ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ აისახება პროდუქციის ფასზე, რისთვისაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საკუთარი შემოსავლებიდან დააფინანსებს სისტემის დანერგვას და ბიზნესს არ მოუწევს თანხის გადახდა მარკირებაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოწესრიგებული იყოს აღრიცხვიანობა, არ გაძვირდეს პროდუქცია და ბიზნესს არ შეექმნას დამატებითი ბარიერები".
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
2012წლის 24 აპრილის №129 ბრძანებით, გადასახადების ადმინისტრირების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებაში ცვლილება შევიდა და არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების წესი განისაზღვრა. ბრძანების თანახმად, მარკირებას დაექვემდებარა არაალკოჰოლური სასმელები, მათ შორის მინერალური და მტკნარი წყლები. მარკირების პროცესის უზრუნველსაყოფად კონტრაქტორის შერჩევა შემოსავლების სამსახურს, მომსახურების საფასურის ანაზღაურება კი პროდუქციის მწარმოებელს დაევალა. კონტრაქტორად შ.პ.ს SICPA Security Solutions Georgia შეირჩა, რომელიც შვეიცარიული კომპანია SICPA HOLDING-ის შვილობილ ორგანიზაციას წარმოადგენს. მტკნარი და მინერალური წყლების შემთხვევაში სავალდებულო მარკირების ნომინალურ ღირებულებად განსაზღვრული იქნა 1 000 ერთეულზე 4.63 ევროს ექვივალენტი ლარში. სხვა სახის არაალკოჰოლური სასმელების მარკირების ნომინალურმა ღირებულებამ კი 5.5 ევრო შეადგინა.
ბრძანების პირველადი ვერსიის თანახმად, ცვლილება ძალაში 2013 წლის 1 იანვრიდან უნდა შესულიყო, თუმცა ცალკეული მწარმოებლებისა და არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის მხრიდან წამოსული წინააღმდეგობის პირობებში ბრძანების ამოქმედების ვადამ არაერთხელ გადაიწია და ძალაში მხოლოდ 2015 წლის 1 ნოემბრიდან შევიდა. ცვლილება შეეხო შინაარსობრივ მხარესაც, კერძოდ მარკირების ვალდებულებისაგან გათავისუფლებდა ექსპორტისათვის განკუთვნილი და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მისაწოდებელი საქონელი, მომსახურების საფასურის ანაზღაურება კი მწარმოებლების ნაცვლად შემოსავლების სამსახურს დაევალა (01.01.2016-მდე).
ფინანსთა სამინისტროს პოზიციით, მიღებული გადაწყვეტილება ხელს შეუშლის ბაზარზე ფალსიფიცირებული პროდუქტის მიმოქცევას და მოწესრიგდება აღრიცხვიანობა. ასევე, დროის რეალურ რეჟიმში მიღებული ინფორმაციის შედეგად შემცირდება საგადასახადო შემოწმების სიხშირეც. შესაბამისად, შემცირდება საგადასახდო შემოწმების წნეხი ბიზნესზე და შემოსავლების სამსახური შეძლებს ეფექტური საგადასახადო კონტროლი ნაკლები ადამიანური და დროითი რესურსის გამოყენებით განახორციელოს. ამავდროულად, ნოდარ ხადურის განცხადებით, ბიზნესს არ მოუწევს დამატებითი ფინანსური ხარჯის გაწევა, ვინაიდან მარკირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს შემოსავლების სამსახური საკუთარ თავზე იღებს და საკუთარი შემოსავლებიდან დაფარავს.
საწინააღმდეგო პოზიცია აქვს არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციას,რომელშიც შპს "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია", შპს "აიდიეს ბორჯომი საქართველო", სს "იბერია რეფრეშმენტსი", შპს "აქვა გეო" და სს "წყალი მარგებელი" არიან გაერთიანებულნი. მათი შეფასებით, ფალსიფიკაციასთან ბრძოლა ამ ეტაპზე რელევანტურ პრიორიტეტს არ წარმოადგენს, ვინაიდან ბოლო პერიოდში პროდუქციის ფართომასშტაბიანი გაყალბება მოცემულ სექტორში არ დაფიქსირებულა.
მწარმოებლებმა ყურადღება გაამახვილეს ცვლილების "არაკონსტიტუციურობაზეც". მათი პოზიციით, საგადასახადო კოდექსის აქციზის კარით შემოღებული "არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირება" ახალ გადასახადს წარმოადგენს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. თუმცა, ხსენებული საკონსტიტუციო გარანტია აქციზის გადასახადზე არ ვრცელდება (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 94/4), ცვლილებები კი სწორედ აქციზის კარში განხორციელდა. მეორეს მხრივ, მარკირების ხარჯებს კომპანია გაწეული მომსახურების სანაცვლოდ კომერციულ სუბიექტს უხდის და აღნიშნული სახსრები ბიუჯეტში არ მიემართება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად კი, გადასახადი განსაზღვრულია როგორც "სავალდებულო უპირობო შენატანი ბიუჯეტში".
