2015 წლის 13 ივნისს, თბილისში, მდინარე ვერეს ადიდებას 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ქალაქს მრავალმინიონიანი ზარალი მიადგა. წყალდიდობამ თბილისის ზოოპარკის ცხოველების დიდი ნაწილიც იმსხვერპლა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სტიქიის შედეგად მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა 100 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. თბილისის იმდროინდელი ვიცე-მერის, დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით

კი, ზარალი 200 მილიონი ლარი იყო.

ასევე, სტიქიის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა დედაქალაქის ინფრასტრუქტურაც, ყველაზე მეტად კი ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა. აღსანიშნავია, რომ სტიქიიდან რამდენიმე დღეში ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობდნენ იმაზე, რომ ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქია გარკვეულწილად იქ სამანქანო გზის გაყვანასა და გვირაბების გაკეთებას უკავშირდებოდა. ამ საქმეზე გამოძიება

პროკურატურამაც დაიწყო, თუმცა, ძიების შედეგები ამ დრომდე უცნობია.

რაც შეეხება 13 ივნისის სტიქიის შედეგად განადგურებულ ვერეს ხეობას, მისი აღდგენისა და სხვადახვა ფუნქციური დატვირთვის რამდენიმე იდეა არსებობდა. საქართველოს ბიზნეს პალატისა და სამშენებლო ასოციაციების ინიციატივით, აქ ე.წ. "ქართული მანჰეტენი" უნდა აშენებულიყო. მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი წარმომადგენელი და თბილისის მერი დავით ნარმანია მიიჩნევდნენ, რომ ხეობა თბილისის ცენტრალურ პარკად უნდა ქცეულიყო.

სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა

დავით ნარმანიამ ტელეკომპანია GDS-ის ეთერში და აღნიშნა, რომ მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორია მომავალში რეკრეაციულ ზონად გარდაიქმნება. "ჩვენ მოვამზადეთ საკონკურსო წინადადება, რომელიც გამოქვეყნდება და სწორედ ამაზე დაყრდნობით, ყველაზე საუკეთესო კონცეფცია და პროექტი იქნება შერჩეული, რათა აღნიშნული ტერიტორია განვითარდეს, როგორც თბილისის ცენტრალური პარკი" - განაცხადა ნარმანიამ.

აღნიშნული განცხადების გადამოწმების მიზნით, ფაქტ-მეტრმა თბილისის მერიას შესაბამისი კითხვებით მიმართა. ჩვენ დავინტერესდით, მიღებულია თუ არა ვერეს ხეობაში რეკრეაციული ზონის განვითარების შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება და არსებობს თუ არა შესაბამისი დოკუმენტი.

პასუხად, მერიიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ მდინარე ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩარჩო-გეგმის (ვერეს მიმდებარე ტერიტორიის ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის სქემის სახით დამუშავებული დოკუმენტი, რომელიც დადგენილი პროცედურის და პირობების ფარგლებში განაშენიანების გეგმას განსაზღვრავს) შემუშავებაზე კონკურსი 2015

წლის 25 სექტემბერს გამოცხადდა. ტენდერის ღირებულება 59 322 ლარს შეადგენდა. წინადადებების მიღება 18 ოქტომბერს დაიწყო და 23 ოქტომბერს შეწყდა. ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ - შპს "ანი-არქიტექტორები" (59 322 ლარით) და შპს "არქიტექტურულმა ბიურომ" (58 999 ლარით) მიიღო, გამარჯვებული კი "არქიტექტურული ბიურო" გახდა. ჩარჩო-გეგმა უნდა მოიცავდეს შემდეგ ასპექტებს - სიტუაციურ გეგმას, აღწერას, თუ რა რიგითობით განხორციელდება სამუშაოები, ტერიტორიის განვითარების გრაფიკულ ნაწილს, ასევე თემატურ სქემებს (მათ შორის სატრანსპორტო, საინჟინრო და გამწვანება-რეკრეაციის ნაწილს).

საკონკურსო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ჩარჩო-გეგმის დამუშავება და შემსყიდველისთვის, ანუ თბილისის მერიისთვის გადაცემა, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ორ თვეში განხორციელდება. როგორც თბილისის მერიასა და გამარჯვებულ კომპანიაში ფაქტ-მეტრთან საუბარში აცხადებენ, ჩარჩო-გეგმა უკვე წარდგენილია.

"

არქიტექტურული ბიუროს" დირექტორ მიხეილ ბალიაშვილის განმარტებით, აღნიშნული გეგმა თბილისის მერიას მათ მიმდინარე თვის დასაწყისში ჩააბარეს. პროცედურის თანახმად, ის მერიამ უნდა განიხილოს და თუ შენიშვნები არ ექნება, გეგმა საზოგადეობისთვისაც საჯარო გახდება. მისივე თქმით, ვერეს ხეობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრის, სპორტული კომპლექსის, ტყე-პარკის, ველოტრასებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა იგეგმება, რაშიც თავიანთი წვლილის შეტანა ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება. ანუ, შეიქმნება ვებგვერდი, სადაც პარკის ტერიტორია პიკსელებად დაიყოფა. აღნიშნული პიკსელების შეძენის საშუალება კი ნებისმიერ მსურველს ექნება, რითაც ისინი თავიანთ წვლილს შეიტანენ პარკის მშენებლობაში.

აღნიშნულ პროექტს, რომელიც ვერეს ხეობის, როგორც რეკრეაციული ზონის განვითარებას ისახავს მიზნად, საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, ასევე ორგანიზაცია "პარტიზანი მებაღეები" დადებითად აფასებენ. "მოხარულები ვართ, რომ მერიაში მდინარე ვერეს ხეობის სივრცით-ტერიტორიული განვითარების ძალიან კარგი კონცეფცია წარმოადგინეს. პროექტმა, მთლიანობაში, დაიმსახურა ძალიან დიდი მოწონება. კონცეფცია არის გამართული და პოზიტიური" - განაცხადა

ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნატა მეფარიძემ.

რაც შეეხება რისკებს, "მწვანეთა მოძრაობის" თანადამფუძნებლის, ნინო ჩხობაძის თქმით, მერიის მიერ წარდგენილ კონცეფციაში ყველა რისკი შეფასებული არაა. მისი თქმით, კონცეფციაში აუცილებლად უნდა იყოს ასახული ევაკუაციის გეგმა და წინასწარი გაფრთხილების სისტემა. თუმცა, თბილისის მერიაში განაცხადეს, რომ პროექტში მნიშვნელოვანი კომპონენტი უსაფრთხოებაა, სწორედ ამიტომ, ამ ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრები და კორპუსები არ აშენდება. კონცეფციაში უსაფრთხოების კუთხით ასევე აღნიშნულია, რომ ზოოპარკის ტერიტორიაზე მდინარე ვერეს მცირე განშტოება და პატარა ზომის ტბები გაჩნდება, რომლებიც ერთის მხრივ პარკისთვის შესაბამის გარემოს შექმნის, ხოლო მეორეს მხრივ, წყალმოვარდნის შემთხვევაში ერთგვარი რეზერვუარი იქნება. ასევე, შეიქმნება შესაბამის სამსახურთან (112) დაკავშირებული ადრეული შეტყობინების სისტემა, მდინარის შუა და ზემო წელში დამონტაჟდება ღვარცოფსაწინააღმდეგო ცხაურები/ბადეები, დატბორვის ზონაში საცხოვრებელი სახლებისა და სკოლების დემონტაჟი განხორციელდება, შემუშავდება საგუბარის/რეკრეაციული ტბის პროექტი, ყველა სახის საკანალიზაციო წყალი მიუერთდება ქალაქის ცენტრალურ სისტემას, აგრეთვე სპეციალური ჩამხშობი კედლების საშუალებით შემცირდება ავტომაგისტრალის მიზეზით გამოწვეული ხმაური.

დასკვნა

ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ ამ ტერიტორიაზე საბოლოოდ რეკრეაციული ზონის გაშენება გადაწყდა, რასაც თბილისის მერი იმთავითვე მხარს უჭერდა. როგორც ფაქტ-მეტრისთვის მოწოდებული დოკუმენტაციით ირკვევა, გამოცხადდა შესაბამისი კონკურსი და გამარჯვებული კომპანიაც გამოვლინდა. არსებობს განსახორციელებელი პროექტის კონცეფციაც და ჩარჩო-გეგმაც, თუმცა, ეს უკანასკნელი ჯერჯერობით საჯარო არაა და მერიის მხრიდან განხილვას ელოდება. პროექტის განხორციელება ჯერ არ დაწყებულა და ასევე უცნობია, თუ როდის დასრულდება ის.

აღნიშნულ საკითხს ჩვენ კვლავ დავუბრუნდებით, ამ ეტაპზე კი ვასკვნით, რომ დავით ნარმანიას განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი