თბლისის მერი დავით ნარმანია ერთი მხრივ მუდმივად იძლევა დაპირებას, რომ შეზღუდავს ქალაქში მაღალსართულიანი მშენებლობების ნებართვებს, თუმცა მეორე ხელით აკმაყოფილებს თანამდებობის პირების, მეგობრების და ნათესავების კორუფციულ სურვილებს. ამჯერად საუბარია დადიანის ქუჩაზე, "ქარვასლას" უკან მდებარე ნაკვეთზე, რომელზეც მერიამ მიიღო გადაწყვეტილება და მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა გასცა. აღნიშნულ ნაკვეთს, ფაქტობრივად, ფლობს დეპუტატი ვალერი გელაშვილი".
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა.
ნაძალადევში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ "ქარვასლას" უკან, მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა მართლაც მიმდინარეობს. ამასთან, რამდენიმე კორპუსის მშენებლობა უკვე დასრულებულია. კორპუსების მშენებლობას შპს "ლიტ-ჯეო ინვესტი" ახორციელებს.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრისამონაწერის მიხედვით, შპს "ვალიკოს დუქანი" (შემდგომში შპს "ლიტ-ჯეო ინვესტი") 2011 წლის 7 ოქტომბერს არის რეგისტრირებული. შპს-ის დირექტორი ვალერი გელაშვილი იყო (ამჟამად პარლამენტის დეპუტატი), შპს-ის 100%-იანი წილის მფლობელი კი მისივე შპს "ევრა". 2012 წლის 6 იანვარს შპს "ევრას" ერთადერთი პარტნიორის და 100%-იანი წილის მფლობელის ვალერი გელაშვილის გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს "ვალიკოს დუქნის" 100%-იანი წილი (ნომინალური ღირებულებით 2 263 764 ლარი), სააქციო საზოგადოება "V & G"-ს გადაეცა. იმ დროისთვის სააქციო საზოგადოება "V & G"-ის ერთადერთი აქციონერი და სრულუფლებიანი წარმომადგენელი აგრეთვე გელაშვილი იყო.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, 2012 წლის 10 იანვარს შპს "ლიტ-ჯეო ინვესტი" დარეგისტრირდა. შპს-ის დირექტორი ვალერი გელაშვილის შვილი, აგრეთვე ვალერი გელაშვილი გახდა, 100%-იანი წილის მფლობელი კი სააქციო საზოგადოება "V & G".
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 26 მარტს შპს "ვალიკოს დუქნის" რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება განხორციელდა და შპს-ის დირექტორი ვალერი გელაშვილის ნაცვლად მისი შვილი გახდა. 2012 წლის 12 ივნისს შეზღუდული პასუხისმგებლობის ფირმის საფირმო სახელწოდების ცვლილება განხორციელდა და შპს "ვალიკოს დუქანი" შპს "ლიტ-ჯეო ინვესტი" გახდა. 2015 წლის 14 იანვარს ეს ორი შპს ერთ შპს "ლიტ-ჯეო ინვესტად" გაერთიანდა. შპს-ის დირექტორად ვალერი გელაშვილი (შვილი) დარჩა. 2015 წლის დეკემბერში შპს "ლიტ- ჯეო ინვესტის" რეგისტრირებულ მონაცემში ცვლილება კვლავ განხორციელდა და შპს-ის მესაკუთრე შპს "ევრა" გახდა, რომლის მესაკუთრე თავის მხრივ სააქციო საზოგადოება "V & G"-ია.