"პეპსის" კომერციული დირექტორის, ლევან კასრაძის შეფასებით, დამატებითი დანადგარი საწარმოო ხაზის გაჩერების რისკს შეიცავს და შესაბამისად, წარმოების შეფერხების რისკებიც იზრდება. თუმცა, საწინააღმდეგო პოზიცია აქვს "ზედაზენის" დირექტორ კახა პაიჭაძეს, რომლის განცხადებითაც, კომპანია დიდი ხანია იყენებს მარკირების დანადგარს და საფასურის სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურების შემთხვევაში, მის საწარმოო ხაზში ჩართულობაში სირთულეს ვერ ხედავს.ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 112-ე მუხლის მეცამეტე ნაწილის თანახმად, სახელმწიფო მარკირების ნომინალური ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება შემოსავლების სამსახურს მხოლოდ დროებით, 2016 წლის 1 იანვრის ჩათვლით ეკისრება, ხოლო 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მარკირების ნომინალური საფასურის გადახდაზე მწარმოებელია პასუხისმგებელი. შესაბამისად, მომსახურების საფასურის ანაზღაურება მწარმოებლის ვალდებულებად დარჩა და აღნიშნული ტვირთი მხოლოდ დროებით იქნა დაკისრებული შემოსავლების სამსახურისთვის.
მწარმოებელთა ასოციაციის პოზიციის თანახმად, უალკოჰოლო სასმელების შემთხვევაში მსგავსი სისტემა არცერთ განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყანაში (ცალკეული გამონაკლისების გარდა) არ ფუნქციონირებს. უნდა ითქვას, რომ ასეთი მაგალითები მართლაც იშვიათია. სხვა მხრივ, არგუმენტირებული პოზიციის არსებობის პირობებში, ცალსახად სახელმწიფოს პრეროგატივაა განსაკუთრებულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის სახეობები განსაზღვროს. SICPA თანამშრომლობს კალიფორნიისა და მასაჩუსეტსის შტატების (აშშ), ავსტრალიის, კანადის, ალბანეთის, ბრაზილიის, თურქეთის სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოებთან, თითოეულის შემთხვევაში განსხვავებული სპექტრის პროდუქციის წარმოება-მიმოქცევის კონტროლის უზრუნველსაყოფად. კონტროლს დაქვემდებარებულ პროდუქციას შორისაა თამბაქო, ალკოჰოლური სასმელები, მედიკამენტები, ცალკეულ შემთხვევაში კი არაალკოჰოლური სასმელებიც (ბმული 1, ბმული 2).საქართველოს კანონმდებლობით, არაალკოჰოლური სასმელების მიწოდების დაბეგვრის რეჟიმი სხვა არააქციზური საქონლის (მაგ. სამშენებლო მასალები, ხორცპროდუქტები, საკონდიტრო ნაწარმი, საკონსერვო პროდუქცია და ა.შ.) შემთხვევაში არსებული დაბეგვრის რეჟიმისაგან არ განსხვავდება და მათთან შედარებით გადასახადის დამალვის მომეტებული რისკის მქონე წარმოებად ვერ იქნება მიჩნეული. შესაბამისად, გაუგებარია, თუ რამ განაპირობა მოცემული ნაწარმის განსაკუთრებულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის კატეგორიაში მოხვედრა. ამასთან, ხაზი უნდა გაესვას, რომ მოცემული გადაწყვეტილებით ადგილი აქვს საგადასახადო ადმინისტრირების ტვირთის გარკვეულწილად მწარმოებელზე გადატანას. ბუნებრივია, ცალკეული ორგანიზაციის ფინანსური მონაცემების არქონის პირობებში შეუძლებელია ზუსტად შეფასდეს, თუ რა გავლენა ექნება ფასწარმოქმნაზე კონკრეტული ხარჯის ცვლილებას. უშუალოდ მარკირების ნომინალური ღირებულება მტკნარი და მინერალური წყლებისა და სხვა არაალკოჰოლური სასმელების შემთხვევაში ერთეულზე დაახლოებით 1.2 და 1.4 თეთრს შეადგენს. შესაბამისად, თუ მწარმოებლებს მარკირების საფასურის დაფარვა მოუწევთ, არ არის გამორიცხული პროდუქციაც მცირედით გაძვირდეს.
დასკვნა 2012
წელს მიღებული იქნა და 2015 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც არაალკოჰოლური სასმელების მარკირება სავალდებულო გახდა. მომსახურების საფასურის გადახდა, კანონმდებლობით, მწარმოებლის ვალდებულებად დარჩა და შემოსავლების სამსახურს მისი გადახდა მხოლოდ 2016 წლის პირველ იანვრამდე ეკისრება. შესაბამისად, საგადასახადო ადმინისტრირების ტვირთიც მომავალში ბიზნესზე გადადის.
ამ ეტაპისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე, შეუძლებელია ზუსტად დადგინდეს ცვლილების შესაძლო გავლენა ფასწარმოქმნაზე, თუმცა მარკირების საფასურის მწარმოებლების მიერ გადახდის შემთხვევაში პროდუქციის გაძვირება დასაშვებია.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნოდარ ხადურის განცხადება არის მეტწილად მცდარი.