5

ოქტომბერს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, საქართველოს პრეზიდენტმა იმ საკონსტიტუციო პაკეტზე ისაუბრა, რომლითაც საარჩევნო სისტემაში ცვლილებები შედის. გიორგი მარგველაშვილის თქმით, "საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება და კონსტიტუციის ცვლილებასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ეს გადაწყვეტილება იყო მათი ვერსია იმისა, თუ რა არის უფრო სამართლიანი და როგორი უნდა იყოს სისტემა. მე მაშინვე გავაკეთე განცხადება და მოვუწოდე, რომ ეს საკითხი განხილული ყოფილიყო იმ ორგანოში, რომელიც ამ მიზნისთვის შეიქმნა, სხვათა შორის შეიქმნა ამ უმრავლესობის მიერ. ეს არის საკონსტიტუციო კომისია. თუმცა, ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით, უმრავლესობის მიერვე შექმნილ საკონსტიტუციო კომისიას გვერდი აუარეს და პირდაპირ პარლამენტში მოხდა ამ წინადადების ჩამოყალიბება".

ფაქტ-მეტრმა პრეზიდენტის ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

2013 წლის 27 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა. კომისიას, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, კონსტიტუციაში ცვლილებათა პროექტის მომზადება დაევალა. 58 წევრიან კომისიაში ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები შედიან. კომისიის შექმნასთან დაკავშირებით დავით უსუფაშვილმა განაცხადა: "

მართლა კონსესუსის საფუძველზე უნდა მივიღოთ ეს კონსტიტუცია და ეს ამ კონსტიტუციურ ცვლილებებს გახდის მართლა საყოველთაო-სახალხოს".

საკონსტიტუციო კომისიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საარჩევნო სისტემის ცვლილება უნდა გამხდარიყო. ოპოზიციური პარტიებმა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციამ მთავრობას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საარჩევნო სისტემის შეცვლისკენ არაერთხელ მოუწოდეს.

კერძოდ, ძირითადი მოწოდებები მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეხებოდა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუციაში - "დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში", ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდა,

შეთანხმდნენ ისეთ საარჩევნო სისტემაზე, რომელიც ფართო კონსესუსს ეყრდნობა და ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტების პლურალისტურ ბუნებას აძლიერებს. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, ასამბლეა იწვევს ყველა შესაბამის პირს, განიხილონ პროპორციული-რეგიონული საარჩევნო სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება ღია სიებზე და რომელზეც, როგორც ჩანს, თანახმაა ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური ძალების უმრავლესობა (თუ ყველა არა).

საარჩევნო სისტემის ძირეული ცვლილება და კონკრეტულად მაჟორიტარული სისტემის გაუქმება კოალიცია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პოზიცია გახლდათ, რაზეც ფაქტ-მეტრი უკვე წერდა. 2014 წლის დეკემბერში პარლამენტის თავმჯდომარემ და საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელმა, დავით უსუფაშვილმა ასევე განაცხადა,

რომ მსოფლიოში საქართველოს მაჟორიტარული ოლქების სისტემის მსგავსი მოდელი ძნელად მოიძებნება, რაც ევროსაბჭოს მონიტორების კრიტიკასაც იმსახურებს. "გვეკითხებიან, რას ვაპირებთ - სისტემის შეცვლას, თუ ოლქების გათანაბრებას. კითხვას პასუხი მალე უნდა გაეცეს და ეს მხოლოდ უცხოელებს არ აინტერესებთ. პირველ რიგში, ეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს და ამომრჩეველს აინტერესებს".

მიუხედავად ამისა, 2015 წლის 6 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლებამ უარი განაცხადა არსებული, შერეული ტიპის საარჩევნო სისტემის გაუქმებაზე და ის 2020 წლისთვის გადადო. შესაბამისად, ხელისუფლება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების კვლავ პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებას გეგმავს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელისუფლებას კვლავ მიმართეს,

რომ შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის განხორციელდეს.

