასევე, ხშირ შემთხვევაში ცალკე არ გვხვდება სპორტისა და ენერგეტიკის სამინისტროები.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი ქადაგიძის განცხადება არის სიმართლე.