ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში თბილისის საკრებულოს წევრმა "ნაციონალური მოძრაობიდან", ირაკლი აბესაძემ, განაცხადა: "გასულ წლებში, გენერალურ გეგმას რომ უკავშირებთ ინვესტიციებს და სამუშაო ადგილების შექმნას, სწორედ გენერალური გეგმის არ არსებობის პირობებში იზრდებოდა 2-ჯერ უფრო მეტად თბილისის ეკონომიკა, ვიდრე დღეს იზრდება, სამუშაო ადგილებიც უფრო მეტად იქმნებოდა და ქალაქიც უფრო მეტად ვითარდებოდა".
ქალაქ თბილისის განვითარების ბოლო გენერალური გეგმა 1971 წელს არის დამტკიცებული და იგი 2000 წლის ჩათვლით მოქმედებდა. დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში მსგავსი დოკუმენტი არ შემუშავებულა. აღნიშნული მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა 2009 წელს, როდესაც დამტკიცებული იქნა დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა. თუმცა, არსით, აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ მიწათსარგებლობის გეგმას წარმოადგენდა და მისი განხილვა შესაძლებელია მხოლოდ როგორც საფუძვლის, ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის ჩამოსაყალიბებლად. 2014 წლის 30 დეკემბერს დამტკიცებული იქნა დედაქალაქის მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმა.აბესაძის განცხადებით, გენერალური გეგმა არ არსებობდა გასულ წლებშიც, თუმცა წინა ხელმძღვანელობის პირობებში ეკონომიკური აქტივობა თბილისში გაცილებით მაღალი იყო.
ამ ეტაპზე საქსტატს მშპ-ის განაწილება რეგიონალურ ჭრილში მხოლოდ 2014 წლის ჩათვლით აქვს გამოქვეყნებული. როგორც ცხრილი 1-დან ჩანს 2008-2012 წლებში თბილისის ეკონომიკა საშუალოდ 4.6%-ით იზრდებოდა, პოსტკრიზისული პერიოდის შემდგომ, 2010-2012 წლებში კი, საშუალო რეალურმა ზრდამ 8.6%-შეადგინა. 2013-2014 წლების საშუალო რეალური ზრდა მხოლოდ 2.65%-ია, რაც 5 წლიანი მონაკვეთის საშუალოს 1.74-ჯერ, 2010-2012 წლების საშუალო მაჩვენებელს კი 3.25-ჯერ ჩამოუვარდება. 2015 წელს ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებული დაბალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თბილისის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც დაბალი იქნება.
ცხრილი 1:
თბილისის მთლიანი შიდა პროდუქტი 2008-2014 წლებში (მლნ ლარი)
წელი | 2008 | 2009 | 2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 |
მშპ ნომინალური | 7,914 | 7,274 | 8,473 | 9,914 | 11,194 | 11,301 | 12,147 |
მშპ რეალური | 8,406 | 7,896 | 8,473 | 9,058 | 10,119 | 10,294 | 10,662 |
ზრდა ნომინალური | 12.90% | -8.08% | 16.47% | 17.02% | 12.91% | 0.95% | 7.49% |
ზრდა რეალური | 3.01% | -6.07% | 7.30% | 6.91% | 11.71% | 1.73% | 3.57% |
როგორც ცხრილი 2-დან ჩანს, 2013-2014 წლებში თბილისში დასაქმებულთა რაოდენობა გასული წლების ანალოგიურ მონაცემებს აღემატება და ზრდის ტენდენციით ხასიათდება. გაზრდილია დასაქმებულთა ზრდის ტემპის მაჩვენებელიც. 2013 წელს დასაქმებული იყო 315 300 ადამიანი, რაც 1.76%-ით მეტია 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ზრდა დაფიქსირდა 2014 წელსაც, დასაქმებულთა ოდენობამ 325 000-ს მიაღწია და წინა წელთან შედარებით 3.08%-ით გაიზარდა. ჯამში, 2013-2014 წლების მანძილზე, დასაქმებულთა ოდენობა 15 100 ერთეულით გაიზარდა. 2008-20012 წლებში კი დასაქმებულთა ოდენობა უმნიშვნელოდ იცვლებოდა. გამონაკლისია 2010 წელი, როცა დასაქმებულთა რიცხვი 308 700-დან 318 300-მდე გაიზარდა, თუმცა 2011 წელს დასაქმებულთა ოდენობა 309 400-ს დაუბრუნდა.
