დასაქმების რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, ბიზნეს-სექტორში დასაქმება თითქმის 61 ათასით გაიზარდა. ეს კი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-იანი ზრდაა.
ფაქტ-მეტრმა პრემიერ-მინისტრის ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
საქსტატის მონაცემებით, 2015 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ბიზნეს-სექტორში 568 457 ადამიანი იყო დასაქმებული, რაც 60 847-ით (12%) მეტია 2014 წლის მეორე კვარტლის მაჩვენებელზე. ყველაზე მეტი - 139 ათასი ადამიანი, დასაქმებულია ვაჭრობაში, ხოლო მეორე ადგილზე, 108 ათასი დასაქმებულით, მრეწველობის სექტორია.
ჩვენ დასაქმებულთა რაოდენობის გადამოწმების არაპირდაპირ გზებსაც მივმართეთ. ყველა დაქირავებით დასაქმებული ადამიანი (უმნიშვნელო გამონაკლისების გარდა) საშემოსავლო გადასახადს ხელფასიდან ინდივიდუალურად იხდის. აქედან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურიდან იმ ფიზიკურ პირთა რაოდენობის შესახებ გამოვითხოვეთ ინფორმაცია, რომლებზეც ხელფასია გაცემული.
ცხრილი 1: ხელფასის მიმღებ ფიზიკურ პირთა რაოდენობა (ინფორმაცია მოცემულია კვარტლის ბოლო თვის მდგომარეობით)
წყარო: შემოსავლების სამსახური
როგორც ცხრილი 1-დან ჩანს, 2015 წლის მეორე კვარტლის ბოლო თვეში (ივნისში) ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადის გადამხდელთა რაოდენობა 851 441 ადამიანი იყო, რაც 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 16 102-ით ნაკლებია. გამოდის, რომ იმ ფონზე, როდესაც საქსტატის ინფორმაციით, ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 61 ათასით გაიზარდა, ქვეყანაში მთლიანი დასაქმება 16 ათასით შემცირდა. საქსტატის და შემოსავლების სამსახურის ინფორმაციას შორის სხვაობა დაახლოებით 77 ათასი (60 847 + 16 102) დასაქმებულია.
ჩვენ ვცადეთ აგვეხსნა, თუ რატომ შეიძლება საქსტატის და შემოსავლების სამსახურის ინფორმაციას შორის დასაქმებულთა შესახებ ასეთი სხვაობა იყოს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს:
კვარტალი | 2012 წ | 2013 წ | 2014 წ | 2015 წ |
I (მარტი) | - | 775 923 | 822 106 | 849 435 |
II (ივნისი) | 943 235 | 783 979 | 867 543 | 851 441 |
III (სექტემბერი) | 758 267 | 789 811 | 847 396 | 849 047 |
IV (დეკემბერი) | 813 848 | 915 019 | 979 463 | - |
- საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ბიზნეს-სექტორის სტატისტიკა მოიცავს როგორც თვითდასაქმებულებს (რომლებიც არ იხდიან საშემოსავლო გადასახადს), ისე დაქირავებით დასაქმებულებს (რომლებიც იხდიან საშემოსავლო გადასახადს). საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული 547 665, ხოლო 2014 წლის მეორე კვარტალში 491 098 ადამიანი იყო. შესაბამისად, დაქირავებით დასაქმებულების რიცხვი 56 567-ით გაიზარდა.
- საქსტატის ინფორმაცია მხოლოდ ბიზნეს-სექტორს (საფინანსო სექტორში დასაქმებულების გარეშე) მოიცავს. ის არ მოიცავს: სახელმწიფო მმართველობაში, ბაზრებსა და ბაზრობებზე საცალო ვაჭრობაში, კერძო სამართლის არასამეწარმეო პირებში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულებს. 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა არ შემცირებულა. ასევე, არ მომხდარა კადრების შემცირება საჯარო სექტორის ისეთ მსხვილ დამსაქმებლებში, როგორებიცაა სახელმწიფო სკოლები, უნივერსიტეტები, ბიბლიოთეკები, თეატრები და ა.შ. შესაბამისად, იმის დაშვება, რომ ბიზნეს-სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის 56 567 ადამიანით ზრდა სხვა სექტორებში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებამ გადაფარა, არარეალურია.
- შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში მოცემულია იმ პირთა რაოდენობა, რომლებმაც ხელფასი 2014 და 2015 წლების ივნისში (მეორე კვარტლის ბოლოს) აიღეს, ხოლო საქსტატის ინფორმაციაში მოცემულია აპრილ-ივნისში დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა. მაგალითად, თუ ადამიანი აპრილში ან მაისში მუშაობდა და ივნისში აღარ მუშაობდა, ის საქსტატის ინფორმაციაში აღრიცხულია, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში კი არა. შესაბამისად, თუ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დროებით (1-2 თვით) დასაქმებულთა რიცხვი მაღალი იყო, ეს ზემოაღნიშნული განსხვავების ახსნისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.
თეგები: