სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა. ამავე დადგენილებით, პარლამენტისთვის კანონპროექტის წარდგენის ვადად 2014 წლის 1 სექტემბერი განისაზღვრა. თუმცა, 2016 წლის 29 თებერვალს კომისიამ ისე შეწყვიტა არსებობა, რომ პარლამენტისთვის კანონპროექტის წარდგენა არა თავდაპირველად განსაზღვრულ ვადაში, არამედ პარლამენტის მიერ ორჯერ გახანგრძლივებული ვადის განმავლობაშიც ვერ შეძლო.
ამ თემაზე კომენტარი პრეზიდენტის მრჩეველმა და ამავე დროს საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, კახა კოჟორიძემაც გააკეთა: "კომისია ნულოვანი შედეგით ასრულებს მუშაობას. ვერცერთი წინადადება, კონსტიტუციური შეთანხმების სახით, ვერ იქნა წარმოდგენილი. ცხადია, ვერცერთი კომისიის წევრი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, თუმცა მთავარი პასუხისმგებლობა მმართველ ძალას ეკისრება. ამ კომისიაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი ხარჯი იქნა გაწეული ორი წლის განმავლობაში, ჩემი ინფორმაციით დაახლოებით 300 ათასი ლარი, რომელიც არაფერში გადაიყარა".
2012 წლის არჩევნების შედეგად ქვეყნის სათავეში მოსულმა ახალმა ხელისუფლებამ ყურადღება საქართველოს კონსტიტუციაში ძირეული ცვლილებების განხორციელების საჭიროებაზე გაამახვილა. ბიძინა ივანიშვილმა 2013 წლის თებერვალში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ "კონსტიტუცია საშინელ დღეში იყო" და მასში მრავალი ცვლილების განხორციელება დააანონსა. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განმარტებით,კონსტიტუციის საყოველთაოობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანი იყო მისი კონსენსუსის გზით მიღება. სწორედ ამ მიზნით, საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა, რომელსაც კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მომზადება დაევალა.
კომისია 58 წევრისგან შედგებოდა. მისი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იყო. კომისიაში იყვნენ საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი დეპუტატები, არასაპარლამენტო ოპოზიცია, იუსტიციის მინისტრი, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები, ადვოკატთა ასოციაცია, ომბუდსმენი, ავტონომიური რესპუბლიკების, პრეზიდენტისა და მთავრობის წარმომადგენლები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები. აღნიშნული წევრები ხუთ სამუშაო ჯგუფშიიყვნენ გადანაწილებულნი.
კომისიის უფლებამოსილების განხორციელებისა და დაგეგმილი კანონპროექტის პარლამენტისთვის წარდგენის ვადად 2014 წლის 1 სექტემბერი განისაზღვრა. კომისიის დებულების თანახმად, კომისიის პირველი სხდომა დებულების ამოქმედებიდან (2013 წლის 27 ოქტომბერი) არაუგვიანეს 15 დღეში უნდა მოწვეულიყო, თუმცა, პირველი სხდომა მხოლოდ 2014 წლის 3 მარტს შედგა. კომისიის წევრთა ერთი ნაწილი დროის სიმცირესა და კომისიის მუშაობის არაეფეტურად დასრულების საფრთხეებზე ამახვილებდა ყურადღებას, მაგრამ, ზოგიერი წევრის განცხადებით, დარჩენილი დრო კანონპროექტის შემუშავებისათვის სრულიად საკმარისი იყო. "ეს დროც საკმარისია იმისთვის, რომ მომზადდეს მაღალი ხარისხის პროექტი, იმიტომ, რომ ჩვენ ცარიელ ადგილზე არ ვიწყებთ მუშაობას, გამოცდილებაც საკმაოდ დიდი დაგვიგროვდა, ვიცით რა უნდა გავაკეთოთ და ჩავეტევით ამ დროში" - განაცხადარესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა ვახტანგ ხმალაძემ.