ცხრილი 2:
შრომის ბაზრის მაჩვენებლები თბილისის მასშტაბით, 2007-2014 წლები
ათასი კაცი (%-ის გარდა) | ||||||
წელი | დასაქმებული | დასაქმებულთა ოდენობის ცვლილება | უმუშევარი | უმუშევრთა ოდენობის ცვლილება | სამუშაო ძალა | უმუშევრობის დონე |
2007 | 346.10 | 14.02% | 134.60 | 2.66% | 480.70 | 28.00% |
2008 | 302.10 | -12.71% | 128.00 | -4.88% | 430.10 | 29.76% |
2009 | 308.70 | 2.19% | 129.70 | 1.33% | 438.40 | 29.58% |
2010 | 318.30 | 3.09% | 137.00 | 5.62% | 455.30 | 30.09% |
2011 | 309.40 | -2.80% | 128.00 | -6.56% | 437.40 | 29.26% |
2012 | 309.90 | 0.16% | 127.30 | -0.54% | 437.20 | 29.12% |
2013 | 315.30 | 1.76% | 129.30 | 1.57% | 444.70 | 29.08% |
2014 | 325.00 | 3.08% | 94.20 | -27.18% | 419.20 | 22.47% |
ბოლო წლებში შემცირების ტენდენციით ხასიათდება უმუშევრობის დონეც, თუმცა, აღნიშნული მაჩვენებლის ცვლილებაზე გავლენას ახდენს სამუშაო ძალის ცვლილებაც. მაგალითად, 2014 წელს უმუშევართა ოდენობა 35 100 ადამიანით შემცირდა, შესაბამისად 6.6 პროცენტული პუნქტით იკლო უმუშევრობის დონემაც, თუმცა, დასაქმებულთა ოდენობა მხოლოდ 9 700-ით გაიზარდა. ამავდროულად, 25 500-ით შემცირდა სამუშაო ძალა. ამდენად, უმუშევრობის მკვეთრი შემცირება დიდწილად უმუშევართა სამუშაო ძალიდან გასვლამ განაპირობა. შესაბამისად, სამუშაო ადგილების შექმნის შესაფასებლად დასაქმებულთა ოდენობის გამოყენება უფრო გამართლებულია.
დასკვნა 2008-2012 წლების საშუალო რეალური ეკონომიკური ზრდა (4.6%) 1.74-ჯერ, პოსტკრიზისულ 2010-2012 წლებში დაფიქსირებული ზრდა (8.6%) კი 3.25-ჯერ აჭარბებს 2013-2014 წლების საშუალო რეალურ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს (2.65%). სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით შეიძლება ითქვას, რომ მონაცემები მეტ-ნაკლებად სტაბილურია, თუმცა, გასულ წლებთან შედარებით, 2013-2014 წლებში დასაქმებულთა ოდენობის ზრდა დაფიქსირდა. აქვე აუცილებელია აღინიშნოს, რომ არსებული სტატისტიკური მონაცემები გარკვეულწილად წინააღმდეგობაში მოდის ეკონომიკურ თეორიასთან, ვინაიდან, მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, დასაქმებულთა ოდენობა თითქმის არ იცვლება, შენელებული ეკონომიკური ზრდის პირობებში კი, ზრდის ტენდენციას ავლენს. ანალოგიურ შემთხვევას აქვს ადგილი საქართველოს მასშტაბითაც, ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შემთხვევაში (იხ. ბმული). ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი აბესაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.