პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, "ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა განაცხადა: "წინა წლებში ეკონომიკა იზრდებოდა და შესაბამისად იზრდებოდა ბიუროკრატიული ხარჯებიც. დღეს ბიუროკრატიული ხარჯები იზრდება და საქართველოს ეკონომიკა მცირდება. 420 მილიონით არის ბიუროკრატიული ხარჯები გაზრდილი".
ფაქტ-მეტრი დეპუტატის ამ განცხადებით დაინტერესდა და მასში მოყვანილი ფაქტების სიზუსტე გადაამოწმა.
ბიუჯეტში ადმინისტრაციული (ბიუროკრატიული) ხარჯები შრომის ანაზღაურებისა და საქონელი და მომსახურების მუხლებშია გაწერილი. სერგო რატიანი ქვეყნის ბიუჯეტზე საუბრობს, შესაბამისად ჩვენც ბიუროკრატიული ხარჯები ნაერთი ბიუჯეტის მიხედვით გავაანალიზეთ. ნაერთი ბიუჯეტი არის სახელმწიფო, ავტონომიური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ის მოიცავს როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ისე ადგილობრივი თვითმმართველობების ადმინისტრაციულ ხარჯებს.
2016 წელს (კონსოლიდირებული ბიუჯეტი) 2012 წელთან შედარებით შრომის ანაზღაურების მუხლი 468 მლნ ლარით არის გაზრდილი, ხოლო საქონელი და მომსახურების მუხლი 57 მლნ ლარითაა შემცირებული. ჯამში, 2016 წელს, 2012 წელთან შედარებით, ადმინისტრაციული ხარჯი 411 მლნ ლარით იზრდება. თუმცა, შრომის ანაზღაურების მუხლის ზრდა გარკვეულწილად სუბსიდიების მუხლიდან სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების ხარჯების გადმოწერით იყო გამოწვეული. ჩვენ ფინანსთა სამინისტროსგან გამოვითხოვეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა თანხით გაიზარდა ნაერთ ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების მუხლი ზემოაღნიშნული გარემოების გამო. ფინანსთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით,სუბსიდიების მუხლიდან სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების ხარჯების გადმოწერის შემთხვევა და შესაბამისად შრომის ანაზღაურების მუხლის ზრდა კულტურის სამინისტროს შემთხვევაში მოხდა. 2015 წელს კულტურის სამინისტროს შრომის ანაზღაურების ფონდი 48.8 მლნ ლარით გაიზარდა, რაც ძირითადად სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების ხარჯების სამინისტროს შრომის ანაზღაურების მუხლში გადმოტანამ გამოიწვია. ეს თანხა მანამდე სუბსიდიების მუხლში იყო გაწერილი.
ჩვენ ასევე მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომ 2016 წელს თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული (ა)აიპ-ების და სსიპ-ების შრომის ანაზღაურების ფონდები თბილისის ბიუჯეტის მთლიან სახელფასო ფონდში აისახა. აღნიშნული თანხა 50 მლნ ლარზე მეტია (იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატიაამ თემაზე). ობიექტურობისთვის, ადმინისტრაციული ხარჯების ზრდას უნდა გამოვაკლოთ ის თანხა, რაც სუბსიდიების მუხლიდან იქნა გადმოტანილი. ამ თანხის გამოკლებით გამოდის, რომ 2016 წელს 2012 წელთან შედარებით შრომის ანაზღაურების მუხლი დაახლოებით 370 მლნ ლარით, ხოლო მთლიანი ადმინისტრაციული ხარჯი დაახლოებით 313 მლნ ლარით არის გაზრდილი.
ნაერთ ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯი 2010-2012 წლებში 4%-5%-ის ფარგლებში იზრდებოდა. 2013 წელს ეს მაჩვენებელი 4%-ით შემცირდა, 2014 წელს კი მნიშვნელოვნად (10%-ით) გაიზარდა. 2015 და 2016 წლებში ადმინისტრაციული ხარჯების ზრდის მაჩვენებელმა 3% და 6% შეადგინა, თუმცა ამ მაჩვენებელს სუბსიდიების მუხლიდან გადმოტანილ თანხებს თუ გამოვაკლებთ, კიდევ უფრო ნაკლები გამოვა (2015 წელს - 1.2%, ხოლო 2016 წელს - 4.1%). რაც შეეხება ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელს, 2010-2012 წლებში ეკონომიკა 6%-7%-ით იზრდებოდა, 2013-2015 წლებში ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. 2016 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი კი 3%-ია.
გრაფიკი 1:
ეკონომიკური ზრდისა და ადმინისტრაციული ხარჯების ზრდის მაჩვენებელი 2010-2016 წლებში
სამთავრობო ხარჯების რეალური ტვირთის უკეთ განსაზღვრისთვის ჩვენ გავაანალიზეთ ადმინისტრაციული ხარჯების მოცულობა მშპ-ის მიმართ. 2010-2016 წლების სტატისტიკის თანახმად, ადმინისტრაციული ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ ყოველწლიურად მცირდება (იხ. გრაფიკი 2).
გრაფიკი 2:
სამთავრობო ხარჯების წილი მთლიან შიდა პროდუქტში
აქვე აღსანიშნავია, რომ ნაერთ ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების წილი მთლიანი ხარჯების მიმართ შემცირებულია. 2016 წელს ადმინისტრაციულ ხარჯებზე მთლიანი ხარჯების 34%-ია გათვალისწინებული, 2012 წელს ეს მაჩვენებელი 41% იყო. ადმინისტრაციული ხარჯების წილი მთლიან ხარჯებთან ასევე შემცირებულია სახელმწიფო ბიუჯეტშიც (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია
ამ თემაზე).
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბიუროკრატიული ხარჯების ზრდა არ მომხდარა მაღალი თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების გამო. 2015 წლის პირველ ცხრა თვეში მინისტრებსა და მათ მოადგილეებზე უფრო ნაკლები შრომის ანაზღაურება (ხელფასი, პრემია, დანამტი) გაიცა, ვიდრე 2012 წლის პირველ ცხრა თვეში (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია).დასკვნა
ნაერთი ბიუჯეტის მიხედვით, 2016 წელს 2012 წელთან შედარებით ადმინისტრაციული ხარჯი 411 მლნ ლარით იზრდება. თუმცა, ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების მუხლის ზრდა გარკვეულწილად სუბსიდიების მუხლიდან სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების ხარჯების გადმოწერით იყო გამოწვეული. სუბსიდიების მუხლიდან შრომის ანაზღაურების მუხლში გადმოწერილი თანხების გამოკლებით, 2016 წელს 2012 წელთან შედარებით ადმინისტრაციული ხარჯი დაახლოებით 313 მლნ ლარით არის გაზრდილი.
2010-2012წლებში ეკონომიკა 6-7%-ით იზრდებოდა, 2013-2016 წლებში ეკონომიკური ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდა. აქვე აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული ხარჯების ზრდის განხილვა მნიშვნელოვანია არა ნომინალურ (მილიონ ლარებში) გამოსახულებაში, არამედ ფარდობით სიდიდეებში. სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა (მათ შორის, პოლიციელების, ჯარისკაცების, მოსამართლეების, მეცნიერების და ა.შ.) ხელფასების მატება და აქედან გამომდინარე ადმინისტრაციული ხარჯის ზრდა, არ შეიძლება უარყოფით მოვლენად განვიხილოთ, თუ ამავე დროს ბიუროკრატიული ხარჯის ტვირთი ეკონომიკის და ბიუჯეტის მიმართ მცირდება. 2013-2016 წლებში, ადმინისტრაციული ხარჯების წილი როგორც მთლიან შიდა პროდუქტის, ასევე ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების მიმართ ყოველწლიურად მცირდება. 2016 წელს ადმინისტრაციულ ხარჯებზე მთლიანი ხარჯების 34%-ია გათვალისწინებული, 2012 წელს ეს მაჩვენებელი 41% იყო.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, სერგო რატიანის განცხადება არის მეტწილად მცდარი.