მიუხედავად ამისა, დადგენილ ვადაში კანონპროექტის შემუშავება ვერ მოხერხდა. პარლამენტის მიერ კანონპროექტის წარდგენის ვადის არაერთგზის (ვადა ჯერ 2015 წლის 1 მარტამდე, შემდეგ 2015 წლის 15 სექტემბრამდე და საბოლოოდ 2016 წლის 29 თებერვლამდეგადაიწია) გადაწევის მიუხედავად, კომისიამ მუშაობა კანონპროექტის შემუშავების გარეშე დაასრულა.
კომისიის წევრების მიერ კანონპროექტის არ/ვერ მიღების მიზეზად არაერთი გარემოება დასახელდა. "პარლამენტის მიერ კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას ხმათა ¾ სჭირდება. კომისიის წევრთა მუშაობაში უარყოფითი წვლილი შეიტანა იმ ფაქტმა, რომ ¾ ანუ 113 ხმის მოგროვების ალბათობა ძალიან დაბალია, ამიტომ კომისიის წევრთა მოტივაციაც დაბალი იყო. პრობლემა გახდა ისიც, რომ ბოლო სამი წლის განმვალობაში ვერ მოხერხდა პოლიტიკური პროცესების მშვიდ ვითარებაში და სამუშაო ატმოსფეროში გადატანა, რაც კონსტიტუციურ საკითხებს სჭირდება. თუმცა, კომისიამ მაინც გააკეთა ის რაც შეეძლო" - განაცხადადავით უსუფაშვილმა კომისიის ბოლო სხდომაზე.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული არგუმენტის შეფასება კონსტიტუციონალისტ დავით ზედელაშვილს სთხოვა. "კომისია თავიდანვე განწირული იყო ჩავარდნისთვის, იმდენად, რამდენადაც საკანონმდებლო ორგანოში არ არსებობდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელსაც კონსტიტუციის ფუნდამენტური რეფორმის განზრახვა ექნებოდა. მაშინ, როდესაც ამგვარი უმრავლესობის პერსპექტივაც არ ჩანდა, გაუგებარია რა მოლოდინს დაეფუძნა კომისიის შექმნა. ყველაზე გონივრული გზა ასეთ შემთხვევაში იქნებოდა ჯერ შიდა საპარლამენტო მუშაობა ისეთი საკონსტიტუციო უმრავლესობის მობილიზებაზე, რომელიც შეთანხმდებოდა თავისთავად რეფორმის აუცილებლობაზე და მხოლოდ ამის შემდეგ შექმნიდა კომისიას როგორც ფორუმს, სადაც აღნიშნული რეფორმის შინაარსობრივი დეტალები შეთანხმდებოდა და სამართლებრივ ფორმაში მოექცეოდა. კომისიის შექმნა ეფუძნებოდა მცდარ მოლოდინს, რომ ორივე ტიპის გადაწყვეტილების (ფუნდამენტური გადაწყვეტილება რეფორმაზე და კონკრეტული შინაარსობრივი და ტექნიკური გადაწყვეტილებები დეტალებზე) მიღება ერთი კომისიის ფორმატში იყო შესაძლებელი" - განაცხადა ზედელაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ კომისიის დებულების თანახმად, კომისიის სხდომა ყოველ ორ თვეში ერთხელ მაინც უნდა მოწვეულიყო. თუმცა, კომისიის არსებობის ორწლიანი პერიოდის განმავლობაში სხდომა მხოლოდ ოთხჯერ იქნა მოწვეული. ამასთან, ხუთივე სამუშაო ჯგუფმა ჯამში 46 სხდომა გამართა, მაშინ როცა დებულების თანახმად, თიოთოეულ სამუშაო ჯგუფი თვეში ორჯერ მაინც უნდა შეკრებილიყო. IDFI-ის მიერ ჩატარებული კვლევისთანახმად, სამუშაო ჯგუფები არ გამოირჩეოდნენ მაღალი აქტივობით. ჯგუფებში წევრთა დასწრების საშუალო მაჩვენებელი 42%-დან 46%-მდე მერყეობდა. დებულების თანახმად კი, საბჭოს სხდომა უფლებამოსილი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ მას საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი დაესწრებოდა.
