იტვირთება

პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა: "ეკონომიკის სამინისტროში მეწარმეობის განვითარების პროგრამის დაწერა 1 მილიონი ლარი ჯდება. რა საჭიროა ასეთი პროგრამა? მეწარმეობის განვითარებას პროგრამის დაწერა კი არ სჭირდება, არამედ გადასახადების და კორუფციის შემცირებაა საჭირო".

ფაქტ-მეტრი გიორგი კანდელაკის ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

მეწარმეობის განვითარების სააგენტო 2014 წლის მარტში შეიქმნა. ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. სააგენტო ძირითადად ორიენტირებულია სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებაზე, კერძო სექტორის განვითარებაზე, მცირე და საშუალო საწარმოებისა და ექსპორტის ხელშეწყობაზე (იხ. ბმული).

სააგენტო სახელმწიფო პროგრამას - "აწარმოე საქართველოში" - ახორციელებს.

პროგრამა "აწარმოე საქართველოში" 2014 წლის ივნისიდან დაიწყო (ამ პროგრამის შესახებ ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა, იხ. ბმული). პროგრამის კოორდინატორები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროები არიან. აღნიშნული პროგრამის მიზანია წარმოებაზე ორიენტირებული ინდუსტრიების მხარდაჭერა და მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესის ეფექტურობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდისკენ. 2015 წლის 15 მარტიდან საქართველოს რეგიონებში "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის განხორციელება დაიწყო. 2016 წლიდან ამ პროგრამას ახალი კომპონენტი დაემატება, რომელმაც რეგიონებში სასტუმრო ბიზნესის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი (იხ. ბმული). მეწარმეობის სააგენტოს პროგრამის დაწერის ხარჯების კვლევისას ჩვენ თავად გიორგი კანდელაკს მივმართეთ და განცხადების დაზუსტება ვთხოვეთ. მან 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების 24 01 03 კოდი

დაასახელა, სადაც მეწარმეობის განვითარებაზე გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებია აღწერილი (სურათი 1).

ცხრილი 1:

სახელმწიფო ბიუჯეტიდან მეწარმეობის განვითარებისთვის გამოყოფილი ასიგნებები

image001 წყარო: საქართველოს ფინანასთა სამინისტრო

იმის გამო, რომ მეწარმეობის განვითარების პროგრამის დაწერის ხარჯებზე როგორც 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, ისე არც ერთ სხვა დოკუმენტში ინფორმაცია არ მოიძებნა, ჩვენ მეწარმეობის განვითარების სააგენტოსაც დავუკავშირდით და შესაბამისი ინფორმაცია

გამოვითხოვეთ (პირველ რიგში, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს 2014, 2015 და 2016 წლების ბიუჯეტების, გაწეული ხარჯებისა და მათი მიზნობრიობის შესახებ).

ცხრილი 2: 

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს 2014, 2015 და 2016 წლების ბიუჯეტები

image002 წყარო: სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტო

როგორც ვხედავთ, ინფორმაცია მეწარმეობის განვითარების პროგრამის დაწერაზე გამოყოფილი თანხის შესახებ არც მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ბიუჯეტის ცხრილშია მოცემული. 2014, 2015 წლებში მსგავსი მიზნით თანხა არ დახარჯულა. ასევე, ანალოგიური ხარჯი არც 2016 წლისთვის არის განსაზღვრული. გარდა ამისა, როგორც სააგენტოს წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, მსგავსი პროგრამა არც არსებობს და შესაბამისად, მის გაწერაზე თანხები გამოყოფილი ვერ იქნება.

ამ საკითხის კვლევის პროცესში ფაქტ-მეტრი ასევე დაინტერესდა 2014 წელს მეწარმეობის განვითარებაზე გამოყოფილი 2 170 ათასი ლარის მიზნობრიობის შესახებ მაშინ, როცა მომუშავეთა რიცხოვნობა 0-ის ტოლი იყო. მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2014 წელს საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში გაწეული დანახარჯები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 4 აპრილის ბრძანებით (ბრძანება №1-1/90)

დამტკიცებული სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიზნების განსახორციელებლად იქნა გამოყენებული. ხოლო, იქიდან გამომდინარე, რომ სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტო 2014 წელს შეიქმნა, საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონი კი უფრო ადრე, 2013 წლის 11 დეკემბერს მიიღეს, 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, რომლითაც სააგენტო ფინანსდებოდა, მომუშავეთა რიცხოვნობა მითითებული არ იყო.

დასკვნა

როგორც კვლევამ აჩვენა, არც დეპუტატის მიერ მითითებული წყაროთი (საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები, მუხლი 24 01 03) და არც მეწარმეობის განვითარების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით, მეწარმეობის განვითარების პროგრამის დაწერაზე 1 მლნ ლარის გამოყოფა არ დასტურდება.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კანდელაკის განცხადება არის ტყუილი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

2824 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი