სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრისას, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა: "ამ ადამიანების [ხელისუფლების] ბრალია, რომ ჩვენი ეკონომიკა ექსპორტის და იმპორტის მაჩვენებლებით 2012 წელს დაუბრუნდა, ანუ იმ პერიოდს, როდესაც არ იყო რუსეთის ბაზარი და ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება. ექსპორტი უფრო ნაკლებია 2015-ში, ვიდრე იყო 2012-ში. იმპორტიც შემცირებულია".
საქსტატის მონაცემებით, 2015 წლის 10 თვეში ექსპორტმა 1 832 მლნ დოლარი, იმპორტმა კი 6 289 მლნ დოლარი შეადგინა, რაც შესაბამისად 24.5 და 10.2%-ით ჩამოუვარდება 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (გრაფიკი 1).
გრაფიკი 1:
ექსპორტისა და იმპორტის დინამიკა 2010-2015 წლებში
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური2015
წლის 10 თვის ჯამური მაჩვენებლები 2012 წლის ანალოგიური პერიოდის ექსპორტს 7.7%-ით, ხოლო იმპორტს 6.1%-ით ჩამორჩება. ლარის მკვეთრი გაუფასურების ფონზე იმპორტის შემცირება მოსალოდნელი შედეგია, ვინაიდან ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურება აძვირებს იმპორტირებულ პროდუქციას. აქვე უნდა აღინიშნოს იმპორტზე მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის კლების გავლენაც. 2012 წლის იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ნავთობის მოცულობამ 309 995 ტონა, ჯამურმა ღირებულებამ კი 306 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (987.7 დოლარი ტონაზე). 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებით, იმპორტირებული ნავთობის მოცულობა 261 379 ტონამდე, ჯამური ღირებულება კი 130 მლნ დოლარამდე შემცირდა (496.8 დოლარი ტონაზე). შესაბამისად, ნავთობის გაიაფების შედეგად დაზოგილმა თანხამ 128 მლნ დოლარი შეადგინა.
ექსპორტზე გავლენის თვალსაზრისით, რეგიონში მიმდინარე მოვლენების უარყოფით გავლენასთან ერთად, გასათვალისწინებელია რიგი დადებითი ფაქტორები. ექსპორტის ზრდაზე დადებითად უნდა ემოქმედა ეროვნული ვალუტის გაუფასურებას, ვინაიდან აღნიშნულმა პროცესმა საერთაშორისო ბაზარზე ქართული საექსპორტო პროდუქციის უცხოურ ვალუტაში გამოსახული ფასი შეამცირა. აღსანიშნავია ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რითაც ევროპის ბაზარზე ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა გაიზარდა, თუმცა აქვე აუცილებელია ითქვას, რომ აღნიშნული ხელშეკრულებით გაჩენილი შესაძლებლობების ქართული ბიზნესის მხრიდან სრულად ათვისებას დრო სჭირდება. ეკონომიკური თვალსაზრისით რთული 2012 წლის შემდეგ, ევროკავშირის ეკონომიკა ზრდის ფაზაში გადავიდა და 2014 წელს 1.3%-ით გაიზარდა, 2015 წლის ეკონომიკური ზრდა კი, ოქტომბრის მდგომარეობით, 1.9%-ია. შესაბამისად, ევროკავშირის ბაზარზე გაზრდილი ერთობლივი მოთხოვნა პოზიტიურად ქართულ ექსპორტზეც უნდა ასახულიყო, თუმცა 2015 წლის 10 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდამ მხოლოდ 11 მლნ (2.3%) შეადგინა. 2012 წლის 11 თვესთან შედარებით კი - ზრდამ 83.4% შეადგინა. ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან ექსპორტის ცვლილება მოცემულია ცხრილში 1.
ცხრილი 1:
ექსპორტის ცვლილება 2012-2015 წლებში (11 თვე)
ტერიტორიული ერთეული | ცვლილება | 2012 (11 თვე) | 2015 (11 თვე) |
ევროკავშირის ქვეყნები | 83.43% | 326,805 | 599,471 |
ბულგარეთი | 197.57% | 66,834 | 198,875 |
დსთ-ის ქვეყნები | -32.87% | 1,137,529 | 763,625 |
აზერბაიჯანი | -60.00% | 578,166 | 231,278 |
ბელარუსი | -40.79% | 30,151 | 17,852 |
რუსეთი | 228.50% | 42,954 | 141,105 |
სომხეთი | -27.97% | 234,070 | 168,605 |
უკრაინა | -205.74% | 149,000 | 52,341 |
თურქეთი | 34.76% | 129,284 | 174,218 |
როგორც ცხრილიდან ჩანს, 2014 წელთან შედარებით უმნიშვნელო ზრდის ფონზე, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 2015 წელს 2012 წელთან შედარებით 83%-ით არის გაზრდილი. საპირისპირო ვითარება გვაქვს პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში. დსთ-ის ქვეყნებთან ვაჭრობა 33%-ით შემცირდა. განსაკუთრებით მკვეთრი ვარდნაა უკრაინის შემთხვევაში. მნიშვნელოვნადაა შემცირებული ექსპორტი აზერბაიჯანში, რაც დიდწილად მეორადი ავტომობილების ექსპორტის შემცირებამ გამოიწვია. ექსპორტი შემცირდა სომხეთის და ბელარუსის მიმართულებითაც. ექსპორტი გაზრდილია რუსეთის ფედერაციაში, რაც ერთგვარ საბაზო ეფექტად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგან 2012 წელს მოქმედი სავაჭრო შეზღუდვები 2013 წლიდან შერბილდა, შემდგომ კი სრულად მოიხსნა.
გასული წლის 6 ოქტომბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წევრი ქვეყნების ექსპორტის ზრდის 2015 წლის საპროგნოზო მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ფონდის პროგნოზით, 2015 წელს საქართველოს ექსპორტი ჯამში 10.1%-ით შემცირდება, თუმცა 11 თვის ფაქტობრივი მონაცემებით, საქართველოს ექსპორტი 23%-ით შემცირდა. 10.1%-იანი კლებით 2015 წელს საქართველო 175 ქვეყანას შორის 157-ე ადგილს იკავებს, ხოლო თუ 23%-იან კლებას გავითვალისწინებთ, მაშინ ის 171-ე ადგილზე იქნება. 2015 წელს ექსპორტის ზრდის დადებითი მაჩვენებელი 115 ქვეყანას ექნება. მათ შორის, 53%-ით გაიზრდება უზბეკეთის ექსპორტი, 19%-ით ტაჯიკეთის, 16%-ით ვიეტნამის, 15%-ით თურქმენეთის, 9%-ით ბოსნია-ჰერცეგოვინას, სერბეთის 8.4%-ით, თურქეთის 3%-ით და მოლდოვასი კი - 2%-ით.
დასკვნა 2015წლის 10 თვის მანძილზე ექსპორტის მოცულობამ 1 832 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 7.7%-ით ჩამოუვარდება 2012 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს, იმპორტი კი 6 697 მლნ-დან 6 289 მლნ დოლარამდე, 6.1%-ით შემცირდა. 2015 წელს ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებელი 2014 წელთან შედარებით ასევე შემცირდა.
იმპორტის შემცირება შენელებულ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად 2014 წლის ბოლოდან ეროვნული ვალუტის მნიშვნელოვანი გაუფასურებით აიხსნება, რაც საგარეო ფაქტორებთან ერთად, შიდა ეკონომიკურმა პოლიტიკამაც განაპირობა. ექსპორტის შემთხვევაში უარყოფითი გავლენა ჰქონდა სავაჭრო-პარტნიორ ქვეყნებში შენელებულ ეკონომიკურ ზრდას. გაუფასურებული ეროვნული ვალუტას, რუსეთის ფედერაციის მხრიდან სავაჭრო შეზღუდვების მოხსნას, ასევე ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების გაფორმებას ექსპორტის მოცულობის ცვლილებაზე დადებითი გავლენა უნდა მოეხდინათ.
საქართველოს 2015 წლის ექსპორტის ზრდის მონაცემების სხვა ქვეყნებთან შედარება გვიჩვენებს, რომ საქართველო ექსპორტის ვარდნით ფაქტობრივად მსოფლიო მაჩვენებლების ფსკერზეა და ეს მხოლოდ საგარეო ფაქტორებით არ შეიძლება აიხსნას. საქმე გვაქვს წარმოების ზრდის შესაძლებლობის გაუარესებასთან, რაც გაუარესებულ საგარეო პირობებში ექსპორტის მნიშვნელოვან დაცემაში გამოიხატა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, მიხეილ მაჭავარიანის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.