სახელმწიფო ბიუჯეტი შემოსავლების ნაწილში გადაჭარბებით შესრულდა და ეს ფინანსთა სამინისტროს და ზოგადად მთავრობის დამსახურებაა.
ფაქტ-მეტრმა ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები შეისწავლა.
სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა 101.2%-ით შესრულდა და 9 866 მლნ ლარი შეადგინა, გადასახდელების გეგმა კი 100.6%-ით შესრულდა და 9 678 მლნ ლარი შეადგინა. ბიუჯეტის ყველა მსხვილი მუხლი როგორც შემოსავლების, ისე ხარჯების ნაწილში გადაჭარბებით შესრულდა (ცხრილი 1).
ცხრილი 1:
2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები მლნ ლარებში
ბიუჯეტის მუხლები | გეგმა | ფაქტი | სხვაობა | შესრულება, % |
შემოსავლები | 8048.9 | 8146 | 97.1 | 101.2% |
გადასახადები | 7520 | 7550 | 30 | 100.4% |
გრანტები | 238.9 | 291 | 52.1 | 121.8% |
სხვა შემოსავლები | 290 | 305 | 15 | 105.2% |
ხარჯები | 8090 | 8133 | 43 | 100.5% |
ადმინისტრაციული | 2296 | 2323 | 27 | 101.2% |
ვალის მომსახურება | 327 | 327 | 0 | 100.0% |
სუბსიდიები და გრანტები | 1512 | 1517 | 5 | 100.3% |
სოციალური უზრუნველყოფა | 2802 | 2802 | 0 | 100.0% |
სხვა ხარჯები | 1153 | 1164 | 11 | 101.0% |
საოპერაციო სალდო | -41.1 | 13 | 54.1 | -31.6% |
კაპიტალური ხარჯები | 681 | 680 | -1 | 99.9% |
არაფინ. აქტივებს კლება | 280 | 287 | 7 | 102.5% |
მთლიანი სალდო | -401 | -393 | 8 | 98.0% |
ფინანსური აქტივების ცვლილება | 343.5 | 373 | 29.5 | 108.6% |
ბიუჯეტის დეფიციტი | -785.6 | -753 | 32.6 | 95.9% |
ვალის აღება | 1331 | 1362 | 31 | 102.3% |
საშინაო | 315 | 315 | 0 | 100.0% |
საგარეო | 1016 | 1047 | 31 | 103.1% |
ვალის დაფარვა | 420 | 444 | 24 | 105.7% |
ნაშთის ცვლილება | 125 | 188 | 63 | 150.4% |
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბიუჯეტის შესრულება წლის განმავლობაში ბიუჯეტში 2-ჯერ შეტანილმა ცვლილებამ განაპირობა. მათ შორის, ბოლო ცვლილება უკვე წლის ბოლოს, დეკემბერში განხორციელდა. მიმართულებებს, სადაც თანხების ათვისება გეგმაზე ნელი ტემპით მიმდინარეობდა (მაგალითად, კაპიტალური ხარჯების გეგმა 93 მლნ ლარით შემცირდა), გეგმები შეუმცირდათ, ხოლო სადაც გადახარჯვა იყო, იქ გეგმები გაიზარდა (მაგალითად, 96 მლნ ლარით გაიზარდა ჯანდაცვის პროგრამების ბიუჯეტი). თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრომ 2015 წელი მაინც 24 მლნ ლარის დეფიციტით დაასრულა, რომელიც 2016 წლის ბიუჯეტიდან დაფარა.
შემოსავლების ნაწილის გადაჭარბებით შესრულება ინფლაციის დონის მატებამ და ლარის გაუფასურებამ განაპირობა. საგადასახადო შემოსავლები რეალური ეკონომიკის ზრდის ტემპზე და საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ზრდაზეა (ინფლაციაზე) დამოკიდებული. მართალია, წლის დასაწყისში მთავრობა ეკონომიკის 5%-იან ზრდას პროგნოზირებდა, მაგრამ შემდეგ პროგნოზი 2.7%-მდე შეამცირა. ზრდის ტემპის კლება ნეგატიურად აისახა საგადასახადო შემოსავლებზე. თუმცა, მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა ფასები (მშპ-ის დეფლატორის მიხედვით დაახლოებით 6%-ით), რამაც საგადასახადო შემოსავლები გაზარდა. ჯამში, ფაქტიური საგადასახადო შემოსავლები ბიუჯეტის პირველი ვარიანტით არსებულ გეგმას 50 მლნ ლარით ჩამორჩა, მაგრამ ბიუჯეტის ბოლო გეგმას 30 მლნ-ით გადააჭარბა.
52მილიონით გადაჭარბდა გრანტების გეგმა, რაც ლარის გაუფასურებამ (გრანტი დოლარში ირიცხება და ბიუჯეტში ლარში აისახება) და თბილისის სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად მოზიდულმა ახალმა გრანტებმა განაპირობეს. სხვა შემოსავლების გეგმა ნებაყოფლობითი ტრანსფერების ზრდის ხარჯზე გადაჭარბდა, რომელიც აგრეთვე თბილისის სტიქიის შემდგომი პერიოდის შემოწირულობებს უკავშირდება. ძირითადი აქტივების რეალიზაციიდან (პრივატიზაციიდან) შემოსავლები 127 მლნ ლარის დონეზე იყო დაგეგმილი, თუმცა გეგმა 81%-ით შესრულდა და ბიუჯეტში 102.5 მლნ ლარი შევიდა. 20%-იანი გადაჭარბებით შესრულდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიით მოსაზიდი თანხის გეგმა. ჯამში, აღნიშნული ლიცენზიებიდან ბიუჯეტში 182 მლნ ლარი შევიდა. 84.6%-ით შესრულდა ფინანსური აქტივების კლებით მისაღები შემოსავლები. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ გაცემული სესხებიდან 85 მლნ ლარის ნაცვლად, 72 მლნ ლარი დაიფარა.
31მლნ ლარით მეტი მოვიზიდეთ საგარეო ვალის აღებიდან, რაც ცალსახად ლარის გაუფასურების შედეგია, დოლარში ვალი გეგმაზე გადაჭარბებით არ აგვიღია. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საბოლოოდ, ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილის გადაჭარბებით შესრულებამ ბიუჯეტის დეფიციტის დაგეგმილი მაჩვენებელი 32.6 მლნ ლარით შეამცირა.
დასკვნა 2015
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების ჯამური მაჩვენებელი გადაჭარბებით, შესაბამისად 101.2% და 100.6%-ით შესრულდა. მათ შორის, 101.2%-ით შესრულდა შემოსავლების გეგმა. ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილის გადაჭარბებით ზრდა ძირითადად განაპირობა: ინფლაციის დონის მატებამ, ლარის გაუფასურებამ და თბილისში მომხდარმა სტიქიამ.
წლის ბოლოს 2-ჯერ შეიცვალა ბიუჯეტის კანონი, რის შედეგადაც თანხები მოაკლდა იმ მიმართულებებს, სადაც ათვისება ნაკლები იყო და დაემატა მათ, სადაც გამოყოფილი თანხა საკმარისი არ იყო. ეს კი საბიუჯეტო ხარჯების აშკარად ცუდ დაგეგმვაზე მიუთითებს.
ფინანსთა მინისტრი სწორად მიუთითებს ბიუჯეტის სტატისტიკურ შესრულებაზე, თუმცა შესრულების მიზეზებიდან გამომდინარე, ბიუჯეტის ამგვარი შესრულება არ შეიძლება მთავრობის კარგი მუშაობის შედეგად მივიჩნიოთ. შესაბამისად, ნოდარ ხადურის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.