2016 წლის 28 თებერვალს, კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე, დავით უსუფაშვილმა კომისიის მუშაობის შედეგები შეაფასა. "დაიდო ძალიან სერიოზული შრომა. აქ არის 100-მდე კონკრეტული წინადადება ფორმულირების დონეზე, რომლებსაც გაიზიარებს ეს პარლამენტი ან სხვა პარლამენტი. კომისია პარლამენტს წარუდგენს ძალიან სერიოზულ ნამუშევარს პრაქტიკულად ყველა საკითხზე" - აღნიშნაუსუფაშვილმა.
უსუფაშვილის ეს განცხადება ფაქტ-მეტრთან საუბარში კონსტიტუციონალისტმა დავით ზედელაშვილმა შეაფასა: "კომისიაში წარდგენილი წინადადებების დიდი ნაწილი ან არასამთავრობო სექტორს და აკადემიური წრის წარმომადგენლებს ეკუთვნით ან კომისიის იმ წევრებს, რომლებიც ინსტიტუციურად იყვნენ კომისიაში წარმოდგენილნი და საკუთარ ინსტიტუციურ ინტერესებს გამოხატავდნენ (მაგალითად, იუსტიციის სამინისტროს, უზენაესი სასამართლოს, საკონსტიტუციო სასამართლოს წინადადებები). არც ერთი აღნიშნული წინადადების სრულფასოვანი განხილვა კომისიის სამუშაო ჯგუფების მიერ არ მომხდარა. კომისია ამ წინადადებებს საკუთარ ნამუშევრად წარუგენს საზოგადოებას, თუმცა, ის კი არსად ჩანს, თუ რა შემატა კომისიამ ამ წინადადებებს საკუთარი მუშაობით".
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი, რომელიც ასამდე წინადადებას აერთიანებდა, კომისიის წევრებს ელექტრონული ფორმით დაეგზავნათ. თითოეულ წინადადებას თან ერთვოდა შემდეგი გრაფები: "ვეთანხმები", "არ ვეთანხმები", "თავს ვიკავებ". კომისიის წევრებს კი სათანადო პასუხების გასაცემად ვადა 15 თებერვლამდე მიეცათ. აღნიშნულთან დაკავშირებით უარყოფითი დამოკიდებულება პრეზიდენტის მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ დააფიქსირა. მისი განცხადებით, "ეს ონლაინ-გამოკითხვას ჰგავს და არა კონსტიტუციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობას. ამ ფორმით რაიმე გადაწყვეტილების მიღება არასერიოზული იქნება".
კახა კოჟორიძის თქმით, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობისთვის ორი წლის მანძილზე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევა მოხდა. ფაქტ-მეტრის მიერ მოძიებული ინფორმაციით, პარლამენტის ბიუჯეტიდან კომისიისთვის გამოყოფილი ყოველთვიური ფონდი 25 ათას ლარს შეადგენდა.2 წლის განმავლობაში, სულ კომისიის აპარატის ხარჯი 358 841 ლარს შეადგენს, რაც აპარატის თანამშრომლების (აპარატის ცხრა თანამშრომელი) ხელფასებზე გაიხარჯა.
დასკვნა 2013 წლის 27 დეკემბერს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მოსამზადებლად შექმნილმა საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა მიმდინარე წლის 29 თებერვალს, უშედეგოდ დაასრულა. კომისიამ, უფლებამოსილების არაერთგზის გახანგრძლივების მიუხედავად, ვერც კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი შეიმუშავა და ვერც კონკრეტულ წინადადებებს უყარა კენჭი. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავებაც საკონსტიტუციო კომისიის გვერდის ავლით მოხდა, რაზეც ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა.
ამასთან, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, ორ წლის განმავლობაში, აპარატის თანამშრომლების ხელფასებზე პარლამენტის ბიუჯეტიდან 358 841 ლარი დაიხარჯა.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, კახა კოჟორიძის განცხადება არის სიმართლე.