პასუხად, 2015 წლის 3 სექტემბერს, პარლამენტში კოალიცია "ქართული ოცნების" 81 დეპუტატის ინიციატივით კონსტიტუციური კანონის პროექტი

დარეგისტრირდა, რომელიც უარს ამბობს საარჩევნო სისტემის ძირეულ ცვლილებაზე ახლა და მას მხოლოდ 2020 წლისთვის გეგმავს.

ფაქტ-მეტრის კვლევამ აჩვენა, რომ 3 სექტემბერს პარლამენტში რეგისტრირებული ცვლილებების პროექტი საკონსტიტუციო კომისიას მართლაც არ განუხილავს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვახტანგ ხმალაძემ ამის მიზეზად საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფში კვორუმის არ არსებობა მოიშველია. შესაბამისად, მისი განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული იყო ცვლილებების კანონპროექტი პირდაპირ პარლამენტში შეეტანა. ვახტანგ ხმალაძე აქ პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობის საკითხთა ჯგუფს გულისხმობს, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს და რომელიც ერთ-ერთია საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შექმნილი ხუთი სამუშაო ჯგუფიდან. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ჯგუფის სხდომა მხოლოდ ოთხჯერ შედგა

და ის 2014 წლის 12 მაისის შემდეგ აღარ შეკრებილა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ოთხი სამუშაო სხდომის განმავლობაში პარლამენტის ახალი საარჩევნო სისტემა განხილვის საგანი არცერთხელ არ ყოფილა.

ფაქტ-მეტრი პარტია "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა კაციტაძეს დაუკავშირდა. მან აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო კომისია 2 წლის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ შეიკრიბა. მან ვახტანგ ხმალაძეს მოუწოდა, სამუშაო ჯგუფების სხდომებზე დარეგისტრირებულ წევრთა სია გაასაჯაროოს, რათა ცნობილი გახდეს კონკრეტულად ჯგუფის რომელი წევრების გაცდენის გამო ვერ იკრიბებოდა კვორუმი.

საკონსტიტუციო კომისიის უმოქმედობაზე პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს დააკისრა პარტია "ახალი მემარჯვენეების" ყოფილმა თავმჯდომარემ, ამჟამად კი პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ. "რისთვის არსებობს საკონსტიტუციო კომისია, რისთვის უგრძელდება მას უკვე მერამდენედ ვადა, თუკი ყველაზე ფუნდამენტური საკითხები მისი გვერდის ავლით შევა პარლამენტში? ამ კითხვით მივმართავ მთელ ხელისუფლებას და პირველ რიგში პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც თავად გახლავთ საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე და სამწუხაროდ, მთელი ამ ხნის მანძილზე თავადვე ახდენს ამ კომისიის იგნორირებასა და დისკრედიტაციას" - განაცხადა

ფიქრია ჩიხრაძემ.

დასკვნა

არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების საერთო პოზიციაა, რომ საარჩევნო სისტემა ძირეულად უნდა შეიცვალოს და მაჟორიტარული სისტემა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უნდა გაუქმდეს. ამ საკითხზე 14-მა ოპოზიციურმა პარტიამ და 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ პარლამენტის სახელზე ერთობლივი მიმართვაც გაავრცელეს.

ზემოაღნიშნულ სუბიექტებს საკონსტიტუციო კომისიაში წარმომადგენლები ჰყავთ. "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო კომისიის 58 წევრიან კომისიაში 13 დეპუტატით არის წარმოდგენილი. შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობა ამ პირობებში საკონსტიტუციო კომისიას ცვლილებების იმ ვარიანტზე, რომელიც საბოლოოდ თავად წარადგინა, ვერ დაითანხმდებდა. ამდენად, საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო კომისიის გვერდის ავლით მისთვის სასურველი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შექმნა, ხოლო საკონსტიტუციო კომისია, რომელიც პარლამენტის მიერ შეიქმნა და კონსტიტუციური ცვლილებები "საერთო-სახალხო" უნდა გაეხადა, პროცესებს მიღმა დარჩა.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, პრეზიდენტის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი