პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა სუბელიანი "პანორამა თბილისის" მშენებლობას გამოეხმაურა და განაცხადა: "ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი შეჩერდა, როგორიცაა რკინიგზის დედაქალაქის ცენტრიდან გატანა, რომელიც საცობების პრობლემას მოხსნიდა. ასევე, სააკაძის მოედნიდან ესტაკადა უნდა გაკეთებულიყო, რომელიც გადასასვლელ ხიდს შეურთდებოდა და შუაში გაწყვეტილი ქალაქის მხარეებს ერთმანეთთან დააკავშირებდა. ამ პროექტებს იწონებდნენ მსოფლიო ბანკი, EBRD და სხვა ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც ინფრასტრუქტურის განვითარებაში გვეხმარებიან. ეს ყველაფერი გააჩერა მთავრობამ და მის ნაცვლად აბსოლუტურად გაუმართლებელი პროექტის, "პანორამას" მშენებლობას იწყებს".
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის შესახებ ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა (იხ. ბმული 1, ბმული 2). შემოვლითი რკინიგზის პროექტს სს საქართველოს რკინიგზა ახორციელებდა, რომლის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფისა და სს ხიდმშენის ერთობლივი საწარმო ასრულებდა. შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) უნდა დაეფინანსებინა, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ შესრულდა და პროექტის დაფინანსებას საქართველოს რკინიგზა შეუდგა. 2013 წლის სექტემბერში, როცა ძირითადი სამუშაოების 60% უკვე დასრულებული იყო, (დახარჯული იყო 213 მლნ ლარი) პროექტი შეჩერდა.
აქვე აღსანიშნავია, რომ მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ამ პროექტს უსარგებლო უწოდა და მისი განხორციელების შესაძლებლობა ეჭვქვეშ დააყენა. პროექტის შეჩერების ოფიციალურ მიზეზად კი საქართველოს რკინიგზამ მისი გაუმართაობა დაასახელა. უწყების მიერ 2013 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ განცხადებაშიაღნიშნულია, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის დაწყებამდე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა არ ჩატარებულა. შესაბამისად, საქართველოს რკინიგზამ გადაწყვეტა, მსგავსი სახის კვლევა კომპანია MC Mobility Consultants GmbH-სგან შეესყიდა.
კვლევის მიხედვით, შემდეგი უარყოფითი ფაქტორები გამოვლინდა: რკინიგზის გამტარუნარიანობა შემცირდება 24%-ით, ჯამური დანახარჯები გაიზრდება 57%-ით, ლიანდაგის მთლიანი სიგრძე გაიზრდება 48 კმ-მდე, სალოკომოტივო პარკი გაიზრდება 26%-ით, წლიური მოვლა-შენახვის და საოპერაციო ხარჯები გაიზრდება 12.2 მლნ დოლარამდე (+51% არსებულთან შედარებით), მატარებლის საოპერაციო ხარჯი გაიზრდება 35%-ით, ინფრასტრუქტურის საოპერაციო ხარჯი გაიზრდება 31%-ით, ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ხარჯი გაიზრდება 73%-ით. გარდა ამისა, საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, პროექტის დასასრულებლად აუცილებელი იყო დამატებითი ინვესტიციების განხორციელება, რაც არსებული პროექტის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ ყოფილა. საქართველოს რკინიგზის ცნობით, 2013 წლის 16 სექტემბრის მდგომარეობით, პროექტის არსებული ბიუჯეტის ფარგლებში უკვე დახარჯული იყო 213 მილიონი აშშ დოლარი. პროექტის დასასრულებლად კი დარჩენილი იყო დაახლოებით (მოსალოდნელი საჭირო დამატებითი ინვესტიციების გარეშე) 137 მილიონი აშშ დოლარი. ამავე განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია პროექტის ფარგლებში არსებულ ეკოლოგიურად სენსიტიურ ადგილებზე და აღნიშნულ მონაკვეთზე მატარებელთა სრულყოფილი ოპერირებისთვის მშენებლობის შედეგად გამოვლენილ ეკოლოგიურ რისკებზეც.
მიუხედავად გამოვლენილი ხარვეზებისა, მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებდა, რომ პროექტის გადახედვის შემდეგ მშენებლობა გაგრძელდებოდა. საბოლოოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, რკინიგზის პროექტის გაგრძელება 2016 წლისთვის გადაიდო. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთან" ინტერვიუშითბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ყოფილმა უფროსმა, აკაკი ჯოხაძემ პროექტის განხორციელების სარგებლიანობას გაუსვა ხაზი. მისი განცხადებით, მთლიანობაში პროექტი ქალაქის ცენტრში 150 ჰექტარს გამოათავისუფლებდა და ინვესტიციების მოსაზიდად ხელსაყრელ პირობებს შექმნიდა. ამასთან, რკინიგზის გადატანა ქალაქის საცობებისგან განტვირთვას შეუწყობდა ხელს.
2015 წლის 27 ნოემბერს თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის დირექტორმა გურამ გურამიშვილმა შემოვლითი რკინიგზის პროექტთან დაკავშირებით ერთობლივი პრესკონფერენციაგამართეს. როგორც პრესკონფერენციაზე ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, საქართველოს რკინიგზამ დედაქალაქის მერიას შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელების სამი შესაძლო ვარიანტი შესთავაზა. მერის მოადგილის თქმით, სამივე ვარიანტი პროექტის ეკონომიკურ პარამეტრებს აუმჯობესებს, თუმცა რომელი ვარიანტია უფრო მისაღები, კონსულტანტ უცხოურ კომპანიასთან ერთად, ქალაქის გენერალური გეგმის შემუშავების პროცესში გადაწყდება.
შემოვლითი რკინიგზის სამივე ვარიანტზე ისაუბრა საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის დირექტორმა გურამ გურამიშვილმა. მისი ინფორმაციით, სამივე ვარიანტის მიხედვით, თბილისის რკინიგზის გამტარიანობა 10-15%-ით შემცირდება. თუმცა, ასევე მცირდება საოპერაციო, რკინიგზის ინფრასტრუქტურის მოვლის და სხვა ხარჯები. მისივე ინფორმაციით, შემოვლითი რკინიგზის პროექტის პირველი ვარიანტი 300 მილიონი დოლარი დაჯდება. მეორე ვარიანტი 60 მილიონით, მესამე ვარიანტი კი 140 მილიონით აძვირებს პროექტს.
ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, შემოვლითი რკინიგზის პროექტი თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან შესაბამისობაში უნდა იყოს. ეს გეგმა საბოლოო ფორმით 18 თვეში (2015 წლის ნოემბრიდან) იქნება მზად. ნომერ პირველ პრიორიტეტად გენერალური გეგმის ფარგლებში სწორედ შემოვლითი რკინიგზის პროექტი განიხილება.
რაც შეეხება სააკაძის მოედნის ესტაკადას, პროექტი ჯერჯერობით არ არსებობს. თუმცა, თბილისის საცობებისგან განტვირთვის მიზნით, ამ სატრანსპორტო კვანძის პროექტის შემუშავებისა და განხორციელებისკენ თბილისის მერიას "ნაციონალურმა მოძრაობამ" არაერთხელ მოუწოდა. ჩვენ დავინტერესდით, თბილისის მერიაში ამ მიმართულებით თუ მიმდინარეობს რაიმე სახის მუშაობა. როგორც მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განგვიმარტეს, დედაქალაქის საცობების პრობლემის მოგვარების მიზნით მერიამ გერმანული საერთაშორისო ორგანიზაცია A+S Consult GmbH Forschung und Entwicklung დაიქირავა. კომპანიამ 2016 წლის 11 იანვარს პრეზენტაცია გამართა და მერიას საბურთალოს რაიონის საცობების პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა (სააკაძის და ბახტრიონის ქუჩაზე შუქნიშნის დამონტაჟება, პეკინისა და კოსტავას ქუჩაზე მოკლე სატრანსპორტო გვირაბების მოწყობა და ა.შ.). პრეზენტაციის შემდეგ, თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ განაცხადა: "გერმანული კომპანიის მიერ წარმოდგენილი დასკვნა აღნიშნულ ტერიტორიებზე სატრანსპორტო საშუალებების გამტარუნარიანობის გაუმჯობესების რამდენიმე ვარიანტს ითვალისწინებს. მათ შორისაა საგზაო მოძრაობის რეგულირება, ჭკვიანი შუქნიშნების დაყენება, კუნძულების შექმნა და ა.შ. შესაბამისად, მანამ, სანამ ჩვენ რაიმე ინფრასტრუქტურულ გადაწყვეტილებას მივიღებთ, სწორედ ამ მოდელს გავითვალისწინებთ". აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" დამფუძნებელმა ლევან ხაბეიშვილმა კვლევასთან დაკავშირებით მერია თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა. მან რადიო "პალიტრაში" სტუმრობისას განაცხადა: "დედაქალაქის მერიამ 40 000 ევრო იმ კონსულტაციაში გადაიხადა, სადაც საბოლოო შედეგი დადგა ის რომ, თურმე შუქნიშნები უნდა დავაყენოთ და ამით განიტვირთება საცობები, რბილად რომ ვთქვათ, ეს არალოგიკური და არამიზნობრივი ხარჯია. შუქნიშნები საცობებს ვერ განტვირთავს, გამოსავალი ინფრასტრუქტურის მოწყობაშია და სამწუხაროა ის, რომ ამ წლის ბიუჯეტში არც ერთი ახალი ესტაკადის, ახალი ხიდის და გვირაბის მშენებლობა გათვალისწინებული არ არის".
დასკვნა
შემოვლითი რკინიგზის პროექტი 2013 წლის სექტემბერში შეჩერდა, როცა ძირითადი სამუშაოების 60% უკვე დასრულებული იყო. შეჩერების მიზეზად საქართველოს რკინიგზამ პროექტის გაუმართაობა დაასახელა. ის 2016 წელს უნდა განახლებულიყო, თუმცა, როგორც ჩანს, სამშენებლო სამუშაოების დაწყება კიდევ გადაიწევს. 2015 წლის ნოემბერში მერიას პროექტის სამი ახალი ვარიანტი წარედგინა. როგორც მერიის წარმომადგენელმა ირაკლი ლექვინაძემ განმარტა, შემოვლითი რკინიგზის პროექტი თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან შესაბამისობაში უნდა იყოს. ეს გეგმა კი, საბოლოო ფორმით 2017 წლის პირველ ნახევარში უნდა იყოს მზად. შესაბამისად, შემოვლითი რკინიგზის პროექტიც ამ გეგმის დასრულების შემდეგ გაგრძელდება. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის არ არსებობის მიუხედავად, მასშტაბური პროექტის - "პანორამა თბილისის" განხორციელება დაიწყო.
რაც შეეხება სააკაძის ესტაკადას, მისი პროექტი არ არსებობს. თუმცა, გერმანულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მერიას თბილისის საცობებისგან განტვირთვის მიზნით გარკვეული რეკომენდაციები (მაგ. შუქნიშნების დამონტაჟება) შესთავაზა. ჩვენ სააკაძის მოედანზე მომავალში განხორციელებულ აქტივობას თვალს მივადევნებთ და იმითაც დავინტერესდებით, შუქნიშნების დამონტაჟება უფრო ძვირი დაუჯდება მერიას, თუ იმ კომპანიის მომსახურება, რომელმაც თბილისის საცობებისგან განსატვირთად შუქნიშნების დამონტაჟების რეკომენდაცია გასცა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, კობა სუბელიანის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.