რუსთავი 2-ის ეთერში საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ყურადღება თბილისის მერიის პრესსამსახურის თანამშრომელზე გაამახვილა. მისი თქმით: "დავით ნარმანიას პიარის თანამშრომელი თვეში 5 600 ლარს იღებს".
ფაქტ-მეტრმა ალეკო ელისაშვილის განცხადების გადამოწმება სცადა.
როგორც ელისაშვილმა დაგვიზუსტა, ის თბილისის მერიის პრესსამსახურის შტატგარეშე თანამშრომელს, ხათუნა ივანიშვილს გულისხმობდა. ხათუნა ივანიშვილის ყოველთვიური სახელფასო სარგოს შესახებ ინფორმაციის მისაღებად ჩვენ თბილისის მერიას ოფიციალური წერილით მივმართეთ.
მიღებულ პასუხშინათქვამია, რომ ხათუნა ივანიშვილი 2015 წლის 5 აგვისტოდან დღემდე ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციაში შტატგარეშე მოსამსახურედ მუშაობს. მას საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობა ევალება. თბილისის მერიის განმარტებით, ინფორმაცია ხათუნა ივანიშვილის სახელფასო სარგოს შესახებ პერსონალური მონაცემების შემცველია. შესაბამისად, აღნიშნულის შესახებ პასუხი ვერ მივიღეთ.
"პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისმე-2 მუხლის ა პუნქტის თანახმად, "პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი მონაცემი, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით, ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით".
თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის სამართლებრივ პირობებსა და მექანიზმს "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონიარეგულირებს. კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ტერმინში - "თანამდებობის პირი" - შემდეგი პირები მოიაზრებიან: პრეზიდენტი, პარლამენტის წევრი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები და მთავრობათა თავმჯდომარეები, მინისტრები და მათი მოადგილეები, საქართველოს მთავრობის/პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილეები და სხვა. თანამდებობის პირთა ჩამონათვალში არ შედის შტატგარეშე მოსამსახურე. შესაბამისად, თბილისის მერიას ხათუნა ივანიშვილის შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაციის გაცემის ვალდებულება არ ჰქონდა. თუმცა, ბუნებრივია, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მერიას აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მოწოდება შეეძლო.
12 დეკემბერს ჩვენ თბილისის მერიას განმეორებით მივმართეთ და მერიის ადმინისტრაციაში დასაქმებული შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია ხელახლა, კონკრეტული პიროვნების დაფიქსირების გარეშე გამოვითხოვეთ. პასუხშინათქვამია, რომ თბილისის მერიის ადმინისტრაციაში 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე დასაქმებული იყო 15 შტატგარეშე თანამშრომელი. 2016 წლის 6 იანვრის განკარგულების საფუძველზე კი, მათი რაოდენობა გაიზარდა. თუმცა, კონკრეტულად რამდენი თანამშრომლით, ამის შესახებ წერილში მითითებული არ არის.
მერიის პასუხში ასევე განმარტებულია, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონისმე-8 მუხლის შესაბამისად, შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით, ან შრომითი ხელშეკრულებით სამსახურში გარკვეული ვადით, არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად მიიღება. ისინი შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ასრულებენ ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალებებს. რაც შეეხება შტატგარეშე თანამშრომლების შრომის ანაზღაურებას, 2015 წელს თბილისის მერიის ადმინისტრაციაში ამ მიზნით 235 349 ლარი დაიხარჯა. ერთ შტატგარეშე თანამშრომელზე გაცემული მინიმალური თანხის ოდენობამ 60 ლარი (აგვისტო), მაქსიმალურმა კი 10 125 ლარი (სექტემბერი) შეადგინა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხათუნა ივანიშვილი თბილისის მერიის ადმინისტრაციის შტატგარეშე თანამშრომლად 2015 წლის აგვისტოდან ირიცხება. აგვისტო-დეკემბრის პერიოდში კი ერთ-ერთ შტატგარეშე თანამშრომელს შრომის ანაზღაურების სახით ყოველთვიურად საკმაოდ სოლიდური თანხა უფიქსირდება. კერძოდ, ამ თანამშრომელს აგვისტოს თვეში თანამდებობრივი სარგოს, დანამატისა და პრემიის სახით მიღებული აქვს 5 062 ლარი, სექტემბერში - 10 125 ლარი, ოქტომბერში - 5 625 ლარი, ნოემბერში - 5 620 ლარი, დეკემბერში კი 7 500 ლარი.
ცხადია, ჩვენ იმის მტკიცებას არ ვაპირებთ, რომ აღნიშნული თანხები სწორედ ხათუნა ივანიშვილის შრომის ანაზღაურებას წარმოადგენს. თუმცა, ფაქტია, რომ მერიის ადმინისტრაციაში ერთ-ერთ შტატგარეშე თანამშრომელს შრომის ანაზღაურების სახით ყოველთვიურად 5 000 ლარზე მეტი ერიცხება. 5 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხა ხელფასის სახით სექტემბერში, ნოემბერსა და დეკემბერში კიდევ ერთ შტატგარეშე თანამშრომელს აქვს მიღებული.
დასკვნა თბილისის მერიიდან მიღებული ინფორმაციით, ხათუნა ივანიშვილი მერიაში შტატგარეშე მოსამსახურედ 2015 წლის 5 აგვისტოდან მუშაობს და მას საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობა ევალება. რაც შეეხება ხათუნა ივანიშვილის სახელფასო სარგოს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მერიიდან ვერ მივიღეთ. თუმცა, თბილისის მერიის ადმინისტრაციის ერთ-ერთ შტატგარეშე თანამშრომელს ყოველთვიურად ხელფასის სახით (2015 წლის აგვისტოს თვიდან) 5 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხა ნამდვილად ერიცხება.