აღნიშნული სააქციო საზოგადოება 1991 წლის 19 აგვისტოს, ლიტვაში, ქალაქ ვილნიუსშია რეგისტრირებული. აქედან გამომდინარე, ჩენ ვერ დავადგინეთ სააქციო საზოგადოებაში 2012 წლის 6 იანვრის შემდეგ რაიმე სახის ცვლილება განხორციელდა თუ არა. 2012 წლის 6 იანვრისთვის კი სააქციო საზოგადოების ერთადერთი აქციონერი და სრულუფლებიანი წარმომადგენელი ამჟამინდელი დეპუტატი ვალერი გელაშვილი იყო. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დეპუტატ ვალერი გელაშვილის მიერ 2016 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ვალერი გელაშვილი "V & G"-ის აქციონერად არის მითითებული. რადგან სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის დროის მონაკვეთად 1991.19.08 - უვადო არის მითითებული, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ვალერი გელაშვილი, დეპუტატი ვალერი გელაშვილია და არა მისი ვაჟი, ასევე ვალერი გელაშვილი (1991 წელს შვილი ვალერი გელაშვილი მხოლოდ 6 წლის იქნებოდა). აქედან გამომდინარე, დეპუტატი ვალერი გელაშვილი შპს "ლიტ-ჯეო ინვესტის" დირექტორი არ არის, მაგრამ ის სავარაუდოდ არის დახურული სააქციო საზოგადოება "V & G"-ის აქციონერი, რომელიც თავის მხრივ შპს "ევრა"-ს მფლობელია. "ევრა" კი, ამჟამად "ლიტ-ჯეო ინვესტის" მესაკუთრეა, რაც კომპანიისა და დეპუტატის ინტერესების შემხებლობაზე აშკარად მიუთითებს. მართალია, დეპუტატი ვალერი გელაშვილი კანონს არ არღვევს (საქართველოს კანონის "საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ" მე-8 მუხლის მიხედვით, პარლამენტის წევრის სტატუსთან დაუშვებელია სამეწარმეო საქმიანობა, გარდა აქციების და წილების ფლობისა), თუმცა შვილის კომპანიის მიმართ გარკვეული ინტერესი რომ ექნება, ეს ბუნებრივია.
ასევე აღსანიშნავია, რომ არსებობს ტერმინი "მბრუნავი კარი", რაც კერძო და საჯარო სექტორს შორის თანამდებობის პირთა მოძრაობას გულისხმობს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კვლევისმიხედვით, ეს პროცესი ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის მნიშვნელოვან რისკებს წარმოშობს, რადგან ხელისუფლებასა და კერძო ბიზნესს შორის ახლო ურთიერთობა ყალიბდება. ბიზნესიდან მოსულ საჯარო მოხელეებს საკუთარი მდგომარეობა იმ კომპანიების სასარგებლოდ შეუძლიათ გამოიყენონ, რომელშიც თავად აქვთ ინტერესი.
დასკვნადადიანის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ "ქარვასლას" უკან მდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობას შპს "ლიტ-ჯეო ინვესტი" ახორციელებს, რომლის დირექტორი ვალერი გელაშვილია, პარლამენტარ ვალერი გელაშვილის ვაჟი. შესაბამისად, დეპუტატი ვალერი გელაშვილი ამ შპს-ის დირექტორი არ არის. თუმცა, ის იმ სააქციო საზოგადოების აქციონერია, რომელიც შპს "ევრას" ფლობს. შპს "ევრა" კი, თავის მხრივ, შპს "ლიტ-ჯეო ინვესტის" მფლობელია. რადგან ამ შპს-ის დირექტორი დეპუტატის ვაჟია, ბუნებრივია, არსებობს იმის რისკი, რომ დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა საკუთარი მდგომარეობა შვილის კომპანიის სასარგებლოდ გამოიყენოს. შესაბამისად, მართალია, დეპუტატი შპს-ის სამეწარმეო საქმიანობაში ფორმალურად ჩართული არ არის, მაგრამ დაინტერსებული პირი ნამდვილადაა.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი აბესაძის განცხადება არის სიმართლე.რედაქტორის შენიშვნა: ამ სტატიის თავდაპირველი ვარიანტი მიმდინარე წლის 12 აპრილს გამოქვეყნდა. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, სტატიაში შეცდომა გაიპარა, რადგან შპს "ლიტ-ჯეო ინვესტის" დირექტორად და მესაკუთრედ ჩვენ დეპუტატი ვალერი გელაშვილი გვყავდა მოხსენიებული. თუმცა, როგორც გაირკვა, კომპანიის მესაკუთრე და დირექტორი არა დეპუტატი ვალერი გელაშვილი, არამედ მისი შვილი, ასევე ვალერი გელაშვილია. შეცდომა სწორედ ამ ორი პირის იდენტურმა სახელმა გამოიწვია. საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში ხელახლა გადამოწმების შემდეგ ფაქტ-მეტრმა სტატია განაახლა, თუმცა ირაკლი აბესაძის განცხადების ვერდიქტი არ იცვლება, რადგან აბესაძე დეპუტატ ვალერი გელაშვილის მიერ კომპანიის ფაქტობრივ მფლობელობაზე მიუთითებს, რისი ნიშნებიც ფაქტ-მეტრის მიერ მოძიებული ინფორმაციიდან აშკარად ჩანს.