იანვარს, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა მიხეილ მაჭავარიანმა გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში სამხედროების მონაწილეობასთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა: "2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე არცერთი ჯარისკაცი იქ არ იყო რეგისტრირებული. ეს ბადებს ეჭვებს, რომ თავდაცვის მინისტრი ჩართულია საარჩევნო პროცესში და ჩართულია იმაში, რომ ამ 700 ჯარისკაცის მონაწილეობით მოხდეს არჩევნებში გამარჯვება".
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
28 იანვარს გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები იმართება. გამარჯვებისთვის ორი კანდიდატი იბრძვის - კოალიცია "ქართული ოცნებიდან" ყოფილი ფეხბურთელი გოჩა ჯამარაული და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგებელი ბესიკ კახაბრიშვილი. გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიამ ამ არჩევნებთან დაკავშირებით გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი #64-ე საარჩევნო უბანი დაარეგისტრირა,რომელიც ვაზიანის პირველი საარტილერიო ბრიგადის სასწავლო კორპუსში მდებარეობს. ამ უბანზე დაახლოებით 700 სამხედრო მოსამსახურე მისცემს ხმას.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეს გადაწყვეტილება გააპროტესტეს. "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების", ასევე "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლებმა პროცესს გაუმჭვირვალე უწოდეს. მათი განცხადებით, სამხედროები კვლავ აძლევენ ხმას კანდიდატებს, როდესაც კონკრეტულ საარჩევნო ოლქში არ არიან რეგისტრირებული. კანონის მიხედვით, ჯარისკაცები მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში უნდა იმყოფებოდნენ ბაზაზე, რომ დისლოკაციის ადგილზე გახსნილ უბანზე ხმის მიცემის უფლება ჰქონდეთ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა თავდაცვის სამინისტროს იმ სამხედრო მოსამსახურეების შესახებ დოკუმენტაცია გამოთხოვეს, რომლებსაც 28 იანვრის არჩევნებში ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ხმა უნდა მიეცათ. ამასთან, მათ მოითხოვეს მტკიცებულება, რომ აღნიშნული სამხედროები ერთ წელზე მეტია რაც გარდაბანში დისლოცირებულნი არიან, თუმცა, მათ ეს ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროსგან ვერ მიიღეს.
ფაქტ-მეტრი მიხეილ მაჭავარიანსაც დაუკავშირდა. მისი განმარტებით, სამხედრო მოსამსახურეები 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებულნი ვერ იქნებოდნენ, ვინაიდან აღნიშნულ არჩევნებზე გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბანი (სპეცუბანი) გარდაბანში საერთოდ არ არსებობდა. აღსანიშნავია, რომ ცესკომ არ დააკმაყოფილა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მოთხოვნა, რომლებიც აღნიშნული უბნის თაობაზე გარდაბნის საოლქო კომისიის განკარგულებების გაუქმებას ითხოვდნენ და სამხედროების სიებზე პასუხისმგებლობა თავდაცვის სამინისტროს დააკისრა. თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ბესიკ ლოლაძის განცხადებით,სამხედროების სიები კანონის სრული დაცვით არის შედგენილი.
გარდაბნის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილე სამხედროების დოკუმენტაციასთან დაკავშირებით ფაქტ-მეტრი "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას" (ISFED) დაუკავშირდა. ISFED-ის წარმომადგენლის განმარტებით, თავდაცვის სამინისტრომ არჩევნებში მონაწილე ჯარისკაცებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცემაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ აღნიშნული ინფორმაცია პერსონალურ მონაცემებად მიიჩნია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გარდაბანში გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბანი არ არსებობდა. 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სულ 20 სპეცუბანიიყო შექმნილი და მათ შორის ვაზიანის საარტილერიო ბრიგადა არ ფიგურირებდა. გარდაბნის საოლქო კომისიამ მხოლოდ ახლა, გამგებლის რიგგარეშე არჩევნებისთვის ჩათვალა საჭიროდ ასეთი უბნის შექმნა და კომისიის გადაწყვეტილებით, იმ სამხედროებმა, რომლებიც გარდაბანის მუნიციპალიტეტეში არ არიან რეგისტრირებულნი, გარდაბნის გამგებლის 28 იანვრის არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიიღეს.
24 იანვარს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ბესიკ ლოლაძემ გენერალური შტაბის წარმომადგენლებთან ერთად ის სამხედრო ქვედანაყოფები მოინახულა, სადაც 28 იანვარს სპეციალური საარჩევნო უბანი იქნება. 25 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფთან შეხვედრაზე შემდეგი განცხადება გააკეთა: "სპეცუბნებს, როგორც ასეთს, ჩვენ ვაუქმებთ და ამის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია". აღნიშნულთან დაკავშირებით მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა,რომ თუ მთავრობის გადაწყვეტილებით სპეციალური საარჩევნო უბნები უქმდება, ეს 28 იანვრის გარდაბნის არჩევნებსაც უნდა შეხებოდა.
ფაქტ-მეტრი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაუკავშირდა. ჩვენთან საუბრისას ცესკოს საორგანიზაციო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაჟღერებული პოლიტიკური გადაწყვეტილება გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებს არ ეხებოდა. ამასთან, ცესკოს წარმომადგენლის განმარტებით, სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა სპეციალური საარჩევნო უბნის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება. შესაბამისად, ამ უბნის გაუქმების საფუძველი არ არსებობდა.
აქვე აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა სპეციალურ საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადეს,რომ სპეციალური უბნების გაუქმება იმ ფორმით, რა ფორმასაც ხელისუფლება გვთავაზობს, არსებითად ვერ აგვარებს იმ პრობლემას, რაც სამხედრო მოსამსახურეების არჩევნებში მონაწილეობის წესთან დაკავშირებით წლების განმავლობაში არსებობს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" განგვიმარტეს, რომ მართალია ჯერ მთავრობის გეგმას კანონპროექტის სახე მიღებული არ აქვს, მაგრამ სპეცუბნების მხოლოდ ფორმალური გაუქმება იგეგმება და სამხედრო მოსამსახურეები არჩევნებში მონაწილეობას ძველებურად მიიღებენ. განსხვავება ისაა, რომ სამხედრო ნაწილებში საარჩევნო უბანი აღარ გაიხსნება და იქ გადასატანი ყუთი შევა, რაც, არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, არჩევნების პროცესზე დაკვირვებას კიდევ უფრო გაართულებს.
დასკვნა 2014
წლის ადგილობრივ არჩევნებზე გარდაბანში სამხედრო მოსამსახურეები რეგისტრირებული არ იყვნენ. აღნიშნულ მუნიციპალიტეტში გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბანი საერთოდ არ არსებობდა. ფაქტ-მეტრმა ვერ მოახერხა ინფორმაციის მოპოვება იმ სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში. შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია, იყვნენ თუ არა ისინი აქ რეგისტრირებულნი არჩევნებამდე ერთი წლით ადრე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ცესკო ამ სიებზე პასუხისმგებლობას თავდაცვის სამინისტროს აკისრებს, ხოლო ეს უკანასკნელი კი ამ ინფორმაციას არ გასცემს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, მიხეილ მაჭავარიანის განცხადება არის სიმართლე.