სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, უფასო სასადილოების დაფინანსების საკითხზე საუბრისას, თბილისის საკრებულოს წევრმა, სევდია უგრეხელიძემ განაცხადა: "მიუსაფართათვის კვების დასაფინანსებლად ჩვენს დროსაც ("ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში) იგივე თანხა იყო გამოყოფილი, მაგრამ ჩვენ დროს ეს გამოდიოდა 69 ცენტი და ახლა გამოდის 48 ცენტი. აქედან გამომდინარე, 50 თეთრით არის უკვე განსხვავება, ლარებში რომ გადავიყვანოთ. თავისთავად ცხადია, რომ დაეცემა კვების ხარისხი".
თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, უფასო სასადილოებით მომსახურების დაფინანსებისთვის 14.3 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული. დამტკიცებული ბიუჯეტისშესაბამისად, გამოყოფილი თანხის მოცულობა 14.47 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო დღეში ერთ სულზე გათვლილ რაციონზე გასაწევ ხარჯს არსებითი ცვლილება არ განუცდია და 1.18 ლარის ფარგლებშია. 2012-2015 წლებში იგივე დანიშნულებით გასაწევი ხარჯების შესახებ მონაცემები ასახულია ცხრილში 1.
ცხრილი 1:
უფასო სასადილოებში კვებისთვის გამოყოფილი თანხები 2012-2015 წლებში
წელი | 2012 | 2013 | 2014 | 2015 |
გეგმიური დაფინანსება (ათასი ლ) | 6648.6 | 8,510.4 | 10,495.6 | 13,832.6 |
ბენეფიციართა რაოდენობა | 15,338 | 23,224 | 27,745 | 31,320 |
ერთ კაცზე დღეში გამოყოფილი თანხა (ლ) | 1.188 | 1.004 | 1.036 | 1.210 |
"
ქართულმა ოცნებამ" თბილისის საკრებულოში მანდატების უმრავლესობა 2013 წლის დასაწყისში მოიპოვა. შესაბამისად, 2012 და 2013 წლების ბიუჯეტის მომზადება და დამტკიცება "ნაციონალური მოძრაობის" უმრავლესობაში ყოფნის პერიოდში განხორციელდა. 1 სულზე დღიური რაციონის დასაფინანსებლად გამოყოფილი სახსრები 2012-2013 წლებში შესაბამისად 1.188 და 1.004 ლარს შეადგენდა, 2016 წლის მონაცემებით კი ეს რიცხვი 1.18 ლარის ფარგლებშია.
დროის განსხვავებულ მონაკვეთში ფულის მსყიდველუნარიანობას შორის წარმოშობილი სხვაობის შეფასება კურსის ცვალებადობით გაუმართლებელია. ანალიზში ვალუტის კურსის ცვლილების გამოყენება მიზანშეწონილი იქნებოდა ლარში გაცემული სახსრების გახარჯვა უცხოურ ვალუტაში რომ ხდებოდეს. უფასო სასადილოების შემთხვევაში კი ხარჯის გაწევა ეროვნულ ვალუტაში ხდება. დროში ფულის მსყიდველუნარიანობის ცვლილების შეფასება მიზანშეწონილია სამომხმარებლო ფასების ინდექსზე დაყრდნობით განხორციელდეს. ცხრილში 2 წარმოდგენილია სამომხმარებლო ფასების ინდექსი და საშუალო წლიური ინფლაცია 2012-2015 წლებში.
ცხრილი 2:სამომხმარებლო ფასების ინდექსი და წლიური ინფლაცია 2012-2015 წლებში
წელი | 2012 | 2013 | 2014 | 2015* |
სამომხმარებლო ფასების ინდექსი | 99.1 | 99.5 | 103.1 | 106.3 |
წლიური ინფლაცია | -0.9 | -0.5 | 3.1 | 6.3 |
ინფლაციის დონის გათვალისწინებით, 2016 წლის დასაწყისის 1.18 ლარის მსყიდველუნარიანობა 2012 წელს 1.3 ლარია. შესაბამისად, იმ საქონლის შესაძენად, რაც 2012 წელს 1.18 ლარი ღირდა, დღეს 1.3 ლარია საჭირო. ამდენად, ფულის მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2012 წელთან შედარებით 1 სულზე დღეში გამოყოფილი დაფინანსება დაახლოებით 12 თეთრით შემცირდა. 2016 წლის ბოლოსკენ კი, მოსალოდნელი ინფლაციის (5%) გათვალისწინებით, აღნიშნული სხვაობა კიდევ უფრო გაიზრდება.
დასკვნა
უფასო სასადილოებით მომსახურების ფარგლებში, ბიუჯეტში, 2012 და 2016 წლებში დღეში ერთ სულზე გამოყოფილი თანხა დაახლოებით 1.18 ლარს შეადგენს. ინფლაციის დონის გათვალისწინებით, ლარის მსყიდველუნარიანობაში განსხვავება 2016 წლის დასაწყისისთვის 2012 წელთან შედარებით, დაახლოებით 12 თეთრს შეადგენს. მიმდინარე წლის ბოლოსკენ კი აღნიშნული განსხვავების ზრდაა მოსალოდნელი.
საკრებულოს წევრის მიერ მოყვანილი სხვაობა გადაჭარბებულია. ასევე, არასწორია მიდგომა, რომელზე დაყრდნობითაც დასახელებული რიცხვია მიღებული. შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, სევდია უგრეხელიძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.